Facebook Twitter

საქმე №ას-1759-2018 15 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – კ. რ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. თ-ა, ჯ. და ვ. ლ-ები (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. კ. რ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. თ-ას (შემდგომ – მოვალე მოპასუხე), ჯ. და ვ. ლ-ების (შემდგომ – მოპასუხეები) მიმართ 3689,1 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, შპს „მ-სა“ (შემდგომ – შპს) და მოვალე მოპასუხეს შორის 2012 წლის 4 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ.

3. ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 6 თებერვლიდან 2013 წლის 2 მარტის ჩათვლით მოვალე მოპასუხეს სარეალიზაციოდ გადაეცა 3717,84 ლარის ღირებულების პროდუქცია. ხელშეკრულების მიხედვით, პროდუქციის ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო პროდუქციის მიწოდებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში. მოპასუხეებმა სოლიდარული თავდებობა იკისრეს შპს-ს წინაშე მოვალე მოპასუხის ვალდებულებებზე, რომლის უფლებამონაცვლეა შპს „ი-ა“ (შემდგომ – მეორე შპს).

4. სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მეორე შპს-ს მოსარჩელის მიმართ ჰქონდა დავალიანება. 2015 წლის 21 ივლისს მათ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც მოვალე მოპასუხის კრედიტორი გახდა მოსარჩელე. შესაბამისად, დავაში მეორე შპს-ს უფლებამონაცვლედ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა მოსარჩელე. მოპასუხეები თავს არიდებენ რა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების – 3689,1 ლარის ანაზღაურებას, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი არ წარმოადგენდა განსჯად სასამართლოს და სარჩელი დატოვა განუხილველად. მოცემული სასამართლო განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით დარჩა ძალაში.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ზუგდიდი რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 3689,1 ლარის გადახდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელს ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატამ მოცემულ დავაზე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგ ფაქტობრივი გარემოებები:

9. შპს-სა და მოვალე მოპასუხეს შორის 2012 წლის 4 დეკემბერს დაიდო პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 3.1 მუხლის შესაბამისად დადგინდა, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება პროდუქციის მიწოდებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

10. მხარეთა შორის დადებული პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ 2012 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 6 თებერვლიდან 2013 წლის 2 მარტის ჩათვლით მოვალე მოპასუხეს სარეალიზაციოდ გადაეცა 3717,84 ლარის ღირებულების პროდუქცია.

11. 2012 წლის 4 დეკემბერს მოპასუხეებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღეს შპს-ს წინაშე და იკისრეს სოლიდარული თავდებობა მოვალე მოპასუხის ვალდებულებებზე შპს-სთან.

12. შპს-ს უფლებამონაცვლეა მეორე შპს, რომელმაც თავისი მოთხოვნა 3689.1 ლარის ოდენობთ მოვალე მოპასუხის მიმართ დაუთმო მოსარჩელეს.

13. მოსარჩელის მიერ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების მოთხოვნით დავა აღიძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის განჩინებით განსახილველ დავაში მეორე შპს-ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მოსარჩელე.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, განსჯადობის წესის დარღვევით წარდგენის გამო, სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც გასაჩივრებული იქნა კერძო საჩივრით.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად და მითითებული თარიღიდან შესულ იქნა კანონიერ ძალაში.

17. მოცემულ დავაზე ახალი სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელის მიერ შეტანილ იქნა 2017 წლის 4 დეკემბერს.

18. სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ სარჩელი არა მხოლოდ უსაფუძვლო, არამედ, ამავდროულად, ხანდაზმულიცაა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ აპელანტებს მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე შესაგებელში მითითება არ წარმოუდგენიათ.

19. ზემოხსენებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული დასაბუთება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა მოპასუხეთა შესაგებლით წარდგენილ პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და ასეთის შეფასებისას არ გამოიყენა მოცემული საკითხის მომწესრიგებელი კანონის ის მუხლები, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

20. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 477-ე მუხლით განსაზღვრული სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდანაა ნაწარმოები, კერძოდ, მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს მიაწოდა 3689.1 ლარის ღირებულების პროდუქცია, ამ უკანასკნელმა დაარღვია ამ ნორმის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, არ გადაუხადა რა მას მიწოდებული საქონლის ღირებულება, რის გამოც წარმოეშვა აღნიშნულის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

21. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 139-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ უტყუარად დაადგინა, რომ 2012 წლის 4 დეკემბერს დადებული პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნაა სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 6 თებერვლიდან 2013 წლის 2 მარტის ჩათვლით მოვალე მოპასუხის სარეალიზაციოდ გადაცემული 3689.1 ლარის ღირებულების პროდუქციის ანაზღაურება, ხოლო ამავე ხელშეკრულების თანახმად კი ანგარიშწორება უნდა განხორციელებულიყო პროდუქციის მიწოდებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორების წესით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელი მოსარჩელე მხარის მიერ, რომლის უფლებამონაცვლედაც 2016 წლის 15 მარტის სასამართლო განჩინებით ცნობილ იქნა მოსარჩელე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეტანილ იქნა სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის განსაზღვრული სამწლიანი ვადის დაცვით.

22. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, თუმცა მოცემული ნორმა აქვე აკეთებს იმპერატიულ დათქმას, რომ ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ამდენად, მოცემული ნორმები ერთობლიობაში განიმარტება სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

23. სსკ-ის 140-ე მუხლის თანახმად, როგორც ზემოთ მოხმობილ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) მხარის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სარჩელით ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა შეწყდა ასეთზე მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე – 2017 წლის 13 იანვრამდე და რადგან სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილ პირს სარჩელის განუხილველად დატოვებიდან ექვსი თვის ვადაში ახალი სარჩელი არ შეუტანია, შესაბამისად, პირველი სარჩელის შეტანის დროიდან ხანდაზმულობის ვადა არ მიიჩნევა შეწყვეტილად. ამდენად, სარჩელის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 4 დეკემბერს წარდგენის დროისათვის სარჩელით დაყენებული მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას, სახელდობრ, სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, აპელანტებმა მოცემულ შემთხვევაში მოახდინეს ზემოხსენებული ნორმით მინიჭებული უფლების რეალიზაცია, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

26. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ წინამდებარე სარჩელი აღძრა 2017 წლის 30 ნოემბერს. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელის წარდგენის მომენტში იგი ხანდაზმული იყო, ვინაიდან მოსარჩელეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 2017 წლის ივნისში, ხოლო სარჩელი წარადგინა 2017 წლის ნოემბერში.

27. კასატორმა იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოდან №2/19611-4 საქმის გამოთხოვის შესახებ.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია იმ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, რომ შპს-სა და მოვალე მოპასუხეს შორის 2012 წლის 4 დეკემბერს დაიდო პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 3.1 მუხლის შესაბამისად დადგინდა, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება პროდუქციის მიწოდებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

31. მხარეთა შორის დადებული პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ 2012 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 6 თებერვლიდან 2013 წლის 2 მარტის ჩათვლით მოვალე მოპასუხეს სარეალიზაციოდ გადაეცა 3717,84 ლარის ღირებულების პროდუქცია.

32. 2012 წლის 4 დეკემბერს მოპასუხეებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღეს შპს-ს წინაშე და იკისრეს სოლიდარული თავდებობა მოვალე მოპასუხის ვალდებულებებზე შპს-სთან.

33. შპს-ს უფლებამონაცვლეა მეორე შპს, რომელმაც თავისი მოთხოვნა 3689.1 ლარის ოდენობთ მოვალე მოპასუხის მიმართ დაუთმო მოსარჩელეს.

34. მოსარჩელის მიერ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების მოთხოვნით დავა აღიძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

35. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის განჩინებით განსახილველ დავაში მეორე შპს-ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მოსარჩელე.

36. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, განსჯადობის წესის დარღვევით წარდგენის გამო, სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც გასაჩივრებული იქნა კერძო საჩივრით.

37. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად და მითითებული თარიღიდან შესულ იქნა კანონიერ ძალაში.

38. მოცემულ დავაზე ახალი სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელის მიერ შეტანილ იქნა 2017 წლის 4 დეკემბერს.

39. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

42. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეაფასებს კასატორის პოზიციას, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (შდრ: სუსგ №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი).

44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

45. ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

46. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20903 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

47. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.

48. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

49. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011).

50. განსახილველ შემთხვევაში სადავოა ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხი.

51. სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

52. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

53. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 2012 წლის 4 დეკემბერს დადებული პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნაა სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 6 თებერვლიდან 2013 წლის 2 მარტის ჩათვლით მოვალე მოპასუხის სარეალიზაციოდ გადაცემული 3689.1 ლარის ღირებულების პროდუქციის ანაზღაურება. ანგარიშწორება უნდა განხორციელებულიყო პროდუქციის მიწოდებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორების წესით.

54. სასარჩელო პრეტენზია სადავო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით თავდაპირველად წარდგენილ იქნა სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის განსაზღვრული სამწლიანი ვადის დაცვით.

55. სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

56. მითითებული ნორმის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენას არ შეწყვეტს მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ნებაყოფლობით უარს განაცხადებს სარჩელზე ან სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს კანონში მითითებული წინაპირობების დაცვით, რაც შევა კანონიერ ძალაში.

57. კანონის აღნიშნული დანაწესი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას უკავშირებს ისეთ გარემოებას, როდესაც მოსარჩელე განმეორებით სარჩელს წარადგენს სასამართლოში პირველი სარჩელის შეტანიდან ექვს თვეში. მითითებული ექვსთვიანი ვადის ათვლა იწყება თავდაპირველი სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შეტანის მომენტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განუხილველად დატოვებული სარჩელი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენაზე გავლენას ვერ იქონიებს.

58. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იმ ფაქტის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელე მხარეს თავდაპირველი სარჩელის განუხილველად დატოვებიდან ექვსი თვის ვადაში ახალი სარჩელი არ შეუტანია, ამდენად, პირველი სარჩელის შეტანის მომენტიდან ხანდაზმულობის ვადა არ შეწყვეტილა და ამჟამად წარმოდგენილი სარჩელი მიჩნეულ უნდა იქნეს ხანდაზმულად. წინამდებარე განჩინების 26 პუნქტის თანახმად, კასატორი ერთ-ერთ საკასაციო პრეტენზიად მიუთითებს, რომ 2017 წლის 13 იანვრის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ ჩაიბარა 2017 წლის ივნისში. საქმეში წარმოდგენილი სარჩელის №10 დანართის სახით (ს.ფ. 77) ერთვის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინება, შესაბამისად, კასატორის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მან აღნიშნული განჩინება ნამდვილად 2017 წლის ივნისში ჩაიბარა, რისი სარწმუნოდ დამტკიცებაც მხარემ სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ვერ განახორციელა. სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

59. სააპელაციო პალატის მსჯელობა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მოცემულ საქმეზე, შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას (სუსგ 15.01.2016წ. №ას-1089-1026-2015 პ. 26.5; 19.11.2007წ. №ას-271-601-07; 18.01.2010წ. №ას-1148-1411-09).

60. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას საქალაქო სასამართლოდან საქმის გამოთხოვის შესახებ, ვინაიდან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა და ახალ გარემოებებზე მითითება დაუშვებელია (სსსკ-ის 407-ე მუხლი).

61. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

62. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

63. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

64. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

66. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ც-ისა და კ. რ-ის მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. რ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ კ. რ-ეს (პირადი №0-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ც-ისა და კ. რ-ის მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე