საქმე №ას-1990-2018 15 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ნ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ააიპ ,,ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2014 წლის 01 იანვრიდან-2017 წლის 31 იანვრამდე, ააიპ „ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლსა“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე სსიპ ან მოპასუხე) და თ. ნ-ეს (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) შორის ფორმდებოდა მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომლითაც დასაქმებული მიღებული იქნა ფინანსისტის თანამდებობაზე. ხელშეკრულებების 6.1. მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამუშაო დრო განისაზღვრა ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, ხოლო ყოველთვიური ხელფასი (გადასახადების გამოკლებით) თავდაპირველად განისაზღვრა 1024.80 ლარით, 2017 წლის 31 იანვრისათვის კი გაზრდილი იქნა 1128.80 ლარამდე.
2. 2017 წლის 01 თებერვლიდან - 28 თებერვლამდე, ხოლო შემდეგ, 2017 წლის 01 მარტიდან - 31 ივლისამდე, მხარეთა შორის, ასევე, გაფორმდა მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებები ფინანსისტის თანამდებობაზე დასაქმების მიზნით, რომლითაც, ყოველთვიური ხელფასი (გადასახადების გამოკლებით) განისაზღვრა 564.50 ლარით, ხოლო ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამუშაო დრო განისაზღვრა ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით (კვირაში 16სთ.).
3. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მაისს, დასაქმებულმა დამსაქმებლისაგან მიიღო ელექტრონული ფოსტით შეტყობინება, რომლითაც მას ეცნობა შემდეგი: ,,დღევანდელი მონაცემებით 34 საშვებულებო დღე გაქვს გამოუყენებელი. 2017 წლის 31 ივლისს, როგორც იცი სრულდება ხელშეკრულება, ამიტომ მომწერე შვებულებისათვის შენთვის სასურველი დღეები, რასაც, გამოყენების შემთხვევაში, გურამი შესაბამისად გაატარებს დროის აღრიცხვის ფურცელში. გთხოვ გაითვალისწინო, რომ საშვებულებო დღეების გამოუყენებლობის შემთხვევაში, საშვებულებო დღეების ანაზღაურება ვერ მოხდება.“
4. დადგენილია, რომ 2017 წლის 01 ივნისს, მოსარჩელემ, მისი ელფოსტიდან შეტყობინება გაუგზავნა ორგანიზაციის ფინანსურ-ადმინისტრაციული ასისტენტს, რომლითაც აცნობა, რომ იყენებდა შვებულებას 01.06-დან 23.06-მდე, დანარჩენი დღეების გამოყენებაზე კი მოიფიქრებდა.
5. 2017 წლის 03 აგვისტოს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართ დამსაქმებელს და მოითხოვა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანება და 2007 წლიდან მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლები. აღნიშნული წერილის პასუხად, 2017 წლის 26 აგვისტოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის წერილით დასაქმებულს ეცნობა, რომ ბრძანების გამოცემა თანამშრომლის მიღების ან გათავისუფლების შესახებ ორგანიზაციის პრაქტიკაში დანერგილი არ არის. მოსარჩელის შემთხვევაში, გამოყენებული იქნა წინასწარი წერილობითი შეტყობინების ფორმა, შრომითი ურთიერთობების დასრულების შესახებ.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა დამსაქმებლის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე სსიპ-ს გამგეობის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ბ) მოსარჩელე აღდგენილ იქნეს მოპასუხე სსიპ-ის ფინანსისტად; გ) მოსარჩელეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური სრულად სამუშაოზე აღდგენამდე, თვეში 705,63 ლარი.
7. სარჩელი იმ ფაქტობრივ გარემოებებს დაეფუძნა, რომ მოსარჩელე 2017 წლის 01 მარტის ხელშეკრულებით მუშაობდა მოპასუხე სსიპ-ში და მასთან ფორმდებოდა ხელშეკრულებები, თუმცა, 2017 წლის აგვისტოდან დამსაქმებელმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა, მაშინ როდესაც, 2017 წლის 31 ივლისის შემდეგ ანუ, 01 აგვისტოდან არ გამოცემულა ბრძანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ხელშეკრულების შეწყვეტაზე. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, მოქმედი შრომის კოდექსის თანახმად, ვინაიდან ხელშეკრულება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის 2007 წლიდან და მათ შორის, ბოლო სამი წლის განმავლობაში იდებოდა ზედიზედ, ხელშეკრულება ითვლება უვადოდ გაგრძელებულად. მიუხედავად ამისა, მოპასუხე ააიპ-იმ ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და დასაბუთების გარეშე, აღარ დაუშვა სამუშაოზე და მოსარჩელემ თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან და მის ადგილზე მუშაობდა სხვა პირი. შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოსარჩელეს დღემდე არანაირი შეტყობინება წერილობითი ფორმით არ მიუღია. მოპასუხის მიერ გამოგზავნილი წერილით ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელესა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობა დასრულებულა და ამის თაობაზე მოსარჩელისათვის წერილობითაც უცნობებიათ, მაგრამ მოსარჩელემ ეს მხოლოდ 2017 წლის 26 აგვისტოს შეიტყო.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილია და უცვლელადაა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ა) ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე სსიპ-ს გამგეობის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ბ) მოპასუხე აღდგენილ იქნეს მოპასუხე სსიპ-ის ფინანსისტად; გ) მოსარჩელეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური სრულად სამუშაოზე აღდგენამდე, თვეში 705,63 ლარი, უარყოფილია.
12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და ამ განჩინების პპ: 1-5 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
13. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერითა და მოპასუხე ააიპ-ის წესდებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საზოგადოების დამფუძნებელს.
14. სს „თიბისი ბანკის“ მიერ, 2018 წლის 27 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელე 2015 წლის 03 თებერვლიდან-2017 წლის 01 ივნისამდე მუშაობდა ამავე ბანკში ქუთაისის ფილიალში ლომბარდის შემფასებლის პოზიციაზე, ხოლო 2017 წლის 01 ივნისიდან-2017 წლის 28 დეკემბრამდე მუშაობდა ლომბარდის შემფასებლად (უნივერსალი), ასევე ქუთაისის ფილიალში.
15. მოპასუხე ააიპ-ის თანამშრომელთა სიით, საგადასახადო დეკლარაციებით და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერებით დგინდება, რომ 2017 წლის აგვისტომდე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 10 ფიზიკური პირი, მათ შორის, ხუთი იურისტი, ერთი ფინანსისტი (მოსარჩელე/აპელანტი) და ერთი ფინანსურ ადმინისტრაციული ასისტენტი (გურამი ცირეკიძე). 2017 წლის აგვისტოდან, დასაქმებულ პირთა რაოდენობა შემცირდა 9 ერთეულამდე, ხოლო 2018 წლის იანვრიდან დასაქმებული იყო, მხოლოდ 2 იურისტი.
16. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საკითხზე ითვლებოდა თუ არა აპელანტი უვადო ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად და ვადის გასვლის გამო, მისი გათავისუფლება, არის თუ არა კანონშესაბამისი. აპელანტის ძირითადი პრეტენზია ეფუძნებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) მე-6 მუხლის არასწორ განმარტებას, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაში ითვლება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება უვადოდ. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმაზე თუ რამდენად დასაშვები იყო 2017 წლის 01 მარტს, 2017 წლის 31 ივლისამდე, ვადიანი (5 თვე) შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და შემდეგ, ვადის ამოწურვის მოტივით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც სშკ-ში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელდა.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სშკ-ში 2013 წლის 12 ივნისის ცვლილებებით კანონმდებელმა, დასაქმებულის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, ვადიანი შრომის ხელშეკრულებები გარკვეულ რეგულაციას დაუქვემდებარა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით ვადის განსაზღვრის მართლზომიერების შემოწმება შრომის ხელშეკრულების დადების მომენტში ხდება, ობიექტური საფუძველიც ხელშეკრულების დადების მომენტში უნდა არსებობდეს.
18. ვინაიდან, 2017 წლის 01 მარტისათვის კონკრეტული პროექტის (LAG/2017/OFPH/001 (UNHCK) - ,,უფასო იურიდიული მომსახურება იმერეთის რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის“) მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2017 წლის 1 იანვრიდან -2017 წლის 31 დეკემბრამდე, ამ პროექტის ფარგლებში, საფინანსო საქმიანობის განხორციელების მიზნით, დასაქმებულ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, რაც ასახულია კიდეც ხელშეკრულების ტექსტში, ნათლად მიუთითებდა სამუშაოს დროებით ხასიათზე. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდა მიღებული გრანტით გათვალისწინებული ბიუჯეტის ფარგლებში და განსაზღვრული ვადით მისი დადება გამართლებული იყო.
19. სააპელაციო სასამართლომ უარყო აპელანტის პრეტენზია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წინასწარი შეტყობინების მიუღებლობის თაობაზე, ვინაიდან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ელექტრონული ფოსტის საშუალებით აპელანტის მიმართ, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაგზავნილი 2017 წლის 30 მაისის წერილის შინაარსი და მასში გამოხატული ნება განიმარტებოდა ასეთ გაფრთხილებად. მით უმეტეს, რაიმე სახის სტანდარტი გაფრთხილების წერილობით ფორმასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული არ არის.
20. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სშკ-ის 37-ე პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. ვინაიდან, დასაქმებულთან გაფორმებული, 2017 წლის 01 მარტის ხელშეკრულება იყო ვადიანი - 2017 წლის 31 ივლისამდე, ამ დროის გასვლის შემდეგ, მისი გათავისუფლება შეესაბამებოდა სშკ-ის 37.1 „ბ“ მუხლის მოწესრიგებას და გამორიცხავდა ამ საკითხზე დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობას და ბათილობიდან გამომდინარე თანმდევი შედეგების - სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
21. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, ის გარემოება, რომ 2017 წლის აგვისტოდან, მოპასუხე ააიპ - ის სხვა თანამშრომლებთან არ მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა, აღნიშნული გარემოება რაც ვერ განიხილებოდა აპელანტთან ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევის წინაპირობად, ვინაიდან, ყველა თანამშრომელთან სამუშაო ვადის განსაზღვრა და არსებითი პირობები შეთანხმებული იყო ინდივიდუალური ხელშეკრულებებით, რაზედაც გავლენას ვერ მოახდენდა აპელანტთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით გამოყენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
22. ამასთან, ვინაიდან, დასაქმებული იმავდროულად წარმოადგენდა საზოგადოების დამფუძნებელს, მისთვის ცნობილი იყო საზოგადოების წესდების და მისგან გამომდინარე მიზნებისა და საქმიანობის თაობაზე; აპელანტი ასევე, დასაქმებული იყო სხვა საწარმოში (სს „თ. ბ.“) და გააჩნდა შემოსავალი, რაც იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ვადიანი ხელშეკრულების გაფორმება მისთვის მისაღები იყო და ვადის გასვლის შემდეგ სამუშაოზე არ დაშვება მოულოდნელი ვერ იქნებოდა.
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
24. კასატორის განმარტებით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამასთანავე, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორი სადავოდ ხდის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მისთვის შეტყობინების ჩაბარებას. ელექტრონული შეტყობინების განხილვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად წინააღმდეგობაში მოდის, როგორც სასამართლოს მსჯელობასთან, ასევე თვით შეტყობინების შინაარსთან. კასატორის განმარტებით, დარღვეული იყო შეტყობინების გაგზავნის ერთ თვიანი ვადა. ასევე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ხელშეკრულება დადებული იყო კონკრეტული მიზნით, კასატორის განმარტებით, თუ მას კონკრეტული მიზნით ქონდა ხელშეკრულება გაფორმებული 2017 წლის 01 მარტიდან 31 ივლისამდე მას შვებულება არ ეკუთვნოდა, რადგან შვებულება ეკუთვნის მე-11 თვიდან, ხოლო 5 თვიან ხელშეკრულებაში მე-11 თვის განსაზღვრა შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მასალები ელ. შეტყობინების მიღების გაფრთხილებასთან დაკავშირებით და არ მისცა ფაქტებს სწორი განმარტება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორი განმარტება მისცა კანონს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაცული იყო სშკ-ის მე-6 მუხლის და 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტი, რამდენადაც უდავოა, რომ კასატორს 2007 წლიდან - საზოგადოების დაფუძნებიდან 2017 წლის 31 ივლისამდე მუდმივად ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება მოპასუხესთან, რაც სადავო არც მოპასუხეს გაუხდია. უფრო მეტიც, მოპასუხეს თვითონ ჰქონდა წარმოდგენილი 2017 წლის 01 მარტის კონკრეტული პროექტი, LAC/2017/OFPH/001(VNHCK) უფასო იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის მოქმედება განსზღვრული იყო 2017 წლის 31 დეკემბრით. ამასთან მოპასუხის არც ერთ თანამშრომელთან ხელშეკრულება არ შეწყეტილა, გარდა კასატორისა, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა იმ მოტივით, რომ სხვა თანამშრომლების გათავისუფლება არგათავისუფლების საკითხი ვერ გახდებოდა სასამართლოს მსჯელობის საგანი კასატორთან მიმართებაში. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ კონკრეტული ხელშეკრულება კასატორთან გაფორმებული იყო კონკრეტული მიზნისა და სამუშაოს შესასრულებლად, უსაფუძვლოა. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ კასატორთან გაფორმებული იყო მოკლევადიანი ხელშეკრულება, მაშინ როდესაც სასამართლოში წარდგენილი იყო მტკიცებულებები, რომლებიც, ადასტურებდა, რომ კასატორი მუშაობდა 30 თვეზე მეტი. კასატორი უთითებს საქმეში არსებულ წერილობით ხელშეკრულებაზე, რაც ადასტურებდა კასატორის დასაქმებას 30 თვით და მეტი ხნის ვადით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
27. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხე სსიპ-ს გამგეობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (ა); მოპასუხე სსიპ-ის ფინანსისტად მოსარჩელის აღდგენის (ბ); იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამუშაოზე აღდგენამდე, თვეში 705,63 ლარის ოდენობით (გ) (იხ., ამ განჩინების პ-6) უარყოფილია უსაფუძვლობის გამო.
28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც უცვლელადაა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა უარყოფის შესახებ (იხ., ამ განჩინების პპ: 9, 11, 12), კასატორი არ ეთანხმება. წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიით კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად არ გამოიკვლია და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც, მოცემულ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
29. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (იხ., საკასაციო საჩივარი - ამ განჩინების პ-24) და აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ სასამართლომ შეამოწმოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების საკითხი, პირველ რიგში, უნდა გამოარკვიოს შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადა, რომლის ამოწურვაც გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება, ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. ამდენად, სშკ ითვალისწინებს როგორც უვადო, ისე - განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. ორგანული კანონით ორი ტიპის ვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაა განხილული: ა) ხელშეკრულება ფორმდება კონკრეტული კალენდარული ვადით; ბ) ხელშეკრულების ვადის განსაზღვრა უკავშირდება გარკვეულ მიზანს.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით ნიშანდობლივია სშკ-ის მე-6 მუხლში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილების საკანონმდებლო მიზანი, რომლის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან დადოს, სულ მცირე, ერთწლიანი ხელშეკრულება, ან გააფორმოს ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „შრომის კოდექსის მიხედვით, ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების დადება მხოლოდ ვადის განსაზღვრით, მიზნის მითითების გარეშე, დაუშვებელია, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ კონკრეტული მიზნით განპირობებული ვადიანი ხელშეკრულების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს ერთ წელს. შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაში უკავშირდება კონკრეტულ მიზანს და არა - კალენდარულ ვადას“ (იხ., სუსგ №ას-118-118-2018, 27 თებერვალი, 2018 წელი, პ- 16.5).
32. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სშკ-ის ზემოაღნიშნული ჩანაწერი განაპირობებს ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულებების დადებას მხოლოდ შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც შრომითი ურთიერთობების სტაბილურობასა და დასაქმებულთა სოციალურ დაცულობას უწყობს ხელს.
33. კანონმდებლობით დადგენილი დასაქმებულთა უფლებების აღნიშნული სტანდარტი სწორედ ხელშეკრულების ვადის განსაზღვრას უკავშირდება. დამსაქმებელი შეზღუდულია შესაძლებლობაში, გააფორმოს დასაქმებულთან მოკლევადიანი ხელშეკრულება, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა და საფუძველი. თავად შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. ამდენად, რომ არ მოხდეს დამსაქმებელთა ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვა სშკ-ი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც გამართლებულია შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადება, სახელდობრ, კოდექსის მე-6 მუხლის 12 -ის მიხედვით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. სათანადო გარემოების დადასტურება დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. ერთ-ერთ საქმეში, საკასაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, კასატორის მოსაზრება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უკანონობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა დროებითი ხასიათის იყო და ის გრძელდებოდა უხელფასო შვებულებაში მყოფი თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებამდე. მოსარჩელე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მეორე დასაქმებული გამოცხადდა სამსახურში, შესაბამისად, დადგა ის პირობა, რომელიც იწვევდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას (იხ., სუსგ №ას-118-118-2018, 27 თებერვალი, 2018 წელი,პ-16.6).
34. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული მიზნით დადებული ვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა დამოკიდებულია სამომავლო მოვლენის დადგომაზე. ასეთი ვადიანი ხელშეკრულება სახეზეა, როდესაც ხელშეკრულების ხანგრძლივობა უკავშირდება სამუშაოს შესრულების სახეს, მიზანსა და სამუშაოს შინაარსს. ის გარემოება, რომელსაც ერთ-ერთი მხარე უკავშირებს სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებას, არის განსაზღვრადი და დამახასიათებელი ამ ურთიერთობისთვის, მაგრამ ხელშეკრულების შეწყვეტის ზუსტი დრო უცნობია.
35. განსახილველ შემთხვევაში, ამ განჩინების პ - 18-ით დადგენილია, რომ 2017 წლის 01 მარტისათვის კონკრეტული პროექტის (LAG/2017/OFPH/001 (UNHCK) - ,,უფასო იურიდიული მომსახურება იმერეთის რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის“) მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2017 წლის 1 იანვრიდან -2017 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, აღნიშნული საგრანტო პროექტის ფარგლებში თანამშრომლების სახელფასო განაკვეთები განსაზღვრული იყო 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, ხოლო 2017 წლის აგვისტოს შემდეგ პროქტი გადავიდა დასკვნით ფაზაში, რომელიც გულისხმობდა შესრულებული სამუშაოს მონიტორინგსა და შეფასებას. ხელშეკრულებაზე დართული პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო დასაქმებულის, როგორც პროექტის ფინანსისტის სახელფასო ანაზღაურება 2017 წლის ივლისის ჩათვლით. გრანტების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, გრანტის გაცემის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების ათვისების ვადებს. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. ამ პროექტის ფარგლებში, საფინანსო საქმიანობის განხორციელების მიზნით, დასაქმებულ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, რაც ასახულია ხელშეკრულების ტექსტში, ნათლად მიუთითებდა სამუშაოს დროებით ხასიათზე. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა მიღებული გრანტით გათვალისწინებული ბიუჯეტის ფარგლებში და განსაზღვრული ვადით მისი დადება გამართლებული იყო, რადგან ამ პროექტის ფარგლებში დასაქმებულ თანამშრომელთა სახელფასო ფონდი ამოიწურა 2017 წლის აგვისტოში.
36. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ააიპ-ის შორის, 2017 წლის 1 მარტს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადად, 2017 წლის 1 მარტიდან - 2017 წლის 31 ივლისამდე პერიოდი განისაზღვრა, სშკ-ის მე-6 მუხლის 12 ნაწილის ნორმატიული დანაწესის შესაბამისად გამორიცხავდა ხელშეკრულების უვადოდ მიჩნევის შესაძლებლობას, რადგან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა მიღებული გრანტით გათვალისწინებული ბიუჯეტის ფარგლებში და მისი მოქმედების ვადა განსაზღვრა 2017 წლის 31 ივლისამდე.. ამდენად, სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებლად.
37. რაც შეეხება კასატორის პრტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მასალები ელ. შეტყობინების მიღების გაფრთხილებასთან დაკავშირებით და არ მისცა ფაქტებს სწორი განმარტება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ უსაფუძვლობის გამო. როგორც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველებს ადგენს სშკ-ის 37-ე მუხლი.
38. გარდა ამისა, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით დასაქმებულისათვის მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაგზავნილი 2017 წლის 30 მაისის წერილის შინაარსი და მასში გამოხატული ნება განიმარტა ასეთ გაფრთხილებად. მით უმეტეს, რაიმე სახის სტანდარტი გაფრთხილების წერილობით ფორმასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული არ არის (იხ., სააპელაციო სასამართლოს შეფასება ამ განჩინების პ-19-ში).
39. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, რადგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. სსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ თ. ნ-ეს უკან დაუბრუნდეს ა. ბ-ის მიერ 2018 წლის 06 დეკემბერს საგადასახადო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე