Facebook Twitter

საქმე №ას-915-855-2017 14 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.მ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, ბანკი) და ი.მ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე, აპელანტი, მსესხებელი ან კასატორი) შორის 2011 წლის 20 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4 710 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განისაზღვრა 32%-ით, ხოლო კრედიტის ვადა - 2014 წლის 1 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის პირველ რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ერთჯერადად 20 ლარი, ასევე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5% (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 867-ე მუხლი; იხ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ტ.1,ს.ფ.13-27).

2. ბანკის მიერ 2015 წლის 21 ოქტომბერს გაცემული დავალიანების ცნობის მიხედვით დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანებამ, რომელიც მსესხებელს ერიცხება 2012 წლის 1 ნოემბრიდან, შეადგინა 33 297.69 ლარი (ძირითადი თანხა - 3 778.40 ლარი; პროცენტი - 3 660.22 ლარი; ჯარიმა - 25 767.08 ლარი; დაზღვევა - 91.99).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1 ბანკმა 2015 წლის 13 ნოემბერს სარჩელი აღძრა მსესხებლის წინააღმდეგ, მოითხოვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 33 297.69 ლარის გადახდა.

3.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

3.3 საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და 3.1 ქვეპუნქტში დასახელებული თანხის ნაცვლად მოპასუხისათვის 9 419.61 ლარის (ძირითადი თანხა - 3 778.40 ლარი; პროცენტი - 3 660.22 ლარი; ჯარიმა - 1 889 ლარი; დაზღვევა - 91.99 ლარი) დაკისრება მოითხოვა.

3.4 ასევე, 2015 წლის 5 დეკემბრიდან ძირითად თანხაზე - 3 778.40 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 32% სარგებლის გადახდა მოითხოვა, რაც ყოველთვიურად 100.75 ლარს შეადგენს.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვალდებულების შესასრულებლად შესაძლებლობა არ გააჩნია, სამუშაო დაკარგა და მხოლოდ სოციალურ დახმარებას იღებს, რომელსაც დედის მკურნალობისთვის იყენებს.

4.2 სარჩელი წარდგენილია ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის წინა დღეს - 31.10.2015წ. (იხ. შესაგებელი - ს.ფ.53-61).

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა:

5.1.1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9 419.61 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 3 778.40 ლარი, პროცენტი - 3 660.22 ლარი, ჯარიმა 1889 ლარი, დაზღვევის თანხა - 91.99 ლარი.

5.1.2 დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2016 წლის 5 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 32% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 100.75 ლარს შეადგენს.

5.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316.1-ე, 317-ე, 361.2-ე, 868-ე, 867-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია.

5.3 სასამართლომ, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილშიც მართებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს თავდაპირველად მოთხოვნილი ოდენობა 25 767.08 ლარი, თავად კრედიტორმა, მოთხოვნის დაზუსტების შედეგად შეამცირა 1 889 ლარამდე, შესაბამისად აღარ არსებობდა მისი დამატებით შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.

5.4 საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის მოხმობით განმარტა, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოიხატებოდა მიუღებელ შემოსავალში, მსესხებლის ვალდებულება იყო, რაც წინამდებარე შემთხვევაში დავალიანების ცნობის გაცემიდან - 2016 წლის 5 დეკემბრიდან, ძირითად თანხაზე - 3 778.40 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 32%-ის ოდენობით დარიცხვაში გამოიხატებოდა, რომელიც ყოველთვიურად 100.75 ლარს შეადგენდა.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.2 აპელანტის მტკიცებით, ის სოციალურად დაუცველია, ამასთან, სასამართლომ არასწორად დააკისრა პროცენტი - 3 660.22 ლარი, ჯარიმა 1 889 ლარი. უსაფუძვლოა მიუღებელი შემოსავლის სახით გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 100.75 ლარის გადახდა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა:

7.1.1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3 778.40 ლარი, პროცენტი - 1 464.29 ლარი, პირგასამტეხლო (2012 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 5 დეკემბრამდე (სარჩელის დაზუსტებამდე) 1 889 ლარი, დაზღვევა - 91.99 ლარი;

7.1.2 დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 2016 წლის 5 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ძირითადი თანხის 3 778.40 ლარის წლიური 10% - 377.84 ლარის ოდენობით.

7.2 სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხას შეადგენდა 3 778.40 ლარი, რომელსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ.

7.3 სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების ნაწილში:

7.3.1 მოსარჩელე მოითხოვდა პროცენტის სახით 3 660.2 ლარის დაკისრებას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეს ჯამში პროცენტის სახით 2 559 ლარი უნდა გადაეხადა, საიდანაც 1 095.3 ლარი უკვე გადახდილი ჰქონდა, რაც გამოაკლდებოდა გადასახდელი პროცენტის თანხას და ნაცვლად 3 660.22 ლარისა, მხარეს დაეკისრებოდა 1 464.29 ლარი.

7.4 სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია, რის გამოც მოპასუხეზე დაკისრებული პირგასამტეხლო 0.5%-დან 0.05%-მდე შეამცირა.

7.5 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით კრედიტორის მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების ნაწილში ასევე საფუძვლიანი იყო, თუმცა, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო არა 32%-ით, არამედ წლიური 10%-ის ოდენობით, რაც წინამდებარე შემთხვევაში 377.84 ლარს შეადგენდა.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8.2 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

8.3 სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

8.4 კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნამსჯელი დაზღვევის თანხის გადახდის წესზე, რომელიც ყოველგვარი პირობის გარეშე დაეკისრა.

8.5 ზემოაღნიშნულთან ერთად კასატორმა, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა შეეხო მსესხებლის სააპელაციო პრეტენზიებს მისთვის პირგასამტეხლოსა და პროცენტის დაკისრების, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. ამ განჩინების 6.2 ქვეპუნქტი) და, საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისთვის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, ბანკის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა შემცირებული ოდენობით.

17. წინამდებარე შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის როგორც პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის, აგრეთვე პროცენტის დაკისრების საკითხს.

18. განსახილველ საქმეზე, „სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (შდრ. სუსგ ას-914-864-2015, 04.12.2015წ.).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით „სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“. შესაბამისად, განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. „მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება“ (იხ. სუსგ # ას- 932-882-2015, 15.03.2016წ.).

20. განსახილველ შემთხვევაში, მოვალისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის : ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

22. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ, ხელშეკრულებების საერთო თანხის, ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, სწორად შეამცირა პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს. შესაბამისად, არ არსებობდა ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

23. საკასაციო საჩივრის პრეტენზია ეხება კასატორისათვის კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრებული მიუღებელი შემოსავლის დაუსაბუთებლობასაც.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.

25. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, სს „ს.ბ-ს“, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.).

26. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც სარჩელის ხანდაზმულობას ეხება (იხ. წინამდებარე განჩინების 8.5 ქვეპუნქტი), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მის მიერ წერილობით წარდგენილ შესაგებელში (იხ. ს.ფ. 52) თვითონვე უთითებს, რომ ბანკმა სარჩელი წარადგინა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის წინა დღეს /მოვალის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 01.11.2015წ./, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კრედიტორმა მოვალეს მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე წარუდგინა და მოთხოვნა განხორციელებადია, ანუ არ არის ხანდაზმული. სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ ბანკი დავალიანებას ითვლის 2015 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, ხოლო სარჩელი წარდგენილია, როგორც უკვე აღინიშნა, იმავე წლის 13 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ვადაში, ანუ 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე მოვალეს ბანკისათვის უნდა გაადეხადა ძირითადი თანხა 4 710 ლარი, ხოლო პროცენტის სახით - 2 559 ლარი. მოპასუხემ გადაიხადა ძირითადი თანხის 931, 60 ლარი და პროცენტი-1095, 30 ლარი. ამ თანხას მოვალე იხდიდა 2012 წლის 1 ნოემბრამდე, ანუ სახელშეკრულებო ვადაში მსესხებელს ხელშეკრულების პირობის შესაბამისად რომ გადაეხადა დავალიანება, უნდა გადაეხადა ძირითადი თანხის სახით 3 778, 40 ლარი და პროცენტის სახით - 1464,29 ლარი, სულ 4242, 69 ლარი და ამ თანხის პირგასამტეხლოც -0,05% (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება- ს.ფ. 156)

27. საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები, მსესხებელმა ვერ გააქარწყლა კრედიტორის მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთებლობა, რაც საკასაციო განაცხადის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე