№ას-128-120-2017 24 დეკემბერი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ტ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ლ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ.ლ–მა (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ლ.ტ–ძის (შემდეგში მოპასუხე) მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით საკსაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
7. კერძო საჩივრის განხილვა ჩაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2017 წლის 30 ივნისს, რის თაობაზეც 2017 წლის 27 ივნისს, სატელეფონო შეტყობინებით, ეცნობა ლ.ტ–ძის წარმომადგენელს. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით ლ.ტ–ძე გარდაიცვალა.
8. 2017 წლის 28 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა, მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ლ.ტ–ძის გარდაცვალების გამო (გარდაცვალების მოწმობა №.....) საქმის წარმოების შეჩერება უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
11. ზემოაღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა გარდაცვლილის უფლებამონაცვლის საქმეში ჩაბმის შესაძლებლობა. ამასთან, მითითებული ნორმით განსაზღვრულია, ასევე, რომ კანონით დადგენილი შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება სარჩელი, ასევე, მოსარჩელის სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, თუ საქმეში მოსარჩელის, აპელანტის ან კასატორის უფლებამონაცვლე არ ჩაერთო.
12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით შეჩერდა ამავე პალატის წარმოებაში არსებული სამოქალქო საქმის წარმოება გარდაცვლილი კერძო საჩივრის ავტორის (მოპასუხის) უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
13. კასატორის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება, ფოსტის მეშვეობით, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის, თ.ჩ–ის ოჯახის წევრს - ზ.ჯ–ს (მეუღლეს) 2017 წლის 7 აგვისტოს. მიუხედავად აღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორის სავარაუდო უფლებამონაცვლეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს საქმის წარმოების განახლებისა და საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის წარმოების შეჩერებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის სავარაუდო უფლებამონაცვლე საქმეში არ ჩაერთო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ტ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე