Facebook Twitter

საქმე №ა-1836-შ-43-2018 3 დეკემბერი, 2018 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –ს.რ.

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.კ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, ქ. ხარკოვის სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება N 2035/7338/2012

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის, ქ. ხარკოვის სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის N 2035/7338/2012 გადაწყვეტილებით ს.რ–ოს მოთხოვნა, ვ.კ–ის მიმართ, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.

2. 2018 წლის 20 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, ს.რ–ომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა უკრაინის, ქ. ხარკოვის სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის N 2035/7338/2012 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით ს.რ–ოს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ვ.კ–ის საკონტაქტო ინფორმაცია (ზუსტი მისამართი, ტელეფონის ნომერი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ს.რ–ოს შუამდგომლობა უკრაინის, ქ. ხარკოვის სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის N 2035/7338/2012 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

6. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს.რ–ომ და მოითხოვა უკრაინის, ქ. ხარკოვის სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის N 2035/7338/2012 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ვ.კ–ის საკონტაქტო ინფორმაციის (ზუსტი მისამართი, ტელეფონის ნომერი) წარმოდგენა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება ს.რ–ოს 2018 წლის 5 ნოემბერს პირადად ჩაბარდა.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლიბის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 6 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 5 დეკემბერს.

10. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სასამართლო ვალდებულია მოწინააღმდეგე მხარეს გაუგზავნოს შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები. მითითებული მისამართის უზუსტობა შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

13. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს.რ–ოს შუამდგომლობა უკრაინის, ქ. ხარკოვის სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის N 2035/7338/2012 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

14. განემარტოს მხარეს, რომ მას კვლავ აქვს შუამდგომლობის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენის უფლება, რომელსაც უნდა დაერთოს ამ განჩინების მე-11 პუნქტში მითითებული სრულყოფილი ინფორმაცია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.რ–ოს შუამდგომლობა უკრაინის, ქ. ხარკოვის სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის N 2035/7338/2012 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: ე. გასიტაშვილი