საქმე №ას-1955-2018 28 დეკემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.რ. და მ.კ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ფ.ბ.ს.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ფ.ბ.ს.“-ს სარჩელი მოპასუხეების მ.კ–ძის, მ.რ–სა და ა.გ–ას წინააღმდეგ, თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მ.რ–ამ და მ.კ–ძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეების საჩივარი და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დასახელებული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ.რ–ამ და მ.კ–ძემ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ.რ–ამ და მ.კ–ძემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.რ–ას და მ.კ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაზე, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული ჰქონდა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მ.რ–ას და მ.კ–ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი ბაჟის ნაწილში. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში მითითებულია, რომ აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან მ.რ–ამ და მ.კ–ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს ის განჩინება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობასაც კანონი არ იძლევა, კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ძის და მ.რ–ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი