Facebook Twitter

18 იანვარი, 2019 წელი,

საქმე №ას-738-706-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი – მ.ფ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ნ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ნ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2003 წლის 17 სექტემბერს საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ..... მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, 7030 კვ.მ, ს/კ-ით №...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მიწის ნაკვეთი).

2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2013 წლის 12 აპრილს მოსარჩელის სახელზე გასცა საკუთრების უფლების №619 მოწმობა, რომლის საფუძველზეც, ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა ლაგოდეხის რაიონის სოფელ .......ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 2721,1 კვ.მ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი (ს/კ-ით №....., შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მიწის ნაკვეთი) საჯარო რეესტრში იმავე დღეს აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად.

3. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები გაერთიანდა ერთ საკადასტრო ერთეულად და გაერთიანებული მიწის ნაკვეთი 9743.00 კვ.მ ფართით, ს/კ-ით №...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი ან მოსარჩელის საკუთრება) 2013 წლის 30 მაისს საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ.1, ს.ფ.16).

4. მ.ფ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), სადავო უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის, ს/კ-ით №...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის საკუთრება ან მოპასუხის უძრავი ქონება) მესაკუთრეა.

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 29 ივლისის დასკვნით, ლაგოდეხის რაიონში სოფელ .....ში მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობების და შემომსაზღვრელი ღობის ნაწილი იჭრება მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებში. გადაფარვის ფართი შეადგენს 411.2 კვ.მ ფართს, აქედან შენობა-ნაგებობების მოწყობით გამოწვეული გადაფარვის ფართი შეადგენს 125.5 კვ.მ, ხოლო ღობის მოწყობით გამოწვეული გადაფარვის ფართი 285 კვ.მ ფართს (იხ. ტ.1, ს.ფ. 21-30).

6. მოპასუხემ თავის საკუთრებაში არსებული სადავო შენობა-ნაგებობის სიტუაციური გეგმა და მშენებლობის პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურთან შეათანხმა 2013 წლის აპრილში. იმავე წლის 8 მაისს, მან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისგან მშენებლობის ნებართვა მიიღო.

7. მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაუკეტა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა, გარდა ამისა, მისი კუთვნილი სამშენებლო მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა განახორციელა ისე, რომ წყალი და ატმოსფერული ნალექი ჩაედინება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში.

8. მშენებლობის შესაჩერებლად მოსარჩელემ თავდაპირველად 2013 წლის 12 ივლისს, ხოლო შემდეგ 2013 წლის 5 აგვისტოს მიმართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის 19 ივლისის №49 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი 2013 წლის 15 ივლისის განცხადების საფუძველზე, ადგილზე იქნა შესწავლილი განცხადებაში აღნიშნული გარემოებები და აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს დარღვეული ჰქონდა სამიჯნე საზღვარი 3,30 მეტრამდე. ამავე წერილის მიხედვით, შედგენილი შემოწმების აქტი გაეგზავნა მოპასუხეს და მიეცა გონივრული ვადა მშენებლობის შესაჩერებლად.

9. მოსარჩელემ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით 2013 წლის 15 ივლისს თავად მოპასუხესაც მიმართა, თუმცა, ამ უკანასკნელს რეაგირება არ მოუხდენია.

10. 2013 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა :

10.1. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 411.2 კვ.მ. ფართზე უკანონოდ აშენებული ყველა ნაგებობის დემონტაჟი და მოსარჩელის კუთვნილი ტერიტორიის გათავისუფლება დემონტაჟის შემდგომი ნარჩენებისგან;

10.2. მიჯნის ღობის გადატანა თავის (მოპასუხის) კუთვნილ ტერიტორიაზე 285,7 კვ.მ-ის დაცილებით;

10.3. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიასთან მისასვლელი თვითნებურად ჩაკეტილი გზის გახსნა;

10.4. მოპასუხის საკუთრებაში არსებული სამშენებლო მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა ისე, რომ მოსარჩელის ნაკვეთში არ მოხვდეს წყალი და ატმოსფერული ნალექი;

10.5. სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნაზე კარის ღიობის, აივნისა და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის მშენებლობის წარმოება ნაკვეთების საზღვრიდან არანაკლებ 3 მეტრის მოშორებით.

10.6. მოსარჩელემ წინამდებარე გადაწყვეტილების 1-9 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, შემდეგი : მოპასუხემ 2013 წლის აპრილში მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის სასაზღვრო მიჯნის ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე გადაწევის უფლების მინიჭება სთხოვა. მოსარჩელე მოპასუხეს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასაზღვრო მიჯნის მხოლოდ ერთი მეტრით გადაწევაზე დათანხმდა, იმ პირობით რომ შენობისა და ნაკვეთის მომიჯნავედ გაკეთდებოდა გზა, რომლითაც მოსარჩელე ისარგებლებდა. მოპასუხემ 2013 წლის მაისში მოშალა ნაკვეთებს შორის გავლებული სასაზღვრო მიჯნა და ის მოსარჩელის ტერიტორიაზე არა ერთი მეტრით, როგორც ეს შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, არამედ ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე - 3,30 მეტრით გადაწია. მიჯნის გადაწევით გამოწვეულმა გადაფარვის ფართმა შეადგინა 285.7 კვ. მეტრი. სასაზღვრო მიჯნის დარღვევის თაობაზე მოსარჩელემ შეტყობისთანავე განუცხადა პრეტენზია მოპასუხეს, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია, უფრო მეტიც, ამ უკანასკნელმა თავის მიწის ნაკვეთზე დაიწყო მშენებლობა, ხოლო შემდგომ მშენებარე ნაგებობის ნაწილის მშენებლობა მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზეც განაგრძო. შენობა-ნაგებობების მოწყობით გადაიფარა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 125.5 კვ.მ. ფართი.

11. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის თებერვალში, როდესაც მან დაიწყო სასაზღვრო მიჯნის მშენებლობა, სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებას არ წარმოადგენდა, ის სახელმწიფოს საკუთრება იყო და მოსარჩელის საკუთრებად მხოლოდ 2013 წლის 30 მაისს აღირიცხა, რაც დასტურდება 2013 წლის 12 აპრილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობით, საჯარო რეესტრის ამონაწერითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 31 ოქტომბრის დასკვნით. სასაზღვრო მიჯნის მშენებლობას ესწრებოდა მოსარჩელეც, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს.

მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელე უნდა მიჩნეულიყო სადავო მიწის არაკეთილსინდისიერ შემძენად, რადგან მან თანხმობა განუცხადა მოპასუხეს მიჯნისა და შენობა-ნაგებობის გადმოწევაზე მაშინ, როდესაც აღნიშნული ფართი სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო მიწის შეძენის დროს რაიმე პრეტენზია არ ჰქონია.

მოპასუხის მტკიცებით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა თვითნებურად ჩაკეტილი მისასვლელი გზის გახსნის შესახებაც, რადგანაც მას მოპასუხის მიერ გზის თვითნებურად ჩაკეტვის თაობაზე, სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. აღნიშნული შესასვლელი გზა მოსარჩელეს არასოდეს ჰქონია, ხოლო ის ადგილი, სადაც მოპასუხეს შესასვლელი ჭიშკრები აქვს ჩაყენებული, ამ უკანასკნელის საკუთრებას წარმოადგენს.

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ის უკანონოდ არ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და არც მის კუთვნილ ტერიტორიაზე აქვს უკანონო მშენებლობა ნაწარმოები, ასევე არ აქვს ჩაკეტილი მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიასთან მისასვლელი გზა. ჭაბურღილის წყალი მიედინება არხში და მოსარჩელის საზღვართან შეხება არ აქვს. სადავო მშენებლობა ნაწარმოები აქვს პროექტის შესაბამისად, და ამიტომ, მისი მოსაზრებით, სარჩელი დაუსაბუთებელია.

12. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 411.2 კვ.მ ფართზე უკანონოდ აშენებული ყველა ნაგებობის დემონტაჟი და მოსარჩელის კუთვნილი ტერიტორიის დემონტაჟის შემდგომი ნარჩენებისგან გათავისუფლება, ასევე, მიჯნის ღობის მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე 285.7 კვ.მეტრის დაცილებით გადატანა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიასთან მისასვლელი გზის (რომელიც მოპასუხეს თვითნებურად აქვს ჩაკეტილი) გახსნა დაევალა; მოპასუხეს ასევე დაევალა მის საკუთრებაში არსებული სამშენებლო მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა ისე, რომ მოსარჩელის ნაკვეთში არ მოხვდეს წყალი და ატმოსფერული ნალექი. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, სსკ-ის 170-ე, 172-ე, 174-ე, 176-ე, 177-ე, 179-ე,183-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14.1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყების დროს მოსარჩელეს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ გააჩნდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ..... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართობით 7030 კვ.მ, რომელიც 2013 წელს დაზუსტდა საკადასტრო ბაზაში, 2003 წლიდან მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, ამასთან, 2013 წლის 12 აპრილიდან მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპოვა სოფელ ..... მდებარე 2721.1 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზეც;

14.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მშენებლობა მან 2013 წლის თებერვალში დაიწყო და მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის უფლება მოპოვებული ჰქონდა ამ უკანასკნელთან შეთანხმებით. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მოსარჩელემ პრეტენზია მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემდეგ გამოთქვა.

პალატამ აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე ზეპირი შეთანხმება არ წარმოშობდა რაიმე სამართლებრივ შედეგს. ღობის გადაწევით იცვლება მხარეთა მიწის ნაკვეთის პარამეტრები, შესაბამისად, საკუთრების უფლების ფარგლებიც, რაც შეუძლებელია განხორციელდეს სსკ-ის 183-ე მუხლით დადგენილი წესის გარეშე. პალატამ მიიჩნია, რომ ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც, ის არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს სსკ-ის 59-ე მუხლიდან გამომდინარე;

14.3. იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით ირკვეოდა, რომ 2013 წლის 29 ივლისს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობდა, მოსარჩელემ კი, გამგეობას უკანონო მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით 2014 წლის 15 ივლისს მიმართა, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ განაცხადა უფლების დარღვევის შესახებ მშენებლობის დასრულებამდე, შეტყობისთანავე, თუმცა, მოპასუხეს გაფრთხილების მიუხედავად, მშენებლობა არ შეუჩერებია;

14.4. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ასევე სსკ-ის 179-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით აპელანტის მითითება. პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმა შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მიწის მესაკუთრე განზრახვის გარეშე გადაცდება საზღვარს. მოცემულ შემთხვევაში კი, აპელანტი არ უარყოფდა რომ მან იცოდა რომ ღობეს აშენებდა მეზობელი მიწის საზღვრების შიგნით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გაუფრთხილებელ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია;

14.5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს არ აქვს კავშირი საჯარო გზასთან მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილზე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ..... მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 9743.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მისასვლელი გზის უზრუნველყოფის მიზნით, სოფელ ...... სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 356.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სერვიტუტის უფლებით დატვირთვის შესახებ;

14.6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, მოპასუხის დავალდებულების შესახებ, განახორციელოს სამუშაოები ისე, რომ მოსარჩელის ნაკვეთში არ მოხვდეს წყალი და ატმოსფერული ნალექი.

15. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

15.1. სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ პრეტენზია შეტყობისთანავე განაცხადა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ პრეტენზიის განცხადების დროს სადავო მიწაზე მშენებლობა უკვე დასრულებული იყო;

15.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 183-ე და 59-ე მუხლები. ყურადსაღებია, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება საკუთრებად დაირეგისტრირა 2013 წლის 30 მაისს, მაშინ, როდესაც, მოპასუხეს უკვე აღებული ჰქონდა მშენებლობის ნებართვა იმავე წლის 8 მაისს, ანუ 22 დღით ადრე, ხოლო მშენებლობა და მიჯნა აღმართული ჰქონდა თებერვალში. გარდა ამისა, მშენებლობის დაწყების ვადა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია;

15.3 სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა სასაზღვრო მიჯნის ერთი მეტრით გადაწევაზე, ამასთან, პალატამ უგულებელყო ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე ესწრებოდა საზღვრის გადაწევას და ამ დროისათვის ეს უკანასკნელი სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არ ყოფილა;

15.4. გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის შეძენამდეც არ ჰქონია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა და იგი აწარმოებდა მორიგებას მოპასუხესთან გზის მიცემის თაობაზე;

15.5. როგორც მოპასუხეს, ისე მოსარჩელეს დავა წარმოეშვათ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე, მოპასუხემ გადასცა, ხოლო მოსარჩელემ დაიკანონა სახელმწიფოს კუთვნილი მიწა, თუმცა, სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა არა მოპასუხეს (შენობის მესაკუთრეს), არამედ მიწის ახალ შემძენს (მოსარჩელეს);

15.6. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელის ნაკვეთს არ აქვს კავშირი საჯარო გზასთან, მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გარეშე. სადავო მიწა ეკვრის როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ტერიტორიას, შესაბამისად მოსარჩელეს შეუძლია გზა მოიწყოს მისი კუთვნილი ტერიტორიის ფარგლებში. მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოსთვის ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა მტკიცებულება, რომ იგი სხვაგვარად ვერ მოაწყობს გზას ნაკვეთთან მისასვლელად.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე კოდექსის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)“. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.

18. საკასაციო სასამართლო იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნები: ა) შენობა-ნაგებობის დანგრევა (დემონტაჟი) და ღობის გადატანა, სსკ-ის 172.2 (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.), ბ) აუცილებელი გზის გახსნა 180.1 (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს), გ) წყლისა და ატმოსფერული ნალექის მოსარჩელის ნაკვეთში მოხვედრის აღკვეთა მე-5.1 (კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია) და 177-ე (თუ მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება, მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს აუცილებელ ღონისძიებათა გატარება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. დაუშვებელია რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გამდინარე წყლებისა და მიწისქვეშა წყლების მიმართულების შეცვლა ან ამ წყლებით მანიპულირება ისე, რომ ამან სხვა მიწის ნაკვეთზე წყლის რაოდენობის შემცირება ან/და ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს; დაუშვებელია მდინარეთა ბუნებრივი დინების ხელყოფა) მუხლებიდან გამომდინარეობს.

19. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, სარჩელში სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით.

20. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის ნაგებობა გადაცდენილია მოსარჩელის საზღვარს. გადაფარულია 411.2 კვ.მ. აქედან, შენობა-ნაგებობების მოწყობით გამოწვეული გადაფარვის ფართი 125.5 კვ.მ-ს, ხოლო ღობის მოწყობით გამოწვეული გადაფარვის ფართი 285 კვ.მ-ს შეადგენს. სამეზობლო სამართლის ნორმებით დაბალანსებულია მესაკუთრეთა ინტერესები, რაც გამოიხატება იმაში, რომ როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს, განზრახვის გარეშე გადასცდება მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ნაგებობის ეკონომიკური ერთიანობის შენარჩუნების საჯარო ინტერესისა და ქონებრივი ღირებულების განადგურების თავიდან აცილების მიზნით, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს თმენის ვალდებულება აკისრია. თავის მხრივ, საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია ყოველწლიურად, წინასწარ გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია (სსკ-ის 179-ე მუხლი). თუმცა, თუ დამრღვევი მართლსაწინააღმდეგოდ და გაუმართლებლად იჭრება მეზობლის საზღვრებში, მაშინ ამ უკანასკნელს უფლება აქვს საკუთრების ხელყოფიდან გამომდინარე, ნეგატორული სარჩელი წარადგინოს და ზიანის მიმყენებელს ნაგებობისა და სასაზღვრე მიჯნის დემონტაჟი მოსთხოვოს. ამასთან, მოთხოვნა გამოირიცხება თუ მესაკუთრე ვალდებულია ითმინოს.

21. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შედეგი განხორციელებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მოსარჩელე დაამტკიცებდა, რომ საზღვრის გადამცდენი მეზობელი მართლსაწინააღმდეგოდ (საკუთრების უფლების ხელყოფის მიზნით) მოქმედებდა. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 178-ე მუხლის დანაწესის საწინააღმდეგოდ ნაგებობის დემონტაჟის ნაწილში სარჩელის დაუსაბუთებლობაზე. კერძოდ, იმაზე, რომ მან სრულყოფილად და თანმიმდევრობით არ მიუთითა და არ ასახა თავისი მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. მას ეს ხარვეზი არც მას შემდეგ გამოუსწორებია, როცა მოპასუხემ კვალიფიციური შესაგებლით უარყო ნაგებობისა და ღობის დემონტაჟის მოთხოვნა. ის მიუთითებდა, რომ მოსარჩელისა და მის კუთვნილ მეზობელ ნაკვეთებზე არსებული ეკლიანი ღობე მან ჯერ კიდევ, 2013 წლის თებერვალში აიღო და მის ნაცვლად კაპიტალური ღობის მშენებლობა იმავე წლის მარტში დაამთავრა, რასაც მოსარჩელეც ესწრებოდა და მისი მხრიდან რაიმე პრეტენზია არ გამოთქმულა. მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მოგვიანებით, 2013 წლის 30 მაისს გახდა. მან კი მშენებლობის გადაცდენაზე მოპასუხეს პრეტენზია წაუყენა მაშინ როდესაც, ბიზნესსაქმიანობისათვის საჭირო ნაგებობის მშენებლობა ამ უკანასკნელს ფაქტობრივად დამთავრებული ჰქონდა (2013 წლის 15 ივლისი).

21.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლება 7030 კვ.მ ფართზე 2003 წელს, ხოლო 2721.1 კვ.მ მიწის ნაკვეთზე - 2013 წლის 12 აპრილს მოიპოვა; აღნიშნული მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული იყო სხვადასხვა საკადასტრო ერთეულებად, რომლებიც მოსარჩელემ 2013 წლის 30 მაისს გააერთიანა და 9743 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი საკუთრებად დაირეგისტრირა. შესაბამისად, მოსარჩელე 2013 წლის 12 აპრილიდან წარმოადგენდა მთლიანობაში 9743 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ შენებლობის შეჩერების მოთხოვნით პრეტენზია პირველად 2013 წლის 15 ივლისს გამოთქვა, მაშინ, როდესაც, მოპასუხე სადავო მშენებლობას 2013 წლის 8 მაისიდან აწარმოებდა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არც წინასწარ და არც შეტყობისთანავე არ განუცხადებია პრეტენზია მოპასუხის მხრიდან მშენებლობით სასაზღვრო მიჯნის დარღვევასთან დაკავშირებით (შდრ. სუსგ №ას-414-387-2017, 15.05.2017).

22. ამრიგად, რადგანაც მოსარჩელემ ვერ შეძლო დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებით მოპასუხის მიერ მითითებული აღნიშნული გარემოებების უარყოფა, მას არა აქვს უფლება სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ნაგებობისა და სასაზღვრე მიჯნის დემონტაჟი მოითხოვოს. ამასთან, მას შეუძლია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილზე დაყრდნობით, საზღვრის დამრღვევ მეზობელს ფულადი კომპენსაცია მოსთხოვოს.

23. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს არ აქვს კავშირი საჯარო გზასთან, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად კასატორის განმარტებაზე, რომლითაც მან დაადასტურა მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა მოსარჩელისათვის გზით სარგებლობის უფლების მიცემის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, ურთიერთობის გამწვავების შემდეგ, მან უარი განაცხადა მოსარჩელისათვის ასეთი უფლების მინიჭებაზე. გარდა ამისა, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან კავშირი არ აქვს მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშე, დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითაც. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას (შდრ სუსგ №ას-1513-2018 08.02.2019).

24. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ მოწყობილი ჭაბურღილით დაიტბორა მოსარჩელის მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს სსკ-ის 177-ე მუხლის ანალოგიით (სსკ-ის 5.1 მუხლი, კანონის ანალოგია) მართებულად დაევალა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იმგვარად კეთილმოწყობა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე არ მოხვდეს წყალი და ატმოსფერული ნალექი.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

26. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

27. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 230 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 257.1, 264.3, 410-ე, 411-ე და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2.1. მ.ნ–ძის სარჩელი უკანონოდ აშენებული ყველა ნაგებობის დემონტაჟისა და ღობის გადატანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;

4. მ.ნ–ძეს დაეკისროს 230 (ორასოცდაათი) ლარის გადახდა მ.ფ–ძის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი