Facebook Twitter

ას-434-434-2018 6 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს „კ. პ. ჯ.“ (განმცხადებელი, საარბიტრაჟო მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ. დ-ძე, ზ. დ-ძე, ვ. დ-ძე, თ. ჯ-ძე (საარბიტრაჟო მოპასუხეები)

განჩინება, რომლითაც დადგინდა შეზღუდვა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „კ. პ. ჯ.“ (შემდგომში „განმცხადებელი“, „საარბიტრაჟო მოსარჩელე“, „კრედიტორი“ ან „საჩივრის ავტორი“) განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გ. დ-ძის (შემდგომში „საარბიტრაჟო მოპასუხე“ ან „მსესხებელი“), ვ. დ-ძის, ზ. დ-ძისა და თ. ჯ-ძის (შემდგომში „თავდები საარბიტრაჟო მოპასუხეები“) მიმართ აღძრული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ვ. დ-ძისათვის მის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ფ. ხ. ... შესახ. სახლი #.-..ის (ს/კ: 05.35.26.240....) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით სს „კ. პ. ჯ.““ საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განჩინებები; სს „კ. პ. ჯ.“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ვ. დ-ძეს (პ/ნ: 61010...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (დაზუსტებული ფართობი: 5488.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 05.35.26.240.., მისამართი: ქ. ბათუმი, ფ. ხ. გამზ. .. შესახვევი, სახლი #....) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

6. სს „კრედიტ პლუს ჯორჯიამ“ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, მიუთითა, რომ მოვალეებმა სრულად შეასრულეს განმცხადებლის მიმართ არსებული ვალდებულება და მოითხოვა ვ. დ-ძის კუთვნილ ზემოაღნიშნულ ქონებაზე დადგენილი შეზღუდვის (გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა) გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით დადგენილი შეზღუდვა, კერძოდ, ვ. დ-ძის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს კრედიტორის (საარბიტრაჟო მოსარჩელის) განცხადება, რომელიც მოითხოვს მისი შუამდგომლობის საფუძველზე მოვალის თავდების კუთვნილ უძრავ ქონებაზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მოვალე მხარემ სრულად შეასრულა მის მიმართ არსებული ვალდებულება.

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

10. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება.

11. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

12. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

13. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების გასვლისთანავე იგი უნდა გაუქმდეს.

14. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით სს „კ. პ. ჯ.“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. ვ. დ-ძეს (პ/ნ: 6101000...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (დაზუსტებული ფართობი: 5488.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 05.35.26.240...., მისამართი: ქ. ბათუმი, ფ. ხ. გამზ. ... შესახვევი, სახლი #...) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის ძალაში დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და იგი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან კრედიტორი თავად ადასტურებს, რომ ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოყენებული ზემოაღნიშნული შეზღუდვა, მოვალე მხარემ სრულად შეასრულა. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი მოცემულ ეტაპზე მიღწეულია და თავდების საკუთრების უფლების შეზღუდვის გაგრძელება გაუმართლებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 372-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „კ. პ. ჯ.“ განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით ვახტანგ დუმბაძისათვის (პ/ნ: 61010002414) დაწესებული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (დაზუსტებული ფართობი: 5488.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 05.35.26.240.08/500, მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზ. IX შესახვევი, სახლი #35) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე