Facebook Twitter

№ ას-437-437-2018 28 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შ. ბ-ე (საარბიტრაჟო მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-“ (განმცხადებელი, საარბიტრაჟო მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრისა და 2018 წლის 13 მარტის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „კ-მ“ (შემდგომში „განმცხადებელი“, „საარბიტრაჟო მოსარჩელე“ ან „კრედიტორი“) განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა შ. ბ-ის (შემდგომში „საარბიტრაჟო მოპასუხე“ ან „მსესხებელი“), რ. ბ-ისა და ი. ბ-ის (შემდგომში „თავდები საარბიტრაჟო მოპასუხეები“) მიმართ აღძრული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აეკრძალოს შ. ბ-ეს ქ. ბათუმში, ჭ-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ: …) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

2. განმცხადებელმა განმარტა, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია სასესხო დავალიანება. ბოლო პერიოდში მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკი და არ იხდის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხულ პირგასამტეხლოს. მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას იგი გაასხვისებს კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე. შესაბამისად, იქმნება საფრთხე, რომ განმცხადებელმა ვერ მოახდინოს მის სასარგებლოდ მიღებული სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა; საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ბათუმი, ჭ…, ბ… (ს/კ: …) რაიმე სახით განკარგვა-გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

4.1. 2016 წლის 26 ოქტომბერს განმცხადებელსა და საარბიტრაჟო მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საარბიტრაჟო მოპასუხეს გადაეცა სესხის თანხა 1915 აშშ დოლარი;

4.2. ამავე დღეს სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება განმცხადებელსა და თავდებ საარბიტრაჟო მოპასუხეებს შორის;

4.3. სესხის ხელშეკრულებით საარბიტრაჟო მოპასუხემ აიღო ვალდებულება სესხით სარგებლობისთვის გადაეხადა კრედიტორისათვის თვიური საპროცენტო სარგებელი 3.17%, ხოლო კრედიტისა და საპროცენტო სარგებლის ვადის გადაცილებისათვის - პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%;

4.3. ამჟამად საარბიტრაჟო მოპასუხეს გადასახდელი აქვს დავალიანება 2802 აშშ დოლარი. ამასთან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მას ერიცხება დავალიანების თანხის 0,3% აღსრულებამდე;

4.4. მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა და იგი ვერ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მითითებული გერემოებების გათვალისწინებით არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა საარბიტრაჟო მოპასუხემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება სინამდვილეს არ შეესაბამება. 2017 წლის ოქტომბრიდან ყოველთვიურად იხდის 100 აშშ დოლარს, საიდანაც პირველ რიგში იფარება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. აღნიშნულით კი დასტურდება, რომ საარბიტრაჟო მოპასუხე თავს არ არიდებს ვალდებულებების შესრულებას და შესაბამისად, საფრთხე არ ექმნება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიადგება ზიანი, რის გამოც არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

8. საჩივრის ავტორის მითითება, რომ ბოლო პერიოდში იგი ახორციელებს გადახდებს, საიდანაც პირველ რიგში იფარება დარიცხული პირგასამტეხლო, სააპელაციო სასამართლომ მოვალის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ვალდებულება შესრულებულია სრულად თუ ნაწილობრივ სარჩელის არსებითი განხილვის დროს უნდა დადგინდეს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე კი არ ხდება მტკიცებულებების და სარჩელის საფუძვლიანობის შეფასება. სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს მაშინ, როდესაც დავის საგანს ესაჭიროება დაცვა.

9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დავის საგნის ადეკვატური და თანაზომიერი იყო, შესაბამისად, არ არსებობდა მისი გაუქმების წინაპირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.

12. ამდენად, სასამართლო წარმოდგენილ საჩივარზე იმსჯელებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით, კერძოდ, 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

14. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის (მათ შორის საარბიტრაჟო სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

15. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

16. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

17. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მსგავსი ტიპის დავის დროს მოსარჩელეს სჭირდება მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალში შეძლებს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული გარანტიის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც. ამდენად, საფუძვლიანია განმცხადებლის მოსაზრება, რომ სამომავლოდ მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თანხის ამოსაღებად მოპასუხის ქონებაზე აღსრულების მიქცევისაგან თავის არიდების მიზნით არსებობს რეალური საფრთხე, მოპასუხემ გაასხვისოს ან უფლებრივად (იპოთეკით) დატვირთოს უძრავი ქონება.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით დაწესდა საარბიტრაჟო მოსარჩელის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის გონივრული ფარგლები. მოვალე ვერ შეძლებს უზრუნველყოფის საგნის რეალიზებას ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვას განმცხადებლის უფლებების საზიანოდ. შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მხარის განცხადების მიზანი მიღწეულია.

20. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჩივრის ავტორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პირობებში რით დასტურდება მისთვის მოსალოდნელი ზიანის მიყენების ალბათობა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის თანახმად, მის მოვალეობას წარმოადგენდა.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 198-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრისა და ამავე პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე