საქმე №ა-1218-შ-26-2018 23 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ზ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ბ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – უკრაინის პოლტავის ოლქის ქ. კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით პოლტავის ოლქის ქ. კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა. მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ბ-ს ზ. ა. ი-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის ამოღების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
2. ზ. ი-ის წარმომადგენელმა ს. ბ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პოლტავის ოლქის ქ. კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე გაუქმებულია უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №ა-2007-შ-50-2016 განჩინებით ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, მიექცა აღსასრულებლად და შუამდგომლობის ავტორის წინააღმდეგ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
4. უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო და მონაწილეობდა სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის მეშვეობით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში წარმოედგინა: ა) უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების დედანი ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; ბ) უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი; გ) უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი; დ) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით; ე) ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თაობაზე.
6. 2018 წლის 30 მარტს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულების დედანი, ხოლო ხარვეზის შევსებისთვის დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით, რომლითაც ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება დამატებით 20 დღით. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოთხოვნილი რიგი დოკუმენტების უკრაინის სასამართლოდან გამოთხოვას სჭირდება მეტი დრო.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით ზ. ი-ის წარმომადგენლის ს. ბ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; ზ. ი-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში წარმოედგინა: ა) უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების დედანი ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; ბ) უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი; გ) უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი; დ) ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თაობაზე.
8. ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილ ვადაში ზ. ი-ის წარმომადგენელმა ს. ბ-მა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება დამატებით 20 დღით. წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შუამდგომლობის ავტორმა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენა, რადგან უკრაინის სასამართლომ არ გამოაგზავნა მოთხოვნილი დოკუმენტები, რის გამოც შუამდგომლობის ავტორს თავად მოუწია უკრაინაში გამგზავრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა ზ. ი-ის წარმომადგენლის განცხადებას, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ. ი-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
12. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის დანაწესი, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, დისპოზიციურია და სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს საპროცესო ვადის გაგრძელების მსურველი მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მიზეზის დასაბუთების სარწმუნოობითა და საფუძვლიანობით.
13. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დოკუმენტების წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 20-დღიანი ვადა. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და მიეცა დამატებით 20-დღიანი ვადა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორს მიეცა გონივრული ვადა ხარვეზის შესავსებად, რაც მან, მიუხედავად საპროცესო ვადის გაგრძელებისა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ განახორციელა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ არის სათანადოდ არგუმენტირებული. შესაბამისად, აღარ არსებობს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა. შესაბამისად, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ი-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 64-ე მუხლებითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ი-ის წარმომადგენლის ს. ბ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ზ. ი-ის შუამდგომლობა უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური