Facebook Twitter

№ ას-320-320-2018 11 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – დ. შ., თ. შ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს-მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. შ-ის და თ. შ-ის (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2017 წლის 21 დეკემბერს. აპელანტის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად საქალაქო სასამართლოს მიმართა 2017 წლის 18 დეკემბერს - დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადის ფარგლებში, თუმცა ამ დღეს მას გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია.

6. საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მონაცემების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება მომზადებული იყო 2017 წლის 18 დეკემბერს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ - 2017 წლის 22 დეკემბრიდან და იგი ამოიწურა 2018 წლის 4 იანვარს.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 374-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2018 წლის 16 იანვარს, არსებობდა ვადის დარღვევით წარდგენის გამო მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მან დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში - 2017 წლის 18 დეკემბერს, ხოლო გადაწყვეტილება ჩაბარდა 2018 წლის იანვარში, შესაბამისად, სასამართლოს გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაეწყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან. აღნიშნულ ვადაში კი აპელანტს წარდგენილი აქვს სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საპროცესო ვადის გაშვების გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

14. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

15. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ზემოთ მითითებული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

16. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

17. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი (იხ. ს.ფ. 112-122) და მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში, 27-ე დღეს - 2017 წლის 18 დეკემბერს მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ხოლო გადაწყვეტილება ჩაიბარა 2018 წლის 10 იანვარს (იხ. ს.ფ. 136-137).

18. ამგვარად, მოსარჩელე მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი საპროცესო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, თუმცა მას გადაწყვეტილება ჩაბარდა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

19. მოსარჩელე მხარემ გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაუკავშირა სწორედ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტს, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში მზად იყო დასაბუთებული გადაწყვეტილება და, შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა აპელანტისათვის უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ თუნდაც სარწმუნო მტკიცებულებებით დასტურდებოდეს გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში მომზადების ფაქტი, აღნიშნული მაინც ვერ ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ბრალეულობით იყო გამოწვეული მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა, ხოლო მტკიცება იმისა, რატომ არ ჩაბარდა მხარეს დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ასლი, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარემ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ხოლო გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, ივარაუდება, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა. საპირისპირო უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებით. ყოველგვარი ეჭვი წყდება მხარის სასარგებლოდ (იხ. სუსგ №ას-672-638-2015, 2015 წლის 14 აგვისტო, №ას-490-464-2014, 2014 წლის 8 ივლისი).

22. ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე მხარემ - მოსარჩელემ - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში მიმართა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით, მან შეასრულა საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა ამ კანონის იმპერატიული დანაწესისვე მიხედვით, სასამართლოს უნდა დაეწყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან და არა - სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

24. საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის გადაცემის მომდევნო დღეს - 2018 წლის 11 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 25 იანვარს, რა ვადაშიც წარადგინა კიდეც მან სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, აპელანტის მიერ არ დარღვეულა კანონით დადგენილი გასაჩივრების საპროცესო ვადა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი, როგორც სპეციალური ნორმა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია და არსებობს ამ განჩინების გაუქმების და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება და საქმე სს „ს-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე