Facebook Twitter

საქმე №ას-422-422-2018 7 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ჯ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ბ-ი (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე – თ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ისა და ბ. ბ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოპასუხეებიდან თ. მ-მა სარჩელი ცნო, ხოლო ბ. ბ-მა სარჩელი არ ცნო.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჯ-ემ და თ. მ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით ბ. ბ-ის წარმომადგენლის ა. ჯ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ჯ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით მ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ჯ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით მ. ჯ-ეს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორმა საკასაციო სასამართლოს მომართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. ამასთან, განცხადებას დაურთო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობა და განმარტა, რომ იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით მ. ჯ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის 11 ნაწილის და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით მ. ჯ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის 11 ნაწილის და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. მასვე განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა წარმოებაში და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად მ. ჯ-ეს 2018 წლის 26 აპრილს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 83).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში საკასაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა საკასაციო საჩივარი, რომლის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ მას სასამართლოს მიერ 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მოითხოვს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივარში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული კასატორის მოსაზრებები სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის თანახმად, საკასაციო სასამართლოში საჩივრდება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები/განჩინებები. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიიღოს წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია - მას არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის 11 ნაწილის და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური