საქმე №ა-594-შ-13-2018 7 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქე ნ. ჭ-ესა და საქართველოს მოქალაქე ზ. მ-ს შორის 1999 წლის 15 ივნისს საქართველოში, ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის №…) შეწყდა.
2. ნ. ჭ-ის წარმომადგენელმა თ. წ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წარმოედგინა: ა) მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ან უფლებამოსილი ადვოკატის სახელზე კანონით დადგენილი წესით შედგენილი მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი; ბ) მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე - წარმომადგენლის საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი. შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.
4. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს ჩაბარდა 2018 წლის 21 მარტს. მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2018 წლის 31 მარტის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ჭ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
8. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება ჩაბარდა 2018 წლის 21 მარტს. ამასთან, მას განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა, თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2018 წლის 31 მარტის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მოცემული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ჭ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჭ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური