Facebook Twitter

№ას-13-13-2018 28 თებერვალი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – სს “თ.“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ნ.გ., თ.გ., ი.გ., ი.გ., ი.გ., ც.გ., ნ.პ., შ.ს-გ., ვ.ჭ., ს.ჭ., ე.ხ., მ.ხ., ჟ.ხ., ს.კ., მ.ქ., ს.ქ., შ.ქ., ლ.ც., მ.ც., ნ.ჭ., ა.ხ., გ.ხ.

მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონება, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს „თ–ის“ სახელზე (შემდეგ ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი), (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს.ფ. 20-21, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

2. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სადავო უძრავ ქონებას ნ.გ., თ.გ., ი.გ., ი.გ., ი.გ., ც.გ., ნ.პ., შ.ს-გ., ვ.ჭ., ს.ჭ., ე.ხ., მ.ხ., ჟ.ხ., ს.კ., მ.ქ., ს.ქ., შ.ქ., ლ.ც., ნ.ჭ., ა.ხ., გ.ხ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) ფლობენ.

3. მოპასუხეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები და სადავო ქონებას 1993 წლიდან ფლობენ.

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, სადავო ქონება წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განთავსების ადგილს, ხოლო მოპასუხეებს სახელმწიფოსგან ფართი არ გადასცემიათ.

5. 2016 წლის 14 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, ის სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეები განაგრძობენ მისი ნივთის უკანონოდ ფლობას, შენობა არის ავარიული და მასაკუთრე იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე.

6. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ არიან იძულებით გადაადგილებული პირები. პრეზიდენტის 1993 წლის განცხადებით, დევნილებს შეეძლოთ, დაეკავებინათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა, შესაბამისად, მათ დაიკავეს სადავო ქონება. 1999 წლის 2 სექტემბერს, აღნიშნული ქონება მიწის მართვის დეპარტამენტმა დაარეგისტრირა სს „თ–ის“ სახელზე. ისინი სადავო ქონებას ფლობენ მართლზომიერად, ამასთან თუ მათ საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებენ, გაათავისუფლებენ მოსარჩელის სახელზე არსებულ ქონებას.

7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები. სადავო ქონება წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განთავსების ადგილს და მოპასუხეები მართლზომიერად ფლობენ მას. ამასთან, სახელმწიფომ არ გადასცა მათ ფართები, შესაბამისად ისინი არ უნდა გამოასახლონ სადავო ქონებიდან.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 162-ე, 170-ე, 172-ე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-11, მე-13, მე-14 მუხლები გამოიყენა.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

10. აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეები უძრავ ქონებას ფლობენ მართლზომიერად, რადგან მხოლოდ რეგისტრაცია ვერ წარმოშობს მფლობელობის მართლზომიერ საფუძვლებს. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები იმის შესახებ, რომ მოპასუხეები უძრავ ნივთს ფაქტობრივად ფლობენ სამართლებრივი საფუძვლით.

11.2 სააპელაციო პალატის დასკვნებით, იძულებით გადაადგილებული პირები სადავო ფართში რეგისტრირებული იყვნენ მანამ, სანამ სადავო ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, შესაბამისად, ისინი აღნიშნული ქონებაში განთავსდნენ სახელმწიფოს ნების საფუძველზე.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარში არსებული საფუძვლების მითითებით.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

18. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხეები ფლობენ ამ ქონებას. სადავოა მოპასუხეთა მფლობელობის მართლზომიერება: მათი განმარტებით, ისინი კანონის საფუძველზე ფლობენ სადავო ქონებას, ამიტომ მართლზომიერ მფლობელებს წარმოადგენენ.

19. საკასაციო პალატა ეთანხმდება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები უძრავ ნივთს ფლობენ სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ, „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტიი მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მოპასუხეები სახელმწიფომ განასახლა სადავო მისამართზე.

20. მხარეთა შორის სადავო არა ის გარემოება, რომ მოპასუხეები სადავო ფართში დევნილად რეგისტრირებული არიან იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, შესაბამისად, შესახლდნენ კიდეც სახელმწიფოს ნებართვითა და თანხმობით. იძულებით გადაადგილებულ პირების განსახლების თაობაზე არ არის აუცილებელი, არსებობდეს სახელმწიფოს წერილობითი ნებართვა, ასეთი ნება შესაძლოა, გამოიხატოს კონკრეტულ მოქმედებებში. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს პრეზუმფცია, რომ დევნილები განსახლლდნენ სახელმწიფოს ნებართვის საფუძველზე, შესაბამისად, დევნილს ფართი დაკავებული აქვს კანონიერად. პრეზუმფციულად მიჩნეული ფაქტის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში აკისრია მოსარჩელეს სსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, თუმცა სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მას სასამართლოში მტკიცებულებები არ წარუდგენია.

21. სსკ-ის 162-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია, მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

22. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძლევადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთვევისა, როდესაც: ა)დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე; ბ)დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები; გ)ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალსიწინებს კომპენსაციას და რეგულირდება საერთო წესით.

23. დადგენილია, რომ მოპასუხეთათვის სახელმწიფოს არც კომპენსაცია არ მიუცია ბინის სანაცვლოდ და არც სანაცვლო ბინა არ გადაუცია, რის გამოც მესაკუთრე კანონიერი ბოჭვის ფარგლებში რჩება და მის უფლებას, მოსთხოვოს მართლზომიერ მფლობელს ფართის გამოთავისუფლება, ნაკლიანს ხდის კანონისმიერი დათქმა- პირობა, რომ კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან არ შეიძლება დევნილთა გამოსახლება შესაბამისი ფართობით უზრუნველყოფის ან ანაზღაურების გარეშე, შესაბამისად, მოცემული დავა ვერ მოექცევა სსკ-ის 172-ე მუხლის რეგულირების სფეროში.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „თ–ს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება #69660, გადახდის თარიღი 28.12.2017) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი