Facebook Twitter

№ას-47-43-2017 29 ივნისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „ვ.პ.ჯ.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ნ.ტ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ნ.ტ–სა“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) და სს „ვ.პ.ჯ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემძენი) შორის დადებული ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ 2014 წლის 20 ივნისს მოპასუხეს მიაწოდა 58 400 ლარის ღირებულების, 800 ცალი, BKG4 (elseli) მოდელის გაზის მრიცხველი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, (შემდეგში სსკ-ის), 477-ე მუხლი).

2. 2014 წლის 4 ივლისს შემძენმა გამყიდველს აუნაზღაურა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი, 24 800 ლარი.

3. 2015 წლის 5 თებერვალს გამყიდველმა წერილობით მიმართა შემძენს დარჩენილი დავალიანების, 30 000 ლარის, გადახდის მოთხოვნით, თუმცა შემძენმა არ გადაიხადა.

4. 2015 წლის 16 თებერვალს გამყიდველმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მყიდველის წინააღმდეგ 30 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით (სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი).

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ დარჩენილი საფასური, 30 000 ლარი, მხარეთა შეთანხმებით უნდა გადახდილიყო მას შემდეგ, რაც მის მიერ სრულად დამონტაჟდებოდა შეძენილი გაზის მრიცხველები და დასრულდებოდა გამრიცხველიანების პროცესი. გამრიცხველიანება კი, ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად, თანხის გადახდის ვადაც არ დამდგარა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ს 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლები.

6.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა შემძენს მიაწოდა 58 400 ლარის გაზის მრიცხველი. მყიდველის მიერ ფულადი ვალდებულება სრულად არ შესრულებულა, შესაბამისად, შემძენს ეკისრებოდა გამყიდველისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დარჩენილი ოდენობის, 30 000 ლარის, ანაზღაურების ვალდებულება.

6.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული ვალდებულების შესრულების დრო ჯერ არ დამდგარა. სასამართლომ მიუთითა მოპასუხის შესაგებელზე, სადაც მან განმარტა, რომ ნასყიდობის ფასის ნაწილი - 28 400 ლარი, 2014 წლის 1 აგვისტომდე უნდა გადაეხადა, ხოლო დარჩენილი თანხა - 30 000 ლარი, 2015 წლის 1 დეკემბრამდე. სასამართლოს მოსაზრებით, იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე ნასყიდობის ფასის გადახდის კონკრეტულ ვადაზე შეთანხმებას უარყოფდა, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა ზემოხსენებულ ვადებზე მხარეთა შეთანხმების ფაქტი. მოპასუხემ ამ სადავო გარემოების დამტკიცება ვერ შეძლო. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების დროს (13.06.2016 წელს) ის ვადაც დამდგარი იყო, რომელზეც მოპასუხე თავად მიუთითებდა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული ვალდებულების შესრულების დრო ჯერ არ დამდგარა.

7.2. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იხელმძღვანელა სსკ-ის 366-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ, საეჭვოობისას, ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

8.1. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმება იყო, ხოლო ნასყიდობის ფასის გადახდის ვადასთან დაკავშირებით მხარეთა ურთიერთგამომრიცხავი ახსნა-განმარტებებით არ დასტურდებოდა რაიმე კონკრეტული გარემოება, ნასყიდობის ფასის გადახდის ვადის შესახებ გარემოების შეთანხმებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის ფულადი ვალდებულების (ნასყიდობის ფასის გადახდის) შესრულების დრო არ შეთანხმებულა. შესაბამისად, ნასყიდობის დარჩენილი საფასურის, 30 000 ლარის, გადახდის ვადის საკითხი სსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი ზოგადი დანაწესით უნდა მოწესრიგებულიყო.

8.2. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ, როგორც გამყიდველმა, 30 000 ლარის გადახდაზე მოპასუხეს მოთხოვნა წარუდგინა 2015 წლის 5 თებერვალს, პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ მოთხოვნის წარდგენის თარიღიდან მყიდველს წარმოეშვა ნასყიდობის დარჩენილი საფასურის, 30 000 ლარის, გადახდის ვალდებულება, რაც მას არ შეუსრულებია.

8.3. მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახად, ვინაიდან გამყიდველმა ჯეროვნად შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (58 400 ლარის ღირებულების გაზის მრიცხველის მიწოდება), ხოლო შემძენის/აპელანტის მიერ სრულად არ იქნა გადახდილი ნასყიდობის საფასური, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დარჩენილი საფასურის, 30 000 ლარის, გადახდისა და ამ ვალდებულების შესრულების ვადა დამდგარი იყო, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხე, როგორც მყიდველი, სასამართლომ მართებულად მიიჩნია თანხის გადახდაზე ვალდებულ პირად და სწორად დააკისრა 30 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით და სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1 – 7.2 პუნქტები).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხლი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, გამყიდველი ვალდებული იყო, მყიდველისათვის მიეწოდებინა გაზის მრიცხველი, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ - მიეღო გაზის მრიცხველები და გადაეხადა ნასყიდობის ფასი სრულად.

15. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან გამყიდველმა ჯეროვნად შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - მყიდველს მიაწოდა შეთანხმებული საქონელი, შემძენმა კი, სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური, ამასთან, დარჩენილი საფასურის, 30 000 ლარის, გადახდის ვადაც დადგა, სსკ-ის 477.2 მუხლის საფუძველზე (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი), მყიდველი ვალდებული იყო, გადაეხადა შეთანხმებული ფასი.

16. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული ვალდებულების შესრულების დრო არ დამდგარა. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. ჯერ ერთი, მყიდველმა ვერ დაამტკიცა, რომ მხარეები ნასყიდობის ფასის გადახდის კონკრეტულ ვადაზე შეთანხმდნენ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 365-ე მუხლით (თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს) და სწორად დაადგინა, რომ კრედიტორის პირველი მოთხოვნისთანავე, გამყიდველს გადახდის ვალდებულება წარმოეშვა. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების დროს (13.06.2016 წელს) ის ვადაც დამდგარი იყო, რომელზეც მოპასუხე თავად მიუთითებდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ვლინდება სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი შემადგენლობა (მოთხოვნა წარმოშობილია, ხოლო მისი განხორციელების გამომრიცხველი, შემწყვეტი ან დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა არ დასტურდება).

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. (შდრ.#ას-444-419-2011, 5.09.2012 წ).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ სს „ვ.პ.ჯ–ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1605.00 ლარის, საგადახდო დავალება #018, გადახდის თარიღი 09.01.2017) 70% – 1123.50 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ვ.პ.ჯ–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ვ.პ.ჯ–ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1605.00 ლარის, საგადახდო დავალება #018, გადახდის თარიღი 09.01.2017) 70% – 1123.50 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი