Facebook Twitter

№ას-78-74-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „D.H.H.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.ლ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (სარჩელში), შეთანხმების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ლ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „D.H.H.-ის” (შემდეგში: შეგებებული მოსარჩელე, მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით.

2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ, საიჯარო ხელშეკრულებაზე დადებული, დამატებითი შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა, 9900 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელეს, ვალუტის კურსის ცვალებადობის გამო, უარი ეთქვა მოპასუხისათვის 560 აშშ დოლარის დაკისრებაზე. შეგებებული სარჩელი ურყოფილ იქნა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს, 9600 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. საქართველოს უაზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ამ ნაწილში, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, მის მიმართ, 9600 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, დარჩა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2016 წლის 30 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე, დადგინდა, რომ მხარეებს სხდომის თაობაზე ეცნობოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

9.2. 2016 წლის 30 ნოემბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მისი წარმომადგენელი გ.ნ. (შემდეგში - პირველი წარმომადგენელი) სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებულ იქნა 2017 წლის 6 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით (იხ. ს.ფ. 234. ტ.2, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები). ამდენად, ადრესატი 55 დღით ადრე იყო ინფორმირებული სხდომის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე, 70.3-ე, 73.1-ე, მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტის წარმომადგენლებმა. მათი მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან, მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, განსახილველ საქმისწარმოებას ძირითადად, პირველი წარმომადგენელი ახორციელებდა, რომელსაც სასამართლო სხდომის დღეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, გრძნობდა გამჭოლ ტკივილს გულ-მკერდის არეში, რის გამოც დაეკარგა ლაპარაკისა და გადაადგილების უნარი, შესაბამისად, შექმნილი ექსტრემალური ვითარების გათვალისწინებით, ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება. რაც შეეხება მეორე წარმომადგენელს - მ.ე–ს (შემდეგში - მეორე წარმომადგენელი), ის მიწვეული იყო საარბიტრაჟო დავების განმხილველ არბიტრად, აქედან გამომდინარე, ვერ შეძლებდა სხდომაზე დასწრებას. რაც შეეხება შპს დირექტორს, არსებული გარემოებების გამო საცხოვრებლად გადასულია სოფლად, შესაბამისად, მანძილისა და პირადი შემოსავლების გაუარესები გამო, მასთან კონტაქტი და მისი სასამართლო სხდომებზე გამოცხადება, გართულებულია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

13. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

14. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისთვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

15. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

16. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ დაადგენს, რომ აპელანტისთვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უწყების ჩაბარების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

17. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს, 12:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე, არ გამოცხადდა აპელანტი/მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. ასევე დადგენილია, რომ პირველი წარმომადგენლის, გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება. ფორსმაჟორულ სიტუაციაში კი, ვერ შეძლო აღნიშნულის თაობაზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავამდყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოხმობილი ნორმა საპატიო მიზეზად განიხილავს არა მხოლოდ ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შეუძლებლობას, არამედ იმ შემთხვევასაც, როდესაც პირი საერთოდ ვერ აცნობებს სასამართლოს გამოცხადების შეუძლებლობას და ამას მოგვიანებით დაადასტურებს კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დოკუმენტით. ამ მხრივ პალატა იზიარებს მოპასუხის/აპელანტის პირველი წარმომადგენლის განმარტებას ფორმა #100/ა-ს დროულად მოუპოვებლობის შესახებ და ითვალისწინებს კერძო საჩივარზე დართულ სამედიცინო ცნობას, რომელიც გაცემულია 2016 წლის 30 ნოემბერს და ასახავს სააპელაციო სასამართლოს სხდომის დღეს არსებულ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას (ექიმთან მიმართვის თარიღი: 30.11.2016წ.). ცნობა დამოწმებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მკურნალი ექიმის ხელმოწერებით, ასევე, დაწესებულების ბეჭდით, ამასთანავე, ცნობის შინაარსით ირკვევა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა ტკივილი გულმკერდის არეში, ავადმყოფობის მიმდინარეობა - მწვავე (იხ. ცნობა, ს.ფ. 257, ტ.2). მართალია, სამედიცინო ცნობაში არ არის სასამართლოში გამოცხადების პირდაპირი აკრძალვა, თუმცა, მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლება, მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს (შდრ. სუსგ-ებები: №ას-955-917-2014, 24 ივლისი, 2015 წელი; №ას-187-179-2016, 6 მაისი, 2016 წელი), რამდენადაც სასამართლო ჯანმრთელობის ცნობას, მსგავსად ნებისმიერი მტკიცებულებისა, აფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 105-ე მუხლით დადგენილი წესით;

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მეორე წარმომადგენლის დროული გამოცხადებისათვისაც, კერძოდ, აპელანტის მეორე წარმომადგენელი სადავო პერიოდში (2016 წლის 30 ნოემბერს) მონაწილეობას იღებდა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი „სამართლიანი არბიტრის“ წარმოებაში არსებულ დავების განხილვაში, როგორც საქმის განმხილველი არბიტრი (იხ. ცნობა, ს.ფ. 266, ტ.2), შესაბამისად, ის მოკლებული იყო შესაძლებლობას, იმავდროულად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულიყო.

20. წინამდებარე კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერც ის გარემოება გახდება, რომ, მხარე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. ვინაიდან, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93.2 მუხლი არ უკრძალავს მხარეს სასამართლოში უშუალოდ გამოცხადებას, თუმცა, ეს გარემოება რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (იხ. სუსგ-ებები: №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი).

21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად სასამართლომ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და საჭიროა მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „D.H.H“-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ე.გასიტაშვილი