№ას-160-160-2018 30 მარტი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „დ.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.ზ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საზოგადოების პარტნიორისათვის წლიური ანგარიშისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ზ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხეს მოსარჩელის სახელზე გაეცა შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) 2013, 2014, 2015 წლების წლიური ანგარიშები და წლიური ბალანსები; 2016 წლის წლიური ანგარიში მოსარჩელისთვის წარდგენის დღის მიხედვით; 2014 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღისათვის სრული ინფორმაცია საზოგადოების შემოსავლისა და გასავლის შესახებ; 2014 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღემდე საზოგადოების ყველა პუბლიკაცია; ბ) წლიური ანგარიშების შემოწმების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს - აუდიტორს გააცნოს საზოგადოების სრული დოკუმენტაცია და საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო.
2.1. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სახელზე სარჩელში მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.
3. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოტქომბრის განჩინებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 12 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე. მხარეებს სხდომის თაობაზე ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, აპელანტს თანაშემწე დაუკავშირდა პირადად, სატელეფონო შეტყობინებით 2017 წლის 12 ივლისს, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელსაც იმავე დღეს (ტ.2, ს.ფ. 27-28).
6.2. 2017 წლის 12 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე, 276-ე, 372-ე, 387.1-ე, 387.3-ე, 229.2-ე, 231-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ. მისი მტკიცებით, მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე არავინ არ დაჰკავშირებია, შესაბამისად, არ ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.
12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229.2 მუხლის მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
13. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხდომის ოქმით დადასტურებულია, რომ სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადებულა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით არ იყო მოწვეული.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება გადაისინჯება და საქმე განახლდება იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია.
16. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე - 78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისთვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები;
17. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, იმის შესახებ, რომ იგი საქმის განხილვაში არ ყოფილა მოწვეული კანონით დადგენილი წესით, არ იზიარებს საკასაციო პალატა. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 12 ივლისის სატელეფონო შეტყობინების აქტით (იხ. ტ.2, ს.ფ 27) დასტურდება, რომ აპელანტს დაუკავშირდა სასამართლოს სხდომის მდივანი და აცნობა სასამართლოს მთავარი სხდომის თარიღი. საქმეში წარმოდგენილია აპელანტის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარის აუდიოჩანაწერიც (იხ. ტ.2, ს.ფ 50-51), რომლითაც ასევე დასტურდება კანონით დადგენილი წესით აპელანტის ინფორმირება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ აპელანტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყოს საქმის განხილვაში, დანიშნულ დროს სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 387.3-ე, 229.2-ე და 275.1(გ) მუხლების საფუძველზე.
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „დ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი