№ას-512-512-2018 30 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – სს „ს.ბ.“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – თ.ა–ძე, შპს „ო.ს.“, შპს „ნ.კ.პ–ს“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნა წ ი ლ ი:
1. 2016 წლის 24 თებერვალს სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, კრედიტის მიმცემი, ბანკი, კრედიტორი, აპელანტი ან კასატორი) და თანამსესხებლებს თ.ა–ძესა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, კრედიტის ამღები ან მსესხებელი) და შპს „ო.ს–ს“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან თავდები) შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №GCL 000139918-..., რომლითაც მსესხებელზე გამოიყო 5000000 აშშ დოლარის საკრედიტო ლიმიტი, ხელშეკრულების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 24 თებერვალი, 240 თვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები).
2. 2016 წლის 24 თებერვალს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №GCLCA...., რომლითაც დამტკიცდა კრედიტის თანხა - 1 700 000 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით, წლიურად 8%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. კრედიტის მიზანი იყო 1 130 000 აშშ დოლარით სს „ბ.ბ–ის“ სესხის რეფინანსირება, 570 000 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო ძირითადი საშუალებების (კინოთეატრის აღჭურვილობის დანადგარები) შესაძენად.
3. იმავე დღეს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების №GCL ..., დამატებითი პირობები (დანართი N2), რომლის 4.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ მსესხებელი იღებდა ვალდებულებას, ბანკისაგან სესხის პირველი ტრანშის აღებიდან 20 დღის ვადაში, მოსარჩელე იქნებოდა პირველი რიგის იპოთეკარი უზრუნველყოფაში შემოთავაზებულ ყველა ქონებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკს მიენიჭებოდა უფლება, ვადამდე ადრე გამოეთხოვა სესხი ან/და გაეყიდა უზრუნველყოფის მიზნით დატვირთული ქონება ან/და მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 50000 აშშ დოლარი; ან/და გაიზრდებოდა საპროცენტო განაკვეთი გენერალური ლიმიტის ფარგლებში გაცემულ სესხზე წლიური 4%-ით. ამავე დანართის 4.4 პუნქტით, ძირითადი გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ან/და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილი იყო, მსესხებლისთვის დაეკისრებინა ჯარიმა 20000 აშშ დოლარი ან/და წლიური საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა წლიური 10%-ით.
4. 2016 წლის 24 თებერვალს გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით №GCL ...... ნაკისრ ვალდებულებაზე, ბანკსა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება.
5. 2016 წლის 24 თებერვალს მოსარჩელესა და შპს „ნ.კ–ს პარტნერს“ (შემდეგში: მესამე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან მესაკუთრე) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით №GCL ....... ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა ქალაქ ქუთაისში, ..... მდებარე მესამე მოპასუხის კუთვნული უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტო კოდი #..... (შემდეგში იპოთეკის საგანი). ხელშეკრულებას უძრავი ქონების მესაკუთრის მხრიდან ხელს აწერს პირველი მოპასუხე.
6. 2016 წლის 24 თებერვალს პირველმა მოპასუხემ სესხად მიიღო 1 130 000 აშშ დოლარი.
7. პირველ და მეორე მოპასუხეებს ოცი დღის ვადაში არ განუხორციელებიათ სს „ბ.ბ–ის“ სესხის რეფინანსირება, შესაბამისად, იპოთეკისაგან არ გათავისუფლებულა უზრუნველყოფის საგანი და მოსარჩელე არ გამხდარა პირველი რიგის იპოთეკარი.
8. მესამე მოპასუხე კომპანიის დირექტორია, პირველი მოპასუხე, ის და მისი მეუღლე არიან 50-50% წილის მფლობელებიც;
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებით ყადაღა დაედო პირველი და მეორე მოპასუხეების საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 1 135 696.44 აშშ დოლარის ფარგლებში, საქართველოში ლიცენზირებულ მოქმედ კომერციულ ბანკებში, გარდა მოსარჩელე ბანკისა;
10. 2016 წლის 30 მარტის განჩინებით, დაკმაყოფილდა რა პირველი და მეორე მოპასუხის საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაუქმდა 2016 წლის 22 მარტის განჩინება. სასამართლომ გაიზიარა საჩივრის ავტორების მოსაზრება, რომ, ვინაიდან 2016 წლის 23 მარტს მათ ჩარიცხეს ბანკისათვის 1 137 000 აშშ დოლარი, აღარ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
11. 2016 წლის 18 მარტის მოსარჩელემ მოპასუხეებს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება, რომელშიც მითითებული იყო, რომ ბანკი წინადადებით მიმართავდა მეორე მოპასუხეს არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში სრულად და ჯეროვნად შეესრულებინა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი 2-ით გათვალისწინებული პირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენებდა სანქციებს (იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას, ან/და ერთჯერად პირგასამტეხლოს 50000 აშშ დოლარის ოდენობით, ან/და საპროცენტო განაკვეთის გაზრდას). მხარეების მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, თუ როდის ჩაჰბარდა ადრესატს აღნიშნული წერილი; მითითებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს დაერიცხათ პირგასამტეხლო 50000 აშშ დოლარი, ასევე, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი 4%-ით;
12. 2016 წლის 23 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეებს აცნობა, რომ გენერალური ხაზის შესახებ ხელშეკრულების 9.2.1. და 9.4. პუნქტების საფუძველზე წყვეტდა საკრედიტო ხელშეკრულებას. წერილში ბანკმა განმარტა, რომ ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია შეთანხმება 20 დღის ვადაში იპოთეკით დატვირთული ქონების სხვა ვალდებულებებისაგან გათავისუფლების თაობაზე და აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა 18 მარტის წერილით განსაზღვრული დამატებითი ვადის განსაზღვრის შემდეგაც, საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №2-ის 4.1. პუნქტის საფუძველზე დაეკისრათ ერთჯერადი პირაგასამტეხლო 50000 აშშ დოლარი.
13. 2016 წლის 23 მარტს მოსარჩელის ანგარიშზე, მოპასუხის მიერ სესხის დაფარვის მიზნით ჩაირიცხა 1 146 106.46 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარა სესხი №3364496, შემდეგი თანმიმდევრობით: სესხის დაფარვის საკომისიო - 20959.81 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 70000 აშშ დოლარი, პროცენტი - 7306.30 აშშ დოლარი და ძირითადი თანხა 1 047 840.35 აშშ დოლარი;
14. 2016 წლის 25 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეებს აცნობა, რომ გადასახდელი დარჩა 83829.85 აშშ დოლარი და ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად განუსაზღვრა ხუთი დღის ვადა, ასევე აცნობა, რომ გენერალური ხაზის შესახებ ხელშეკრულების 9.2.1. და 9.4. პუნქტების საფუძველზე წყვეტდა საკრედიტო ხელშეკრულებას. წერილით ბანკმა განმარტა, რომ, ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია შეთანხმება 20 დღის ვადაში იპოთეკით დატვირთული ქონების სხვა ვალდებულებებისაგან გათავისუფლების თაობაზე, საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №2-ის 4.1 პუნქტის საფუძველზე დაეკისრათ ერთჯერადი პირაგასამტეხლო 50000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, ვინაიდან არ იქნა შესრულებული ხელშეკრულების სხვა პირობაც, მათ შორის ყველა საბანკო ოპერაციის ვალდებულება მოსარჩელე ბანკში გახსნილ ანგარიშებზე (პუნქტი 4.2.) იმავე ხელშეკრულების 4.4 პუნქტის საფუძველზე, დაეკისრებოდა ერთჯერადი პირგასამტეხლო 20000 აშშ დოლარი და გაეზრდებოდა საპროცენტო განაკვეთი 10%-ით;
15. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობით პირველი მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 31 მარტის მონაცემებით, 82348.73 აშშ დოლარია, საიდანაც 82159.65 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 189.08 აშშ დოლარი, პროცენტი;
16. 2016 წლის 10 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მეორე მოპასუხის დირექტორს აცნობა, რომ მეორე მოპასუხე (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) რეგისტრირებულია მესამე მოპასუხის საკუთრებაში უძრავი ნივთის (იპოთეკის საგანი) მინდობილ მესაკუთრედ. რეგისტრაციის საფუძველია მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის გაფორმებული საკუთრების მინდობის შესახებ ხელშეკრულება (დამოწმებული 2015 წლის 23 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ). მითითებული ხელშეკრულების 3.5 პუნქტის მიხედვით, მინდობილ მესაკუთრეს შეუძლია, მინდობილი საკუთრების მართვისას მხოლოდ იჯარით გასცეს აღნიშნული ქონების ფართობი, ხოლო სხვა სახის სამეწარმეო საქმიანობისას მას სჭირდება მიმნდობი მესაკუთრის წერილობითი ნებართვა.
17. 2016 წლის 1 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემდეგი მოთხოვნებით: შეწყდეს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებები; პირველ და მეორე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 82348.73 ლარის გადახდა; გადაწყვეტილება აღსრულდეს იპოთეკით დატვირთული მესამე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით; იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მოპასუხეთა კუთვნილ სხვა ქონებაზეც მიექცეს.
18. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და წარდგენილ შესაგებელში მიუთითეს, რომ მსესხებლის ვალდებულება იყო სესხის გაცემიდან 20 დღეში მოსარჩელე ბანკი გამხდარიყო პირველი რიგის იპოთეკარი, მოსარჩელემ აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადა 2016 წლის 18 მარტის წერილით გააგრძელა 23 მარტამდე, თუმცა ვადის ამოწურვამდე, 2016 წლის 22 მარტს, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე ყადაღა დაედო მსესხებლის ფულად სახსრებს საქართველოში მოქმედ ყველა ბანკში, რამაც შეუძლებელი გახადა ვალდებულების შესრულება. 2006 წლის 23 მარტს მსესხებლის მიერ მოსარჩელეს ჩაერიცხა 1 461 03.46 აშშ დოლარი, მანამ, სანამ მის ანგარიშებს ყადაღა დაედებოდა. მოსარჩელემ ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, არ იქნა გამოყოფილი საკმარისი თანხა ვალის რეფინანსირებისათვის სს „ბ.ბ–ში“, რის შესახებაც მოსარჩელე ინფორმირებული იყო.
19. 2016 წლის 8 აგვისტოს მოპასუხეებმა წარადგინეს შეგებებული სარჩელი ბანკსა და თანამსესხებლებს შორის დადებული ხელშეკრულების დანართი №2 - 000139918 - 3159710 -3-ის ბათილად ცნობის, მეორე მოპასუხის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი 7 000 აშშ დაბრუნებისა და მიყენებული ზიანის 111 089 ლარისა და 10 193 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
19.1. შეგებებული მოსარჩელეების განმარტებით, ეს ხელშეკრულება დადებულია შეცდომით, კერძოდ, ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა პირველმა მოპასუხემ, როგორც ფიზიკურმა პირმა და არა, როგორც მესამე მოპასუხის დირექტორმა, შესაბამისად, მას არ შეეძლო, აეღო ვალდებულება, მესამე მოპასუხის კუთვნილი ქონება გაეთავისუფლებინა სს „ბ.ბ–ის’’ იპოთეკისაკან მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე; ამასთან, შეთანხმების თანახმად, მოსარჩელემ რეფინანსირების მიზნით მსესხებლებს ჩაურიცხა 1 130 000 აშშ დოლარი, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. ამის თაობაზე ეცნობა მოსარჩელეს, რომელმაც ვალდებულების შესასრულებლად საბოლოო ვადა 2016 წლის 24 მარტი განუსაზღვრათ, მიუხედავად ამისა, მისი განცხადების საფუძველზე ყადაღა დაედო მათ ანგარიშებს, რამაც სრულიად შეუძლებელი გახადა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. 2016 წლის 23 მარტიდან 28 მარტამდე მოსარჩელე ბანკმა მათი ანგარიშებიდან თვითნებურად ჩამოჭრა 98 26.11 აშშ დოლარი, აქედან 7306.30 აშშ დოლარით დაიფარა პროცენტი, 20956.81 აშშ დოლარით ჯარიმა სესხის ვადამდე ადრე დაფარვისათვის, ასევე, გაურკვეველი საფუძვლით მოიჭრა 20000 აშშ დოლარი და 50000 აშშ დოლარი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ – ყადაღამ, მათ ფულად სახსრებზე 1135696.44 აშშ დოლარზე, 51 დღის განმავლობაში, მითითებული დროით შეფერხდა კინოთეატრის გახსნა და მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 111 089 ლარი, ასევე, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს ყადაღადადებული თანხისაგან მისაღები სარგებელი წლიური 8%, რაც შეადგენს 10 193 აშშ დოლარს; იპოთეკის საგანი მესამე მოპასუხის საკუთრებაა, რომელსაც საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით მართავს მინდობილი მესაკუთრე, მეორე მოპასუხე.
20. შეგებებულმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ სესხის რეფინანსირებისათის საჭირო თანხა, მათ სრულად გადარიცხეს, ოდენობა გამოანგარიშებულ იქნა შეგებებული მოსარჩელეების მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მათთვის გამოყოფილი საკრედიტო ლიმიტი შეადგენდა 5000000 აშშ დოლარს და, თუკი თანხა არ იყო საკმარისი, შეეძლოთ, ეთხოვათ დამატებითი სახსრები, რაც არ განუხორციელებიათ. რაც შეეხება ზიანის მიყენებას, იგი არ დასტურდება წარდგენილი მტკიცებულებებით, რადგან კინოთეატრი, რომელიც უნდა გაეხსნათ მოსარჩელეებს, არათუ 51 დღეში, არამედ საქმის განხილვის დროისათვისაც კი არა გახსნილა. გაუგებარია ზიანის გამოანგარიშების წესიც. მიუხედავად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებისა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, თანხა მიეღოთ მოსარჩელის ანგარიშიდან, რომელზეც ყადაღა არ დადებულა.
21. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის დაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.1. შეწყდა 2016 წლის 24 თებერვალს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N.... და მისგან გამომდინარე ყველა საკრედიტო ხელშეკრულება;
1.2. პირველ და მეორე მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 27 348.73 აშშ დოლარის გადახდა;
1.3. გადაწყვეტილება აღსრულდა იპოთეკით დატვირთული მესამე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების (იპოთეკის საგანის), რეალიზაციის გზით;
1.4. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მოპასუხეთა კუთვნილ სხვა ქონებაზეც მიექცა.
1.5. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 72-ე, 75-ე, 79-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე, 361-ე, 405-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე და 898-ე მუხლები გამოიყენა.
21.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება, რომ სს „ბ.ბ–ის“ დავალიანების რეფინანსირება და, შესაბამისად, მის სასარგებლოდ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება მსესხებელმა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამის დასადასტურებლად მოპასუხეები სხვადასხვა ეტაპზე მიუთითებდნენ სრულიად სხვადასხვა მიზეზებზე, გარდა წინააღმდეგობრივი ხასიათისა, არცერთი ზემოთ დასახელებული მიზეზი არ იყო დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, კერძოდ, 2016 წლის 24 თებერვალს პირველმა მოპასუხემ მიიღო 1 130 000 აშშ დოლარი სესხის რეფინანსირებისათვის, რაც უნდა განეხორციელებინა 20 დღის ვადაში, ანუ 2016 წლის 15 მარტის ჩათვლით, სასამართლოში არ იყო წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსესხებლებმა მიმართეს სს „ბ.ბ–ს“ თანხის რეფინანსირების მიზნით, რაზეც უარი ეთქვათ გადარიცხვის დოკუმენტის ბუნდოვანების ან ორ ბანკს შორის სპეციფიკური ურთიერთობის, ან არასაკმარისი თანხის გამო, ასევე, არ იყო წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი, საიდანაც გაირკვეოდა, ტრანშის სახით გამოყოფილი 1 130 000 აშშ დოლარის ნაცვლად, რამდენი იყო საჭირო სესხის რეფინანსირებისათვის, კიდევ რამდენი მოითხოვა სს „ბ.ბ–მა“ და რა საფუძვლით; არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ, პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, მსესხებლებმა მიმართეს მოსარჩელეს და მოითხოვეს დამატებით თანხის გამოყოფა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა დამტკიცებული ჰქონდათ საკრედიტო ლიმიტი 5 000 000 აშშ დოლარის და მოსარჩელის მიზანი, სწორედ რეფინანსირების გზით ახალი კლიენტის მოძებნა და ამ გზით მოგების მიღება იყო.
21.2. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მსესხებლების პოზიცია, იმის შესახებ, რომ, თითქოს ყადაღის გამო, ვერ შეძლეს სესხის რეფინანსირება და აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებით, ყადაღა დაედო მათ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში, თუმცა არა მოსარჩელე ბანკში, რაც სრულ შესაძლებლობას აძლევდათ, სურვილის შემთხვევაში, ჩაეტარებინათ სასურველი ოპერაცია. გარდა აღნიშნულისა, მათივე განმარტებით, მოსარჩელის 2016 წლის 18 მარტის გაფრთხილების წერილი ჩაჰბარდათ 22 მარტს, მეორე დღეს 2016 წლის 23 მარტს კი, ნაცვლად იმისა, რომ ხელშეკრულების პირობა შეესრულებინათ (მოეხდინათ სესხის რეფინანსირება), 1 146 103.46 აშშ დოლარი ჩარიცხეს მოსარჩელის ანგარიშზე, რაშიც მათთვის სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას (ყადაღას) ხელი არ შეუშლია, ეს კი ადასტურებს, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ობიექტური მიზეზებით კი არ იყო განპირობებული, არამედ მსესხებელის სურვილით - არ გაეგრძელებინა მოსარჩელე ბანკთან ურთიერთობა. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ შესაბამისი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ მსესხებელმა უარი მიიღო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, იპოთეკის მოხსნის თაობაზე, რადგან არ იყო წარმოდგენილი აღნიშნული ორგანოს პასუხი მათ განცხადებაზე.
21.3. სასამართლომ მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს, 50000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე მიუთითა, რომ პირველმა მოპასუხემ თანხა მოსარჩელისაგან მიიღო 2016 წლის 24 თებერვალს და სესხის ძირითადი ნაწილი პროცენტთან ერთად დააბრუნა 2016 წლის 23 მარტს, ასევე გადაიხადა სესხის დაფარვის საკომისიო (სულ 1 146 106.46 აშშ დოლარი), შესაბამისად, მოსარჩელემ, მართალია, განიცადა ფინანსური ზიანი, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის, რომ მოპასუხეს დაეკისროს 50000 აშშ დოლარის ფინანსური სანქცია, შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, 15000 აშშ დოლარამდე უნდა შემცირდეს; რაც შეეხება პირგასამტეხლოს, 20000 აშშ დოლარს, ის საერთოდ არ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, ვინაიდან, მას შემდეგ, რაც მსესხებელმა შეასრულა კრედიტორის 2016 წლის 23 მარტის წინადადება, სადაც პირგასამტეხლოს სახით 50000 აშშ დოლარის დაკისრებაზე იყო საუბარი, დაუსაბუთებელია დამატებით 20000 აშშ დოლარის მოთხოვნა 25 მარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელეს ყველა იმ სანქციის გამოყენების უფლება ეძლევა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, მანამ, სანამ ეს ხელშეკრულება არ შეწყდება, ასეთი დამოკიდებულება, დაუსაბუთებელ ზიანს აყენებს მესეხებელს და იწვევს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას.
21.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის მიერ 2016 წლის 23 მარტს გადახდილი 1 146 106.46 აშშ დოლარიდან 20959.81 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო საკომისიოდ სესხის ვადამდე ადრე დაფარვისათვის, 7306.30 აშშ დოლარი იმ დროისათვის დარიცხული პროცენტი, 15000 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო, დარჩენილი 1102840.35 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხა. ვინაიდან გატანილ იქნა სესხად 1 130 000 აშშ დოლარი, საიდანაც დაიფარა 1102840.35 აშშ დოლარი, გადასახდელი დარჩებოდა ძირითადი თანხა 27348.73 აშშ დოლარი და სესხის პროცენტი 189.08 აშშ დოლარი.
21.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან, მოპასუხეებმა არ შეასრულეს მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულებების პირობები დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგაც, ეს 2016 წლის 24 თებერვალს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N...... ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე ყველა საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო.
21.6. შეგებებულ სარჩელთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ 2016 წლის 24 თებერვალს დადებულ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების №GCL ...., 4.3.1 პუნქტის თანახმად, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1), ხოლო, მათი არსებობის შემთხვევაში, ასევე, ხელშეკრულების დამატებითი (საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N2) და დოკუმენტური ოპერაციების წარმოების პირობები (მათ შორის დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების სტანდარტული პირობები დანართი N4) ერთი მთლიანი შეთანხმებაა მხარეთა შორის. იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მესამე მოპასუხემ აიღო პასუხისმგებლობა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი №2-ის შესრულებაზეც, რაც გამორიცხავს რაიმე შეცდომას უფლებაში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შეცდომის არსებობის შემთხვევაშიც გასული იყო შეცილების ვადა.
21.7. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან არ ვლინდებოდა სსსკ 199–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ორი შემთხვევიდან არცერთი, ასევე არ დადასტურებულა შეგებებული მოპასუხის ქმედებით შეგებებულ მოსარჩელეებზე რაიმე სახის ზიანის მიყენება, რადგან კინო-თეატრის არათუ 51 დღის შემდეგ, არამედ საქმის სასამართლო განხილვის დროისათვისაც არ იყო გახსნილი, ასევე გაურკვეველია, რატომ შეუშალა ფულად სახსრებზე 2016 წლის 22 მარტიდან 5 მაისამდე ყადაღის არებობამ ხელი კინოთეატრის გახსნას მაშინ, როდესაც მისი აღჭურვილობის შესაძენად შეგებებულმა მოპასუხემ გამოყო ტრანში - 570000 აშშ დოლარი, რაც არც მოუთხოვია და არც გამოუყენებია მსესხებელს.
22. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის უარყოფა და მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
22.1. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
22.1.1. აპელანტის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრება და შესაბამისად მისი გადახდის მოთხოვნა, გამომდინარეობდა მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან. სასამართლომ სწორად დაადგინა და განმარტა ფაქტობრივი გარემოებები. დამტკიცებულია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რამაც ავტომატურად გამოიწვია ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ამოქმედება.
22.1.2. თუმცა, აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში იურიდიულად არ არის დასაბუთებული. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, სასამართლოს აქვს უფლება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დავალიანების თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობა იყო გონივრული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეთათვის თავიდანვე ცნობილი იყო ხელშეკრულების ყველა პირობა, მათ დამატებით გაეგზავნათ გაფრთხილების წერილებიც, სადაც მითითებული იყო დაკისრებული პირგასამტეხლოს თაობაზეც. მიუხედავად ამისა, მათ ნებაყოფლობით, ბანკის მოთხოვნის გარეშე, ვალდებულება წინსწრებით დაფარეს. მათი მხრიდან არც შესაგებელში და არც პროცესის მიმდინარეობისას არ გამხდარა სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასარჩელო განცხადებაში სადავო თანხას წარმოადგენდა სესხის ძირი და პროცენტი, შესაბამისად, პირგასამტეხლოზე ან მის ოდენობაზე არ უმსჯელიათ. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირგასამტეხლო მიჩნეულია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მისი ასახვა განვლილ პერიოდზე, სამართლებრივად დაუსაბუთებლია. სასამართლო გასცდა დავის საგანს და დაარღვია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი.
22.2. მოპასუხის/შეგებებული მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
22.2.1. აპელანტების მტკიცებით, სს ,,ბ.ბ–ს’’ მიმართეს რეფინანსირების მოთხოვნით. მოსარჩელე ვალდებული იყო, გამოეყო შესაბამისი თანხა - 1 143 826,47 აშშ დოლარი, რაც მისი მხრიდან ჯეროვნად არ შესრულდა. სწორედ ამ მიზეზით გაჭიანურდა რეფინანსირების პროცედურა; მოსარჩელემ 2016 წლის 18 მარტს წერილი გაუგზავნა არა სამივე აპელანტს, არამედ მხოლოდ პირველ მოპასუხეს, რომელიც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და იგი არც მიუღია. სამი მიზეზი, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე დასახელებული იყო მათ მიერ, როგორც სს ,,ბ.ბ–ის’’ სესხის რეფინანსირების დამაბრკოლებელი გარემოება, ნამდვილად არსებობდა და სასამართლომ არასწორად მიიჩნია ისინი დაუდასტურებლად, კერძოდ, მოსარჩელე ბანკიდან 1 130 000 აშშ დოლარის ტრანშის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში არ იყო ზუსტად გაწერილი საბანკო დანიშნულება, რომელიც აუცილებელი იყო ასეთი ტრანშის განსახორციელებლად, რამაც უდავოდ გამოიწვია შეფერხება. თვით რეფინანსირებისთვის საკმარისი თანხა არ იყო გამოყოფილი მოსარჩელის მიერ. მისივე 2016 წლის 18 მარტით დათარიღებულ წერილში, მოცემული ვადის გასვლამდე, 23 მარტამდე, ბანკმა, 2016 წლის 22 მარტს აპელანტების ყველა ანგარიშს დაადო ყადაღა; რეფინანსირების მოთხოვნას არ სჭირდება რაიმე ცალკე დოკუმენტის შექმნა და საკმარისი არის მსესხებლის ზეპირი განცხადება, ასევე, სასამართლოს სხდომაზე აპელანტების მიერ, წარდგენილი იყო ზუსტი გათვლა, თუ რა თანხა იყო საჭირო სესხის რეფინანსირებისათვის, ეს თანხა შეადგენდა 1 143 826 , 47 აშშ დოლარს, რომელიც შედგებოდა ძირი თანხისაგან და სს ,,ბ.ბ–თან” გაფორმებული ხელშეკრულების 5.3., 5.9 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციებისაგან. აღნიშნული დეტალურად განიმარტა სასამართლო პროცესზე და ასევე იცოდა მოსარჩელემ. ვინაიდან რეფინანსირების თანხის გამოთვლა იყო მოსარჩელის ვალდებულება და აპელანტები ამ თანხის დადგენაში მონაწილეობაზე დაშვებული არ იყვნენ, შესაბამისად, ვერანაირი დოკუმენტი ვერ იარსებებდა, რომლითაც აპელანტები მოსარჩელეს აცნობებდნენ თუ დამატებით რა თანხა იყო საჭირო. ეს ფაქტი სრულად დაადასტურა სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოსარჩელის თანამშრომელმა, ასევე, აპელანტებისათვის გაუგებარია სასამართლოს პოზიცია იმ ნაწილში, როდესაც მტკიცებით ფორმაში საუბრობს, რომ მათ ანგარიშებზე დადებულ ყადაღას ხელი არ შეუშლია სს ,,ბ.ბ–ში” სესხის რეფინანსირებისათვის. ცხადია, შეუძლებელია ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების მართვა, თუკი ამ ანგარიშებზე არის ყადაღა დადებული;
22.2.2. აპელანტების მითითებით, იპოთეკის მოხსნის თაობაზე განცხადებას აუცილებლად თან უნდა დართვოდა სს ,,ბ.ბ–იდან’’ ცნობა, რომ სესხი დაფარული იყო, რადგანაც რეფინანსირება ვერ მოხდა, იპოთეკის მოხსნის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიმართვა ყოველივე აზრს მოკლებული იყო და არც მიუმართავთ. მიუხედავად იმისა რომ, სასამართლო პროცესზე უდავოდ დადგინდა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, სასამართლომ არ შეაფასა ეს უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, როგორც მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, ასევე, სასამართლო პროცესზე უდავოდ დადგინდა, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 18 მარტის წერილით ვალდებულების შესრულების ვადა გაუგრძელა აპელანტებს 2016 წლის 23 მარტამდე, ხოლო ვადის გასვლამდე 2016 წლის 22 მარტს, ყადაღა დაადო აპელანტების ყველა ანგარიშს, სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ შეაფასა როგორც არაკეთილსინდისიერად ვალდებულების შესრულება ბანკის მიერ. მოსარჩელეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, აპელანტების მხრიდან რაიმე წინაამღდეგობა არც იარსებებდა;
22.2.3. სასამართლომ არასწორად გაიგო მხარის პოზიცია იმ ნაწილში, თუ ვინ დაუშვა შეცდომა გარიგებაში. შეცდომა გარიგებაში დაუშვა როგორც მეორე მოპასუხემ, რომელსაც ეგონა რომ საკუთრების მინდობის ხელშეკრულების თანახმად, მას ჰქონდა უფლება განეკარგა ქონება, ასევე - მოსარჩელემაც, რომელმაც ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულება დააკისრა პირველ და მეორე მოპასუხეებს, რომლებსაც ამის უფლება არ ჰქონდათ, რაც ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა. 2016 წლის ივნისში, მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ შენობას გაუჩნდა მეორე მინდობილი მესაკუთრე - შპს ,,კ.ს.”. სწორედ, ამ მეორე მინდობილი მესაკუთრის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთან წარმოებული მიმოწერის შედეგად (2016 წლის 15 ივლისს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ) გახდა ცნობილი აპელანტებისთვის, რომ მოსარჩელესთან დადებულ ხელშეკრულებაში მოხდა შეცდომა უფლებაში. სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისიდან უნდა დაეწყო ხანდაზმულობის ერთვიანი ვადის ათვლა და იმის გათვალისწინებით რომ შეგეგებული სარჩელი შეტანილია 2016 წლის 8 აგვისტოს, აპელატების მოთხოვნა კანონიერია, ხანდაზმულობის ვადა არ არის დარღვეული და ეს საკითხი უნდა გახდეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
22.2.4. სასამართლო სხდომაზე მათ წარადგინეს აუდიტის დასკვნა, რომლითაც უდავოდ დადგინდა, თუ რა სავარაუდო ზიანი მიადგათ მოსარჩელის მხრიდან, რომელმაც ჯერ არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად შეასრულა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება, შემდეგ კი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების (ყადაღის დადება) დაუსაბუთებელი მოთხოვნით, მათი საქმიანობის სრული პარალიზება მოახდინა.
23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაცო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
23.1. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივ დასაბუთება და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ასევე, ამ თვალსაზრისით სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა. ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
23.2. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა იყო სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი. შესაბამისად, პირგასამტეხლოზე არ უნდა ემსჯელათ. პალატამ აღნიშნა, რომ აქ საყურადღებო იყო ის მომენტი, რომ აპელანტს სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ 2016 წლის 23 მარტს მოსარჩელის ანგარიშზე პირველი მოპასუხის მიერ სესხის დაფარვის მიზნით ჩაირიცხა 1 146 106.46 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარა სესხი №3364496, შემდეგი თანმიმდევრობით: სესხის დაფარვის საკომისიო - 20959.81 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 70000 აშშ დოლარი, პროცენტი - 7306.30 აშშ დოლარი და ძირითადი თანხა 1 047 840.35 აშშ დოლარი. მოსარჩელე ამ ფაქტობრივ გარემოებაზე თავადვე მიუთითებს სარჩელშიც. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნისა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების, ასევე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგად რაიონულმა სასამართლომ სწორად შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი თანხა, რადგან მითითებული თანხა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოა (ჯარიმას, წინსწრების საკომისიოს) და არა სესხის ძირი თანხა და პროცენტი, როგორც ამას აპელანტი უთითებდა. პალატამ გაითვალისწინა, რა გაცემული კრედიტის მოცულობა (1 130 000 აშშ დოლარი), ხელშეკრულების დარღვევის სიმძიმე და ხასიათი (ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით კრედიტის წინსწრებით დაფარვა - 1 146 106.46 აშშ დოლარი), დარღვევის ხანგრძლივობა (29 დღე), მიიჩნია, რომ კრედიტორისათვის (მოსარჩელისათვის) მიყენებული ზიანის განსაზღვრა - 27 348.73 აშშ დოლარი, სრულიად გონივრულია;
23.3. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ბანკის სასარჩელო მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული, თუნდაც იმ კუთხით, რომ მოსარჩელე მის მიერ მოთხოვნილ თანხას ერთგან მიიჩნევდა ძირ თანხად და პროცენტად, მეორე შემთხვევაში, აღნიშნავდა, რომ მოთხოვნა, სესხის წინსწრებით დაფარვისა და ვალდებულების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციებიდან გამომდინარეობდა, სარჩელში ფაქტობრივ გარემოებად უთითებდა, რომ მოპასუხე მხარემ წინსწრებით ძირიც და პროცენტის დაფარა, ანუ მოსარჩელე სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და მოთხოვნის ჩამოყალიბებისას არ არის თანმიმდევრული, თუმცა აპელანტი ამ კუთხით არ დავობდა და პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მასზე მსჯელობა.
23.4. შეგებებული მოსარჩელეების სააპელაციო საჩივართან მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კუთხითაც დასაბუთებული იყო და მიღებული იყო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად. სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებაზე მესამე მოპასუხის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, მხარემ აიღო პასუხისმგებლობა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების №2 დანართის შესრულებაზეც, რაც გამორიცხავდა რაიმე შეცდომას უფლებაში, შეცდომის არსებობის შემთხვევაშიც კი, გასული იყო შეცილების ერთთვიანი ვადა, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში იცოდა შეცილების უფლების შესახებ; პალატამ ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა, ვინაიდან, შეგებებული მოპასუხის ქმედებით მოსაჩელეებზე რაიმე სახის ზიანის მიყენება აპელანტებმა ვერ დაადასტურეს და ამ კუთხით პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა.
24. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
24.1. კასატორმა სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ, სასამართლომ სწორად დაადგინა და განმარტა ფაქტობრივი გარემოებები. დამტკიცებულია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რამაც ავტომატურად გამოიწვია ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ამოქმედება. მართალია, სასამართლოს აქვს უფლება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დავალიანების თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა იყო გონივრული. მოპასუხეებმა თავიანთი ქმედებით გამოხატეს ნება სასესხო ვალდებულების ასეთი სახით დაფარვისა. მათი მხრიდან არც შესაგებელში და არც პროცესის მიმდინარეობისას არ გამხდარა სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ სასარჩელო განცხადებაში სადავო თანხას წარმოადგენდა სესხის ძირი და პროცენტი. შესაბამისად, მსჯელობა პირგასამტეხლოზე და არც მის ოდენობაზე არ ყოფილა.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
28. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
29. განსახილველ საქმეზე სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (შდრ. სუსგ. #ას-914-854-2015, 04.12.2015 წ). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი -მუხლი 1, „თ“ პუნქტი).
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.
31. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, სს „ს.ბ-ს“, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო, მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე, ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ; # ას-681-652-2016, 17.02.2017წ).
32. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ პირგასამტეხლოზე არ უნდა ემსჯელათ, ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილი იყო სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი, სასამართლო გასცდა დავის საგანს და დაარღვია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი.
32.1. კასატორის მითითებულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს შემდეგს: დადგენილია, რომ 2016 წლის 24 თებერვალს პირველმა მოპასუხემ სესხად მიიღო 1 130 000 აშშ დოლარი, ხოლო ამავე წლის 23 მარტს (1 თვეში) მსესხებელმა ერთბაშად დაუბრუნა საკრედიტო ორგანიზაციას, რითაც გადაიხადა ძირი თანხაც და პროცენტიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ, რომ მხარეთა შეთანხმება კრედიტის თანხის წინსწრებით დაბრუნებას მიიჩნევდა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად და ამისთვის ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი თანხა, რადგან მითითებული თანხა წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს (ჯარიმას, წინსწრების საკომისიოს) და არა სესხის ძირ თანხასა და პროცენტს.
32.2. სსკ-ის 417-, 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს:
32.2.1 ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული სანქცია ეკისრება.
32.2.2. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
32.2.3. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, „მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.). განსახილველ შემთხვევაში
33. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით მართებულად გამოიყენეს ამავე კოდექსის 420-ე მუხლი.
34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
35. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს.ბ–ს“ (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6700.37 ლარის (საგადახდო დავალება #587, გადახდის თარიღი 22.05.2018), 70% – 4690.26 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი