¹ბს-137-15-კს-04 21 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 28 მაისს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ განიხილა შპს “ე.-87-ის" სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, მათ შორის, 1996წ. 11 იანვარს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და 147415 აშშ დოლარის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “ე.-87-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ე.-87-მა", რომელმაც ითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, 1996წ. 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა 559464 მილიონი რუსული რუბლის დაბრუნების ვალდებულების ნაწილში და მოსარჩელისთვის 440536 მილიონი რუსული რუბლის, ანუ 125437 აშშ დოლარის, 1996წ. 11 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტების შესაბამისად, დაკისრება მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს “ე.-87-ის" ლიკვიდატორი ხ. ე.-ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მისმა წარმომადგენელმა მ. ე.-მა სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2002წ. 8 მაისს შპს “ე.-87-ის" ლიკვიდაციის საფუძველზე, აღნიშნული საწარმო ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან, რის გამოც შპს “ე.-87-ის" სარჩელმა მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ აზრი დაკარგა. განმცხადებელმა უარი განაცხადა სარჩელზე და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 მაისის გადაწყვეტილება და მ. ე.-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო მოცემულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდა. მ. ე.-ს განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლებოდა; მ. ე.-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 2500 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ე.-მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ იგი იყო მხოლოდ წარმომადგენელი და სახელმწიფო ბაჟი უნდა დაკისრებოდა მოსარჩელეს, კერძოდ, შპს “ე.-87-ს".
კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 12 დეკემბრის განჩინების გაუქმება სახელმწიფო ბაჟის მ. ე.-ისთვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი განჩინებით შპს ე.-87-თვის" სახელმწიფო ბაჟის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 იანვრის განჩინებით მ. ე.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა: თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 12 დეკემბრის განჩინება გაუქმდა მ. ე.-ისთვის სახელმწიფო ბაჟის _ 2500 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში; აღნიშნულ განჩინებაში შევიდა შესწორება და სახელმწიფო ბაჟის _ 2500 ლარის გადახდა დაეკისრა შპს “ე.-87-ის" ლიკვიდატორ ხ. ე.-ეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ფინანსთა სამინისტრომაც.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ მას აღარ ჰყავდა კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც საწარმოს სახელით განახორციელებდა სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის _ სასამართლოში. ფინანსთა სამინისტრო თვლის, რომ ლიკვიდირებული საწარმოს წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე საქმის წარმოება არასწორად შეწყდა, ვინაიდან აღარ არსებობდა საწარმო და, შესაბამისად, მას არ შეიძლებოდა ჰყოლოდა კანონიერი წარმომადგენელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრომ კერძო საჩივრით ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 დეკემბრის განჩინების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 იანვრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატის 2004წ. 28 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის _ 2500 ლარის გადახდა დაეკისრა ხ. ე.-ს, ამ უკანასკნელმა შეიტანა კერძო საჩივარი, რომელშიც აღინიშნა, რომ საწარმოს პარტნიორები, დირექტორები და მით უმეტეს, ლიკვიდატორები საწარმოს ვალდებულებებზე პასუხს არ აგებენ, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის _ 2500 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა მოსარჩელეს _ შპს “ე.-87-ს".
ხ. ე.-ემ კერძო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 28 იანვრის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ხ. ე.-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 2500 ლარის გადახდა და ამ ნაწილში ახალი განჩინების მიღებით, სახელმწიფო ბაჟის დაკისრება შპს “ე.-87-თვის".
აღნიშნული კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ განიხილა 2004წ. 3 მარტს და მიიღო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა იგი და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრებისა და გასაჩივრებული განჩინებების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 მაისის დადგენილებით შპს “ე.-87” ლიკვიდაციის საფუძველზე ამოღებულ იქნა სამეწარმეო რეესტრიდან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას, რომ საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ მას აღარ შეიძლებოდა ჰყოლოდა წარმომადგენელი, რომელიც საწარმოს სახელით საქმეს აწარმოებდა სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის მე-5 მუხლისა და 109-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება უფლებამოსილების გამცემი საწარმოს ლიკვიდაციით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს იმჟამად უკვე ლიკვიდირებული შპს “ე.-87-ის” წარმომადგენელ მ. ე.-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის საფუძველზე კი არ უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება, არამედ _ სსკ-ის მე-7 მუხლისა და 272-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია საწარმოს ლიკვიდაციის შემდეგ, ხოლო სკ-ის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების შესახებ რეგისტრაციის მომენტიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 12 დეკემბრის განჩინება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც უნდა შეამოწმოს საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული საქმის შეწყვეტის საფუძველი ფაქტობრივი და სამართლებრივი კუთხით.
რაც შეეხება ხ. ე.-ის კერძო საჩივრის მოთხოვნას, ისიც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან ლიკვიდირებული საწარმოს ყოფილი ლიკვიდატორისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ხ. ე.-ის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 იანვრის განჩინება ხ. ე.-ისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.