№ას-971-2018 22 იანვარი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ნ.თ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ტ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილება (განჩინება)
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის უარყოფა
დავის საგანი – იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქალაქ თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონება, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #№... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), 2016 წლის 17 თებერვლიდან, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მ.ტ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს.ფ. 16-17, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო ქონებას ნ.თ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ჯ.ს–ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე), ლ.რ-ს–ძე (შემდეგში - მესამე მოპასუხე), ა.ს–ძე (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე), ბ.ს–ძე (შემდეგში - მეხუთე მოპასუხე) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
3. 2016 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით,
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით, პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით (განჩინებით), მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის, 375 ლარის, ანაზღაურება დაეკისრათ.
10. აღნიშნული დამატებითი გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და იურიდიული მომსახურების ხარჯის თაობაზე მოთხოვნის უარყოფა მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება საქმის განხილვის დროს არ მოუთხოვია, ამიტომ სასამართლოს ეს ხარჯი მოპასუხეთათვის არ უნდა დაეკისრებინა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული დამატებითი განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს პროცესის გარეშე ხარჯის, კერძოდ, იურიდიული მომსახურებისათვის, მოგებული მხარის/მოსარჩელის მიერ გაღებული თანხის, მოპასუხეებისათვის დაკისრების მართლზომიერება.
13. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის შედავებას და განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეხუთე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული თანხა, ხოლო სასამართლოს გარეშეა ადვოკატის ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული, აგრეთვე - მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოგებული მხარის სასარგებლოდ, წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში, კერძოდ, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. უშუალოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება მოწესრიგებულია საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით და დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილია მოსარჩელესა და წარმომადგენელს შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება და სს „ს.ბ–ის“ ანგარიშიდან ამონაწერი, საიდანაც დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოში, მიმდინარე დავასთან დაკავშირებით წარმომადგენლის მომსახურების ფასი 375 ლარით განისაზღვრა. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნული ხარჯის მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზეც იშუამდგომლა, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზია, დაუსაბუთებელია. რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას მხარე სამართლიანად უნდა დააკმაყოფილოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 907-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებაა, რომელიც ფორმა თავისუფალია და შეიძლება, დაიდოს, როგორც წერილობით, ისე - ზეპირი ფორმით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია, გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო.
16. ამდენად, რადგანაც დასტურდება მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს შორის დავალების ხელშეკრულების არსებობა, რომელიც, საქმის გარემოებათა მიხედვით სასყიდლიანია, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს გასამრჯელოს ოდენობას, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების წინაპიროები. რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, პალატა მისი განსაზღვრის მიზნით ყურადღებას შემდეგ საკითხებზე გაამახვილებს:
17. განსახილველი დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა/ხელშეშლის აღკვეთაა. ამ კატეგორიის დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 4 000 ლარით განისაზღვრება, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ თანხის 4% შეადგენს 160 ლარს.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუქმებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას პროცესის ხარჯების თაობაზე და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, თავად იღებს გადაწყვეტილებას: ზემოთ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის - 160 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე და 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ.თ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილება (განჩინება) და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.ტ–ძის მოთხოვნა, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ნ.თ–ძეს, ჯ.ს–ძეს, ლ.რ–ს–ეს, ა.ს–ძესა და ბ.ს–ძეს, მ.ტ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროთ 160 ლარის გადახდა.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი