№ას-1152-1107-2016 22 იანვარი, 2019 წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) – ნ.ღ.
წარმომადგენელი - ო.ქ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ.ძ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ.ძ–ას (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიკვეთა ნ.ღ–ის (შემდეგში მოპასუხის) მხრიდან მოსარჩელისათვის ქ. თბილისში, ....., საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე მდებარე საერთო საკუთრებაში არსებულ აივანზე ამოშენებული ტიხრისა და კარადის მოშლა, მოსარჩელეს მიეცა ამ მოქმედების მოპასუხისგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით შესრულების უფლება.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მოპასუხის საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსს-კის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2019 წლის 22 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე კასატორ ნ.ღ–მის წარმომადგენელმა ო.ქ–ძემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ღ–ის წარმომადგენლის ო.ქ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
9. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
10. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.
11. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ნ.ღ–მა უარი თქვა საკასაციო საჩივარზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება.
12. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 378-ე, 264.3-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ღ–ის წარმომადგენლის ო.ქ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს საქმის წარმოება ნ.ღ–ის საკასაციო საჩივარზე;
3. განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე