№ას-1292-2018 31 იანვარი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ქ.ბ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ო.ყ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მისი საბაზრო ღირებულების ფარგლებში კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა რ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ო.ყ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ქ.ბ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კერძო საჩივრის ავტორი), თ.ბ–ისა (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ი.ბ–ძის (შემდეგში - მესამე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), მიმართ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტისა და მისი საბაზრო ღირებულების ფარგლებში კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს შეუწყდათ ქალაქ თბილისში, ...... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი № .....) ფარგლებში მათ მიერ დაკავებული ფართის მფლობელობა მოსარჩელის მხრიდან თანხის, 26 715,48 აშშ დოლარის, ეკვივალენტი ლარის, 75%-ის გადახდის სანაცვლოდ; აღნიშნული ფართი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს შეუწყდათ ქალაქ თბილისში, ........... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი № .......) ფარგლებში მათ მიერ დაკავებული ფართის მფლობელობა მოსარჩელის მხრიდან საკომპენსაციო თანხის, 41 008 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.
5. 2018 წლის 29 მაისს, პირველმა მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
5.1. პირველი მოპასუხის/განმცხადებლის მითითებით, 2018 წლის 18 მაისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსგან მიიღო წინადადება, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, რომლის მიხედვით, 10 დღის ვადაში ნებაყოფლობით უნდა გამოათავისუფლოს ქალაქ თბილისში, ......... მდებარე საცხოვრებელი სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებით გამოსახლდება. სააღსრულებო პოლიცია გასცდა სააღსრულებო ფურცლის დანაწესს, კერძოდ, მოსარჩელის მიერ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა გადახდილია, ამავე სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის თანახმად, მოპასუხეებს, შეუწყდათ მათ მიერ დაკავებული ფართის მფლობელობა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული საააღსრულებო ფურცლით დადგენილი მოთხოვნა შესრულებულია და სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყვეტილიყო. ნაცვლად ამისა, სააღსრულებო ბიურომ მოპასუხეების მიერ დაკავებული ფართის მფლობელობის შეწყვეტა აღიქვა, როგორც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, რაც არსებითად განსხვავებული ცნებებია, კერძოდ, მფლობელობის შეწყვეტა გამომდინარეობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხოლო უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით, ამ უკანასკნელზე კი, სასამართლო გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელში არაფერია ნათქვამი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ პირველი მოპასუხის განცხადება უარყოფილ იქნა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 262-ე მუხლით.
6.1. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილებას მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ორაზროვან, ბუნდოვან დებულებებს ემყარება იმგვარად, რომ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების სწორად განმარტება და ილახება მოდავე მხარეთა ინტერესები.
6.2. სააპელაციო პალატის დასკვნებით, განცხადება უარყოფილ იქნა, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მკაფიოდ და გარკვევით იყო ჩამოყალიბებული.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გადაწყვეტილების განმარტებაზე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. მისი მოსაზრებით, აუცილებელია, აიხსნას - შეუწყდეთ ფაქტობრივი მფლობელობა, ნიშნავს თუ არა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას იძულების წესით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416 მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
10. გასაჩივრებული განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებოდა სსსკ-ის 262-ე მუხლით განსაზღვრული ის წინაპირობები, რომელიც გადაწყვეტილების განმარტებას განაპირობებდა.
11. სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მხარეებს ეგზავნებათ შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
12. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე, იგი შეიცავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ. ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას, და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. მფლობელობის შეწყვეტის შესახებ სარჩელის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უფლებაა და გამომდინარეობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-6 მუხლიდან (თუ მოსარგებლე საცხოვრებელ სადგომს 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ფლობს და მან მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, მესაკუთრე უფლებამოსილია მოსარგებლეს მოსთხოვოს მფლობელობის შეწყვეტა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით. ხოლო თუ მოსარგებლე კომპენსაციას არ იღებს და საცხოვრებელ სადგომს არ ათავისუფლებს, მესაკუთრე უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება სასამართლოს მეშვეობით განახორციელოს (მფლობელობის შეწყვეტის შესახებ სარჩელი). მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრემ ისარგებლა ამ უფლებით და შესაბამისი კომპესაციის გადახდის სანაცვლოდ, სადავო საცხოვრებელ სადგომზე მოპასუხეთა მფლობელობის შეწყვეტა მოითხოვა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს შეუწყდათ ქალაქ თბილისში, ..... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი № .....) ფარგლებში, მათ მიერ დაკავებული ფართის მფლობელობა, მოსარჩელის მხრიდან საკომპენსაციო თანხის, 41 008 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი პირობა, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე მოსარგებლეთათვის მფლობელობის შეწყვეტის შესახებ, გულისხმობს იმას, რომ კომპენსაციის მიღებისთანავე მოსარგებლეებმა უნდა გაათავისუფლონ მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი და გამოთავისუფლებული ჩააბარონ მესაკუთრეს. თუ მოსარგებლეები ნებაყოფლობით არ გაათავისუფლებენ დაკავებულ სადგომს, მაშინ ამავე გადაწყვეტილებით კრედიტორის (მესაკუთრის) მოთხოვნით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ისინი იძულებით უნდა გამოსახლდნენ.
15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრემ ახალი სარჩელით (ვინდიკაციური სარჩელი) უნდა იდავოს. პალატის მოსაზრებით, ასეთი სარჩელის აღძვრის საჭიროება, გარდა იმისა, რომ არ გამომდინარეობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, საპროცესო ეკონომიის პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. მფლობელობის შეწყვეტის შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო ადგენს, შეუწყდეს თუ არა მოსარგებლეს მფლობელობა სადავო საცხოვრებელ სადგომზე, შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ. თუ სასამართლომ ასეთი რამ დაადგინა, მესაკუთრე უფლებამოსილია, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდისთანავე, მოსთხოვოს მოსარგებლეებს მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის გამოთავისუფლება. იმ შემთხვევაში კი, თუ მოსარგებლეები ნებაყოფლობით არ გაათავისუფლებენ საცხოვრებელ სადგომს, მესაკუთრეს შეუძლია, ამავე საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვოს მათი გამოსახლება. მოცემულ შემთხვევაში, რაკი სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ნათლად გამომდინარეობს მესაკუთრის ზემოხსენებული უფლება და ეს ასეც გაიგო აღმასრულებელმა (მოვალეებს გაუგზავნათ შესაბამისი შეტყობინება), ამ გადაწყვეტილების განმარტების საჭიროებაც არ არსებობს. ამასთან, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ მესაკუთრის მიერ თანხის გადახდის მომენტიდან იგი წარმოადგენს არამართლზომიერ მფლობელს და ვალდებულია, ნივთი უფლებამოსილ პირს დაუბრუნოს (სსკ-ის 164-ე მუხლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, არამართლზომიერი მფლობელობით მესაკუთრისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისროს.
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი