№ას-1487-2018 31 იანვარი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „ნ.მ.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ტ.მ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება -კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.შპს „ტ.მ–მა“ (შემდგომში - მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.მ–ას“ (შემდგომში - მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, 10 542 ლარის, გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმისწარმოება.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განსახილველად, სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2018 წლის 17 აპრილს, 13:00 სთ-ზე.
5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე და ამ საფუძვლით საქმისწარმოების შეწყვეტა მოითხოვა. სააპელაციო პალატამ განიხილა აპელანტის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა, შესაბამისად, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 272-ე, 372-ე, 378-ე, მე-3 მუხლებით. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, სასამართლომ შეწყვიტა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
7. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით, ფაქტიურად წაერთვათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მოლოდინი ჰქონდათ, რომ სააპელაციო სასამართლოში მხარეთა შორის დავა მორიგებით დასრულდებოდა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი, უცვლელად დარჩეს.
11. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრზე შეწყდა საქმისწარმოება იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 378-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე და ამ საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარდგენილი მინდობილობით, მოსარჩელის წარმომადგენელს სსსკ-ის 98-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) უარის თქმის უფლება მინიჭებული ჰქონდა მარწმუნებლის მიერ (იხ. მინდობილობა, ს.ფ 84, ტ.1), სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, ასევე, 378-ე მუხლზე დაყრდნობით დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
14. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორიენტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები, სარჩელზე ან სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მოსარჩელის/აპელანტის საპროცესო უფლებაა, რომლის რეალიზებაც არ არის დამოკიდებული მოწინააღმდეგე მხარის თანხმობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით პირდაპირაა გათვალისწინებული ის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულოა მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა (სარჩელის გამოხმობა, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და ა.შ). სსსკ-ის 378-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა, მოწინააღმდეგე მხარის თანხმობას არ საჭიროებს. ამგვარი უარი თავისთავად წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტა მისი პოზიციის გამოკვლევის გარეშე არ შეეძლო, უსაფუძვლოა (შდრ. სუსგ. №ას-1014-974-2014, 01.12.2014წ) .
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ნ.მ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი