Facebook Twitter

№ას-1512-2018 31 იანვარი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ა.გ.მ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „რ.ჰ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება და ერთი სახის მეორეთი შეცვლა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.ა.გ.მ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა მ.ს–სა (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და შპს „რ.ჰ–ის“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე, განმცხადებელი ან ჰესი) მიმართ ზიანის - 300 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, უძრავ ქონებას, რომელთა მონაცემებია: 1) სარეგისტრაციო ზონა - ასპინძა, კოდი -.., სექტორი სოფ. ..., კოდი-.., კვარტალი-01, ნაკვეთი-.., დაზუსტებული ფართობი 3130 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: რიტუალების სახლი და საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობით 415,2 კვ.მ; მისამართი: ასპინძის რაიონი, სოფელი .., „წყალსაქაჩის ღელე“; 2) სარეგისტრაციო ზონა ასპინძა, კოდი-.., სექტორი სოფ. ..., კოდი-.., კვარტალი-01, ნაკვეთი - .., დაუზუსტებელი ფართობი 870.00 კვ.მ. მისამართი: ასპინძის რაიონი, სოფელი ..., „წყალსაქაჩის ღელე“, აგრეთვე - შპს „რ-ჰ–ში“ მისი საწესდებო კაპიტალის 65%-იან წილს.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით კი, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მეორე მოპასუხეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.

4. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (2002 წლის 30 იანვრის N5 გადაწყვეტილება) ელექტროენერგიის წარმოების N048 ლიცენზიის (სერია 11 დანართი N1) მიხედვით, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მეორე მოპასუხის საბალანსო ღირებულება 1 526 050 ლარია.

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N015394-2011/10/1 დასკვნით, მეორე მოპასუხის საბალანსო ღირებულება, 2001 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით, 2 562 600 ლარია, ამავე დასკვნაში არსებული გამოკვლევის ნაწილში მითითებულია, რომ 2010 წლის ბალანსის მიხედვით, მეორე მოპასუხის გრძელვადიან აქტივებს შეადგენს: მიწის ნაკვეთები, ღირებული 224 200 ლარად, 152 562 ლარად ღირებული შენობა-ნაგებობა, 270 320 - ლარიანი მანქანა დანადგარები, ხოლო სულ საწარმოს აქტივები - 684 514 ლარია (ტ.1,ს.ფ. 152-153, ტ. 3, ს.ფ. 6-19).

6. დავის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე, (2012 წლის 28 ივნისს) პირველი მოპასუხე გარდაიცვალა, რომლის უფლებამონაცვლედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით, ცნობილ იქნა ნ.ქ–ძე (შემდეგში - უფლებამონაცვლე).

7. დავის საკასაციო წესით განხილვის ეტაპზე, მოსარჩელემ შეამცირა სასაჩელო მოთხოვნა და, საბოლოოდ, პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლისათვის ზიანის სახით 10 000 ლარის დაკისრება ითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლისათვის ზიანის - 290 000 ლარის დაკისრების ნაწილში, სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმისწარმოება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განჩინებით, არასათანადო მოპასუხე/პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე, შეიცვალა სათანადო, მეორე მოპასუხით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის - 10 000 ლარის დაკისრებაა.

9. 2018 წლის 4 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით, მიმართა მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 20.12.2011წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საგნის - შპს „რ-ჰ–ის“ საკუთრებაში არსებული მთლიანი ქონების, ჩანაცვლება სხვა ქონებით, კერძოდ, მოპასუხის საკუთრებაში მყოფი ერთ-ერთი მიწის ნაკვეთით, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ასპინძის რაიონი, სოფელი .... ფართობი 15 400.00 კვ.მ, ს/კ ...... ის ამტკიცებდა, რომ საკუთრებაში არსებული მთელი ქონების განკარგვის აკრძალვა 10 000 ლარის ვითომდა ზიანის სარჩელზე, არათანაზომიერია და ხელს უშლიდა ინვესტორებსა და ბანკებთან ურთიერთობების მოგვარებაში, რომლებთანაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დამატებით კიდევ ორი ტურბინა-გენერატორის შემოტანის მიზნით, ამავე მიზნის მისაღწევად სახსრები გროვდებოდა და შპს არ გასცემდა დივიდენდებს, დამატებითი საწარმოო სიმძლავრეების შესაძენად თანხების რეინვესტირებას გეგმავდა.

10. 2018 წლის 4 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოდგენილ იქნა უფლებამონაცვლის წარმომადგენლის განცხადებაც, რომლითაც ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. მისი მითითებით, ამჟამად, არასათანადო ფიზიკური პირი, შეცვლილია სათანადო მოპასუხით, შეცვლილია სასარჩელო მოთხოვნაც და საბოლოოდ, ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურებაა მოთხოვნილი, შესაბამისად, აღარ არსებობს პირველი მოპასუხის ქონების მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მეორე მოპასუხეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს (ს/ნ ....) აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (15 400.00 კვ.მ, მიწის ნაკვეთი), განკარგვა, რომელიც მდებარეობს ასპინძის რაიონში, სოფელ ...., ს/კ-ით ....; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, უძრავ ქონებას, რომელთა სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ასპინძა, კოდი - 60, სექტორი, სოფ. ...., კოდი- .., კვარტალი - .., ნაკვეთი - .., დაზუსტებული ფართობი 3130 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: რიტუალების სახლი და საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობით 415,2 კვ.მ, მისამართი: ასპინძის რაიონი, სოფელი ..., „წ.ღ.“; 2)სარეგისტრაციო ზონა ასპინძა, კოდი - .., სექტორი, სოფ. .., კოდი - .., კვარტალი - .., ნაკვეთი - .., დაუზუსტებელი ფართობი 870.00 კვ.მ. მისამართი: ასპინძის რაიონი, სოფელი ..., „წ.ღ.ელე“, აგრეთვე - შპს „რ-ჰ–ში“ მისი საწესდებო კაპიტალის 65%-იან წილს.

12. პალატის დასკვნით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მინიმუმ 50-ჯერ აღემატებოდა დავის საგანს. განცხადებას ერთვოდა სასამართლოსათვის უზრუნველყოფის საგნად გამოყენებისათვის შეთავაზებული უძრავი ქონების მეორე მოპასუხისადმი კუთვნილებისა და მისი საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები.

13. პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლის განცხადებასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირისათვის, რომელიც საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, საკუთრების თავისუფლად განკარგვის უფლების შეზღუდვა, მაშინ, როცა არც თავად უზრუნველყოფის საგანი არ წარმოადგენს დავის საგანს, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

14. 2018 წლის 27 ივლისს სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც 2018 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორის მითითებით, მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არ აპირებდა ჰიდროელექტროსადგურის გასხვისებას და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მხოლოდ საზოგადოების პრესტიჟისთვის იყო აუცილებელი. აღნიშნული პასუხი გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად, სამართლებრივი ბალანსის რღვევას, ვინაიდან ნათელყოფს, რომ ჰიდროელექტროსადგურის ყადაღისაგან გათავისუფლება არცერთი პარტნიორის იურიდიულ ინტერესს არ ეწინააღმდეგება. ყოვლად გაუგებარია, საიდან დაადგინა სასამართლომ, რომ დაყადაღებული ქონება 50-ჯერ აღემატებოდა სასარჩელო მოთხოვნას.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საკასაციო სასამართლო მეორე მოპასუხის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზეა წარდგენილი, სსსკ-ის 196-ე მუხლის პირველ ნაწილს მოიხმობს, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მსგავსად მოპასუხესაც შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ განცხადებით, მაგრამ მოპასუხის მიერ შეთავაზებული უზრუნველყოფის სხვა (მეორე) ღონისძიება უნდა უზრუნველყოფდეს გადაწყვეტილების აღსრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს“ (იხ. სუსგ-ები: საქმე #ას-1165-1095-2015, 25.11.2015წ.; საქმე #ას-454-438-2016, 19.07.2016წ.).

17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის, 10 000 ლარის, ანაზღაურებაა, შესაბამისად, მისი ინტერესია საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. მოპასუხემ სასამართლოს უზრუნველყოფის საგნად გამოყენებისათვის, ასპინძის რაიონში, სოფელ ... მდებარე, თავის საკუთებაში არსებული უძრავი ქონება (ფართობი 15 400.00 კვ.მ, ს/კ ....) შესთავაზა, რომლის საბაზრო ღირებულება, აუდიტორული დასკვნის თანახმად, 23 100 ლარია, სანაცვლოდ, საკუთრებაში არსებულ მთელი ქონების განკარგვის აკრძალვის გაუქმება მოითხოვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თავდაპირველად მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ყველა ქონებაზე იყო გამოყენებული, თუმცა, მოპასუხის საჩივრის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, სრულ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიება გააუქმა და მხოლოდ ერთ უძრავ ქონებაზე გამოიყენა შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნებს და განმარტავს, რომ, სსსკ-ის 1961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით, სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ შეთავაზებული ქონების ღირებულება მოთხოვნის თანაზომიერია და უზრუნველყოფს მოსარჩელის ზემოხსენებული ინტერესის დაცვას. შესაბამისად, მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ბალანსის გონივრულად შეფასების პირობებში, მოპასუხის განცხადება, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აკრძალვის გაუქმების ნაწილში, მართებულად დაკმაყოფილდა.

18. მოპასუხის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურის გასხვისების შესაძლებლობაზე, საჩივრის ავტორის მსჯელობასთან მიმართებითაც, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და განმარტავს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანია ზიანის ანაზღაურება და არა საწარმოს ქონება, შესაბამისად, საჩივრის ავტორის ეს მსჯელობაც მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების სრულად გაუქმებაა, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირისათვის, რომელიც საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, საკუთრების თავისუფლად განკარგვის უფლების შეზღუდვა, მაშინ, როცა არც თავად უზრუნველყოფის საგანი არ წარმოადგენს დავის საგანს, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საჩივარი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში, რაიმე სახის დასაბუთებულ მსჯელობასაც არ შეიცავს. ამდენად, არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ, გასაჩივრებული განჩინებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა მართებულად.

20. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მოსარჩელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ.მ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი