Facebook Twitter

№ას-1761-2018 31 იანვარი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ა.მ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ტ.მ.

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 7 მარტს ა.მ–ამ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა ტ.მ–ას (შემდეგში - მოპასუხე, ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 365-ე, 369-ე, 2591, 373-ე და 374-ე მუხლებით.

5.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე და მისი წარმომადგენლები ესწრებოდნენ 27.06.2018 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ. 85), შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სხდომის ოქმი მოსარჩელის წარმომადგენელმა 2018 წლის 2 ივლისს მოითხოვა და 9 ივლისს ჩაიბარა, თუმცა ჩანაწერიდან არ ირკვეოდა, რომელი საპროცესო დოკუმენტი ჩაჰბარდა. ვინაიდან გაურკვეველი იყო, თუ რომელი დოკუმენტი ჩაიბარა მოსარჩელის წარმომადგენელმა, პალატამ მიიჩნია, რომ მის მიმართ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადის ათვლა 27.07.2018 წელს დაიწყო და 10.08.2018 წელს ამოიწურა.

6. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2018 წლის 14 აგვისტოს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. მან არაერთხელ ითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, კერძოდ, 20 და 27 ივლისს, სატელეფონო საუბრისას, მოსამართლის თანაშემწემ განუმარტა, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო. ვინაიდან, დასაბუთებული გადაწყვეტილება 2018 წლის 1 აგვისტოს ჩაიბარა, სააპელაციო საჩივარიც ვადის დაცვით წარადგინა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.

10. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ, უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

11. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

12. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

13. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება, გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.

15. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).

16. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ დავობს იმაზე, რომ თვითონ და მისი წარმომადგენლები (იხ. რწმუნებულება ს.ფ. 36) ესწრებოდნენ 27.06.2018 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 109), შესაბამისად, მოსარჩელეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართა 17 ივლისიდან (მე-20 დღე) 27 ივლისის (30-ე დღე) ჩათვლით, მოსარჩელეს ამ პერიოდისათვის სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 27.07.2018 წელს დაიწყო და 14.08.2018 წელს ამოიწურა.

17. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2018 წლის 14 აგვისტოს წარადგინა (იხ. ს.ფ.122). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

19. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების შეუძლებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე (თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) და განმარტავს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება, დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.). რაც შეეხება მოსამართლის თანაშემწესთან ტელეფონით დარეკვას, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადებად. პალატა კიდევ ერთხელ განამარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა თავისი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლო.

18. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.მ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი