Facebook Twitter

№ას-102-95-2017 30 ივნისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – სს „ს.ს.მ.კ.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – დ.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ფასის გადახდა (სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2011 წლის 4 მაისს სს „ს.ს.მ.კ–ასა“ (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე, კორპორაცია, აპელანტი ან კასატორი) და დ.ს–ძეს (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე ან შემსყიდველი) შორის გაფორმდა #T/0109 ხელშეკრულება „P…“-ის მიერ მიწოდებული ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სიმინდის სათესლე მასალის ნასყიდობის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 477-ე მუხლი).

2. მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა 7 000 ლარის სიმიდის თესლი (16 000 -მარცვლიანი შეფუთვა (70 ლ) 100 ტომარა), რისთვისაც ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებული წესით უნდა გადაეხადა თანხა (იხ. ხელშეკრულება - ტ.1. ს.ფ. 1415).

3. შემსყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიიღო 2011 წლის 25 მაისს, რაზეც შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა (იხ. აქტი - ტ. 1, ს.ფ 16), თუმცა მას თანხა არ გადაუხდია.

4. კორპორაციამ, 2013 წლის 25 ნოემბერს, შემსყიდველს წერილობით მიუთითა, გადაეხადა თანხა არაუგვიანეს 2013 წლის 30 ნოემბრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყებდა სააღსრულებო წარმოებას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18).

5. 2014 წლის 4 თებერვალს, დავალიანების გადახდევინების მიზნით, მოსარჩელის მიერ დაწყებული გამარტივებული წარმოების ფარგლებში, აპლიკანტს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე (იხ. აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება ტ. 1, ს.ფ 19).

6. 2014 წლის 13 თებერვალს კორპორაციამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შემსყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის, 7 000 ლარის დაკისრება (სსკ-ს 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი, იხ. სარჩელი ტ. 1, ს.ფ 1-13).

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის დაქვემდებარებაში მყოფ ა–ის საშრობ ცენტრში მას დაულპეს 9 760 ლარის სიმინდი, მიყენებული ზიანის გამო იგი უფლებამოსილია, არ შეასრულოს თავისი ვალდებულება და მოითხოვოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.

8. 2014 წლის 8 აპრილს მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა მოითხოვა. შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 6 ნოემბერს ზ.კ–ძესა (რომელმაც კორპორაციის მიმართ არსებული მოთხოვნა დაუთმო მოპასუხეს) და მოსარჩელეს/კორპორაციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება 0611-24, რომლის საგანსაც წარმოადგენდა კორპორაციის საკუთრებაში არსებულ მარცვლეულის შესანახ ცენტრში (მდებარე აბაშის რაიონის სოფელ .... ტერიტორიაზე), კორპორაციის მიერ შემსყიდველის კუთვნილი სიმინდის განმარცვლა, გაშრობა და შენახვა წინამდებარე ხელშეკრულებისა და მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების პირობების შესაბამისად. ერთი კილოგრამი ტაროიანი სიმინდის განმარცვლის ღირებულება განისაზღვრა 0.02 ლარით, ხოლო სიმინდის აწონვის, ანალიზის ჩატარებისა და შენახვის ღირებულება 0,008 ლარით. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, კორპორაცია პასუხისმგებელია ჩაბარებული საქონლის რაოდენობაზე მომსახურების მთლიანი ვადის განმავლობაში და ვალდებულია დაუბრუნოს შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული რაოდენობის საქონელი; წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, აუნაზღაუროს შემსყიდველს ზარალი მოცემული დროისათვის არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 0.80 ლარის ოდენობით, შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ყოველ კილოგრამ საქონელზე (იხ. ხელშეკრულება - ტ.1. ს.ფ. 149).

8.1. შეგებებული მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 30 დეკემბერს კორპორაციას გადასცა 12 200 კგ. სიმინდი, რაც შესვლის დროს აიწონა (იხ. ტ.1. ს.ფ. 64). 2012 წლის 13 იანვარს დაუკავშირდა ა–ის საშრობი ცენტრის წარმომადგენელი და უთხრა, რომ სიმინდი ვერ გააშრეს, დალპა და შესთავაზა წაეღო იგი. მოპასუხემ მას დაულპო 12 200 კგ. სიმინდი, რომელიც 1 კგ. 80 თეთრი ღირს. ამდენად, ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო კორპორაციის მიერ მისთვის მიყენებული ზიანი 9 760 ლარია, რომელიც კორპორაციის მოთხოვნაში უნდა გაიქვითოს.

9. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ (კორპორაციამ) წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას არ დაურღვევია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შეგებებულმა მოსარჩელემ მიიტანა უხარისხო/დამპალი სიმინდი.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით კორპორაციის სარჩელი დაკმაყოფილდა, შემძენს 7 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა კოპრორაციის სასარგებლოდ; შემძენის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და კორპორაციას მიყენებული ზიანის, 7 000 ლარის, ანაზღაურება დაეკისრა შემძენის სასარგებლოდ. მხარეთა შორის ურთიერთმოთხოვნები გაიქვითა. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 477-ე, 361-ე, 629-ე, 763-ე, 799-ე, 780-ე, 781-ე, 782-ე, 784-ე, 785-ე, 319-ე, 394-ე, 407-ე, 408-ე, 412-ე, 442-ე, 444-ე მუხლებით.

10.1. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მას არ დაურღვევია და შეგებებულმა მოსარჩელემ მიუტანა უხარისხო/დამპალი სიმინდი. სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შეგებებულმა მოპასუხემ ვერ წარადგინა უშუალოდ სიმინდის მიტანის დროს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც ამას ცალსახად დაადასტურებდა. მით უფრო, როგორც იგი განმარტავდა, კვლევა ტარდებოდა სიმინდის მიტანიდან 10-20 წუთის განმავლობაში, რასაც საქმეში წარმოდგენილი წერილიც ადასტურებს. სინჯის აღების ფაქტიც სადავო არ არის, კვლევის შედეგი კი, სადავოა და სწორედ შეგებებული მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სიმინდის უხარისხობის დადასტურება. სასამართლომ ამის დასადასტურებლად მოწმის ჩვენება არ გაიზიარა და აღნიშნა, თავისთავად ის გარემოება, რომ მოპასუხემ სიმინდი დაიტოვა, ადასტურებდა, რომ იგი შესაბამისი ხარისხის იყო. სასამართლომ შეგებებული სარჩელის მოპასუხის განმარტებაც, შეგებებული მოსარჩელის მიერ სიმინდის გატანის თაობაზე არ გაიზიარა, ვინაიდან ამის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.

11. კორპორაციამ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის უარყოფა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია 9760 ლარის ზიანი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომელიც გამყარებული იყო ორი მტკიცებულებით და გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომელიც ემყარება მოწმის ჩვენებას; ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოწმე, რომელიც არის მოპასუხის/შემსყიდველის შვილი, ამავდროულად თავადაა ის პიროვნება, რომელმაც დაუთმო მხარეს მოთხოვნა და, შესაბამისად, დაინტერესებულია საქმის შედეგით. აპელანტი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელი და გაურკვეველია სასამართლოს მხრიდან მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება;

11.2. სასამართლომ განახორციელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტირება; კერძოდ, გაუგებარია, რატომ არ იქნა მოპასუხე გათავისუფლებული პასუხისმგებლობისაგან ორი გარემოების გამო: ა) მას საერთოდ არ ჩაუბარებია ნივთი; ბ) არ იქნა დაცული ის არსებითი მოთხოვნები, რაც საჭიროა ნივთის დაზიანების თავიდან აცილებისათვის. აპელანტის შეფასებით, ასევე გაუგებარია, სასამართლომ რატომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 781-ე მუხლი მოპასუხის საწინააღმდეგოდ, რადგან მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და მოწმემ დაადასტურა, რომ მოპასუხე ხელშეკრულების განმავლობაში ვალდებულებებს ასრულებდა კეთილსინდისიერად, გარდა ბოლო შემთხვევისა, რაც დავის საგანია; გაუგებარია, თუ რატომ არ გამოიყენა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 782-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოპასუხის სასარგებლოდ. დასახელებული ნორმის მიხედვით, შემნახველი ვალდებულია, დაზიანებული ნივთის შემჩნევისას, დაუყოვნებლივ აცნობოს მიმბარებელს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შემნახველმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა მიმბარებელს.

11.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა ხელშეკრულება და მხოლოდ რამდენიმე მუხლზე გაამახვილა ყურადღება, რის შედეგადაც დაირღვა მთლიანი ხელშეკრულების კონტექსტი; კერძოდ, მხარეებს შორის გაფორმებული იყო გენერალური ტიპის ჩარჩოხელშეკრულება, რომლის მიხედვით კონკრეტული დაკვეთა (ყოველი ცალკეული ხელშეკრულება) სრულდებოდა მას შემდეგ, რაც გაფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. ასეთი მიღება-ჩაბარების აქტი სადავოდ ქცეული სამართლებრივი ურთიერთობის დროს არ შემდგარა; შესაბამისად, მხარეებს შორის არ დაწყებულა სამართლებრივი ურთიერთობა და გაუგებარია, თუ რას დაარღვევდა მოპასუხე, როცა ხელშეკრულების პირობები დავის საგანზე ვერ გავრცელდებოდა. აპელანტი მიიჩნევს, რომ გაუგებარია ზიანის გაანგარიშებაც, რადგან ამ გარემოების დასადგენად საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის არცერთი შესაბამისი მტკიცებულება - კომპეტენტური ორგანიზაციის ან პირის დასკვნა, ცნობა ან ანალიზი.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12.1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, შეგებებული სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იმ სადავო ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მიტანილი სიმინდი იყო უხარისხო, კერძოდ, დამპალი, ეკისრებოდა შეგებებული სარჩელის მოპასუხეს/კორპორაციას, რაც მისი მხრიდან სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით უნდა დადასტურებულიყო (მაგ: ლაბორატორიული ანალიზი, ექსპერტის დასკვნა...). პალატის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი კორპორაციის 2012 წლის 12 იანვრის წერილი და მოპასუხის მიერ შესაგებელში ასახული პოზიცია, საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხემ შესანახად მიიღო სიმინდი შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით, ხოლო, რაც შეეხება პროდუქტის ხარისხსა და პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სიმინდი იყო უვარგისი (დამპალი), ეს გარემოება არ შეიძლება, დადასტურდეს სიმინდის მხარისათვის ჩაბარებიდან 12 დღის შემდეგ შედგენილი მითითებული წერილით, ან/და მოწმეთა ჩვენებით, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს მართებდა მოსარჩელის (შეგებებული სარჩელში) მიერ სიმინდის ჩაბარების მომენტისათვის განხორციელებული შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის შედეგების წარმოდგენა. ამასთან დაკავშირებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა 29.01.2015წ. წერილზე, რომლის მიხედვით, ა-ის მარცვლეულის შესანახ ცენტრში სიმინდის მარცვლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგებს სიმინდის მარცვლის მესაკუთრეს აცნობებდნენ მარცვლის ცენტრში შეტანისთანავე (დაახლოებით 10-20 წუთის განმავლობაში) (წერილი ტ.1. ს.ფ. 274).

12.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ შეგებებულ სარჩელში მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს - 9 760 ლარს. მოსარჩელის (შეგებებულ სარჩელში) მოთხოვნას წარმოადგენდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, რაც სწორად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. საბოლოოდ, პალატამ გამოიტანა დასკვნა, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა. ის დასაბუთება კი, რაც აპელანტმა შესთავაზა სასამართლოს, არ იძლეოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.

13. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 11).

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2011 წლის 4 მაისის ხელშეკრულებით, მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხლი) ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, გამყიდველი ვალდებული იყო, მყიდველისათვის მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ვალდებული იყო, მიეღო საქონელი და გადაეხადა ფასი. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს, რომ მიმწოდებელმა მიაწოდა სიმინდის სათესლე მასალა და მყიდველმა ჩაიბარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი. აქედან გამომდინარე, შემძენი ვალდებული იყო, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაეხადა ნასყიდობის ფასი - 7 000 ლარი.

19. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულებით, მხარეთა შორის წარმოიშვა მიბარების ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 763-ე, 780-ე, 782-ე, 784-ე, 785-ე მუხლები). შეგებებული სარჩელის მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, მიბარებული საქონელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად არ შეინახა, რითაც ზიანი მიაყენა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ის 408-ე მუხლი). ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქონებრივი ზიანი, რომელიც შეგებებულ მოსარჩელეს მიადგა გამოიხატება შესანახად მიბარებული სიმინდის დაუბრუნებლობაში.

20. მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მიმწოდებლის საკუთრებაში არსებულ მარცვლეულის შესანახ ცენტრში (აბაშის რაიონის სოფელ .... ტერიტორიაზე) უნდა დამარცვლილიყო მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის კუთვნილი სიმინდი, გამშრალიყო და შეანახულიყო 2011 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულებისა და მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების პირობების შესაბამისად. კასატორი/შეგებებული მოსარჩელე ადასტურებს სიმინდის მიღების ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ სიმინდი უკვე დამპალი იყო. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ #ას-1326-1252-2012, 25. 03. 2013 წ; # ას-1142-1071-2012, 7.03. 2013წ).

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად, რომ გადაცემული სიმინდი უხარისხო და დამპალი იყო, მიიჩნევს წერილობით საბუთს (მაგ: ლაბორატორიული ანალიზი, ექსპერტიზის დასკვნა...). საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შესაბამისი მომსახურების მიზნით, სიმინდის გადაცემიდან 12 დღის გასვლის შემდეგ შედგენილი წერილი ან/და მოწმის ჩვენება ვერ შეფასდებოდა შესანახად უხარისხო სიმინდის გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამ კუთხით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, საქმეში წარმოდგენილ შპს „მ.შ.ც–ის“ დირექტორის წერილზე, რომლის თანახმად, ა–ის მარცვლეულის შესანახ ცენტრში, სიმინდის მარცვლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგები სიმინდის მარცვლის მესაკუთრეს ეცნობებოდა მარცვლის ცენტრში შეტანისთანავე (დაახლოებით 10-20 წუთის განმავლობაში). ის ფაქტი, რომ მოპასუხემ დაიტოვა სიმინდი, ადასტურებს, რომ იგი შესაბამისი ხარისხის იყო. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი - უხარისხო, დამპალი სიმინდის მიტანის ფაქტი, ეკისრებოდა აპელანტს, რომელმაც ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება.

22. კასატორის პრეტენზია ზიანის დათვლის პრინციპიცაა, კერძოდ, იგი სადავოდ ხდის კილოგრამი სიმინდის ფასს და აღნიშნავს, რომ სიმინდი 0.8 თეთრი არასოდეს ღირდა. აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ 2011 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განისაზღვრა კილოგრამი სიმინდის ფასიც და ზიანის გამოთვლის წესიც, კერძოდ, მითითებული ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, დაუბრუნებლობის შემთხვევაში, 1კგ სიმინდის ფასი, 0.80 თეთრით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ. 63).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი დადგენილია, რომ ძირითად სარჩელში მოპასუხეს დაეკისრა - 7 000 ლარის გადახდის ვალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ, შეგებებულ სარჩელში კი, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 7 000 ლარის ანაზღაურება, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენებით (სსკ-ის 442-ე და 444-ე მუხლები) საააპელაციო სასამართლომ მართებულად გაქვითა მოთხოვნები.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. (შდრ. სუსგ. ას-421-399-2011, 10.05.2011წ;)

25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ს.მ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს.ს.მ.კ–ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (350.00 ლარის, კერძოდ, 200.00 ლარი - საგადახდო დავალება #0348, გადახდის თარიღი 08.02.2017, 150.00 ლარი - საგადახდო დავალება #0350, გადახდის თარიღი 13.02.2017) 70% – 245.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი