Facebook Twitter

საქმე №ას-720-673-2017 14 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდეგში: მინისტრი) 2006 წლის 19 მაისის №76/2-2 და 2008 წლის 14 მარტის №40/2-15 ბრძანებების საფუძველზე ვ.გ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი) დანიშნული იყო იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WEP) საქართველოს წარმომადგენლობის ჯერ მთავარ ბუღალტრად, შემდეგ ფინანსურ მენეჯერად. მას ასევე დაკისრებული ჰქონდა წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საელჩოს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის განხორციელება, დოკუმენტების დამუშავება, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების დადგენილ ვადებში სამინისტროსათვის წარდგენა (ტ.1,ს.ფ. 16-17).

2. მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N139/3-2 ბრძანების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, სამინისტრო ან კასატორი) შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WEP) საქართველოს წარმომადგენლობის და ასევე, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ფინანსური შესაბამისობისა და საკონსულო საქმისწარმოების შიდა აუდიტორული შემოწმება (შემდეგში: აუდიტორული შემოწმება). აუდიტს დაქვემდებარებულ პერიოდს წარმოადგენდა 2009 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე პერიოდი (ტ.1,ს.ფ. 38-89).

3. აუდიტორული შემოწმებისას ზიანის ანაზღაურების გაანგარიშება მოხდა შემოწმების პროცესში სალაროს გასავლის ორდერებისა (შემდეგში: სგო) და ხარჯების გაწევის პირველად დოკუმენტებს შორის არსებული სხვაობით, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში სგო-ების და შესაბამისი ხარჯის გაწევის პირველადი დოკუმენტების არარსებობის შესაბამისად.

3.1 2009 წლის პირველი კვარტლის ერთ-ერთი სგო-ით (სგო-ზე არ იკითხება თარიღი, ნომერი; ორდერი წარმოადგენს ცუდი ხარისხის ქსეროასლს) 4646.67 ევრო გაცემულია საელჩოს თანამშრომელზე ი.ს–ზე დელეგაციებისა და სტუმრების ვიზიტის ხარჯებისათვის. სგო-ზე არ არის ხელმძღვანელის ხელმოწერა. სგო-სთან ერთად ხარჯების გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარმოდგენილია მხოლოდ 2990 ევროზე. სხვაობა შეადგენს 1656.67 ევროს, ხოლო ისეთ შემთხვევაში, როდესაც არ არის წარდგენილი სგო-ები და ხარჯის გაწევის პირველადი დოკუმენტები, თანხის ოდენობა შეადგენს ჯამურად 706 ევროს. (იხ. სგო-ები, ჩეკები, საბუღალტრო ჩანაწერების ასლები, ანგარიშის ბარათები და აუდიტორული შემოწმების ანგარიში ტ.1,ს.ფ. 18-24; 28-80).

3.2 იმავე წლის პირველი კვარტლის ერთ-ერთი სგო-ით (სგო-ზე არ იკითხება თარიღი, ნომერი. ორდერი წარმოადგენს ცუდი ხარისხის ქსეროასლს) 1006 ევრო გაცემულია საელჩოს იმავე თანამშრომელზე საელჩოს ტელეფონებისა და თანამშრომლების მობილური ტელეფონების ხარჯებისათვის. სგო-ზე არ არის ხელმძღვანელის ხელმოწერა. სგო-სთან ერთად ხარჯების გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარმოდგენილია მხოლოდ 871 ევროზე. სხვაობა შეადგენს 135 ევროს.

3.3 იმავე პერიოდის ერთ-ერთი სგო-ით (სგო-ზე არ იკითხება თარიღი, ნომერი. ორდერი წარმოადგენს ცუდი ხარისხის ქსეროასლს) 673.61 ევრო გაცემულია საელჩოს თანამშრომელზე წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის. სგო-ზე არ არის ხელმძღვანელის ხელმოწერა. სგო-სთან ერთად ხარჯების გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარმოდგენილია მხოლოდ 616.21 ევროზე. სხვაობა შეადგენს 57.4 ევროს.

3.4 იმავე პერიოდის ერთ-ერთი სგო-ით (სგო-ს არ აქვს ნომერი, არ ეთითება თარიღი) 1400.98 ევრო გაცემული იქნა საელჩოს თანამშრომელზე, საელჩოს კომუნალური ხარჯებისათვის. სგო-ზე არ არის ხელმძღვანელის და თანხის მიმღების ხელმოწერა. სგო-სთან ერთად ხარჯების გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარმოდგენილია მხოლოდ 1290.08 ევროზე. სხვაობა შეადგენს 110.9 ევროს.

3.5 2009 წლის მეორე კვარტლის N27 სგო-ით 300 ევრო გაცემულია საელჩოს თანამშრომლებზე მობილური ტელეფონის ხარჯების დასაფარად. თანხის მიმღები სგო-ში დაფიქსირებული არ არის. სგო-ზე ელჩის ხელმოწერა დასმულია ფაქსიმილიეს საშუალებით. სგო-სთან ერთად ხარჯების გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის.

3.6 იმავე პერიოდის N33 სგო-ით 156 ევრო გაცემულია საელჩოს თანამშრომელზე (მძღოლი) ლ.ფ–ძეზე წიგნების შესაძენად. სგო-ზე არ არის ელჩის ხელმოწერა. სგო-სთან ერთად ხარჯების გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარმოდგენილია არ არის.

3.7 იმავე წლის 17 ივლისის N40 სგო-ით 250 ევრო გაცემულია საელჩოს თანამშრომელზე თანამშრომლების მობილური ტელეფონების ხარჯების დასაფარად. სგო-ზე არ არის ელჩის და მიმღების ხელმოწერა. სგო-სთან ერთად ხარჯების გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის.

4. სგო და ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები არ არსებობს 1021.75 ევროზე.

5. სარჩელის საფუძვლები

5.1 სამინისტრომ 2014 წლის 15 მაისს სარჩელი აღძრა ფინანსური მენეჯერის წინააღმდეგ, მოითხოვა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 3 689.72 ევროს ოდენობით (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1-3.7 ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტი).

5.2 მოსარჩელემ თავისი პრეტენზიები წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე დააფუძნა და დამატებით განმარტა, რომ მოპასუხე სამსახურეობრივ მოვალეობას არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად ასრულებდა, რამაც ზემოაღნიშნული ზიანის დადგომა გამოიწვია.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თანხები კონკრეტულ თანამშრომელზე გაიცემოდა, რის გამოც სწორედ აღნიშნული თანამშრომელი იყო ვალდებული დაებრუნებინა შესაბამისი დოკუმენტები. მოსარჩელემ უსაფუძვლოდ ჩათვალა, პირველადი დოკუმენტების მოუძიებლობის გამო, გაწეულ ხარჯებსა და არსებულ ნაშთს შორის სხვაობის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად მიჩნევა.

6.2 ფინანსური მენეჯერის განმარტებით, 2006 და 2009 წლის ოქტომბერში სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საელჩოს თემატური შემოწმება, რაც მოწმობს იმას, რომ სამინისტროსთვის იმთავითვე ცნობილი იყო იტალიის წმ. საყდართან საელჩოში საბუღალტრო საქმისწარმოების შესახებ. ამავე შემოწმების ფარგლებში, თემატური შემოწმების აქტში დარღვევა-ნაკლოვანებები დაფიქსირებული არ იყო.

6.3 მოპასუხის მითითებით, ზემოაღნიშნულთან ერთად მოთხოვნა ხანდაზმულიც იყო. ამასთან, საქმეში არ იყო წარდგენილი მტკიცებულება, რომ მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, რამაც ზიანი გამოიწვია. საერთოდ არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი ის, თუ ვისთან ინახებოდა პირველადი დოკუმენტები, ან შედგა თუ არა მიღება-ჩაბარების აქტები დოკუმენტების გადაცემის დროს.

6.4 ზემოაღნიშნულთან ერთად, მოპასუხემ ხაზი გაუსვა, რომ 2012 წლის 31 ოქტომბრის აუდიტორული შემოწმების ანგარიშთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც შეწყდა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დასკვნა იყო არა ადმინისტრაციული აქტი, არამედ სარეკომენდაციო ხასიათის აქტი, რაც, თავის მხრივ, არ საჩივრდებოდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-130-ე 317-ე, 394-ე და 992-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მითითება, არსებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

7.3 კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა (იხ. სსკ-ის 128-130-ე მუხლები). დადგენილია, რომ 2009 წლის ფინანსურ-საბუღალტრო საქმიანობის შემოწმება განხორციელდა 2012 წელს (აგვისტო-ოქტომბერი), რა დროსაც მოხდა მოსარჩელე მხარის მიერ ხარვეზების გამოვლენა. დადგენილია, რომ რაიმე სახის კანონისმიერი დანაწესი სავალდებულო ფინანსურ-საბუღალტრო შემოწმების პერიოდულობასთან დაკავშირებით დადგენილი არაა. საქმეზე თავად მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ თანამდებობაზე გამწესების მომენტისათვის შემოწმდა სწორედ 3-წლიანი შუალედით წინა პერიოდი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელი აღძრულია 2014 წლის 15 მაისს, შესაბამისად, სსკ-ის 129-ე, 130-ე მუხლების თანახმად დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაში.

7.4 სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება ვალდებულების შეუსრულებლობის და ზიანის დადგომის გამო მოპასუხისათვის - 3 687.73 ევროს დაკისრების თაობაზე.

7.5 საქართველოს ფინანსთა მინისტრის „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2007 წლის 28 დეკემბრის N 1321 ბრძანების (შემდეგში: ფინანსთა მინისტრის ბრძანება) მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამეურნეო მოვლენის ამსახველ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს ხელს აწერენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი (სხვა უფლებამოსილი პირი) და ბუღალტერი, ან მათი შემცვლელი პირები. ბანკის ჩეკებს, სალაროს გასავლის ორდერებსა და შრომის ანაზღაურების საანგარიშსწორებო-საგადამხდელო უწყისებს, ხელს აწერენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბუღალტერი და მოლარე ან მათი შემცვლელი პირები.

7.6 იმავე ბრძანების მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად პირველადი დოკუმენტები შედგენილ უნდა იქნეს სამეურნეო მოვლენის მოხდენის მომენტში, ხოლო, თუ ეს შეუძლებელია, უშუალოდ მისი დამთავრებისთანავე და ბუღალტერიას უნდა გადაეცეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

7.7 წინამდებარე შემთხვევაში საფინანსო-საბუღალტრო ნაკლოვანებების კუთხით მთავარი აქცენტი კეთდება სგო-ების შესაბამისად, ხარჯის გაწევის პირველადი დოკუმენტაციის არარსებობასთან და 1021.75 ევროს შემთხვევაში სგო-სა და ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობაზე. გასათვალისწინებელია მოსარჩელის განმარტება, რომ ზიანის გამოთვლისას არ უხელმძღვანელია ისეთი დოკუმენტებით, რომელსაც ელჩის ხელმოწერა ახლდა, ვინაიდან ეს ხელმოწერა, როგორც დოკუმენტის რეკვიზიტი, განიხილება მიზანშეწონილ და სასურველ და არა აუცილებელ რეკვიზიტად.

7.8 მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოში საბუღალტრო საქმისწარმოების პროცესში იყო ხარვეზები და ნაკლოვანებები - პირველადი დოკუმენტაციის დაგვიანებით და არასრულყოფილად წარდგენა ხდებოდა. საქმის განხილვის ეტაპზე, მოპასუხემ, დააზუსტა დასახელებული გარემოება და განმარტა, რომ პერიოდულობით მიდიოდა საელჩოში (რომელიც ელჩის სახლში იყო განთავსებული) დოკუმენტების მოსაძიებლად.

7.9 მოპასუხის განმარტებით, 2009 წლის კვარტალური ბალანსის შედგენისას ადგილზე იყო ყველა სგო და პირველადი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, ხოლო მოგვიანებით ასეთი დოკუმენტების მოუძიებლობა, არ შეიძლება მისი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. თავად მოპასუხე, დასახელებული დოკუმენტაციის მოუძიებლობას, გარკვეულწილად საელჩოს მისამართის შეცვლასაც უკავშირებს, რა დროსაც შესაძლებელია გაბნეულიყო სადავო მტკიცებულებები.

7.10 საქალაქო სასამართლოს შეფასებით დადგენილი იყო, რომ რაიმე სახის მიღება-ჩაბარების აქტი სადავო დოკუმენტების ერთი პირის მიერ მეორისათვის გადაცემის თაობაზე არ არსებობდა. ასევე, დადგენილი იყო, რომ 2009 წლიდან მოპასუხის ნაცვლად თანამდებობაზე სხვა პირები იყვნენ მივლინებულნი, შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან მხოლოდ დოკუმენტის უხარისხო ასლზე ან რაიმე დოკუმენტის არარსებობაზე მითითება ვერ გახდებოდა განსახილველ შემთხვევაში მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა.

7.11 სასამართლომ სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებულ მტკიცების ტვირთის პრინციპზე მითითებით „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“ განმარტა, რომ მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემტკიცებინა კონკრეტული დოკუმენტების კონკრეტულ მისამართზე არსებობის საკითხი, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ არ გააჩნდა აღნიშნული დოკუმენტაციის სათანადო წესით გადაცემის ვალდებულება. აღნიშნულის საპირწონედ კი, მხოლოდ 3 წლის შემდეგ ჩატარებული შემოწმებისას დოკუმენტის მოუძიებლობა, უპირობოდ ვერ გახდებოდა ვალდებულების სათანადოდ შეუსრულებლობისა და პასუხისმგებლობის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8.2 აპელანტის მტკიცებით სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას დარღვევით აწარმოებდა, რამაც საბიუჯეტო დაწესებულებას ზიანი მიაყენა.

8.3 როტაციის წესით მოპასუხის სამსახურიდან გამოწვევა და, მისი არყოფნა საელჩოში, გავლენას ვერ მოახდენდა შემოწმების ჩატარებისას აუდიტის მიერ დოკუმენტაციის მოძიებაში, რადგანაც აუდიტმა სრულად გამოიკვლია არსებული დოკუმენტაცია და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში არ აღმოჩნდა სგო-ები.

8.4 ის ფაქტი, რომ სამსახურიდან გათავისუფლებისას, მოპასუხეს კონკრეტული დოკუმენტების მიღება-ჩაბარების აქტებით გადაცემის ვალდებულება არ გააჩნდა, არ ათავისუფლებდა მას ასეთი დოკუმენტებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისგან. ამასთან, მიუხედავად ვალდებულების არარსებობისა, სურვილის შემთხვევაში, მოპასუხეს შეეძლო მოეთხოვა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება.

8.5 აპელანტის მტკიცებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს შეფასება, რომ სადავო ოპერაციების განხორციელებიდან 3 წლის გასვლის გამო, გაიზარდა დოკუმენტების დაკარგვის ალბათობა, და აღნიშნული საელჩოს შენობის შეცვლამ განაპირობა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

9.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

9.3 სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო პრეტენზიები და განმარტა, რომ მოპასუხის მხრიდან შრომითი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება ან ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.

9.4 სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა, აუდიტორული შემოწმების ჩატარების მომენტისათვის სალაროს გასავლის ორდერებისა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობა, წარმოადგენდა თუ არა ზიანის დადასტურებულად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებას, ხოლო ასეთის დადასტურების შემთხვევაში, რამდენად იკვეთებოდა მოპასუხის ბრალი დამდგარ ზიანში. სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა, სარჩელით განსაზღვრული წინაპირობები ადასტურებდა თუ არა მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობას.

9.5 სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე განმარტა, რომ მოპასუხის საფინანსო და ბუღალტრული საქმიანობა საელჩოში, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების დადგენილ ვადებში მოსარჩელისათვის წარდგენით შემოიფარგლებოდა.

9.6 მოპასუხე ვატიკანში მხოლოდ მივლინებით ჩადიოდა, კვარტალში ერთხელ, 7-დან 14 დღემდე ვადით. საელჩოს ბალანსისათვის მასალებს ამუშავებდა შესაბამისი კვარტლის დამთავრების შემდეგ, როდესაც ესა თუ ის ფინანსური ოპერაცია უკვე ჩატარებული იყო. მას არ გააჩნდა ფულის განკარგვის ავტორიზაცია და შესაბამისად, არ გააჩნდა საბანკო ან სალაროს ოპერაციებზე დაშვება. მოპასუხე უშუალოდ ელჩის მიერ დამუშავებულ და შემდეგ მისთვის გადაცემული პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე ადგენდა ბალანსს, რასაც ისევ ელჩს წარუდგენდა. ამასთან, პირველადი დოკუმენტაცია სრულად ინახებოდა უშუალოდ ელჩის კუთვნილ სახლში, რადგან საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან, სწორედ, ელჩის სახლში იყო განთავსებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული გარემოება, მოსარჩელის მიერ არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შედავებული არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მთავარ ბურალტერზე, საბანკო ფაქსიმილე არ ყოფილა დაშვებული და შესაბამისად, მას ნაღდი ფულის მიმოქცევის გაკონტროლების არც უფლება გააჩნდა და არც საშუალება. ამასთან, პირველადი დოკუმენტების ყოველდღიურ რეჟიმში შედგენას არა ფინანსური მენეჯერი, არამედ უშუალოდ ელჩი ახორციელებდა (წმინდა საყდრის შემთხვევაში), რომელიც მის მიერ შედგენილ პირველად დოკუმენტებს, გარკვეული პერიოდულობით, კვარტალური და წლიური ბალანსის შესადგენად მოპასუხეს გადასცემდა. ამდენად, ბუღალტერი ფულადი სახსრების განკარგვას არ ახორციელებდა.

9.7 მოპასუხის განმარტება, რომ სამუშაოს დასრულებისას, 2009 წლის კვარტალური ბალანსის შედგენისას, ყველა სგო და პირველადი დოკუმენტი ადგილზე იყო და მონაცემები რეალურად არსებული დოკუმენტების საფუძველზე შედგა, მოსარჩელის საპირისპირო შედავებით, არ გაქარწყლებულა (ვრცლად იხ. წინამდებარე განჩინების 6.2 და 7.8-7.10 ქვეპუნქტები).

9.8 სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით ყურადღება გაამხვილა მოსარჩელის მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე და განმარტა, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული პასუხისმგებლობა, დასახელებული სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით წარმოადგენს დელიქტურ ვალდებულებას, რომელიც, თავის მხრივ, არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და წარმოიშობა ზიანის მიყენების შედეგად.

9.9 სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლად დელიქტურ ვალდებულებას მიიჩნევდა, განმარტა, რომ მინისტრის კონკრეტული ბრძანებების საფუძველზე მოპასუხე დანიშნული იყო შესაბამის თანამდებობაზე, აღნიშნული გარემოება, მით უფრო სადავო საკითხის გათვალისწინებით, მხარეთა შორის არსებულ შრომით ურთიერთობაზე მიუთითებს, რაც გამორიცხავს რაიმე სახის დელიქტური ვალდებულების არსებობას.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად არ მიიჩნია მოპასუხის პასუხისმგებლობა სამინისტროს მიმართ დამდგარ ზიანში.

10.3 კასატორმა სარჩელის №10 დანართზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აღნიშნული დანართი 2009 წლის პირველი კვარტლის სალაროს წიგნს წარმოადგენს, რომელშიც წმინდა საყდართან არსებული ხარჯია მოცემული. დასახელებული დანართით დასტურდება ფინანსური მენეჯერის მიერ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, ხოლო სასამართლო უსაფუძვლოდ მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი მტკიცებულებების არარსებობაზე.

10.3.1. ციფრების რეალური ჯამი შეადგენდა 15 532.36 ევროს, ხოლო ფინანსურ მენეჯერს შეჯამებული აქვს 20 250.26 ევრო. გამოდის, რომ ნაშთი შეადგენდა - 4 750.36 ევროს, თუმცა, ბუღალტერს მხოლოდ 32.46 ევრო აქვს მითითებული.

10.4 კასატორის მტკიცებით, მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, სათანადოდ არ ამუშავებდა და არ ინახავდა ხარჯვის დამადასტურებელ პირველად დოკუმენტებს, აგრეთვე არასწორ მონაცემებს ასახავდა სალაროს წიგნში.

10.5 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ თავი აარიდა ფინანსური მენეჯერისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, მიუხედავად იმისა, რომ ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები იტალიის საელჩოსთან დაკავშირებით, არ არსებობდა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საელჩოს, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოსაგან განსხვავებით, ადგილმდებარეობა არ შეუცვლია.

10.6 ის გარემოება, რომ მოპასუხეს ნაღდი ფულის მიმოქცევის გაკონტროლების უფლება არ ჰქონდა, არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას.

10.7 კასატორმა პრეტენზია გამოთქვა გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მსჯელობაზე სამართლებრივ ნორმებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ფინანსური მენეჯერი ვალდებული იყო საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის, ფინანსური ოპერაციების, კვარტალური და წლიური ანგარიშების, სგო-ებისა და სალაროში არსებული ნაშთების ზუსტ აღრიცხვაზე, აღნიშნული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო კი სამინისტროს მიადგა ზიანი, რაც სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე სამინისტროსათვის მიყენებული ზიანია და უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ფინანსური მენეჯერის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რომელიც მისივე მტკიცებით არაჯეროვნად განხორციელდა, რის გამოც სამინისტროს მიადგა ზიანი. აღნიშნულის დასტურად კი კასატორი უთითებს მტკიცებულებებზე და იმ დანაკლის თანხაზე, რომლის გამოანგარიშებაც მოხდა სგო-ებისა და ხარჯის გაწევის პირველად დოკუმენტაციას შორის არსებული სხვაობით, ხოლო 1021.75 ევროსთან მიმართებით - შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გამო.

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ მოპასუხის ახსნა-განმარტებაზე, რომელიც მოსარჩელის მიერ შესაბამისი წესით დადასტურებული მტკიცებულებებით არ გაქარწყლებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2009 წლის კვარტალური ბალანსის შედგენისას ადგილზე იყო ყველა სგო და პირველადი დოკუმენტები, ხოლო შემდეგი პერიოდისათვის ამავე დოკუმენტების არარსებობა ვერ გახდებოდა მოპასუხის პასუხისმგებლობის საფუძველი, იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად ბუღალტერი, ყოველი კვარტლის ბოლოს მივლინებით მიდიოდა საელჩოში, და ყოველკვარტულ და წლიურ ბალანსს ადგენდა, ვერ მოახერხებდა ყოველდღიურად ან ფულადი სახსრების განკარგვას, ან ამავე სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტების შეგროვებასა თუ შენახვას. შესაბამისად, კასატორის მტკიცება კონკრეტული დანართების უზუსტობასთან დაკავშირებით ვერ გახდება მოპასუხის პასუხისმგებლობის საფუძველი, რადგანაც ბუღალტერი მისთვის გადაცემული დოკუმენტების მიხედვით ადგენდა ბალანსს.

18. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანების მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად პირველადი დოკუმენტები შედგენილ უნდა იქნეს სამეურნეო მოვლენის მოხდენის მომენტში, ხოლო, თუ ეს შეუძლებელია, უშუალოდ მისი დამთავრებისთანავე და ბუღალტერიას უნდა გადაეცეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

19. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ფინანსურ მენეჯერს არ გააჩნდა ნაღდი ფულის განკარგვის ავტორიზაცია ან დაშვება საბანკო და სალაროს ოპერაციებზე. ის, მხოლოდ ელჩის მიერ დამუშავებული დოკუმენტების საფუძველზე ადგენდა ბალანსს. ბუნებრივიცაა, რომ კვარტლის ბოლოს რამდენიმე დღით მივლინებულ ბუღალტერს ვერ ექნებოდა წვდომა ყოველდღიურად დახარჯულ ფულად სახსრებთან, ან ასეთი ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტებთან. ამასთან, პირველადი დოკუმენტების ყოველდღიურ რეჟიმში შედგენას ელჩი ახორციელებდა, რასაც ეს უკანასკნელი გარკვეული პერიოდულობით გადასცემდა მოპასუხეს. მინისტრის 2009 წლის 12 იანვრის №11 ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან სათანადო საბიუჯეტო ასიგნებების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხარჯვასა და ეფექტურად განკარგვაზე.

20. სადავო საკითხს წარმოადგენს, ეკისრებოდა თუ არა მოპასუხეს დოკუმენტების შენახვის ვალდებულება, მას შემდეგ, რაც აღარ წარმოადგენდა შესაბამის თანამდებობის პირს. მიუხედავად კასატორის მითითებისა (თუმცა კასატორიც აღიარებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის ვალდებულება სადავო დოკუმენტების გადაცემაზე არ არსებობდა), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ დასახელებული ვალდებულება მოპასუხეს გააჩნდა, არ წარუდგენია სასამართლოსთვის.

21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის პრეტენზიაზე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით. კასატორი განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხის მიერ სამსახურებრივად მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით მიადგა ზიანი, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სსკ-ის 992-ე მუხლზე. დასახელებული ნორმის მიხედვით ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. თუმცა, ზიანის დადგომის შემთხვევაში გასათვალისწინებელია პირველ რიგში ზიანის გამომწვევ მიზეზსა და დამდგარ შედეგს შორის კავშირის არსებობა, თავად ზიანის სახის განსაზღვრა და ზიანის მიმყენებელსა და დაზარალებულს შორის არსებული სამართლებრივი დამოკიდებულება.

22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე, მინისტრის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე იყო მივლინებული იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WEP) საქართველოს წარმომადგენლობის ჯერ მთავარ ბუღალტრად, შემდეგ ფინანსურ მენეჯერად (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი), შესაბამისად, რაიმე სახის დელიქტური ვალდებულების არსებობა მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი კავშირის, ურთიერთობის და კონკრეტული ვალდებულებების განაწილების პირობებში გამოირიცხება. მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა, რაც თავისთავად გამორიცხავს მხარეთა შორის დელიქტური ვალდებულების არსებობის შესაძლებლობას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან და ეს უკანასკნელი მოთხოვნის წარმოშობის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებს, თავის მხრივ, გამორიცხავს ზიანის დადგომას დელიქტის სახით (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი და 5.1 ქვეპუნქტი).

23. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დასაქმებულის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.

24. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული ნორმების მოხმობით განმარტავს, რომ მოვალეს ეკისრება პასუხისმგებლობა თუ დადგინდა, რომ მისი ქმედება ბრალეული/მართლსაწინააღმდეგო იყო და მოჰყვა ზიანი, ასევე, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

25. საკასაციო სასამართლო ზიანის დადგომასთან და მოპასუხის არაბრალეულობასთან დაკავშირებით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აუდიტორული შემოწმების ჩატარების მომენტისათვის სგო-ებისა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობა, ზიანის დადასტურებულად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. ამასთან, რომც დადგინდეს გარკვეული ზიანის დადგომის/არსებობის ფაქტი, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით აღნიშნული ვერ მიიჩნევა მოპასუხის ბრალეულ ქმედებად.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე