საქმე№ას-581-581-2018 12 ნოემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.დ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ვ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ვ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, აპელანტი) და მ.დ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე, კასატორი) შორის, 2016 წლის 25 ივლისს გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, იმავე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის მიემართა, ა.დ–ძის (შემდეგში: მოპასუხის მეუღლე, გამყიდველი) მიმართ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით და სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ მიღებული განჩინება, საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ წარედგინა უზრუნველყოფის ღონისძიების გასაუქმებლად და ამ უკანასკნელის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელს აღარ აღძრავდა. თავის მხრივ, მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას, რომელსაც მისი მეუღლე ხელმოწერით ადასტურებდა, რომ ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე /სკ ..../ აკრძალვის მოხსნის შემდეგ, მიწის ნაკვეთს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში ინვესტორზე გაასხვისებდნენ. ინვესტორი თანხას ჩარიცხავდა არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, რის შემდეგაც, თანხის ჩარიცხვის დღესვე, მოპასუხე მოსარჩელეს 4000 აშშ დოლარს გადაუხდიდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 12).
2. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 80-81, გადაწყვეტილება ს.ფ 145).
3. მოპასუხის მეუღლესა, (გამყიდველს) და შპს ,,ბ–ს“ (შემდეგში: მყიდველი) შორის, 2016 წლის 1 აგვისტოს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მყიდველმა გამყიდველისაგან შეიძინა ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონება /საკადასტრო კოდი ..../ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 15-24).
4. სარჩელის საფუძვლები
4.1 მოსარჩელემ სარჩელი აღძრა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მოპასუხის წინააღმდეგ და, მოითხოვა, ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 4000 აშშ დოლარის, 100 ლარის, მიყენებული ზიანისათვის - 250 აშშ დოლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური სესხის პროცენტის - 62.5 აშშ დოლარის გადახდა დაკისრებოდა.
4.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ 2016 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და გამარტივებული წარმოების წესით, მხარეთა შორის 2016 წლის 25 ივლისს გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარე, 4000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა, თუმცა მოპასუხემ მხოლოდ 102 ლარი გადაიხადა, რის საფუძველზეც აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა.
4.3 მოსარჩელის განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან, 2016 წლის 19 მაისს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და თვეში პროცენტის სახით 62.5 აშშ დოლარს იხდის. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში 250 აშშ დოლარის ზიანი მიადგა, ხოლო ყოველთვიურად - 62.5 აშშ დოლარის ზიანი ადგება.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არარსებული ვალდებულების გამო, მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველზე, მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გასხვისების აკრძალვა განხორციელდა. ამის გამო, მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველ კლიენტს კარგავდა და იძულებული გახდა, შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, თუმცა, მოსარჩელისათვის არაფერი ჰქონდა გადასახდელი.
5.2 მოპასუხემ აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების დროისათვის, მას სადავო თანხა გადახდილი ჰქონდა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით დასტურდება. ამასთან, მოსარჩელემ 2016 წლის 13 სექტემბერს შეადგინა ხელწერილი, რაც ადასტურებს მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებას.
5.3 მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე მის მარწმუნებელს დამატებით სთხოვდა აღსრულების ხარჯის გადახდას, რის გამოც, მისმა მარწმუნებელმა, 2016 წლის 29 აგვისტოს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში 102 ლარი გადაიხადა.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 329-ე, 330-ე, 394-ე, 412-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და დაადგინა, რომ სადავო არ იყო, რომ მოსარჩელემ, 2016 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და გამარტივებული წარმოების წესით მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის 4000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა, ასევე, 2016 წლის 16 სექტემბერს, მოსარჩელემ ხელწერილი შეადგინა, სადაც მიუთითა, რომ მოპასუხისა და მისი მეუღლისგან, ყველა თანხა მიღებული ჰქონდა და აღნიშნულის შემდეგ მათ მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია. ასევე, სადავო არაა, რომ დოკუმენტი ხელმოუწერელია. სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა დოკუმენტების საფუძველზე დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა, მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რა დროისათვისაც მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი საფასურის ნაწილი, ხოლო სხვა თანხის გადახდაზე მოპასუხემ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულება აღარ გააჩნდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2016 წლის 7 ოქტომბერს გადაწყვეტილება მიიღო - მოსარჩელეს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემაზე უარი ეთქვა.
6.3 საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელწერილი, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიად, სწორედ იმ დოკუმენტს წარმოადგენდა, რომელიც მოსარჩელის მიერ შესრულების მიღებას ადასტურდებდა, რაც მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია.
6.4 სასამართლომ სსკ-ის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე ,,მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზრაურება“ მითითებით განმარტა, რომ, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მოთხოვნა, ზიანის ანაზღაურების სახით, მოპასუხისათვის, თანხის დაკისრების ნაწილშიც.
7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
7.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7.2 აპელანტის განმარტებით, ხელწერილი იურიდიული შედეგის მომტან დოკუმენტად არ შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან ხელმოუწერელია და ის პროექტის სახით მომზადებული დოკუმენტია. საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ამ ხელწერილით თავისი ნება გამოხატა, რითაც, თითქოს მას რაიმე პრეტენზია აღარ გააჩნდა მოპასუხის მიმართ, არასწორი და უსაფუძვლოა.
7.3 აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ამით გამოწვეული ზიანის არსებობის დაუდასტურებლობა.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და აპელანტის (მოსარჩელის) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 4000 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟის - 659.1 ლარის გადახდა დაეკისრა.
8.2 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უდავოა, ხელწერილი პირადად აპელანტმა დაწერა, რომელიც ხელმოუწერელია.
8.3 სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, მოვალემ (მოპასუხემ) ვალდებულების შესრულების ფაქტი ვერ დაამტკიცა.
8.4 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შინაარსობრივად, სადავო ,,ხელწერილი“ კრედიტორის მიერ შედგენილი დოკუმენტია შესრულების თაობაზე, თუმცა, სსკ-ის 430-ე მუხლის თანახმად, ეს დოკუმენტი წერილობით უნდა შედგეს.
8.5სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 69 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით ,,გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა“ განმარტა, რომ წერილობით გამოვლენილი ნების ნამდვილობა ხელმოწერით უნდა დადასტურდეს. შესაბამისად, ხელმოუწერელ საბუთში ასახული ნება გამოვლენილად, ხოლო თავად საბუთი ნამდვილად არ მიიჩნევა.
8.6 სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის №ას-839-805-2016 განჩინებაზე მითითებით განმარტა, რომ ,,ზოგადი წესის თანახმად, წერილობითი გარიგების ნამდვილობა და მისთვის ორმხრივად/მრავალმხრივად მავალდებულებელი ძალის მინიჭება დასტურდება მხარეთა ხელმოწერით (იხ. სსკ-ის 69.3 მუხლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დოკუმენტში გამოვლენილი ნება არ წარმოადგენს გარიგების არსებითი პირობების თაობაზე მიღწეული შეთანხმების საგანს“.
8.7 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის (აპელანტის) ხელწერილით, ვალდებულების შესრულების ფაქტი არ დგინდება, ხოლო თავისი პოზიციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
8.8 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაში საუბარია არა მოვალის მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულებაზე, არამედ მხარეთა მორიგების თაობაზე. თავად საქმეშია უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადება წარდგენილი, რომლის საფუძველზეც განჩინებაა მიღებული და აშკარაა, რომ მასში აპელანტის პოზიცია შეცდომით აისახა.
8.9 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ აღებულ ვალდებულებას მაინცდამაინც მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხით რომ შეასრულებდა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. ეს გარემოება მოვალისათვის (მოპასუხისათვის) ვერანაირად იქნებოდა ცნობილი. გარდა ამისა, აპელანტის მიერ სააღსრულებო ბიუროსათვის გადახდილი 100 ლარი, მისივე განმარტებით, მოპასუხემ გადაიხადა.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 მოპასუხემ (მოვალემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9.2 კასატორმა სსკ-ის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით (იხ. წინამდებარე განჩინების 8.5 ქვეპუნქტი) განმარტა, რომ აღნიშნული წესი ხელმოწერის სავალდებულოობას, აუცილებლობას არ ითვალისწინებს. მასში საუბარია საკმარისობაზე, რაშიც იგულისხმება, რომ გარიგების ნამდვილობისათვის არაა აუცილებელი ინფორმაციული ხასიათის შინაარსის გადმოცემა ვალის არსებობის ან შეწყვეტის ფაქტის დასადასტურებლად. საკმარისია ფაქტის მითითება, რომ ვალდებულება შესრულებულია და ხელმოწერილია. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ხელწერილში მოსარჩელის სახელი და გვარია მითითებული და მოსარჩელის შედგენილია. დოკუმენტი ხელით შესრულებულია და არა ტექნიკური საშუალებით, რაზედაც აუცილებელი იქნებოდა ხელმოწერა, ვინაიდან ასეთი სახით შედგენილი ნებისმიერი დოკუმენტი ვერ იქნება სანდო, თუ არ იქნება ხელმოწერილი.
9.3 კასატორის განმარტებით, სსკ-ის 430-ე მუხლი განმარტავს კრედიტორის მიერ შესრულების მიღების დოკუმენტის რეკვიზიტებს, სადაც არსადაა მითითებული რომელიმე მხარის ხელმოწერის არსებობის აუცილებლობა. საკმარისია ვალის მოცულობის, მოვალის სახელისა და გვარის ან იმ პირის მითითება, ვინც ვალს იხდის. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინება (საქმე Nას-839-805-2016) ასახავს ორმხრივი და მრავალმხრივი წერილობითი გარიგების ნამდვილობისათვის მასზე მხარეების ხელმოწერების სავალდებულოობას და მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილ გარიგებაზე არ ვრცელდება.
9.4 კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) ხელწერილით ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი აღიარა და ამავე დროს ხელწერილი ხელში გადასცა, რაც იმას გულისხმობს, რომ კრედიტორმა შესრულება მოვალისაგან მიიღო. ხელწერილი არაა შედგენილი ტექნიკური საშუალებით, რომ საეჭვოდ მივიჩნიოთ.
9.5 კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მიერ მითითებულ მსჯელობას, რომ საქმეში არსებობს მოსარჩელის განცხადება არა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე, არამედ მხარეთა მორიგების თაობაზე, რაც არ ითვალისწინებს ვალდებულების შესრულებას და მიუთითებს, რომ გაუგებარია, მორიგებაში რატომ არ იგულისხმება, ვალდებულების შესრულების საფუძველზე მხარეებს შორის დავის დასრულება. ამასთან, აპელანტის მტკიცებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინებაში კრედიტორის (მოსარჩელის) პოზიცია შეცდომით აისახა და მიუთითებს, რომ, თუკი მოსარჩელე მორიგებაში ფულადი ვალდებულების შესრულებას არ გულიხსმობდა, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება რატომ არ გაასაჩივრა, რომელიც უკვე კანონიერ ძალაშია შესული.
9.6 კასატორის განმარტებით, მისი ოჯახისგან მოსარჩელემ 14 000 აშშ დოლარი მიიღო. მხარე სააღსრულებო ბიუროში გამარტივებული წარმოების გზით გადახდილი თანხის მიღებას ისევ ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო. მას სააღსრულებო ბიუროში, დაახლოებით 150 ლარამდე, მოტყუებით გადაახდევინეს, თითქოსდა სასამართლო დავებიდან გამომდინარე დარჩენილი ჰქონდა გადასახდელი თანხა, რომ სრულად დაფარულიყო ყოველგვარი დავალიანება.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ კრედიტორის მიერ შედგენილ ხელმოუწერელ დოკუმენტს იურიდიული ძალა გააჩნია და მასში გამოვლენილი ნება ნამდვილია.
18. საკასაციო სასამართლოს განმარტებით „ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა“ (იხ. სუსგ ას-988-1021-2011, 15.11.2011 წ.)
19. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორმა შეადგინა ხელწერილი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, თუმცა დოკუმენტი ხელმოუწერელია.
20. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე ,,გარიგების წერილობითი ფორმით არსებობისას საკმარისია გარიგების საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა“ მითითებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ ,,ზოგადი წესის თანახმად, წერილობითი გარიგების ნამდვილობა და მისთვის ორმხრივად/მრავალმხრივად მავალდებულებელი ძალის მინიჭება დასტურდება მხარეთა ხელმოწერით (იხ. სსკ-ის 69.3 მუხლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დოკუმენტში გამოვლენილი ნება არ წარმოადგენს გარიგების არსებითი პირობების თაობაზე მიღწეული შეთანხმების საგანს“ (იხ. სუსგ, #ას-839-805-2016, 06.03.2017წ.) .
21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება, მხოლოდ ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენის დროს მის ნამდვილობას უკავშირდება და მოსარჩელის მიერ ცალმხრივად გამოვლენილ ნებაზე არ ვრცელდება. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა. მათი კლასიფიკაცია ხდება მხოლოდ ნების გამოვლენათა რაოდენობის მიხედვით - რამდენი პირის ნებაზეა დამოკიდებული სამართლებრივი შედეგის დადგომა. შესაბამისად, მასზე ზემოაღნიშნული უზენაესი სასამართლოს განჩინება ვრცელდება ისევე, როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ გარიგებაზე. მოცემულ შემთხვევში, მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება არის ცალმხრივი და მისი ნების ნამდვილობისათვის საკმარისია გარიგების მონაწილე მხარის (კრედიტორის) ხელმოწერა, სამართლებრივი შედეგის მისაღებად, რაც ამ შემთხვევაში არ იკვეთება. შესაბამისად, კრედიტორის (მოსარჩელის) ნება გამოვლენილად არ მიიჩნევა და არ წარმოადგენს გარიგების არსებითი პირობების თაობაზე მიღწეული შეთანხმების საგანს.
22. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ხელით, ისე ტექნიკური საშუალებით შედგენილი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს, მასში გამოვლენილი ნების ნამდვილად მისაჩნევად. მხოლოდ კრედიტორის მიერ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით შედგენილი დოკუმენტი ხელმოწერის გარეშე არ წარმოშობს ვალდებულების შესრულების კანონიერ ვარაუდს. სსკ-ის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილში (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტში) სიტყვას „საკმარისია“ აქვს პირდაპირი მნიშვნელობა, რაც გულისხმობს იმას, რომ წერილობითი დოკუმენტი იძენს ძალას მხარეთა ხელმოწერით... უპირველეს ყოვლისა, ხელმოწერას აქვს ე.წ. დოკუმენტის დასრულების ფუნქცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ხელის მომწერი ხელმოწერით ასრულებს თავისი ნების გამოვლენას და შინაარსობრივად ადასტურებს მას. დოკუმენტის დასრულების ფუნქციაში იგულისხმება ასევე ის, რომ ხელი უნდა მოეწეროს დოკუმენტის ბოლოს, დოკუმენტის დასაწყისში ან რომელიმე გვერდზე ხელმოწერა არასაკმარისია დოკუმენტის ძალმოსილებისათვის...ხელმოწერას აქვს ასევე მიკუთვნებადობის ფუნქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელმოწერით უნდა დგინდებოდეს ნების გამომვლენი პირის ვინაობა და უზრუნველყოფილ იქნეს შინაარსის ნამდვილობა (ანუ ვის ეკუთვნის ხელმოწერა) - იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 69, ველი 13-15.
23. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ „ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (იხ. სუსგ # საქმე №ას-517-490-2014, 15.09.2014წ; შდრ. სუსგ # ას-1195-1115-2017, 27.10.2017 წ.).
24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინებაში, რომ აპელანტის პოზიცია შეცდომით აისახა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2015 წლის 25 ივლისის განცხადებით კასატორმა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მხარეები მორიგდნენ. ამ განცხადებაში მითითებულ მორიგების პირობებში იგულისხმება, მხარეთა შორის 2016 წლის 25 ივლისს შედგენილი შეთანხმების პირობები, რომლის შეუსრულებლობაა წინამდებარე სარჩელის წინაპირობა და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ აქედან გამომდინარეობს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ 2016 წლის 29 ივლისის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინებით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება დასტურდება. ამასთან, მიუთითებს, რომ მორიგების დროს მხარეები შეიძლება სხვა პირობებზე შეთანხმდნენ და სულაც არ არის სავალდებულო ემთხვეოდეს მანამდე არსებული შეთანხმების პირობებს.
25. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, სადავო თანხის გადახდის შესახებ მოპასუხის ვალდებულება წარმოშობილად, რომელი ვალდებულების შესრულების ფაქტობრივ გარემოებაზეც კასატორმა (მოპასუხემ) ვერც მიუთითა და ვერც დაადასტურა.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2.მ.დ–ძის (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 488,96 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 10 ივლისი), 70% – 342,27 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე