საქმე №ას-636-594-2017 20 დეკემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ზ.დ–მა 2012 წლის 21 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სს ”ს–ის” /საიდენტიფიკაციო ნომერი .../ (შემდეგში: საზოგადოება, საწარმო, სს) რეგისტრირებულ მონაცემებში ცლილებათა რეგისტრაცია, კერძოდ, აღნიშნული საწარმოს დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ცვლილებათა რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა: ა) 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული საზოგადოების აქციონერთა რიგითი კრების ოქმი N22, რომელიც ხელმოწერილია კრების თავმჯდომარის - თ.ი–ისა და კრების მდივნის - ზ.დ–ის მიერ და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 21 მარტს /სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 120289320/; ბ) 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N1, რომელიც ხელმოწერილია კ.მ–სა და ზ.დ–ის მიერ და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 21 მარტს /სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 120289379/; გ) 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N2, რომელიც ხელმოწერილია კ.მ–სა და თ.ი–ის მიერ და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 21 მარტს /სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 120285279/ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18-28).
2. საზოგადოების 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული აქციონერთა რიგითი N22 კრების ოქმი (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) შემდეგი შინაარსისაა: კრებას ესწრებოდა აქციონერთაგან საზოგადოების აქციათა 34,53328%-ის მფლობელი აქციონერის მ.კ–ის წარმომადგენელი ზ.დ., ის ამ კრებაზე წარმოადგენდა ასევე აქციათა 12,31775%-ის მფლობელ აქციონერს ე.შ–ს, ხოლო რაც შეეხება საზოგადოების აქციათა 5,15374%-ის მფლობელ აქციონერ ფ.კ–ძეს, ამ უკანასკნელს 2012 წლის 20 მარტის კრებაზე წარმომადგენელი წარმოადგენდა. კენჭისყრის შედეგად კრების თავმჯდომარედ არჩეული იქნა სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თ.ი., ხოლო მდივნად - ზ.დ.. კრებაზე წარმოდგენილი აქციონერების წარმომადგენელთა ერთსულოვანი მხარდაჭერით დამტკიცდა კრების დღის წესრიგი - პირველ საკითხად განისაზღვრა დირექტორის გათავისუფლება, ხოლო მეორე საკითხად - უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა.
3. კრებაზე წარმოდგენილ აქციონერთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლდა ნ.ბ–ძე (შემდეგში: სს-ის დირექტორი, მოსარჩელე), ხოლო დასახელებულ კანდიდატთაგან კრებაზე წარმოდგენილ აქციონერთა 100%-იანი მხარდაჭერით სს -ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ თ.ი. და ზ.დ., ხოლო მესამე წევრად, აქციონერთა 95%-იანი მხარდაჭერით, აღნიშნულ საბჭოში გამწესდა კ.მ. (იხ. ტ. 1, ს.ფ.19-22).
4. სს-ის 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N1 (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) შემდეგი შინაარსისაა: ზ.დ–ის, თ.ი–ის და კ.მ–ს მონაწილეობით განხილულ იქნა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი და, აღნიშნულ პირთა ერთსულოვანი მხარდაჭერით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კ.მ–სა და მის მოადგილედ თ.ი–ის არჩევის თაობაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 23-25).
5. სს-ის 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N2 (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) შემდეგი შინაარსისაა: ზ.დ–ის, თ.ი–ის და კ.მ–ს მონაწილეობით განხილულ იქნა სს-ის გენერალური დირექტორის დანიშვნის საკითხი და, აღნიშნულ პირთა ერთსულოვანი მხარდაჭერით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს-ის გენერალურ დირექტორად ზ.დ–ის დანიშვნის თაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 26-28).
6. უდავოა, რომ ზ.დ–ის 2012 წლის 21 მარტის განცხადებისა და მასზე თანდართული გარიგებების შესწავლის შედეგად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში: მოპასუხე, საჯარო რეესტრის სააგენტო, მარეგისტრირებელი ორგანო, აპელანტი ან კასატორი) 2012 წლის 22 მარტს მიიღო NB12038333/5 გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ განმცხადებელ ზ.დ–ს განუმარტა რეგისტრაციის დამაბრკოლებელ შემდეგი სახის გარემოებათა არსებობის თაობაზე: ”სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია სს-ის აქციონერთა რიგითი კრების ოქმი N22, რომლის საფუძველზეც არჩეულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ კრებას ესწრებოდა აქციონერების - მ.კ–ის, ე.შ–ის და ფ.კ–ძის მინდობილი პირი ზ.დ–ი, თუმცა, არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი. ასევე, წარმოდგენილ ოქმში არ არის მითითებული ახლად არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი). სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე საზოგადოების გენერალურ დირექტორად დაინიშნა ზ.დ., თუმცა, ოქმით არ არის განსაზღვრული მოქმედი დირექტორის ნ.ბ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლება. შესაბამისად ზ. დ–ის დანიშვნით საზოგადოებას ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორი პირი. ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს, სარეგისტრაციო განაცხადში უნდა მიეთითოს ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს, თუ ცალ-ცალკე. ასევე, წარმოდგენილ ოქმში არ არის მითითებული ზ. დ–ის პირადი ნომერი” (ციტატის დასასრული)“. ამ გარემოებებზე მითითებით მარეგისტრირებელმა ორგანომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და განსაზღვრა ვადა რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებათა აღმოფხვრისათვის (იხ. ს.ფ. ტ. 1, ს.ფ. 145-146).
7. ზ.დ–მა 2012 წლის 27 მარტს განმეორებით მიმართა განცხადებით
საჯარო რეესტრის სააგენტოს და, ამ ორგანოს 2012 წლის 22 მარტის NB12038333/5
გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა შემდეგი გარიგებები: ა) ისევ 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული საზოგადოების აქციონერთა რიგითი კრების ოქმი N22, რომელსაც ხელს აწერენ კვლავ თ.ი. და ზ.დ. და ამჯერად მათი ხელმოწერების ნამდვილობა ნოტარიულად დამოწმდა 2012 წლის 26 მარტს /სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 120311784/; ბ) ისევ 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N1, რომელსაც, იგივე თარიღისა და ნომრის ოქმისაგან განსხვავებით, სხდომის მდივნის სტატუსით ამჯერად ხელს აწერს თ.კ. და ოქმზე ხელმომწერ პირთა ნამდვილობა იგივე ნოტარიუსმა დაამოწმა 2012 წლის 27 მარტს /სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 120314768/; გ) ისევ 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N2, რომელსაც, ამჯერად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით, კ.მ–თან და, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით, თ.ი–თან ერთად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით ხელს აწერს თ.კ. ამ პირთა ხელმოწერების ნამდვილობა ნოტარიულად დაამოწმა ნოტარიუსმა 2012 წლის 27 მარტს და მიენიჭა სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 120314733 (იხ. ტ. 1, ს.ფ. 89-90, 108-119, 147-148).
8. სს-ის 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული აქციონერთა რიგითი კრების ოქმი N22, რომელსაც ხელს აწერენ კვლავ თ.ი. და ზ.დ. და ამჯერად მათი ხელმოწერების ნამდვილობა ნოტარიულად დამოწმდა 2012 წლის 26 მარტს /სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 120311784/, გარდა ცალკეული შინაარსობრივი განსხვავებისა, არსებითად განსხვავდება იგივე თარიღისა და იგივე ნომრის იმავე სს-ის აქციონერთა კრების ოქმისაგან გარიგებითი მნიშვნელობის შინაარსითაც. მაგალითად, თუ პირველ შემთხვევაში (იგულისხმება 2012 წლის 21 მარტს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, 120289320 სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერის მქონე ოქმი -იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) სს-ის აქციონერთა კრებამ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად აირჩია ზ.დ., თ.ი. და კ.მ., მეორე შემთხვევაში, 2012 წლის 26 მარტს იმავე ნოტარიუსის მიერ დამოწმებული 120311784 სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრის მქონე ოქმის საფუძველზე, სს-ის აქციონერთა კრებამ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად აირჩია თ.კ., თ.ი. და კ.მ., ე.ი მეორე შემთხვევაში ზ.დ. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არ არჩეულა, მის ნაცვლად საბჭოს წევრის ადგილი დაიკავა თ.კ–მა (იხ. ტ.1, ს.ფ. 19-22, 115-119).
9. უდავოა, რომ არსებითი განსხვავებაა 2012 წლის 20 მარტით დათარიღებულ სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს ერთი და იმავე ნომრის - N 1 ოქმებს შორის. მაგალითად, თუ პირველ შემთხვევაში (იგულისხმება 2012 წლის 21 მარტს დამოწმებული და 120289379 სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის მქონე ოქმი) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ამ საბჭოს წევრების სტატუსით ესწრებოდნენ და გადაწყვეტილება მიიღეს ზ.დ–მა, თ.ი–მა და კ.მ–მა, მეორე შემთხვევაში (იგულისხმება 2012 წლის 27 მარტს დამოწმებული და 120314768 სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის მქონე ოქმი) იგივე დღეს ჩატარებულ სხდომას სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სტატუსით ესწრებოდნენ და გადაწყვეტილება მიიღეს თ.კ–მა, თ.ი–მა და კ.მ–მა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-25, 112-114).
10. ფაქტობრივი და შინაარსობრივი თვალსაზრისით, არსებითი განსხვავებაა 2012 წლის 20 მარტით დათარიღებულ სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს ერთი და იგივე ნომრის მქონე - N2 ოქმებს შორის. მაგალითად, თუ პირველ შემთხვევაში (იგულისხმება 2012 წლის 21 მარტს დამოწმებული და 120285279 სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის მქონე ოქმი) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ამ საბჭოს წევრების სტატუსით ესწრებოდნენ და დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთადერთ საკითზე - სს -ის გენერალური დირექტორის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს ზ.დ–მა, თ.ი–მა და კ.მ–მა; მეორე შემთხვევაში (იგულისხმება 2012 წლის 27 მარტს დამოწმებული და 120314733 სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის მქონე ოქმი) იგივე დღეს სხდომას სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სტატუსით ესწრებოდნენ და, განსხვავებული დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, რომელიც ამჯერად ითვალისწინებდა ჯერ მოქმედი გენერალური დირექტორის (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) გათავისუფლებას და შემდეგ ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნას, გადაწყვეტილება მიიღეს თ.კ–მა, თ.ი–მა და კ.მ–მა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 26-28, 108-111).
11. უდავოა, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე წინააღმდეგობებისა და აშკარა შეუსაბამობების მიუხედავად, საჯარო რეესტრის სააგენტომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 22 მარტის NB12038333/5 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი) აღმოფხვრილი. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2012 წლის 28 მარტის NB12038333/7 გადაწყვეტილებით განაახლა სარეგისტრაციო წარმოება, იმავე დღეს მიიღო NB12038333/8 გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ბ–ძის ნაცვლად სს-ის გენერალური დირექტორად დაარეგისტრირა ზ.დ. და, ამ ცვლილების გათვალისწინებით, 2012 წლის 28 მარტს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან გასცა ამონაწერი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 151-152).
12. უდავოა, რომ ნ.ბ–ძემ 2012 წლის 27 აპრილს საჯარო რეესტრის სააგენტოს მიმართა საჩივრით და მოითხოვა ზემოხსენებული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2012 წლის 28 მარტს რეგისტრაციის შესახებ მიღებული NB12038333/8 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. არც ის გარემოებაა სადავო, რომ 2012 წლის 25 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება N80510, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ხსენებული საჩივარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 153-157, 183-187).
13. სარჩელის საფუძვლები
13.1. ნ.ბ–ძემ (იხ. მე-3 პუნქტი) ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სარჩელი აღძრა მოპასუხეების: 1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და 2) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ივლისისა და იმავე წლის 7 ნოემბრის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ: ზ.დ–ი, თ.ჩ–ძე, მ.კ–ი, ე.შ–ი და ფ.კ–ძე.
13.2. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 28 მარტის NB12038333/8 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის N80510 გადაწყვეტილების (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი) ბათილად ცნობა (იხ. ნ. ბ–ძის ადმინისტრაციული სარჩელი - ტ.1, ს.ფ.1-16).
13.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მარტის განჩინებით ზემოხსენებული სარჩელი განსჯადობის წესით განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ დასაბუთებით, რომ განსახილველი დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და რადგან მოსარჩელე ითხოვდა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანას; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სამეწარმეო საქმიანობა კერძოსამართლებრივი საქმიანობაა, სამეწარმეო ურთიერთობების მონაწილეებს, როგორც კერძოსამართლებრივი ბრუნვის სუბიექტებს, შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი მოქმედება, ამასთან, დასახელებული სპეციალური კანონის 46.3 მუხლის მიხედვით, შპს-ს პარტნიორებს უფლება აქვთ გაასხვისონ თავიანთი წილი (მიმოქცევადი უფლება) საზოგადოების კაპიტალში. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავა კერძოსამართლებრივი ხასიათის იყო, იგი განსჯად სასამართლოს უნდა განეხილა (იხ. განჩინება- ტ.2, ს.ფ.185-190).
14. მოპასუხეთა შესაგებელი
14.1. მოპასუხეებმა - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ არ ცნეს მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
15. მესამე პირის პოზიცია
15.1. მესამე პირთაგან (იხ. ამ განჩინების 13.1. ქვეპუნქტი) არც ერთს არ წარუდგენია საკუთარი წერილობითი მოსაზრება სარჩელთან დაკავშირებით, თუმცა დავის პროცესში, სს-ის, ფ.კ–ძის, ზ.დ–ი და თ.ჩ–ძის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ამ პირთა ნება და მხარი დაუჭირეს სარჩელის დაკმაყოფილებას; მესამე პირთაგან მ.კ–ს არც დავის ზეპირ განხილვაში მიუღია მონაწილეობა (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.2, ს.ფ. 368).
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა:
16.2. ბათილად იქნა ცნობილი:
16.2.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 28 მარტს მიღებული NB12038333/8 გადაწყვეტილება;
16.2.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 მაისს მიღებული N80510 გადაწყვეტილება ნ.ბ–ძის ადმინისტრაციული საჩივრის (იხ. ამ განჩინების მე-12 პუნქტი) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
17. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
17.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
17.1.1. 2012 წლის 21 მარტს სამსახურს წარედგინა ზ.დ–ის N312038333 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საზოგადოების (ს/კ ....) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. სამსახურს წარედგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“ 20.03.2012წ. N73-589, N73-591 და M73-538 ამონაწერები რეესტრიდან; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 თებერვლის განჩინების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (საქმეზე M2/7985-11); სს -ის აქციონერთა რიგითი კრების 20.03.2012წ. N22 ოქმი, დამოწმებული სანოტარო წესით (21.03.2012წ. №120289320); სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი 20.03.2012წ. M2, დამოწმებული სანოტარო წესით (21.03.2012წ. M12028529); სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი 20.03.2012წ., დამოწმებული სანოტარო წესით (21.03.2012წ. №120289379); განცხადება ელექტრონული ფოსტის რეგისტრაციის შესახებ;
17.1.2. სამსახურის 2012 წლის 22 მარტის N312038333/5 გადაწყვეტილებით - ხარვეზის დადგენის შესახებ - სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს განემარტა ის გარემოებები, რაც წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტშია ასახული;
17.1.3. საქმეში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, კერძოდ, საზოგადოების წესდების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საზოგადოების დირექტორატის წევრი. დაინტერესებულ პირს განემარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე–2 პუნქტი და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. ამასთან, მიეთითა, რომ 2012 წლის 21 მარტს ნოტარიუს ლ.გ–ას მიერ დამოწმებულია სასამართლო განჩინების ფოტოასლის იდენტურობა მის დედანთან, თუმცა, დოკუმენტი არ არის ბეჭედდასმული ნოტარიუსის მიერ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე–14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ნოტარიუსის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული სანოტარო მოქმედების დასამოწმებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს ეცნობა, რომ 30 კალენდარული დღის ვადაში დამატებით წარსადგენი იყო კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია;
17.1.4. სამსახურს 2012 წლის 27 მარტს წარედგინა ზ. დ–ისა და კ. მ–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 თებერვლის განჩინების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (საქმეზე M2/7985–11); მ.კ–ისა და ე.შ–ის მიერ ზ.დ–ზე გაცემული მინდობილობები; ფ.კ–ძის მიერ თ.კ–ზე გაცემული მინდობილობა; სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი 20.03.2012წ. №2, დამოწმებული სანოტარო წესით /27.03.2012წ. №120314733/; სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი 20.03.2012წ. ML დამოწმებული სანოტარო წესით /27.03.2012წ. M1203I4768/; სს-ის აქციონერთა რიგითი კრების 20.03.2012წ. M22 ოქმი, დამოწმებული სანოტარო წესით /26.03.2012წ. M120311784/;
17.1.5. სამსახურის 28.03.2012წ. N312038333/7 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, ხოლო რეგისტრაციის შესახებ M512038333/8 გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა სს საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, გენერალურ დირექტორად დარეგისტრირდა ზ.დ–ი;
17.2. აღნიშნული გადაწყვეტილება 2012 წლის 27 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა. სამსახურის მიერ განხილული იქნა ნ. ბ–ძის (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) ადმინისტრაციული საჩივარი და, მასზე თანდართული და სარეგისტრაციო სამსახურში არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება M80510 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
17.2.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო ამ კანონით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დადგენილ გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს. საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;
17.2.2. აპელანტის მტკიცებით, 2012 წლის 21 მარტს წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა სს-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის პირობებს. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ პირს მოეთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა;
17.2.3. განმცხადებლის მიერ 2012 წლის 27 მარტს დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციით სრულად აღმოიფხვრა # 312038333/5 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ;
17.2.4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის # 31241 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის (შემდგომში – ინსტრუქცია) მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ან/და შეიცავს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას. ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი რეგისტრაციას განმარტავს, როგორც სამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრირებულ მონაცემებსა და სარეგისტრაციო დოკუმენტებში ცვლილების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;
17.2.5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება (პირველი პუნქტი); საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (მე-2 პუნქტი);
17.2.6. სს-ის აქციონერთა 20.03.2012წ. #22 რიგითი კრების ოქმის (26.03.2012წ. M120311784) თანახმად, კრებას ესწრებოდა მ.კ. (წარმომადგენელი ზ.დ.) - აქციათა 34.533289/0, ე.შ. (წარმომადგენელი ზ.დ.) - აქციათა 12.31.775% და ფ.კ–ძე (წარმომადგენელი თ.კ.) აქციათა 5.15374%· ამდენად, კრებას ესწრებოდა აქციონერთა საერთო რაოდენობის 52.00477%. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე კანონის 54–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია ხმების ნახევარზე მეტის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). სს-ის 2006 წლის 13 ოქტომბრის (ცვლილება შევიდა 2007 წლის 22 ოქტომბერს) წესდების 5.6 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას - მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი - გენერალური დირექტორი. მათი არყოფნისას, კრების თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება. 20.03.2012წ. #22 რიგითი კრების ოქმის (26.03.2012წ. M120311784) თანახმად, კრების თავმჯდომარედ არჩეული იქნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - თ.ი., რაც შეესაბამება საზოგადოების წესდების მოთხოვნებს;
17.2.7. საზოგადოების წესდების 5.7 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის ნახევრის მფლობელები მაინც. აქედან გამომდინარე, კრება უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილება. წესდების 5·8 პუნქტის მე–6 ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო კრება უფლებამოსილია აირჩიოს აქციონერთა წარმომადგენლები სამეთვალყურეო საბჭოში ან/და გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან. გადაწყვეტილების მისაღებად კი საჭიროა ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის 2/3-ზე მეტის შესაბამისი აქციების მფლობელთა ხმა. სს-ის 20.03.2012წ. #22 რიგითი კრების ოქმის (26.03.2012წ. M120311784) თანახმად, არჩეულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა (1. თ.კ., 2. თ.ი., 3. კ.მ.), რასაც მხარი დაუჭირა დამსწრე კაპიტალის აქციონერთა 100%–მა;
17.2.8. სს-ის 20.03.2012წ. N2 რიგითი კრების ოქმი (26.03.2012წ. M120311784) ხელმოწერილია კრების თავმჯდომარის – თ.ი–ისა და მდივნის – ზ.დ–ის მიერ, რაც შეესაბამება საზოგადოების წესდების 5.6 პუნქტსა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს;
17.2.9. სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს 20.03.2012წ. სხდომის ოქმით (27.03.2012წ. 120314768) საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა კ.მ., ხოლო მოადგილედ – თ.ი., რაც სრულ შესაბამისობაშია საზოგადოების წესდების 6.4 (სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეს), 6·6 (სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა ნახევარზე მეტი) და 6.7 (საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს გამოცხადებულ ან წარმოდგენილ წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით) პუნქტებთან;
17.2.10. სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს 20.03.2012წ. N2 სხდომის ოქმით (27.03.2012წ. 181120314733) საბჭომ ერთხმად (სხდომას ესწრებოდა სამივე წევრი) გაათავისუფლა ნ.ბ–ძე (მოსარჩელე) გენდირექტორის თანამდებობიდან და მას ჩამოართვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ასევე, სს-ის გენ.დირექტორის თანამდებობაზე ერთხმად დაინიშნა ზ.დ., რაც შეესაბამება საზოგადოების წესდების 6.6, 6.3, 11.1 პუნქტებს (ყველა საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე წესდებით, წყდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად) და შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55–ე მუხლის მე–7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს და ნებისმიერ დროს გამოიწვევს დირექტორებს) მოთხოვნებს;
17.2.11. მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილ აქციონერთა კრების ოქმში მითითებულია, რომ კრება ჩატარდა 2012 წლის 20 მარტს, ქ. თბილისში, ......, როგორც ეს განსაზღვრული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების შესაბამისად. მოპასუხის # 312038333/8 გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებულ ამონაწერში აისახა სამსახურში წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები;
17.2.12. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამასთან, სააქციო საზოგადოების საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლო წესით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ვადებში;
17.3. ზემოაღნიშნული დასაბუთებიდან გამომდინარე, მოპასუხის მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
18.2. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის უდავოდ დადგენილ ფაქტებზე მიუთითა, დეტალურად იმსჯელა ერთი და იმავე თარიღით გაფორმებულ სს-ის კრების ოქმებზე, რომლებიც ფაქტობრივი და შინაარსობრივი თვალსაზრისით არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან და მოპასუხის სააპელაციო საჩივრის უარყოფის სამართლებრივი დასაბუთებისას გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი,”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
18.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგში – მარეგისტრირებელი ორგანო). ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. ამგვარი რეგისტრაციის სავალდებულო ხასიათს განაპირობებს ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ნორმის შინაარსი. ამ ნორმის თანახმად, მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. გარდა ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის დასახელებული ნორმებისა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პრინციპებს, მის არსს და შესაბამისად, ამგვარი რეესტრის წარმოებაზე კომპეტენციის მქონე მარეგისტრებელი ორგანოს პასუხისმგებლობის მნიშვნელობას განსაზღვრავს ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი. ამ კანონის 201-ე მუხლის 1-4 პუნქტების თანახმად: 1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები; 2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სუბიექტის რეგისტრაციის საფუძვლები და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 3. სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან; 4. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე, გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის რეგისტრაციისა, მასში ცვლილებისა ან მისი შეწყვეტისა;
18.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ გავითვალისწინებთ ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ანალოგიურ დანაწესთა შინაარსს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ, მათ შორის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც არასწორად რეგისტრირებული მონაცემი ითვლება სწორად, ვიდრე კანონით დადგენილი წესით არ დადასტურდება უსწორობა - არასწორი მონაცემის განმაპირობებელი გარიგება ან თავად რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი, ცხადი ხდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გულისხმიერებისა და სკურპულუზურულობის მასშტაბურობა სამეწარმეო რეესტრის წარმოებისას;
18.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. ამ ზოგადი დანაწესის გარდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სტრუქტურაში მოქმედ სამსახურს სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული იმ ინსტრუქციით, რომელიც განსაზღვრავს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეგისტრაციის წესს. ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტები გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში მათი კანონიერების შესწავლის მიზნით. ხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების კანონიერების შესწავლის მიზნით სამართალდამცავი ორგანოსათვის მიმართვის საფუძვლით სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლის აღმოფხვრამდე. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს ვალდებულება, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ეჭვი შეიტანოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის კანონიერებაში, ამ ეჭვის დადასტურების ან გაქარწყლების მიზნით კი, საეჭვო დოკუმენტები შესასწავლად გადასცეს სამართალდამცავ ორგანოს და საკითხის გარკვევამდე შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება;
18.6. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო ხარვეზის დადგენის შემდეგ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი აქციონერთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების ოქმები, რომლებიც მსგავსად პირველად წარდგენილი აქციონერთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების ოქმებისა, დათარიღებულია 2012 წლის 20 მარტით და იმავდროულად ფაქტობრივი თვალსაზრისითა და სამართლებრივი მნიშვნელობით (გარიგებითი შედეგებით) განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ ხარვეზის დადგენის შემდეგ წარდგენილი ოქმები მხოლოდ ხელახლა მოწვეული აქციონერთა კრების თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების შედეგები უნდა ყოფილიყო და 2012 წლის 20 მარტს მათი შედგენა შეუძლებელი იყო, შესაბამისად, ამ ოქმებში გადმოცემული ფაქტობრივ გარემოებებს ადგილი ვერ ექნებოდა 2012 წლის 20 მარტს. ასეთ ვითარებაში მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ განმეორებით (ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით) წარდგენილი დოკუმენტები არ ასახავდნენ რეალობას. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამგვარი დასკვნის გაკეთება უფრო მეტი დამაჯერებლობით შესაძლებელი იყო ნ.ბ–ძის (მოსარჩელის) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, თუმცა, ამჯერადაც მარეგისტრირებელმა ორგანომ ვერ გამოიჩინა ელემენტარული გულისხმიერება და სრულიად უსაფუძვლოდ უარჰყო საჩივრის გონიერი და სამართლებრივად გამართული გადაწყვეტა;
18.7. მოპასუხე მხარე სარჩელის უარმყოფელი პოზიციის გასამყარებლად იშველიებს ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ნორმას. ამ ნორმის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი ნამდვილად ვერ იქნებიან პასუხისმგებელი იმ ტიპის ბათილი გარიგებების საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემებით დამდგარი ზიანისათვის, რომელთა ბათილობის (არანამდვილობის) განმაპირობებელ გარემოებათა აღქმა განსაკუთრებულ კვლევას, მაგალითად, საგამოძიებო მოქმედებებს ან სასამართლოში დავის განხილვას მოითხოვს, მაგრამ მაშინ, როდესაც დოკუმენტის სიყალბეზე ვარაუდი, ელემენტარულად, დროის აღქმის სიცხადითაა გამყარებული, ვერც მარეგისტრირებელი ორგანო და ვერც მისი თანამშრომელი დააღწევენ თავს პასუხისმგებლობას. სასამართლოს შეფასებით, სწორედ ამას გულისხმობს აღნიშნული ნორმის მეორე წინადადება, რომლითაც მარეგისტრირებელ ორგანოს და მის თანამშრომელს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაზე. მოცემული შემთხვევისათვის ეს ნორმა, ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, მარეგისტრირებელ ორგანოს და მის კონკრეტულ თანამშრომელს ავალდებულებდა საზოგადოების მიერ თავდაპირველად წარდგენილი ოქმები და ხარვეზის დადგენის შემდეგ წარდგენილი ოქმები შეედარებინა ერთმანეთისათვის, რაც მოპასუხე მხარეს გაუჩენდა რწმენას, რომ 2012 წლის 20 მარტს შეუძლებელი იყო ჩატარებულიყო სხვადასხვა შინაარსისა და დღის წესრიგის აქციონერთა საერთო კრებები თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები. ამგვარი შედარების შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო დარწმუნდებოდა, რომ თავდაპირველად წარდგენილი, 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული ოქმებისათვის დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით არ მოწვეულა ახალი აქციონერთა საერთო კრება და ხელახლა არ გამართულა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები;
18.8. ზემოხსნებული მსჯელობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ამ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას არ მოქმედებდნენ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებით ნაკარნახევი გულისხმიერების ფარგლებში, რამაც განაპირობა არანამდვილი (ბათილი) გარიგებების საფუძველზე საზოგადოების გენერალური დირექტორის ნ.ბ–ძის (მოსარჩელის) ნაცვლად ზ.დ–ის რეგისტრაცია სს-ის დირექტორად. ამგვარი რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები, კი მათი კანონსაწინააღმდეგობის გამო, ბათილია.
18.9. ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”თ” პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს: საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა. კანონის მე-51 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინი „დაინტერესებული პირი“ ამ კანონში გამოიყენება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთი შეხედვით, საზოგადოების წესდების და სარეგისტრაციო კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად, ცვლილების რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო ორგანოს მიერ ხარვეზის დადგენამდე და, მის შემდეგ, ხარვეზის გამოსწორებისათვის წარდგენილი დოკუმენტები, რომლითაც შესაბამისობაში მოვიდა წინა დოკუმენტებით დაშვებული საწესდებო პრინციპებთან და სარეგისტრაციო კანონით დადგენილ პირობებთან შეუსაბამობები, საფუძველი უნდა იყოს მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებისათვის.
19.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დავის საგნიდან გამომდინარე სადავო გადაწყვეტილებების ბათილობისადმი იურიდიული ინტერესი გააჩნია მოსარჩელეს (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი), რომელიც ზემოთ მითითებული ოქმების თანახმად, როგორც ირკვევა, სს-ის დირექტორს წარმოადგენდა, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან საზოგადოების სადავო კრების ოქმების საფუძველზე და დირექტორის უფლებამოსილებით აღიჭურვა სხვა პირი - ზ.დ–ი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქმეში წარდგენილი ორივე ვარიანტის ოქმების თანახმად, მოსარჩელე საზოგადოების კრებებს არ ესწრებოდა. რეგისტრაციისათვის წარდგენილია ერთი და იგივე საკითხთან დაკავშირებული ერთი და იმავე თარიღისა და ერთი და იგივე პიროვნებების მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტები, რომელთა შორის მნიშვნელოვანი განსხვავება და ცვლილებებია; თუმცა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ერთი და იგივე სარეგისტრაციო დოკუმენტებში განსხვავებული მონაცემების ასახვის კანონიერება გაურკვეველი დარჩა. ფაქტია, რომ სარეგისტრაციო სამსახური არ დაინტერესებულა დოკუმენტების ტრანსფორმაციის საფუძვლით, ოქმებში შეტანილი ცვლილებების კანონშესაბამისობით;
19.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ (სადავო გადაწყვეტილების მიღების პერიოდის და დღეის მდგომარეობით მოქმედი) საქართველოს კანონის მე-3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, ინსტრუქციის მიზანია სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის სამართლებრივი და პროცედურული საკითხების განსაზღვრა, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, საჯარო ინფორმაციისა და სხვა მონაცემების შემცვლელი დოკუმენტების შინაარსის, ფორმებისა და ტექნიკური პირობების დადგენა, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ადმინისტრაციული წარმოებებისა და ინფორმაციის გაცემის რეგულირება. ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სააგენტო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე;
19.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მმართველობითი ღონისძიების მატერიალური კანონშესაბამისობის აღიარება პერსპექტიულია კანონისმიერი იმ ვალდებულების ეფექტიანად გამოყენების წარმოჩენით, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღება დააყრდნოს საკითხის სრულყოფილ შესწავლას და გამოკვლევას (მმართველობითი ღონისძიების ფორმალური კანონიერება). მოსარჩელე მხარე სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობაზე უთითებს იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა ერთი და იგივე დოკუმენტები სახეცვლილი ვარიანტებით, შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით, მარეგისტრერებელი ორგანოს მიერ განხორციელებული რეგისტრაცია ყალბ დოკუმენტებს დაეფუძნა;
19.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიები სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილების კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ (სადავო გადაწყვეტილების მიღების პერიოდის და დღეის მდგომარეობით მოქმედი) საქართველოს კანონის მე-3.6 მუხლის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების მისეული ინტერპრეტაციით. სასამართლომ განმარტა, მოხმობილი ნორმითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ინსტრუქციის 10.11 მუხლით პასუხისმგებლობის არიდება განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობის გამო, არ მოიცავს და არ ფარავს ამავე ნორმატიული აქტებით მითითებულ მუხლებში გაწერილ შემდეგი შინაარსის პირობებს: ,,ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე და ,,ინსტრუქციის მიზანია სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოებისა ... სამართლებრივი და პროცედურული საკითხების განსაზღვრა, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ..... და სხვა მონაცემების შემცვლელი დოკუმენტების შინაარსის, ფორმებისა და ტექნიკური პირობების დადგენა...“. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული დათქმები წარმოაჩენს სარეგისტრაციო სამსახურების პასუხისმგებლობის ფარგლებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობის თუ მათი შინაარსის ადეკვატურობის და კანონშესაბამისობის მიმართ გამიჯვნით;
19.5. მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ერთი და იგივე დოკუმენტების (საზოგადოების კრების ოქმები) ორი ვარიანტი, რომელთა საფუძველზე საწარმოს დირექტორი - ნ.ბ–ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დირექტორად დაინიშნა ზ.დ–ი, ნ.ბ–ძე არც ერთ კრებას არ დასწრებია. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტა იმის გარკვევის გარეშე, თუ რა ლეგიტიმური საფუძვლით განხორციელდა ერთი და იგივე სარეგისტრაციო დოკუმენტების ტრანსფორმირება, ხომ არ განხორციელებულა უსწორობის გასწორება და სხვა, ნიშნავს იმას, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციისათვის სამართლებრივი და პროცედურული საკითხების განსაზღვრისას არ გამოიკვლია დოკუმენტების მონაცემების შინაარსის კანონთან შესაბამისობა და მათი ურთიერთშესაბამისობა. სარეგისტრაციო სამსახურს ასეთ შემთხვევაში უნდა გაეგრძელებინა ვადა განმცხადებლისათვის და მოეთხოვა იმ საფუძვლების წარდგენა, რომელიც დაასაბუთებდა თავდაპირველად წარდგენილ დოკუმენტებში განხორციელებული ცვლილებების კანონიერებას. ასეთ ვალდებულებას ამყარებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1-ე მუხლის ,,თ1“ პუნქტით დადგენილი დანაწესი, რომლის თანახმად სარეგისტრაციო სამსახური აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეაჩეროს რეგისტრაცია და სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნოს დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით;
19.6. ზემოხსენებულ კონტექსტში სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ერთი და იგივე განსხვავებული ვარიანტების დოკუმენტების კანონშეუსაბამობა, დღეის მდგომარეობით, დადასტურებულია სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება თ.ჩ–ძის სარჩელისა გამო მოპასუხის სს „ს–ას“ წინააღმდეგ - ტ.2, ს.ფ. 309-312). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს 2012 წლის 28 მარტის NB12038333/7 სადავო გადაწყვეტილების საფუძველი (აქციონერთა და სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 20 მარტის ერთიდაიგივე კრების ორი ვარიანტის ოქმები) ბათილია, ასევე, გაუქმებულია, ძალადაკარგულია სადავო გადაწყვეტილებაც. მარეგისტრირებელმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკითხი სრულყოფილად, ყოველმხრივ არ შეისწავლა და მიღებული შედეგით დაუპისრისპირდა დაინტერესებული მხარის - ნ.ბ–ძის კანონიერ ინტერესს (ცვლილებების რეგისტრაციით დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში).
19.7. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის N80510 სადავოდ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 27 მარტის NB12038333/7 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემდგომმა ორგანომ არ შეაფასა მარეგისტრირებელი ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების კანონშესაბამისობა, რის გამოც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაც კანონსაწინააღდეგოა და მისი ბათილად ცნობა მართებულია.
20. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დავის საგნობრივი განსჯადობა, რის გამოც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას აღნიშნულის შესახებ ემსჯელა.
21. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, როგორც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
22. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
22.1. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რაც სააპელაციო საჩივარშია ასახული.
23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
23.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო განაცხადი არსებითად განსახილველად დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
24. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
25. საკასაციო სასამართლო, უწინარესად, ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც მარეგისტრირებელი ორგანოს (მოპასუხე მხარის) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობას ეხება და აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, არასაკმარისად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები მოსარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 19.1 ქვეპუნქტი; ასევე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.3, ს.ფ.109).
26. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა: „...გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების /საქმე # ას-664-635-2016/ დასკვნები 231-233-ე პუნქტებში და დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის /საქმე # ას-121-117-2016/ განჩინების დასკვნები 55-56-ე პუნქტებში; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
27. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.
28. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). განსახილველი დავა პირის სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ბათილობას ეხება. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის საფუძველზე „საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება, შესაბამისად, საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მსჯელობისას, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები [სსკ-ის 709 და 710-ე მუხლები] - იხ. სუსგ-ები; #ას-895-845-2015, 29.01.2016 წ., #ას-23-23-2016, 09.03.2016 წ. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით მსგავსი კატეგორიის დავების სამართლებრივი მოწესრიგებისათვის სწორედ მეწარმეთა კანონი გამოიყენება. საზოგადოების დირექტორის საქმიანობა არის სამეწარმეო ურთიერთობა, დირექტორის ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან მოწესრიგებულია სამეწარმეო კანონმდებლობით. დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა სპეციფიკური კორპორაციული ურთიერთობაა (შდრ. სუსგ-ები: #3კ/259-01, 30.03.2001 წ; #ას-68-767-03, 26.06.2003 წ.). როგორც ზემოთ აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით, საწარმოს დირექტორთან ფორმდება სასამსახურო ხელშეკრულება, სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლების საფუძველზე (იხ. სუსგ-ები: #ას-23-23-2016, #ას-272-259-2016, #ას-533-506-2015) საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოიცემა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მას შესაბამისი სახელმწიფო ორგანო გამოსცემს არა როგორც ადმინისტრაციული ორგანო მისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, არამედ, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი - სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი. შესაბამისად, საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტი (ბრძანება), თავისი არსით, განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიღებულ პარტნიორის გადაწყვეტილებას სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რაც კერძოსამართლებრივი და არა საჯაროსამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც ექვემდებარება განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სუსგ #ას-23-23-2016, 09.03.2016 წ.).
30. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას, უწინარესად, უნდა გამოიკვლიოს რა სამართლებრივი შედეგის მიღწევა სურს მოსარჩელეს მარეგისტრირებელი ორგანოს სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობით, ანუ რაში მდგომარეობს მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რადგან იმ დაშვებითაც, რომ სათანადოდ არ გამოიკვლია მარეგისტრირებელმა ორგანომ მისთვის საზოგადოების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, არ იმსჯელა ერთი და იმავე რიცხვით დათარიღებული კრების ოქმების შინაარსობრივ და ფაქტობრივ შეუსაბამობებზე, დასადგენია სამართლებრივად როგორ გაუმჯობესდება მოსარჩელის მდგომარეობა. იმ დაშვებითაც, რომ სადავო გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის შედეგად არასწორად რეგისტრირებული მონაცემები სამეწარმეო რეესტრში ამოიშალოს, საზოგადოებას სამეწარმეო კანონით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მოიწვიოს პარტნიორთა კრება და მიიღოს გადაწყვეტილება დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (საკასაციო სასამართლოს ზემოხსენეული პრაქტიკა გახდა წინამდებარე საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების ერთ-ერთი საფუძველი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად). აქედან გამომდინარე, დასადგენია მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი განსახილველი დავის სამართლებრივი შედეგისადმი.
31. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის მასალებშია 2012 წლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება (იხ. წინამდებარე განჩინების 19.6 ქვეპუნქტი), რომლის თანახმად ბათილად არის ცნობილი სააქციო საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, განსახილველი დავის მოსარჩელის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და საზოგადოების დირექტორად სხვა პირის დანიშვნის შესახებ (იხ. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ტ.1, ს.ფ.311-312), აქედან გამომდინარე, კვლავაც გაურკვეველია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ან უნდა დადგინდეს, ხომ არ არის შესაძლებლობა მოსარჩელის არსებული მოთხოვნა მოდიფიცირებულ იქნეს მიკუთვნებით მოთხოვნად, რაც გამორიცხავს აღიარებით სარჩელს და აღნიშნული სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე უნდა შეფასდეს. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „მართლმსაჯულების ეფექტიანობა მის საპროცესო ეკონომიაშიც გამოიხატება და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსარჩელისათვის შეკითხვების მეშვეობით უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის დაკონკრეტების (დაზუსტების) შესაძლებლობა (სსსკ-ის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილი), რადგანაც ამ შემთხვევაში მოთხოვნილი აქტების ბათილობა, სავარაუდოდ იმის წინაპირობას წარმოადგენს, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის დაზუსტება, მოთხოვნის გამართულად ჩამოყალიბება არ წარმოადგენს იმ შემთხვევას, რომელიც დადგენილია სსსკ-ის 381-ე მუხლით და დაუშვებლად მიიჩნევს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დავის საგნის შეცვლას ან გადიდებას“ (იხ. სუსგ # ას-595-554-2017, 15.12.2017წ.). საქმის ხელახლა განხილვის ეტაპზე მოსარჩელის მოთხოვნის შემოწმების დროს, თუკი სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება, ხოლო განსახილველი დავისადმი მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გამოიკვეთება, მაშინ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესუალური საკითხები, რომლებიც სსსკ-ით დადგენილი წესებითაა მოწესრიგებული, სავალდებულოა როგორც მხარეებისათვის, ასევე - სასამართლოსათვის. შესაბამისად, საპროცესო საკითხები (მათ შორის სარჩელის განუხილველად დატოვება) ყველა შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოწესრიგების საფუძველზე უნდა შემოწმდეს და გადაწყდეს.
33. საკასაციო სასამართლო განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად.
34. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი და მისი სამართლებრივი საფუძველი.
35. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე