საქმე №ას-661-617-2017 28 ნოემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი – ე.მ. (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ.გ.
მოწინააღმდეგე მხარე – ო.მ., ს.მ. (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება- საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჯარო რეესტრის 2015 წლის 30 იანვრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე კასპის რაიონის სოფელ .... (ს/კ №.....), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ე.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სახელზე (იხ. ამონაწერი- ტ.1, ს.ფ. 12).
2. საჯარო რეესტრის 2013 წლის 15 მაისის ამონაწერის მიხედვით, უძრავ ქონებაზე, მდებარე კასპის რაიონის სოფელ ....., სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთის (ს/კ №.....) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ო.მ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე) სახელზე (იხ. ამონაწერი- ტ.1, ს.ფ.14).
3. საჯარო რეესტრის 2013 წლის 16 აგვისტოს ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე კასპის რაიონის სოფელ .... სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №.....) საკუთრების უფლებით აღრიცხულია ს.მ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) სახელზე (იხ. ამონაწერი- ტ.1, ს.ფ.13).
4. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირველი და მეორე მოპასუხეები ძმები არიან.
5. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები
5.1. მოსარჩელემ 2015 წლის 3 აგვისტოს სარჩელი აღძრა ამ განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტებში დასახელებული მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა:
5.1.1.მოპასუხეებს აღეკვეთოთ მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ნივთით (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) სარგებლობის ხელშეშლა;
5.1.2. მოპასუხეებს დაევალოთ მათ საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების-სახნავი დანიშნულების მიწის ნაკვეთებს (რეგისტრირებული საკადასტრო კოდებით: №...... და №.....) შორის არსებული ტერიტორიის გამოთავისუფლება და ამ ტერიტორიისათვის გზის დანიშნულების დაბრუნება №..... საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებული ნაკვეთის მთელ პერიმეტრზე.
5.2. მოსარჩელემ საკუთარი მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა, რომ მას საკუთრებაში აქვს ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მიწის ნაკვეთი (№ ....), რომლის მომიჯნავედ ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან იყო სოფლის კოლმეურნეობის ფერმები, სადაც გადიოდა სოფლის გზა, რომელიც მის ნაკვეთს აკავშირებდა გრუნტის სამანქანო გზასთან. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, ყოფილი ფერმის მეორე კორპუსის მესაკუთრეა ს.მ–ი (მეორე მოპასუხე; მიწის ნაკვეთის ს/კ №.....), ხოლო მის ქვემოთ, შარაგზის გადმოღმა არსებული მიწის ნაკვეთისა კი მისი ძმა- ო.მ. (პირველი მოპასუხე; მიწის ნაკვეთის ს/კ №....). მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა ფერმის კორპუსები დაშალეს და მითითებული ორი ნაკვეთი გააერთიანეს, ერთობლივად მოხნეს და ამ ქმედებით მიითვისეს და გააუქმეს ამ ორ ნაკვეთს შორის გამავალი საჯარო გზა, რითაც მოსარჩელე უკავშირდებოდა სოფლის გრუნტიან სამანქანო გზას. აღნიშნულით მოპასუხეებმა მოსარჩელეს მოუსპეს ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით სრულფასოვანი სარგებლობის საშუალება, ვინაიდან მას ნაკვეთში ვეღარ შეჰყავს ტექნიკა და, შესაბამისად, ვერ გამოაქვს მოსავალი;
5.3. მოსარჩელის მტკიცებით, ორთოფოტოზეც და საკადასტრო რუკაზეც ნათლად იკვეთება, რომ №..... (მეორე მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთი) და №..... (პირველი მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთი) მიწის ნაკვეთებს შორის არსებობს არეალი, რომელიც საჯარო საკუთრებაა და აღნიშნული არ წარმოადგენს მოპასუხეთა საკუთრებაში შემავალი მიწის ნაკვეთს, ხოლო მისი დასაკუთრებით კი პრაქტიკულად მოპასუხეებმა სახელმწიფო ქონება მიითვისეს (იხ. სარჩელი- ტ.1, ს.ფ. 1-11).
6. მოპასუხეთა შესაგებელი
6.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელე ნამდვილად ფლობს მიწის ნაკვეთს კასპის რაიონის სოფელ ....... მათივე განცხადებით, იმ ადგილებში, სადაც ამჟამად მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებია, ნამდვილად იყო კოლმეურნეობის ფერმები, თუმცა, არასდროს ყოფილა საჯარო გზა. თავის დროზე სწორედ ფერმებთან მისასვლელი გზა იყო, რომელიც ფერმების გაუქმების შემდეგ ასევე გაუქმდა, შესაბამისად, ეს გზა არასდროს ყოფილა უშუალოდ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა;
6.2. იმის გამო, რომ მოპასუხეები წლების განმავლობაში არ სარგებლობდნენ თავიანთი მიწის ნაკვეთებით, მოსარჩელე სწორედ მათ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე გადაადგილდებოდა, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ეს საჯარო გზა იყო, რადგან გზის სტატუსი მას არასდროს ჰქონია. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს აქვს სხვა მხრიდან მისასვლელი გზაც, შესაბამისად, არ ვლინდება მოსარჩელისათვის საკუთარი უძრავი ნივთით სრულფასოვანი სარგებლობის შეზღუდვა;
6.3. მოპასუხეებმა ისიც მიუთითეს, რომ ისინი წლების განმავლობაში ფლობდნენ და სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთებით, რომლებიც კანონით დადგენილი წესით დაარეგისტრირეს 2013 წელს; დღეის მდგომარეობით მათ ნამდვილად აქვთ საკუთრებაში დამუშავებული ნაკვეთები, რადგან, როგორც მესაკუთრეებს, უფლება აქვთ თავიანთი შეხედულებისამებრ განკარგონ კუთვნილი უძრავი ქონება (იხ. შესაგებლები- ტ.1, ს.ფ. 24-53).
7. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.2. სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე “მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას”, 172-ე “მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით” მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლი, რომლის თანახმად „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“.
7.3. რაიონულმა სასამართლომ სსსკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეზე იყო გადატანილი იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რაც მისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობას დაადასტურებდა, კერძოდ, რაში გამოიხატებოდა მოპასუხეთა ქმედება, რითაც ხელი ეშლებოდა მოსარჩელეს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით - მიწის ნაკვეთით სარგებლობაში; ასევე, არსებობდა თუ არა სავალი გზა, რომელიც გრუნტიან სამანქანო გზასთან აკავშირებდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და აღნიშნული სავალი გზა თვითნებურად მიითვისეს, გამოიყენეს, მოხნეს თუ არა მოპასუხეებმა.
7.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მოსარჩელისა და მოპასუხეთა სახელზე არსებული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთების ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, დგინდებოდა, რომ სამივე მათგანის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთები მდებარე კასპის რაიონი სოფელ .....(იხ. ამ განჩინების 1-3 პუნქტები).
7.5. საქმეში ასევე წარდგენილი იყო საკადასტრო რუკა და ორთოფოტო, სადაც სხვებთან ერთად, აღნიშნულია მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
7.6. მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკადასტრო რუკასა და ორთოფოტოზე ამ უკანასკნელის მიერ მარკერით არის აღნიშნული ის ე.წ. „საჯარო გზა“, რომლითაც მოსარჩელემ უნდა ისარგებლოს და, ამ უკანასკნელის მტკიცებით, რომლის სარგებლობის უფლებაც მოპასუხეთა ქმედების შედეგად მას შეეზღუდა.
7.7. სასამართლომ საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებით დაასკვნა, რომ არ დგინდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გარემოება, რომ ამ უკანასკნელს მოპასუხეთა ქმედების შედეგად რაიმე სახის ზიანი მიადგა, მათ შორის, შეეზღუდა ან/და აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობა. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება ვერ იქნებოდა მიჩნეული აღნიშნულის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად და ვერ დაედებოდა საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას. მოპასუხეები სარგებლობენ თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების მტკიცების ტვირთი გადატანილი იყო მოსარჩელეზე, რომელმაც დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთით სარგებლობაში ხელშეშლა, ამ უკანასკნელმა ვერ წარუდგინა სასამართლოს. აღნიშნული მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის (იხ. ამ განჩინების 5.1.1 ქვეპუნქტი) უარყოფის საფუძველი გახდა.
7.8. მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე (იხ. ამ განჩინების 5.1.2 ქვეპუნქტი) მსჯელობისას, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, თუ სად გადიოდა ე.წ. „საჯარო გზა“, რა სიგრძისა და სიგანის იყო, ნამდვილად იყო თუ არა ასეთი ე.წ. „საჯარო გზა“ სწორედ ”№..... და №...... საკადასტრო ერთეულებს შორის ... ...... საკადასტრო ერთეულის მთელ პერიმეტრზე“ (მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად).
7.9. სასამართლომ აღნიშნა, თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკადასტრო რუკასა და ორთოფოტოზე, გარდა უკვე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა, ასევე არის ცარიელი სივრცე, რაც თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა მათგანი არის „გზა“, რითაც მიწის ნაკვეთები ერთმანეთს უკავშირდება ან/და უკავშირდება გრუნტიან გზას ან/და სამანქანე გზას ან/და სოფლის გზას და ა.შ. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკადასტრო რუკასა და ორთოფოტოზე, რომელიც, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, ხელმისაწვდომია ინტერნეტის საშუალებით და სწორედ ასეთი სახით იქნა წარდგენილი სასამართლოსათვის, ”საჯარო გზა” კი თავად მხარის მიერ არის მონიშნული, თუ სად და რა მიმართულებით უნდა გავიდეს იგი, ხოლო სასამართლო სხდომაზე კი მხარემ მიუთითა, რომ სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გზის მიმართულების შეცვლაც, რადგან სარჩელზე დართული, ანუ თავდაპირველად არსებული მონიშნული „საჯარო გზა“ №........ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთზე გადიოდა.
7.10. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა, რომ ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სრულფასოვანი სარგებლობის უფლება მოპასუხეებმა თავისი ქმედებით მოუსპეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოსარჩელეს ვერ შეჰყავს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ტექნიკა და შესაბამისად, ვერ გამოაქვს მოწეული მოსავალი. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულის დამადასტურებელი თუნდაც ირიბი სახის მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვებოდა, ისევე როგორც არ დგინდებოდა, რომ მხოლოდ ეს ერთი მისასვლელი გზა აქვს მოსარჩელეს. აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, რაიონულმა სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მეორე სასარჩელო მოთხოვნაც.
8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1.1. მოპასუხემ შესაგებელში დაადასტურა, რომ იგი მოსარჩელეს არ აძლევს საჯარო ტერიტორიაზე გავლის უფლებას. საჯარო რეესტრის დოკუმენტებით დასტურდება და სასამართლომაც დადგენილად ცნო, რომ სადავო ტერიტორია არ არის მოპასუხეთა საკუთრება, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი;
8.1.2. საქმეში წარდგენილი ორთოფოტოთი დასტურდება, რომ სადავო ტერიტორია არის საჯარო გრუნტის გზა. საკადასტრო რუკისა და ორთოფოტოს შედარებით დგინდება, რომ მოპასუხეთა მიწის ნაკვეთებს შორის არსებული თავისუფალი არეალი ემთხვევა არსებული გრუნტის გზის კონტურს. აღნიშნული ტერიტორია საკადასტრო რუკაზე დატანილია საჯარო ტერიტორიად და არა მხოლოდ მოსარჩელეს, ნებისმიერ მსურველს აქვს მასზე თავისუფლად გადაადგილების კონსტიტუციური უფლება;
8.1.3. სადავო გზით მოსარჩელე უკავშირდება სოფლის გრუნტის სამანქანო გზას და, მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლის გამო, მას აღარ აქვს უძრავი ნივთით სრულფასოვანი სარგებლობის საშუალება, მოსარჩელეს საკუთარ მიწის ნაკვეთში ვერ შეჰყავს ტექნიკა და ვერ გამოაქვს მოსავალი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
9.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2017წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა ამ უკანასკნელის მიწის ნაკვეთთან (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) მისასვლელად მოპასუხეების მიწის ნაკვეთებს შორის გავლის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის ნაწილში საქმეზე სპეციალისტის მოწვევის შესახებ;
9.3.1. პირველი და მეორე მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს (იხ. ამ განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები) შორის გზის არსებობის საკითხის გასარკვევად და საკადასტრო მონაცემების წასაკითხად, შესაჯერებლად სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწვეულ იქნა სპეციალისტი.
9.3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 07.03.2017წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწვეული სპეციალისტის სტატუსით გამოცხადდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი მ.უ. (იხ. 07.03.2017წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:41:03-15:41:32).
9.4. სპეციალისტის განმარტებით: მოპასუხეთა საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: №..... და №........, რეგისტრირებულია სახელწიფოს საკუთრებში არსებული ყოფილი ფერმის ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენდა ერთ მთლიან მიწის ნაკვეთს და აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულ ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა რაიმე სახის გზა. ფერმის ტერიტორია სახელწიფოს მიერ გასხვისდა და იგი დარეგისტრირდა მოპასუხეთა საკუთრებად (15:41:48–15:42:53;15:46:06); მართალია, დღეის მდგომარეობით №........ და №..... მიწის ნაკვეთებს შორის არსებობს დაახლოებით 6 მეტრი სიგრძის ფართობი, თუმცა, ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთების კერძო მესაკუთრეთა სახელზე აღრიცხვა განხორციელდა სხვადასხვა დროს, თავად მათ მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად (15:46:06 – 15:47:28; 16:06:20- 16:07:20).
9.4.1. მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთს - საკადასტრო კოდით N...., კადასტრის მონაცემების მიხედვით გააჩნია მისასვლელი გზა აღმოსავლეთის მხრიდან, რომელიც თავიდანვე ჰქონდა. რაც შეეხება ე.წ. ძველი ფერმის ტერიტორიას, ვიდრე ტერიტორიას შეღობავდნენ, სარგებლობდნენ ამ ტერიტორიით, ვინაიდან აქედან გადაადგილება ამოკლებდა კავშირს საჯარო გზასთან (15:43:18- 15:43:33);
9.4.2. იმ მოცემულობით, რაც ორთოფოტოზე რეგისტრირდება, მხოლოდ მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს შორის არსებული ცარიელი ადგილის გამოყენებით მოსარჩელე ჯეროვნად მაინც ვერ დაუკავშირდება გზას კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან, თუ არ გადაიარა მოპასუხის ან/და სხვა მესაკუთრის ნაკვეთი (15:57: 38- 15:59:22; 16:07:20 – 16:08:15).
9.4.3. საქმეს დაერთო სპეციალისტის მიერ წარდგენილი მასალები რეგისტრირებული მონაცემების თაობაზე, რომელსაც ახსნა-განმარტების მიცემისას ეყრდნობოდა სპეციალისტი (იხ. 07.03.2017წ. სხდომის ოქმზე თანდართული მასალები -ტ.2, ს.ფ. 89-94).
9.5. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მიუთითა, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
9.5.1. სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.
9.5.2. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მოწვეული სპეციალისტის განმარტებების და საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომ მოპასუხეთა საკუთრებაში აღრიცხულ №..... და №..... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ ტერიტორიას არ აქვს და არც წარსულში ჰქონია გზის სტატუსი. ის გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთის მხრიდან გააჩნია საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა, დაადასტურა საქმეზე მოწველმა სპეციალისტმა და სადავოდ არ გაუხდია არც მოსარჩელეს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნას არც წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირის უზრუნველყოფა (სსკ-ის მე-80 მუხლი).
9.5.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს გააჩნია ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან და არ დგინდება სადავო ტერიტორიის გზის სტატუსით არსებობის ფაქტი, მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან შემხებლობაში ვერ იქნება, თუ რა მოცემულობით არსებობს დღეს მოპასუხეთა საკუთრებაში აღრიცხულ მიწის ნაკვეთებს შორის მდებარე დაურეგისტრირებელი ფართი ან/და რამდენად ემთხვევა რეგისტრირებული მონაცემები დამუშავებულ მიწის ფართს.
9.6. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
10. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება მოითხოვა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების იდენტურ საკასაციო პრეტენზიებზე დაყრდნობით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი).
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1.საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით წარმოებაშია მიღებული, ხოლო ამავე წლის 23 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
12. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელემ მოითხოვა კუთვნილი უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა მოპასუხეთაგან და გზის დანიშნულების დაბრუნება პირველი მოპასუხის საკუთრებად რიცხული მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) მთელ პერიმეტრზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, შესაძლოა შემოწმდეს აუცილებელი გზის სამართლებრივი დანაწესის ფარგლებში (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1.1-5.1.2 ქვეპუნქტები).
14. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ასევე, სასამართლომ უნდა შეამოწმოს სსკ-ის 180-ე მუხლის წინაპირობები, თუმცა, საამისოდ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებისა და მოპასუხეთა შესაგებელში აღწერილი ფაქტების მიხედვით (სსსკ-ის 177-178-ე და 201-ე მუხლები), საკითხის დამატებითი გამოკვლევა და შესწავლაა საჭირო, რაც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაკითხული სპეციალისტის განმარტება არ არის საკმარისი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს სსსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობა: „თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია“.
15. კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს 24.11.2017 წ. სხდომაზე (იხ. სხდომის ოქმი - 12:30:07-დან) მიუთითა საქმის მასალებში (იხ. ტ.2, ს.ფ. 89) მოთავსებულ ორთოფოტოზე და განმარტა, რომ ამ დოკუმენტზე ს/კოდით .... მონიშნული მიწის ნაკვეთი საქმის განხილვის დროისათვის არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული (სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, განმცხადებელს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე), არც ამ ტერიტორიაზე არ უშვებენ მოსარჩელეს ის პირები, რომელთაც უკანონოდ აქვთ დაკავებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. კასატორის წარმომადგენლის მითითებით, მოპასუხეთა მიწის ნაკვეთებს (ს/კოდები: №.......... და №.......) შორის არსებობს 6 - მეტრიანი თავისუფალი სივრცე, რომლითაც სარგებლობდა მოსარჩელე. სასამართლოს შეკითხვების პასუხად, თავად კასატორმა განმარტა, რომ ის 15 წელი ამუშავებდა საკუთარი მიწის ნაკვეთს და ამდენივე წელი სადავო გზით მარტო თვითონ სარგებლობდა. კასატორის წარმომადგენელმა მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე (იხ. ტ.1, ს.ფ.15-18) და განმარტა, რომ საჯარო გზიდან საკუთარ მიწის ნაკვეთამდე მოსარჩელეს (კასატორს) შეუძლია მოხვდეს მხოლოდ მოპასუხეთა მიწის ნაკვეთებს შორის არსებული თავისუფალი სივრცის გავლით (იხ. საკასაციო სასამართლოს სხდომის ოქმი - 12:50:40-დან; ასევე-ტ.1, ს.ფ.16). კასატორი აცხადებს, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით რეალურად ვერ სარგებლობს, რადგან არსაიდან აქვს მისასვლელი თავის უძრავ ქონებამდე, 15 წლის მანძილზე იგი საჯარო გზას უკავშირდებოდა იმ თავისუფალი კორიდორით, როგორც გზით, რომელიც მოპასუხეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის გადის, მათ ამ თავისუფალი ტერიტორიით სარგებლობის უფლება არ აქვთ. მოპასუხეებს სრულად აქვთ გადაკეტილი ეს თავისუფალი სივრცე, რაც ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში იმგვარად, როგორც ის სარგებლობდა ადრე 15 წლის განმავლობაში, ვერ შეჰყავს ტრაქტორი, ვერ გამოაქვს მოწეული მოსავალი.
16. კასატორის მტკიცების საწინააღმდეგოდ, პირველმა მოპასუხემ მიუთითა, რომ თუკი მოსარჩელე გამოივლის მოპასუხეთა მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ თავისუფალ ტერიტორიაზე, ის მოხვდება სხვა პირის- კვერცხიშვილის მიწის ნაკვეთზე. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მიწის თავისუფალი არეალი რეალურად არა 6, არამედ 3 მეტრია და მისი მიწის ნაკვეთის გარეთ მდებარეობს, ამასთან, მის საკუთრებად რიცხული №... მიწის ნაკვეთი არის „სეტკით“ შეღობილი, აქ არასდროს ყოფილა გზა, იყო ფერმის შიდა ტერიტორია, შესაძლოა სადმე გზაც იყოს მონიშნული, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ფერმის შიდა ტერიტორია იყო და არა საერთო სარგებლობის გზა, ასეთი არც არასდროს ყოფილა. თუკი მოპასუხე ამ სადავო თავისუფალ ტერიტორიაზე შემოვა, მან აუცილებლად უნდა გადაიაროს პირველი მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, სადაც მხარეს აქვს ხეხილი; მოსარჩელეს აქვს სხვა მხრიდან შესასვლელი თავის მიწის ნაკვეთში, ასევე, არის ერთი თავისუფალი მიწის ნაკვეთი, დაახლოებით 0,20 კვ.მ, რომლის დაკანონება უნდა მოსარჩელეს, ოღონდ ისე, რომ აუცილებლად პირველი მოპასუხის მიწის ნაკვეთზე გადაიაროს, რისი უფლებაც არ აქვს მოსარჩელეს. პირველი მოპასუხე აცხადებს, რომ თუკი მის საკუთრებას არ შეეხება მოსარჩელე, ცხადია, ამ უკანასკნელთან მას არავითარი პრეტენზია არ ექნება, უბრალოდ, მოსარჩელე ფიზიკურად ვერ მოხვდება თავის მიწის ნაკვეთში პირველი მოპასუხის კუთვნილი საკუთრების გარეშე. მოპასუხემ განმარტა, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის №.... გადავლის გარეშე, მოსარჩელე ვერ მოხვდება თავის მიწის ნაკვეთში, რადგან ეს უკანასკნელი კ–ბის კუთვნილ მიწის ნაკვეთზეც უნდა გადავიდეს. პირველი მოპასუხე განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ თავისუფალ 6-მეტრიან სივრცეზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და მოპასუხეს არც აქვს გადაკეტილი, რომც იაროს ფეხით მოსარჩელემ, იგი ტრაქტორს მაინც ვერ გაატარებს, რადგან მოუწევს პირველი მოპასუხის მიწის ნაკვეთის გადავლა. სარჩელის მიხედვით მოსარჩელეს არ აქვს მეორე მოპასუხის წინააღმდეგ მოთხოვნა (იხ. საკასაციო სასამართლოს სხდომის ოქმი - 12:51:10-დან; ასევე 13:35:27-დან).
17. სასამართლომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მითითებული ფაქტები, უწინარესად, შეამოწმა სარჩელსა და მის პასუხად წარდგენილ შესაგებლებში მითითებული ფაქტების მიხედვით, რათა უზრუნველყოფილიყო მხარეთა დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპები. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ განსაზღვრა მოსარჩელის მიერ მისაღწევი შედეგის (მოთხოვნის) სამართლებრივი საფუძველი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტი), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს ექსპერტის სპეციალური ცოდნის გამოყენებით, შემდეგი საკითხები:
17.1. მოპასუხეთა მიწის ნაკვეთებს (საკადასტრო კოდებით: №..... და №.....) შორის რა ოდენობის თავისუფალი სივრცეა და ვისი საკუთრებაა;
17.2. შესაძლებელია თუ არა ამ თავისუფალი სივრცით მოსარჩელემ ისარგებლოს (იგულისხმება არა მხოლოდ ფეხით სიარული, არამედ ტრაქტორისა და სხვა ტექნიკის შეყვანა საკუთარი მიწის ნაკვეთის დამუშავების, მოვლის, მოწეული მოსავლის გამოტანისა და საკუთრების უფლების განკარგვა) იმგვარად, რომ არ შეილახოს მოპასუხეთა კუთვნილი საკუთრების უფლება ამ უკანასკნელთა მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდებით: №..... და №.....), მათ ნაწილზეც კი;
18. იმ შემთხვევაში, თუკი გამოირიცხება სსკ-ის 172-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი შესაძლოა გამომდინარეობდეს სსკ-ის 180-ე მუხლიდან, ამ მიზნით, სააპელაციო სასამართლომ ექსპერტის სპეციალური ცოდნის გამოყენებით უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს:
18.1. არსებობს თუ არა სხვა ალტერნატიული გზა, რომელიც საჯარო გზასთან დააკავშირებს მოსარჩელის მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდით: № .....) და მისცემს მოსარჩელეს მისი საკუთრებით იმგვარად სარგებლობის შესაძლებლობას (არა მხოლოდ ფეხით სიარულის, არამედ ტრაქტორისა და სხვა ტექნიკის შეყვანას საკუთარი მიწის ნაკვეთის დამუშავების, მოვლის, მოწეული მოსავლის გამოტანისა და საკუთრების უფლების განკარგვის საშუალებას), რომ არ შეილახოს სხვა პირთა (მ.შ. მოპასუხეების) საკუთრების უფლება.
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე, შეუძლებელია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რაც მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველია (სსსკ-ის 412-ე მუხლი).
20. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გი ნ ა:
1. ე.მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე