Facebook Twitter

საქმე №ას-893-833-2017 16 ოქტომბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.ს. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სარჩელის საფუძვლები

1.1 ლ.ს–ამ (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) 2015 წლის 23 დეკემბერს სარჩელი აღძრა ა.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან მსესხებელი) წინააღმდეგ სესხის თანხის - 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარისა და 2013 წლის 1 ივნისიდან თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, კანონით დადგენილი, 0,02%-ის დაკისრების მოთხოვნით.

1.2 მოსარჩელის განმარტებით, მან 2012 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციაში საკუთარი საცხოვრებელი ბინა გაყიდა, საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა და საცხოვრებელი ბინის შეძენას აპირებდა. მოსარჩელემ განაცხადა, რომ მოპასუხე მისი შვილიშვილის მეუღლეა, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისთვის თანხა ბიზნესის საწარმოებლად ესესხებინა და, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს დაუბრუნებდა. მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხეს 15 000 აშშ დოლარი ასესხა, თუმცა, მსესხებელს სესხი აღარ დაუბრუნებია

1.3 მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ, თანხის მიღების მიზნით, მოსარჩელის შვილი ჩართო თავის საქმიანობაში და შეჰპირდა, რომ მის შვილს იტალიაში წაიყვანდა, სადაც მომგებიან საქმეს აწარმოებდა. მოსარჩელის განმარტებით, ამ საქმიანობისთვის, მოპასუხემ თავისი კომპანიის ანგარიშზე მოსარჩელეს 15 000 ევრო ჩაარიცხინა, ხოლო 5 000 აშშ დოლარი ბანკიდან გამოატანინა და სესხის სახით ხელზე პირადად მიიღო. მოსარჩელის შვილი და მოპასუხე მართლაც წავიდნენ იტალიაში სამუშაოდ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოპასუხე არავითარ საქმიანობას არ ახორციელებდა და ისინი საქართველოში დაბრუნდნენ.

1.4 მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ თავისი კომპანიის ანგარიშზე შეტანილი 15 000 ევრო დააბრუნა, ხოლო ნასესხები 5 000 აშშ დოლარის დაბრუნებისგან თავი შეიკავა და მოსარჩელეს კიდევ სთხოვა 10 000 აშშ დოლარის სესხად მიცემა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს ეს თანხა ბიზნესში უნდა ჩაედო, ხოლო 2013 წლის მაისის ბოლომდე ერთიანად უნდა დაებრუნებინა გამსესხებლისათვის - ჯამში 15 000 აშშ დოლარი. მოსარჩელის მტკიცებით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს ეს თანხა მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1 მოპასუხემ მის მიერ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ მას მოსარჩელისაგან თანხა არ მიუღია. მოპასუხის განმარტებით, სადავო თანხა მოსარჩელის შვილს ჰქონდა, რომელთან ერთადაც საერთო საქმიანობა წამოიწყო. მოპასუხის მითითებით, მან და მოსარჩელის შვილმა სამეწარმეო საზოგადოება დააფუძნეს და ჯერ იტალიაში წავიდნენ ავტომანქანის ჩამოსაყვანად შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შემდეგ კი - რუსეთის ფედერაციაში აპირებდნენ ლიმონათის გატანას სარეალიზაციოდ. მოპასუხის განმარტებით, ორივე შემთხვევაში მოსარჩელის შვილმა მათ წარმატებულ საქმიანობას ხელი შეუშალა, რის გამოც ბიზნესი არ გამოდგა მომგებიანი. მოპასუხის მტკიცებით, მან თავადაც გაიღო გარკვეული თანხა და ერთობლივი საქმიანობიდან მხოლოდ ზარალი მიიღო.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

3.1 მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3.2 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 623-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება ნივთის (თანხის) გადაცემის მომენტიდან, რა დროსაც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დააბრუნოს იგივე რაოდენობის თანხა ან გვაროვნული ნივთი.

3.3 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი და არც მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ თანხის დაბრუნების ვალდებულების აღიარება არ არის დადასტურებული.

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

4.1 მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით მოითხოვა:

4.1.1. აპელანტის განმარტებით, მან მოპასუხე მხარეს 15 000 აშშ დოლარი გადასცა, რაც სასამართლო პროცესზეც დადასტურდა. მისივე განმარტებით, მოპასუხეს არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია, რომელიც იმ გარემოებას დაადასტურებდა, რომ მან ზარალი განიცადა და რომ ე.წ ბიზნესის წარმოებისათვის რაიმე თანხა თავადაც გაიღო.

4.1.2. აპელანტის მოსაზრებით, საქმეზე მოწმედ დაკითხულმა ლ.გ–ძემ (შემდეგში: მოპასუხის მეუღლე) ცალსახად დაადასტურა, რომ 15 000 აშშ დოლარი მოპასუხემ ნამდვილად მიიღო მოსარჩელისაგან. ამ უკანასკნელის მტკიცებით, მოპასუხის მეუღლე ჰპირდებოდა აპელანტსა და მოსარჩელის შვილს, რომ როდესაც მისი მეუღლე რუსეთიდან დაბრუნდებოდა, ნასესხებ თანხას აუცილებლად დააბრუნებდნენ.

4.1.3. მოსარჩელის მოსაზრებით, არასწორად განიმარტა სსკ-ის 623-ე მუხლი. აპელანტის მითითებით, აღნიშნული მუხლით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი მსესხებელს გადასცემს სესხის საგანს - ფულს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა სესხზე შეთანხმებისას მოპასუხეს ფული გადასცა, ამიტომ სესხის ხელშეკრულება დადებულად უნდა ჩაითვალოს.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

5.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

5.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ სესხი ფორმასავალდებულო გარიგება არაა, თუმცა, ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს. სასამართლოს მითითებით, სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. სესხის დაბრუნების მოთხოვნის რეალიზაციისათვის მან უნდა დაამტკიცოს სესხის ხელშეკრულების დადების - როგორც შეთანხმების, ისე სესხის საგნის მსესხებლისათვის გადაცემის ფაქტი.

5.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 624-ე მუხლის დანაწესზე მიუთითა და განმარტა, რომ სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენება ამ შემთხვევაში არასაკმარისი მტკიცებულებაა და საჭიროა სსსკ-ით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც. სასამართლოს შეფასებით, ასეთად შეიძლება განხილულ იქნეს მაგალითად ხელწერილი ვალის არსებობის თაობაზე ან სხვა სახის წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება მოდავე მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა დადასტურდეს.

სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ზეპირ ხელშეკრულებას ეფუძნება, რომლის არსებობას მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მტკიცება, რომ საქმეზე მოწმედ დაკითხული მოპასუხის მეუღლის განმარტება მოვალის მხრიდან ვალის აღიარებასა და სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენდა, არ გაიზიარა. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის (მსესხებლის) მეუღლის ჩვენება ვალის აღიარებად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან ვალდებულების არსებობა თავად მოპასუხეს არ უღიარებია.

6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

6.1. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. კასატორის განმარტებით, მოპასუხე მოსარჩელისაგან თანხის მიღების ფაქტს არ უარყოფდა, რის გამოც პირველი და მეორე ინსტაციის სასამართლოების შეფასება არასწორია და მათი გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს.

6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ მასსა და მოპასუხეს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა არსებობდა, რასაც სამოქალაქო კანონმდებლობა არ კრძალავს.

6.4. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია საბანკო ანგარიშები, რომლებითაც თანხების მოხსნა დასტურდება და არც მოპასუხე უარყოფდა თანხის აღებას.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად. ამავე განჩინებით, კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

11. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით მხარეთა შორის სსკ-ის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ურთიერთობის წარმოშობის ფაქტი არ დგინდება. საქმის მასალებით ისიც არ დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე ვალის არსებობა აღიარა (სსკ-ის 341-ე მუხლი).

12. კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი აქვს, თუმცა, მას არ წარუდგენია მის მიერ მოპასუხისათვის 15 000 აშშ დოლარის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა (სსსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლები).

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებას (იხ. ამ განჩინების 5.2-5.5 ქვეპუნქტები) და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არც ერთი გარემოება საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმეში არც ის საბანკო ანგარიშებია წარმოდგენილი, რასაც კასატორი თავის პრეტენზიაში უთითებს (იხ. ამ განჩინების 6.4 ქვეპუნქტი).

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: ას-839-890-2011, 08.11.2011 წ., ას-183-170-2015, 30.04.2015 წ.).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განხილვის მიზნით დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

16. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული ჰქონდა და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, მას გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30 %-ის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს (იხ. ამ განჩინების 7.1 ქვეპუნქტი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ს–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ.ს–ას (პ/ნ .....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით (საქმე № ას-893-833-2017) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 914.25 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის 30 %-ის 274.27 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე