Facebook Twitter

საქმე №ას-1882-2018 22 თებერვალი, 2019 წელი

№ას-1882-2018 ც------–--ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს-ი“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ც-ე (მოსარჩელე, აპელანტი)

მესამე პირი - სს „თ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა

დავის საგანი – სადაზღვევო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2015 წლის 11 აგვისტოს, მერაბ საბახტარიშვილს (შემდეგში: კლიენტი ან მსესხებელი) და სს „თ-ს“ (შემდეგში: საკრედიტო დაწესებულება ან ბანკი) შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებასთან ერთად, მსესხებელსა და სს „ს-ს“ (შემდეგში: სადაზღვევო კომპანია ან მოპასუხე ან კასატორი) შორის, გაფორმდა მესამე პირის, ბანკის სასარგებლოდ დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა შესაბამისი პოლისი. დაზღვევით მოსარგებლედ დადგინდა ბანკი. დაზღვევის პრემია შეადგენდა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.72 %-ს (შემდეგში - დაზღვევის ხელშეკრულება).

2. დაზღვევის ხელშეკრულებით, დაზღვევის საგანს წარმოადგენს მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევა. დაზღვეული რისკი - დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება ან უბედური შემთხვევით გამოწვეული მუდმივი ქმედუუნარობა გარდა წინამდებარე პოლისის დანართით და მზღვეველის ვებგვერდზე განთავსებულ ბანკის საცალო საკრედიტო პროდუქტების კლიენტი ფიზიკური პირებისათვის სიცოცხლის დაზღვევის პირობების 13-ე თავით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

3. დაზღვევის ხელშეკრულებით, დაზღვეული ვალდებულია აცნობოს წინამდებარე დაზღვევის შესახებ და დეტალურად გააცნოს დაზღვევის პირობები ამ ხელშეკრულებით დამზღვევის მიერ არჩეულ უფლებამოსილ ან/და კანონმდებლობით სადაზღვევო შემთხვევისას ანაზღაურების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს და განუმარტოს მათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ არ მოხდება მზღვეველისათვის წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული დოკუმენტაციის, მათ შორის სამედიცინო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების გამომწვევი უშუალო მიზეზი) მზღვეველის მხრიდან ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენა ან მზღვეველის მითითების შესრულება, აღნიშნული წარმოადგენს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.

4. დაზღვევის პირობების 3.4 პუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება. წინამდებარე დაზღვევის პირობების შესაბამისად ერთადერთ მოსარგებლეს წარმოადგენს ბანკი.

5. მსესხებელი გარდაიცვალა 2015 წლის 23 დეკემბერს, რომლის მემკვიდრეა ნ. ც-ე (შემდეგში: უფლებამონაცვლე ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე).

6. უფლებამონაცვლემ სარჩელი აღძრა სადაზღვევო კომპანიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის ბანკის სასარგებლოდ კლიენტის სესხზე სადაზღვევო თანხის 5233.42 ლარის გაცემა; მესამე პირად მიუთითა სს „-ი“.

7. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ კლიენტის გარდაცვალების შემთხვევაში, დაზღვევის პირობების შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია კისრულობდა ვალდებულებას გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად, სრულად აენაზღაურებინა სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის ბანკის მიმართ დარჩენილი კლიენტის მიმდინარე საკრედიტო დავალიანების ძირითადი თანხა. კლიენტის გარდაცვალების შემდეგ, კლიენტის უფლებამონაცვლის მოთხოვნას აენაზღაურებინა ბანკისათვის დარჩენილი სესხის თანხა სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. საქალაქო სასამართლომ სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სკ-ის 799-ე, 837-838-ე მუხლები და მიიჩნია, რომ კლიენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება წარმოადგენდა მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას. სადაზღვევო პოლისის მფლობელს წარმოადგენდა ბანკი. ბანკის მსესხებელთან სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის შესაბამისად, დაზღვევის პირობების ერთადერთ მოსარგებლეს წარმოადგენდა ბანკი. ამდენად, სადაზღვევო პოლისის მფლობელს და ამ პოლისით ერთადერთ მოსარგებლეს წარმოადგენს ბანკი; შესაბამისად, მოცემულ სამართალურთიერთობაში სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის მფლობელ პირს უფლებამონაცვლე არ იქნა მიჩნეული.

11. გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5233.42 ლარის გადახდა.

13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა განჩინების პპ: 1-5-ში მითითებული გარემოებები. იმავდროულად, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ დაზღვევის პირობების 3.4 პუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება. წინამდებარე დაზღვევის პირობების შესაბამისად ერთადერთ მოსარგებლეს წარმოადგენს ბანკი.

14. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მსესხებელი, რომელიც გარდაიცვალა 2015 წლის 23 დეკემბერს, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა უფლებამონაცვლესთან.

15. 2017 წლის 21 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოსარჩელემ, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სრულად მიიღო გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო - ქონებრივი უფლებებისა (სამკვიდრო აქტივები) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივები) ერთობლიობა, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე არის მამკვიდრებლის მემკვიდრე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის მემკვიდრეს წარმოადგენს მოსარჩელე.

16. ბანკის მიერ გაცემული ცნობით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მსესხებლის სამომხმარებლო სესხის ნაშთი წარმოადგენს 4 981.61 ლარს.

17. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმის თაობაზე, რომ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის შესაბამისად, დაზღვევის პირობების ერთადერთ მოსარგებლეს წარმოადგენს ბანკი; უარყოფილი იქნა დასკვნა იმის თაობაზეც, რომ სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე მოთხოვნის მფლობელ პირს გარდაცვლილის მემკვიდრე არ წარმოადგენს.

18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად სადაზღვევო თანხის დაკისრება ბანკის სასარგებლოდ. საქმის მასალებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ბანკმა მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ, სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა სადაზღვევო კომპანიას, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძველით, რომ მსესხებლის გარდაცვალება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ქრონიკული დაავადების საფუძველზე. ამავე მიზეზზე მითითებით სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვა ასევე უფლებამონაცვლეს.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე არ აუნაზღაურებს თანხას ბანკს, მითითებული მოთხოვნა მიმართული იქნება მოსარჩელისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სარჩელის მიმართ უფლებამონაცვლის იურიდიული ინტერესი ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი იყო.

20. სსკ-ის 844-ე მუხლის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს. თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სასარგებლოდ, მაშინ საჭიროა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა. ამავე კოდექსის 836-ე მუხლის მიხედვით, დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს ხელშეკრულების მხარედ დამზღვევს, ხოლო დაზღვეულად/მოსარგებლედ კი - მესამე პირის მითითებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 11 აგვისტოს, მსესხებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება მესამე პირის - ბანკის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.

21. სიცოცხლის დაზღვევის ობიექტად დამზღვევის სიცოცხლე განისაზღვრება და პირველი პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას მიეკუთვნება. ასეთ დროს, სადაზღვევო ანაზღაურებას დამზღვევი არ იღებს, თუმცა, პირდაპირი ზიანი მას ადგება. მესამე პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულებების საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება სსკ-ის 837-ე და 838-ე მუხლებით.

22. სსკ-ის 837-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს.

23. სსკ-ის 837-ე მუხლის თანახმად, 1. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს. 2. დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო მოწმობა მის ხელთაა. ამ ნორმის თანახმად, სადაზღვევო მოწმობის (დაზღვევის პოლისი) ფლობის შესახებ დათქმა უფლების მართლზომიერად გამოყენების გარანტიად უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან დაზღვეულ პირს (ბანკი) დამზღვევთან შეთანხმების გარეშე სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეუძლია თუკი ფლობს სადაზღვევო მოწმობას. შესაბამისად, მითითება იმის შესახებ, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობა მხოლოდ დაზღვეულის სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში შეიძლება შეფასდეს, მოკლებულია საფუძველს.

24. სსკ-ის 349-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

25. უარყოფილი იქნა მოპასუხის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, სადაზღვევო კომპანია საქმის მასალებში წარმოდგენილ წერილობით პასუხში მიუთითებდა რომ დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული და ან ქრონიკული დაავადებით. მოპასუხის განმარტებით წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება გარდაცვალების მიზეზი, გარდა აღნიშნულისა ამ დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ გარდაცვლილის აღენიშნებოდა ქრონიკული დაავადებები. სააპელაციო სასამართლომ უარყო ასევე მოპასუხის მითითება საგამონაკლისო პირობებზე, კერძოდ: „გამონაკლისები“ (მუხლი 13) და „სადაზღვევო ანაზღაურებისთვის საჭირო პირობები“ (მუხლი 11) ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, ვრცელდება ყველა ბენეფიციარზე და არ არის დაყოფილი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულების დაზღვევის პროცედურების 9.3. პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელი განეკუთვნება 55-დან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას და სადაზღვევო თანხა, სესხის ჯამი ნაკლებია ან შეადგენს 50 000 აშშ დოლარს დაზღვევა ხორციელდება ავტომატურად შესაბამისი პროცედურების გარეშე, ხოლო 9.4. პუნქტის მიხედვით თუ სესხის ჯამი აღემატება 50 000 აშშ დოლარს დაზღვეული ავსებს ჯანმრთელობის ცნობას; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება რისკის სამედიცინო შეფასება მსესხებელი ითვლება დაზღვეულად, ხოლო ანაზღაურება კი ხორციელდება შემდეგი წესით: 9.6.1. პუნქტი: თანხა გაიცემა სრულად, გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად, თუ გარდაცვალების მომენტისათვის მსესხებლის დავალიანება არ აღემატება 50 000 აშშ დოლარს; აღნიშნულის შესახებ დათქმას შეიცავს ასევე დანართი/პოლისი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ მსესხებელი სესხის გაცემის მომენტისათვის განეკუთვნება 55-დან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას და სადაზღვევო თანხა სესხის ჯამი მეტია 50 000 აშშ დოლარზე, ანაზღაურება ხორციელდება შემდეგი წესით თანხა გაიცემა სრულად გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად თუ გარდაცვალების მომენტისათვის მსესხებლის დავალიანება არ აღემატება 50 000 აშშ დოლარს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება აღემატება 50 000 აშშ დოლარს, ხდება 50 000 აშშ დოლარის ანაზღაურება ნებისმიერ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს უბედური შემთხვევა (იხ. ტ.1, ს. ფ. 25). ზემოაღნიშნული ხელშეკრულების, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი განეკუთვნებოდა 55-დან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას (იხ. ასევე დაბადების მოწმობა ტ.1, ს.ფ. 33), ამასთან, სესხის თანხა არ აღემატებოდა 50 000 აშშ დოლარს (იხ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ტ.1, ს.ფ. 15-17) დაზღვევა განხორციელდა ავტომატურად და დამზღვევი არ იყო ვალდებული შეევსო ჯანმრთელობის შესახებ განაცხადი, რაც იმას გულისხმობს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო თანხის ანაზღაურების საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტა არ არის დამოკიდებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გარდაცვალების მიზეზების შედეგებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა მე-13 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისები. ასევე, 11-ე პუნქტით დადგენილი სადაზღვევო ანაზღაურებისათვის საჭირო პირობები.

26. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ძირითად კრიტერიუმს სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს (რაც აუცილებელი წინაპირობაა მზღვეველის ვალდებულების წარმოშობისათვის – დამზღვევის მიმართ აანაზღაუროს სადაზღვევო თანხა) წარმოადგენს ის, თუ რამდენად ინარჩუნებს სადაზღვევო შემთხვევა დამოუკიდებლობას თავად დაზღვეულის ნებისაგან, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სადაზღვევო შემთხვევა აბსოლუტურად დამოუკიდებული უნდა იყოს დაზღვეულის ქმედებისაგან. ამასთან, სიცოცხლის დაზღვევის დროს გამორიცხული უნდა იყოს დამზღვევის, ასევე სარგებლის მიმღები პირის ჩარევა და ხელშეწყობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაში, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამოირიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძველს და შესაბამისად მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულების საფუძველს.

27. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადაზღვევო კომპანია, როგორც მზღვეველი სსკ-ის 799–ე და 316–ე მუხლების საფუძველზე, მამკვიდრებლის მემკვიდრის სარჩელის საფუძველზე, სარგებლის მიმღები პირის ბანკის მიმართ წარმოადგენდა სადაზღვევო თანხის გაცემაზე ვალდებულ პირს, რამდენადაც 2015 წლის 23 დეკემბერს მსესხებლის გარდაცვალებით დადგა სადაზღვევო შემთხვევა.

28. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა სადაზღვევო კომპანიამ.

29. საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიულ დაუსაბუთებლობას ეფუძნება. იქვე კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, იმავდროულად, დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რასაც მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დარღვევით მიღების მიჩნევის წინაპირობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

30. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა რა სსკ-ის 837-ე და 838-ე მუხლების დებულებანი, უსაფუძვლოდ დაადგინა უფლებამონაცვლის წინაშე სადაზღვევო კომპანიის ვალდებულების არსებობა.

31. სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ დაეყრდნო სიცოცხლის დაზღვევის პირობების მე-9 მუხლს და აღნიშნული მუხლის შესაბამისად დაზღვევის პირობების საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა გაამართლა, ვინაიდან, ხსენებული დაზღვევის პირობების მე-9 მუხლით განსაზღვრულია დაზღვევის პროცედურები.

32. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.4 ქვეპუნქტში სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დაუსაბუთებლად, რომ დაზღვევის პირობების ერთ-ერთ მისარგებლეს წარმოადგენს ბანკი და ამავე ქვეპუნქტში მოცემული შემდგომი მსჯელობა მოთხოვნის უფლებასთან დაკავშირებით.

33. კასატორის განცხადებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.6 ქვეპუნქტში სასამართლომ უსაფუძვლოდ და ყოველგავრი დასაბუთების გარეშე არ გაიზიარა მზღვეველის პოზოცია სადაზღვეო ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

35. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

36. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სამართლებრივი საკითხი იმის შესახებ წარმოშობილია თუ არა სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, აუნაზღაუროს ბანკს სადაზღვევო თანხა - 5233.42 ლარი.

37. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სამართლებრივი საკითხი იმის შესახებ წარმოშობილია თუ არა სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, აუნაზღაუროს ბანკს სადაზღვევო თანხა - 5233.42 ლარი.

38. დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უპირატესად, უნდა აღინიშნოს, რომ სკ-ის 1336-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე არის დაზღვეულის პირველი რიგის მემკვიდრე; 1328-ე მუხლის მიხედვით კი, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

39. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სადაზღვევო შემთხვევის (მსესხებლის გარდაცვალება) დადგომის თაობაზე ბანკმა სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით თავად მიმართა სადაზღვევო კომპანიას, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძველით, რომ მსესხებლის გარდაცვალება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ქრონიკული დაავადების საფუძველზე. ამავე მიზეზზე მითითებით სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვა ასევე უფლებამონაცვლეს (იხ., ამ განჩინების პ-18).

40. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ დაზღვეულის გარდაცვალების მომენტისათვის, სამკვიდრო ქონებაში შევიდა სიკვდილის მომენტისათვის არსებული აქტივი და პასივი სსკ-ის 1484-ე მუხლი ადგენს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობას კრედიტორების წინაშე, კერძოდ, მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები მთლიანად უნდა დააკმაყოფილონ მემკვიდრეებმა, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა: „რაც შეეხება კასატორთა ძირითად არგუმენტს მოვალის გარდაცვალებით ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე, მას პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს. სასამართლო განუმარტავს კასატორებს, რომ განსახილველი სარჩელის ფარგლებში შესაფასებელვალდებულებას წარმოადგენს სასესხო ურთიერთობა იმგვარად, რომ კრედიტორს წარმოადგენს საბანკო დაწესებულება. ამ ურთიერთობის ნამდვილობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც სესხის მიზნობრიობა. ფულადი ვალდებულება, თავის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, არ მოითხოვს მოვალის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონას და ის შეიძლება ნებისმიერ ვითარებაში შესრულდეს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულია სასესხო ურთიერთობის მიზანი, შესაძლოა მხოლოდ მესამე პირებთან მამკვიდრებლის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ჭრილში შეფასდეს, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ემსჯელა სასამართლოს მამკვიდრებლის უფლებამონაცვლის პიროვნულ თვისებებზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობის კუთხით. იმგვარ შემთხვევაზე, როდესაც საბანკო დაწესებულება ითხოვს სესხის დაბრუნებას, სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის პირველი ნაწილი ვერ იქნება გავრცელებული, ამ ვითარებაში ვალდებულება მოვალის გარდაცვალებით არ წყდება. სწორედ ამავე საფუძვლიდან გამომდინარე ...“ (იხ.სუსგ № ას-567-538-2015, 16.10.2015წ.).

41. დადგენილია, რომ ბანკის მიერ გაცემული ცნობით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მსესხებლის სამომხმარებლო სესხის ნაშთი წარმოადგენს 4 981.61 ლარს (იხ., ამ განჩინების პ-16).

42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან კრედიტორის, ამ შემთხვევაში, ბანკის ინტერესი სრულიად დაცული და მოწესრიგებულია სამემკვიდრეო სამართლის ნორმებით, ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია უფლებამონაცვლის/მოსარჩელის იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი სარჩელის მიმართ, რადგან, იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე არ აუნაზღაურებს თანხას ბანკს, მითითებული მოთხოვნა მიმართული იქნება მოსარჩელისკენ.

43. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს, მსესხებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება მესამე პირის - ბანკის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას წარმოადგენს [სსკ-ის 799-ე, 844-ე. 453-ე მუხლები]. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა,, რომ სადაზღვევო კომპანია, როგორც მზღვეველი სსკ-ის 799–ე და 316–ე მუხლების საფუძველზე, მამკვიდრებლის მემკვიდრის სარჩელის საფუძველზე, სარგებლის მიმღები პირის ბანკის მიმართ წარმოადგენდა სადაზღვევო თანხის გაცემაზე ვალდებულ პირს, რამდენადაც 2015 წლის 23 დეკემბერს მსესხებლის გარდაცვალებით დადგა სადაზღვევო შემთხვევა, ხოლო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი განეკუთვნებოდა 55-დან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას და ამასთან, სესხის თანხა არ აღემატებოდა 50 000 აშშ დოლარს დაზღვევა განხორციელდა ავტომატურად და დამზღვევი არ იყო ვალდებული შეევსო ჯანმრთელობის შესახებ განაცხადი, რაც იმას გულისხმობს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო თანხის ანაზღაურების საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტა არ იყო დამოკიდებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გარდაცვალების მიზეზების შედეგებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა დაზღვევის ხელშეკრულების მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ის გამონაკლისები, რომელზე მითითებითაც მოპასუხე უარყოფდა ვალდებულების არსებობას. ასევე, 11-ე პუნქტით დადგენილი სადაზღვევო ანაზღაურებისათვის საჭირო პირობები (ამ განჩინების პ-25).

44. სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით შდრ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება №ას-602-570-2014, 30 იანვარი, 2015 წელი, რომელშიც უარყოფილია სადაზღვევეო კომპანის შედავება დაზღვევის ხელშეკრულების გამონაკლისი გარემოების არსებობის თაობაზე, რაც, თითქოსდა გამორიცხავდა ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის ანაზღაურებას. მითითებულ დავაში დადგინდა, რომ ვინაიდან, გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის (აივინფექციის) კლინიკური სიმპტომატიკის გამოვლინება გვიან ეტაპზე ხდება, ავადმყოფი არ იყო გამოკვლეული აღნიშნულ დაავადებაზე. შესაბამისად, მსესხებელი დიაგნოსტირებული იყო 2013 წლის იანვარში, ანუ დაზღვევის შემდგომ, ამასთან, დაზღვევამდე ობიექტურად არ არსებობდა დაავადების დიაგნოსტირების შესაძლებლობა, რაც ვერ განიხილებოდა დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევად.

45. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების სამართლებრივი საკითხები დადგენილია სასამართლო პრაქტიკით.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

48. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს-ს“ უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 21 ნოემბერს საგადახდო დავალება N1542804525 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე