საქმე №ას-1860-2018 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 2013 წლის №0-... ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს – 74 866 ლარისა და 2013 წლის №0-... ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს – 87 113 ლარის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 2013 წლის 22 აგვისტოს დაიდო №0-... და №0-... ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ორივე ხელშეკრულების საგანია რუსთავში გზებისა და შიდაკვარტალური ეზოების ასფალტ-ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, რომელთა დასრულება მოპასუხეს ევალებოდა 2013 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო სამუშაოების 50% უნდა დაესრულებინა 2013 წლის 15 ოქტომბრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისას შემსრულებლისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა სახელშეკრულებო თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. მოპასუხემ №06-... ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 15 ოქტომბრამდე არ დაასრულა შემდეგ მისამართებზე შესასრულებელი სამუშაოები: ა. ქუჩა; მ. მე-... გასასვლელი №...; კ. ქ.№...; ბ.... ქუჩა; მე-... მ/რ №....; მე-... მ/რ №2-.... №.... ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია პირგასამტეხლო 74 866 ლარი.
4. №06-... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან მოპასუხემ 2013 წლის 15 ოქტომბრამდე არ დაასრულა სამუშაოები შემდეგ მისამართებზე: მე-... მ/რ №.., ..,...,...,..; ..-ე მ/რ №...; ..-ე მ/რ №...,...; ..-ე მ/რ №...; ..-ე მ/რ №..; ...-ე მ/რ №..; 1 ... ქუჩა; მ. და ვ. ქუჩების შემაერთებელი გზა; მე-... მ/რ №..., ...-ე მ/რ №.... №...-ე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნილია 87 113 ლარი.
5. ქალაქ რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2013 წლის 29 ნოემბერს ორივე ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდი, ამ ცვლილების შეტანამდე კი მოქმედებდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადები, რაც მითითებულ მისამართებზე მოპასუხემ არ დაიცვა. რიგ შემთხვევებში სამუშაოები დასრულდა 2013 წლის 29 ნოემბრის შემდგომ პერიოდში, ამ შემთხვევაში პირგასამტეხლო დარიცხულია 2013 წლის 29 ნოემბრამდე, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების დრომდე.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების 2013 წლის 15 ოქტომბრამდე შეუსრულებლობა მოპასუხის ბრალეულობით გამოწვეული არ ყოფილა. ამავე პერიოდში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქუჩებზე მიმდინარეობდა სასმელი და საკანალიზაციო წყლის გაყვანილობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც დროულად არ შესრულდა. აღნიშნულმა გამოიწვია გზებზე ასფალტ/ბეტონის დაგების სამუშაოების შეფერხება. ასფალტის დაგების სამუშაოები ყველა ქუჩაზე ერთდროულად არ მიმდინარეობდა, წყლის გაყვანილობის რეაბილიტაციის გარშე ასფალტის დაგება შესაძლებელი არ არის, რის გამოც ამ სამუშაოების დასრულება აუცილებელი იყო მოპასუხის ვალდებულების შესრულებისათვის. ამასთან, რიგ მისამართებზე უხარისხოდ იყო ამოვსებული თხრილები, რაც სხვა ორგანიზაციის მიერ იყო შესრულებული. ამ საკითხების შესახებ წერილობით ეცნობა ქალაქ რუსთავის მერიას, რომელმაც ამ გარემოებების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ.
7. ვადის ბრალეულად გადაცილების პირობებშიც კი მოთხოვნილი პირგასამტეხლო აშკარად მაღალია და უნდა შემცირდეს. შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობებში გონივრულია 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს განსაზღვრა, ამ ოდენობას კი მოთხოვნილი პირგასამტეხლო ბევრად აღემატება. იგი უნდა შემცირდეს სულ მცირე 10-ჯერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის 11 864,75 ლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა რუსთავში, ...-ე მ/რ №...-...-... –ში (№0-.ხელშეკრულება); მე-...მ/რ №...-ში და ..-ე მ/რ №...-ში (№0-. ხელშეკრულება) სამუშაოების დაგვიანებით დასრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ასევე, პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით დაკისრების შესახებ, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით არცერთი მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 აგვისტოს №06-... ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 15 ოქტომბრამდე არ დასრულდა შემდეგ მისამართებზე შესასრულებელი სამუშაოები: 1. რუსთავი, ა. ქუჩა - დასრულდა 2013 წლის 18 ოქტომბერს; 2. რუსთავი, მ. მე-... გასასვლელ №...-... - დასრულდა 2013 წლის 11 ნოემბერს; 3. რუსთავი, კ. ქ.№... - დასრულდა 29 ნოემბერს; 4. რუსთავი, ბ. ქუჩა - 2013 წლის 16 ოქტომბერს, 2013 წლის 12 დეკემბერს და 26 დეკემბერს; 5. რუსთავი, მე-.... მ/რ №... - დასრულდა 2013 წლის 17 დეკემბერს; 6. რუსთავი, მე-.... მ/რ №..-...-...- დასრულდა 2014 წლის 6 იანვარს.
11. 2013 წლის 22 აგვისტოს №06-... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან 2013 წლის 15 ოქტომბრამდე არ დასრულდა სამუშაოები შემდეგ მისამართებზე: 1. რუსთავი, მე-... მ/რ № ..., ..., ..., ..., ... - დასრულდა 2013 წლის 23 ოქტომბერს; 2. რუსთავი, ...-ე მ/რ №... - დასრულდა 2013 წლის 29 ოქტომბერს; 3. რუსთავი, ...-ე მ/რ №...,... -... - დასრულდა 2013 წლის 11 ნოემბერს; 4. რუსთავი, ..-ე მ/რ №... - დასრულდა 2013 წლის 18 ნოემბერს; 5. რუსთავი, ...-ე მ/რ №... - დასრულდა 2013 წლის 20 ნოემბერს; 6. რუსთავი, ...-ე მ/რ №... - დასრულდა 2013 წლის 29 ნოემბერს; 7. რუსთავი, 1 ... ქუჩა - დასრულდა 2013 წლის 13 დეკემბერს; 8. რუსთავი, მ. და ვ. ქუჩების შემაერთებელი გზა - დასრულდა 2013 წლის 10 დეკემბერს; 9. რუსთავი, მე-... მ/რ №...- დასრულდა 2014 წლის 27 იანვარს; 10. რუსთავი, ...-ე მ/რ №... - დასრულდა 2014 წლის 13 იანვარს.
12. 2013 წლის 22 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის №06-.... და №06-... ხელშეკრულებები ქალაქ რუსთავში გზებისა და შიდა კვარტალური ეზოების ასფალტ/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლითაც სამუშაობის შესრულების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდი, ხოლო სამუშაოების 50%-ის შესრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 15 ოქტომბრს ჩათვლით პერიოდი. სამუშაოების შესრულების ვადა 2013 წლის 29 ნოემბრის შეთანხმებით გაგრძელდა 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით.
13. 2013 წლის 22 აგვისტოს ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები №06-360 და №06-362 რუსთავში, გზებისა და შიდა კვარტალური ეზოების ასფალტ/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ. №0-. ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 1 995 994 ლარი, ხოლო №06-... ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 1 995 992 ლარი.
14. ორივე ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2013 წლის 29 ნოემბრისა, მათ შორის სამუშაოების მთლიანი ღირებულების არანაკლებ 50%-ისა უნდა შესრულდეს 2013 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულებების №1 დანართში მითითებულია კონკრეტული მისამართების ჩამონათვალი, კონკრეტულ მისამართზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება და ვადა.
15. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის №1085 განკარგულებით მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 22 აგვისტოს №0-... და №06-... სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 31 მაისის ჩათვლით, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 მარტს ჩათვლით.
16. ქალაქ რუსთავის საკრებულოს ამ განკარგულების საფუძველზე ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 29 ნოემბერს წერილობით დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვით ცვლილება შევიდა №0-... ხელშეკრულების 3.1 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 1 995 994 ლარს, საიდანაც 2013 წელს დაფინანსდება 1 249 745,78 ლარი, ხოლო 2014 წელს დაფინანსდება 746 248,22 ლარი. შეიცვალა ასევე, ხელშეკრულების 6.1 პუნქტი და სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2014 წლის 31 მარტისა, ცვლილება შევიდა, ასევე, ხელშეკრულების მე-14 მუხლში და ხელშეკრულების მოქმედების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 31 მაისის ჩათვლით ვადა.
17. მხარეებს შორის 2013 წლის 29 ნოემბერს დადებულია წერილობითი შეთანხმება, რომლითაც 2013 წლის 22 აგვისტოს №0-... ხელშეკრულებაში შევიდა ისეთივე შინაარსის ცვლილებები, როგორიც №0-... ხელშეკრულებაში.
18. საკრებულოს განკარგულების გამოცემისა და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველი გახდა მოპასუხის 2013 წლის 26 ნოემბრის №... წერილი. ამ წერილით მოპასუხემ მიმართა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურს იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება ფერხდება და აუცილებელია იყო სამუშაოთა დასრულების ვადის გაგრძელება შემდეგი გარემოებების გამო, ვინაიდან სარეაბილიტაციო ქუჩებზე მიმდინარეობდა წყალსადენის ქსელის აღდგენითი სამუშაოები, რის გამოც ფერხდებოდა გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რაც გამორიცხავდა ხელშეკრულების ვადაში სამუშაოთა დასრულების შესაძლებლობას. მოახლოებული ზამთრის გამო, მოსალოდნელი იყო ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და ნალექიანობის მომატება, რაც სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით შეუძლებელს ხდიდა ა/ბეტონის საფასის მოწყობას 50 დაბალ ტემპერატურაზე. მოპასუხემ მოითხოვა ამ გარემოებების გამო 2013 წლის 22 აგვისტოს დადებულ №0-... და №0-... ხელშეკრულებებში სამუშაოთა დასრულების ვადად განისაზღვროს 2014 წლის 31 მაისი.
19. ამდენად, მხარეებს შორის დადებული დამატებითი შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადა და იგი გაიზარდა 2014 წლის 31 მარტამდე.
20. დანართი №1-ის საფუძველზე განსაზღვრულია მოპასუხის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება თითოეული მისამართის მიხედვით. ვინაიდან პირგასამტეხლო მოთხოვნილია მხოლოდ კონკრეტულ მისამართებზე სამუშაოების დაგვიანებით შეუსრულებლობისათვის, სასამართლო მხოლოდ სადავო ქუჩების სამუშაოების ღირებულებას მიუთითებს.
21. №0-... ხელშეკრულების თანახმად, სადავო მისამართებზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა: 1. ა. ქუჩაზე – 15, 293,05 ლარი; 2. მ. მე-... გასასვლ. №..-... – 66 551,63 ლარი; 3. კ. ქ №... – 16 958.45 ლარი; 4. ბ... ქუჩა – 207 184,50 ლარი; 5. ...-ე მ/რ ... – 34 304,65 ლარი; 6. ...-ე მ/რ №...-...-.... – 136 409,89 ლარი; №06-... ხელშეკრულების თანახმად, სადავო მისამართებზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა: 1. ...-ე მ/რ №...., ..., ..., ..., .... – 176 763 ლარი; 2. ...-ე მ/რ №... – 37 627 ლარი; 3. ...-ე მ/რ №...,...-... – 124 488 ლარი; 4. ... მ/რ №... – 42 412 ლარი; 5. ...-ე მ/რ №... – 71 480 ლარი; 6. ...-ე მ/რ №... ... – 224 ლარი; 7. ... ქუჩა – 52 645 ლარი; 8. მ... და ვ. ქუჩის შემაერთებელი გზა – 40 171 ლარი; 9. მე-... მ/რ №... – 22 449,46 ლარი; 10. ...-ე მ/რ №9 – 37 690,06 ლარი; 2013 წლის 22 აგვისტოს №0-... ხელშეკრულების საფუძველზე რუსთავში, მე-... მ/რ №...-ში და ...-ე მ/რ №...-ში სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა გამოწვეულია ამ მისამართებზე წყლის მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობით. ამავე მიზეზით არის გამოწვეული 2013 წლის 22 აგვისტოს №0-... ხელშეკრულების საფუძველზე რუსთავში, მე-... მ/რ №...-...-... მისამართზე სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა. დანარჩენ მისამართებზე 2013 წლის 15 ოქტომბრისათვის წყლის მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იყო, რის გამოც ამ გარემოებას არ გამოუწვევია სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა.
22. მოპასუხე სადავო მისამართებზე ასფალტ/ბეტონის დაგების სამუშაოების 2013 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ შესრულებას არ უარყოფს, თუმცა მიუთითებს, რომ ეს გამოიწვია ამ ქუჩებზე წყლის მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობამ.
23. ქალაქ რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 15 ოქტომბრის წერილში მითითებულია იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც შეუსრულებელია სასმელი წლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სადავო მისამართებიდან წერილში დასახელებულია შემდეგი მისამართები: რუსთავი, მე-... მ/რ №...-...-..., მე-... მ/რ №...; ...-ე მ/რ №....
24. 2013 წლის 26 ნოემბრის ქალაქ რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შპს „რუსთავის წყლის“ დირექტორის მოადგილისათვის გაგზავნილ წერილში მითითებულია, რომ ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოპირკეთება, იგება ასფალტის საფარი. არსებული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები უნდა დამთავრდეს ა.წ 15 ოქტომბრამდე. წერილში მითითებულია ის მისამართები, სადაც შესასრულებელია სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სადავო მისამართებიდან მითითებულია მე-... მ/რ №...-...-...; მე-... მ/რ №...; ...-ე მ/რ №.....
25. შესაბამისად, №0-... ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისამართებიდან სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის 15 ოქტომბერს დასრულებული არ იყო რუსთავში, ...-ე მ/რ №..-...-...-ში. №0-... ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისამართებიდან სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის 15 ოქტომბერს დასრულებული არ იყო რუსთავში, მე-... მ/რ №...-ში; ...-ე მ/რ №...-ში.
26. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, რისი საფუძველია ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა.
27. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სწორად მოხდა პირგასამტეხლოს დაკისრება და შემცირება გონივრულ ოდენობამდე.
28. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
29. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შეფასებებს და დამატებით განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
30. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ №0-... და №0-... ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული მისამართებისათვის შეადგენდა 118 647.56 ლარს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა 10-ჯერ და ორივე, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საერთო ჯამში განსაზღვრა 11 864,75 ლარით. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების გამო ხელშეკრულებები არ შეწყვეტილა. რიგ შემთხვევაში სამუშაოები დასრულდა თავდაპირველად შეთახმებული ვადის გასვლიდან რამდენიმე დღეში. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევას გავლენა არ მოუხდენია ხელშეკრულების მთავარი პირობისა და მიზნის შესრულებაზე, სამუშაოების შესრულდა ხარისხიანად.
31. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში.
32. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
33. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
34. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
35. მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და, ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.
36. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
37. მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
38. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ამდენად, შესასრულებელი სამუშაოების ვადის გადაცილების ვადის გადაცილების და ვადის გადაცილებიდან განვლილი დროს, მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
39. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 207.22 ლარამდე. მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს პროცენტი წარმოადგენს პირგასამატეხლოს არაგონივრულად მაღალ ოდენობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც არ არსებობს აპელანტების პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-462-462-2018, 22.06.2018).
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
41. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
42. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს 161 979 ლარიდან 11 864,75 ლარამდე შემცირება, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არსებითი ინტერესები.
43. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ განსახილველი საკითხი უკავშირდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს განსაკუთრებულ ინტერესს (გამოწვეულს მაღალი საჯარო ინტერესიდან ქალაქში დროულად მოწესრიგებული გზის საფარი), რასაც წარმოადგენდა ქალაქ რუსთავში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში დასრულება. სწორედ საჯარო საქმიანობა და მისი განხორციელების მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი განასხვავებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას კერძო სამართლის სუბიექტისაგან, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებებიდან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად უფლებამოსილებას წარმოადგენს (მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების უზრუნველყოფა.“ შესაბამისად, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის და ხელშეკრულების შესრულებისადმი კასატორის ინტერესი მაღალია, აღნიშნულის გათვალისწინებით მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა სრულიად შესაბამისი გახლდათ მოცემულ ინტერესთან მიმართებით.
44. სამოქალაქო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის თანახმად, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს და იღებენ განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს.
45. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის შესაბამისად, განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს მინიმალური ზრდის კვალდაკვალ დაუსრულებელი სამუშაოების პირობებში რუსთავის მერიამ გაცილებით დიდი ზიანი განიცადა. განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულება.
46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
47. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
48. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
49. 2013 წლის 22 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის №06-360 და №06-362 ხელშეკრულებები ქალაქ რუსთავში გზებისა და შიდა კვარტალური ეზოების ასფალტ/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლითაც სამუშაობის შესრულების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდი, ხოლო სამუშაოების 50%-ის შესრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 15 ოქტომბრს ჩათვლით პერიოდი. სამუშაოების შესრულების ვადა 2013 წლის 29 ნოემბრის შეთანხმებით გაგრძელდა 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით.
50. 2013 წლის 22 აგვისტოს ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები №06-360 და №06-362 რუსთავში, გზებისა და შიდა კვარტალური ეზოების ასფალტ/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ. №0-... ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 1 995 994 ლარი, ხოლო №06-362 ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 1 995 992 ლარი.
51. ორივე ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2013 წლის 29 ნოემბრისა, მათ შორის სამუშაოების მთლიანი ღირებულების არანაკლებ 50%-ისა უნდა შესრულდეს 2013 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულებების №1 დანართში მითითებულია კონკრეტული მისამართების ჩამონათვალი, კონკრეტულ მისამართზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება და ვადა.
52. მხარეებს შორის დადებული დამატებითი შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადა და იგი გაიზარდა 2014 წლის 31 მარტამდე.
53. მოპასუხე სადავო მისამართებზე ასფალტ/ბეტონის დაგების სამუშაოების 2013 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ შესრულებას არ უარყოფს, თუმცა მიუთითებს, რომ ეს გამოიწვია ამ ქუჩებზე წყლის მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობამ.
54. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ №0-... და №0-... ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული მისამართებისათვის შეადგენდა 118 647.56 ლარს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა 10-ჯერ და ორივე, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საერთო ჯამში განსაზღვრა 11 864,75 ლარით. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების გამო ხელშეკრულებები არ შეწყვეტილა. რიგ შემთხვევაში სამუშაოები დასრულდა თავდაპირველად შეთახმებული ვადის გასვლიდან რამდენიმე დღეში. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევას გავლენა არ მოუხდენია ხელშეკრულების მთავარი პირობისა და მიზნის შესრულებაზე, სამუშაოების შესრულდა ხარისხიანად.
55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
56. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
57. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
58. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
59. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
61. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
62. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
63. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
64. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
65. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
66. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
67. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
68. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
69. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
70. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მასასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
71. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
72. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
73. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
74. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
75. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად ჩათვალა.
76. ამდენად, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
77. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
78. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
79. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
80. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
81. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე