Facebook Twitter

საქმე №ას-1813-2018 22 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. ლ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. რ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ხელშეშლის აღკვეთა, სველი წერტილის გადატანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ. ლ-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. რ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ზიანის – 6100 ლარის ანაზღაურების, მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთისა და მხარეთა ეზოების საზღვარზე აშენებული დამხმარე ნაგებობის – სააბაზანოსა და საპირფარეშოს გადატანის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა და 2002 წელს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა საცხოვრებელი სახლი. მის მეზობლად ცხოვრობს მოპასუხე, რომელმაც მათი ეზოების საზღვარზე ააშენა დამხმარე ნაგებობები – სააბაზანო და საპირფარეშო, რაც ხელს უშლის თავისი საკუთრების სარგებლობაში.

3. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნაგებები მდებარეობს მის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან და უქმნის დისკომფორტს როგორც ეზოში ყოფნისას, ასევე, ეზოში შესვლისა და გასვლისასაც. საცხოვრებელი სახლის სახურავიდან და დამხმარე ნაგებობის (სველი წერტილის) სახურავიდან გადმოდის წყალი და მოსარჩელეს აყენებს ზიანს, კერძოდ, ზიანდება მისი საცხოვრებელი სახლის ჭერი, კედლები, იატაკი, ფანჯრები და კიბე.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ უკვე წლებია ცხოვრობს მოსარჩელის მოსაზღვრედ. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ედავა სასამართლო წესით, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ. არც მისი საცხოვრებელი სახლი და არც მის მიერ აშენებული დამხმარე ნაგებობა მოსარჩელეს ხელს არ უშლის და არც არავითარ ზიანს აყენებს. მისი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა ისეა აშენებული, რომ სახურავებიდან ჩამონადენი წყალი მისივე ეზოში ჩაედინება. მოპასუხემ სველი წერტილი ააშენა 2007 წელს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სათანადო პროექტის შესაბამისად. რაც შეეხება ზიანს, მოსარჩელე უთითებს მხოლოდ მის ოდენობას და ვერ ადასტურებს, მოპასუხის მხრიდან მისი მიყენების ფაქტს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტები: მხარეების ეზოები და საცხოვრებელი სახლები მდებარეობს მეზობლად და მომიჯნავედ.

8. მოპასუხის ეზოში განთავსებულია ორი სახლი. ერთი ფინურ სტილზე დახურული და მეორე ბელეტაჟზე აგებული, რომლის ერთი ნაწილი, მარცხენა მხარე ეკუთვნის მოპასუხეს, ხოლო მარჯვენა – მოსარჩელეს.

9. საზიარო სახლის ნაწილები გაყოფილია ყრუ კედლით, ხოლო სახლის წინა ნაწილში მხარეთა კუთვნილი სივრცეები გამოყოფილია მოსარჩელის აივნის მოაჯირის ზემოთ დამაგრებული, დაახლოებით 2,20 მეტრი სიმაღლისა და 1.50 სიგანის ლითონის ფურცლით იმგვარად, რომ მოპასუხის ეზოდან, მოსარჩელის ეზოში გადასვლა და გადახედვა შეუძლებელია.

10. ეზოების გამყოფი ლითონის ფურცლები არსებობდა მოსარჩელის მიერ სახლის შეძენამდე და წინა მესაკუთრის გაკეთებულია.

11. მოსარჩელის კუთვნილი სახლის ნაწილი გადახურულია ძველი შიფერით, რომლის ქვევითაც დამაგრებულია წყლის სადინარი ღარი. სახლის წინა შუშაბანდი, კედლები და ჭერი, სიძველისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების გამო, ძალზე დაზიანებულია. შუშაბანდს და ფანჯრებს ზოგ ადგილას არ აქვს მინები. სახლის ჭერზე და კედლებზე ალაგ -ალაგ შეინიშნება წყლის ჩამოსვლის კვალი.

12. საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად თითქმის უვარგისია.

13. მოსარჩელის ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან 70 სმ-ში არის მოპასუხის კუთვნილი დამხმარე ნაგებობა – სველი წერტილი. მისი კედელი გვერდის მხრიდან ესაზღვრება ქუჩას, ხოლო უკანა კედელი 1.80 მეტრის სიგრძეზე წარმოადგენს ღიობის გარეშე არსებულ, მხარეთა ეზოების ფაქტობრივ საზღვარს, მიჯნას.

14. დამხმარე ნაგებობის კედლის შემდეგ ეზოებს ყოფს 2004 წელს თავად მოსარჩელის მიერ აშენებული 25 სმ სიგანის, 1.30 სმ სიმაღლის და 5.80 მეტრი სიგრძის აგურის კედელი (ღობე), რომელიც 12 სანტიმეტრით დაშორებულია მოპასუხის დამხმარე ნაგებობის – სველი წერტილის უკანა კედლიდან.

15. აგურის ღობის დასასრულს მდებარეობს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის კიბე მოაჯირით, რომელსაც მოაჯირის ზემოთ, მხარეთა ეზოების გასამიჯნად დამაგრებული აქვს ლითონის 2 მეტრის სიგრძისა და 1.20 მეტრი სიმაღლის ფურცელი.

16. აგურის ღობიდან მარცხნივ, 50 სმ-ში მდებარეობს მოპასუხის ე.წ. ფინურად დახურული სახლის უკანა კედელი.

17. მოპასუხის ეზოში მდებარე მეორე, ე.წ. ფინური სტილის სახლი აშენდა 2007 წელს, იქ არსებული ძველი ხის სახლის ფარგლებში. სახლის სახურავი არ გადადის მოსარჩელეს ეზოში, ეშვება მოპასუხის ეზოში და დამხმარე ნაგებობის – სველი წერტილის სახურავზე.

18. სველი წერტილის სახურავი არის ბეტონით მოპირკეთებული და დაქანება აქვს გზის, ასევე მოპასუხის ეზოს მხარეს.

19. მოპასუხის სახლისა და დამხმარე ნაგებობის კედლებს, ასევე, მხარეთა ეზოების გამყოფ აგურის ღობეს, წყლის ჩამოსვლის კვალი არ ეტყობა.

20. საზიარო, ბელეტაჟი სახლის მოპასუხის კუთვნილ ნაწილს აქვს საჰაერო, რომელიც ამოშენებული არ არის. საჰაეროს აფარებული აქვს ლითონის ბადე იმგვარად, რომ ხელს არ უშლის ჰაერის თავისუფლად მოძრაობას. სახლის ეს ნაწილი დახურულია შიფერით, წყლის საწვიმარი ღარი მოწყობილი აქვს მოპასუხის ეზოს მხარეს და მისი დაქანება იმგვარია, რომ სახურავიდან გადმოსული წყალი ჩადის ისევ, მოპასუხის ეზოში.

21. მხარეთა კუთვნილი ეზოების საზღვართან ამჟამად არსებული კაპიტალური დამხმარე ნაგებობა – სველი წერტილი (სააბაზანო და საპირფარეშო) ზესტაფონის რაიონის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მიერ დამტკიცებული სათანადო პროექტის საფუძველზე, 2007 წელს ააშენა მოპასუხემ იქ არსებული და ზესტაფონის რაიონის გამგეობის ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული ძველი დამხმარე ნაგებობის ადგილზე.

22. დამხმარე ნაგებობა (საპირფარეშო და სააბაზანო) არის კაპიტალური, მოწესრიგებული და სუფთა, მათგან რაიმე არასასიამოვნო სუნი არ მომდინარეობს და არც ნარეცხი ან ნაწვიმარი წყალი, ან რაიმე ანტისანიტარული ზემოქმედება მეზობელი მოსარჩელის ეზოსა და საცხოვრებელი სახლისაკენ არ მიემართება.

23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სსკ-ის 170-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 992-ე მუხლები, სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

24. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე ხელშეშლის აღკვეთა, დამხმარე ნაგებობის გადატანა და ზიანის ანაზღაურება.

25. შესაბამისად, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს როგორც სამეზობლო ურთიერთობიდან, ისე დელიქტიდან.

26. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მოძიებულ უნდა იქნეს სამეზობლო სამართლისა და დელიქტის ნორმებში, კერძოდ, ესენია სსკ-ის 174-182 და 992-ე მუხლები და კონკრეტული ნორმების წინაპირობების შემოწმების გზით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, უნდა მოხდეს სააპელაციო მოთხოვნის განხილვა.

27. სამეზობლო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების თანახმად, კანონი მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს.

28. სარგებლობის შესაძლო შეზღუდვას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.

29. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, მხოლოდ მაშინ შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, თუ სახეზეა ორი წინაპირობა: ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელი ხელყოფა და ეს იმთავითვე აშკარაა.

30. დასახელებული კუმულატიური პირობები ქმნიან, უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვის მოთხოვნის წინაპირობას, რომელიც საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მკაცრი ფორმაა (იხ. სუსგ №ას-413-396-2016, 15.07.2016წ.; №ას-368-352-2016, 21.10.2016წ.).

31. მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

32. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მოსარჩელის ვალდებულებაა იმ ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომ მეზობელ მიწის ნაკვეთში განთავსებული, მოპასუხე კუთვნილი უძრავი ქონებიდან (საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა) მომდინარე ზემოქმედებანი დაუშვებლად ხელყოფენ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობას და ეს იმთავითვე აშკარაა.

33. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ აშენებული ნაგებობები ხელყოფენ მოსარჩელის საკუთრებას და არც სხვაგვარად ეშლება ხელი მისით სარგებლობაში, ვინაიდან საქმეში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. ამდენად, აპელანტის მოთხოვნა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, როგორც ხელშეშლის აღკვეთის, ისე ზიანის ანაზღაურების თაობაზე და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

34. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

35. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით.

36. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია იმ გარემოებაზე, რომ სადავო დამხმარე ნაგებობები საზღვრად არის გამოყენებული და ამ კუთხით არ უმსჯელია სსკ-ის 179-ე და 182-ე მუხლების ირგვლივ.

37. სააპელაციო პალატას არ განუმარტავს, საზღვარზე აშენებული დამხმარე ნაგებობებით კასატორს გააჩნია თუ არა თმენის ვალდებულება, როცა ზესტაფონის რაიონული სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან მარცხნივ, 70 სმ-ში არის მოპასუხის კუთვნილი დამხმარე ნაგებობა – სველი წერტილი, რომელიც მდებარეობს ქუჩის პირას და მისი კედელი წარმოადგენს ორივე მხარის ნაკვეთის საზღვარს, რის გამოც კასატორმა დღემდე ვერ შეძლო აღნიშნულ ნაწილში საკუთარი მიწის ნაკვეთის საზღვრის გავლება.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

39. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

40. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, ხოლო კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ:

41. მხარეების ეზოები და საცხოვრებელი სახლები მდებარეობს მეზობლად და მომიჯნავედ.

42. მოპასუხის ეზოში განთავსებულია ორი სახლი. ერთი ფინურ სტილზე დახურული და მეორე ბელეტაჟზე აგებული, რომლის ერთი ნაწილი, მარცხენა მხარე ეკუთვნის მოპასუხეს, ხოლო მარჯვენა – მოსარჩელეს.

43. საზიარო სახლის ნაწილები გაყოფილია ყრუ კედლით, ხოლო სახლის წინა ნაწილში მხარეთა კუთვნილი სივრცეები გამოყოფილია მოსარჩელის აივნის მოაჯირის ზემოთ დამაგრებული, დაახლოებით 2,20 მეტრი სიმაღლისა და 1.50 სიგანის ლითონის ფურცლით იმგვარად, რომ მოპასუხის ეზოდან, მოსარჩელის ეზოში გადასვლა და გადახედვა შეუძლებელია.

44. ეზოების გამყოფი ლითონის ფურცლები არსებობდა მოსარჩელის მიერ სახლის შეძენამდე და წინა მესაკუთრის გაკეთებულია.

45. მოსარჩელის კუთვნილი სახლის ნაწილი გადახურულია ძველი შიფერით, რომლის ქვევითაც დამაგრებულია წყლის სადინარი ღარი. სახლის წინა შუშაბანდი, კედლები და ჭერი, სიძველისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების გამო, ძალზე დაზიანებულია. შუშაბანდს და ფანჯრებს ზოგ ადგილას არ აქვს მინები. სახლის ჭერზე და კედლებზე ალაგ-ალაგ შეინიშნება წყლის ჩამოსვლის კვალი.

46. საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად თითქმის უვარგისია.

47. მოსარჩელის ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან 70 სმ-ში არის მოპასუხის კუთვნილი დამხმარე ნაგებობა – სველი წერტილი. მისი კედელი გვერდის მხრიდან ესაზღვრება ქუჩას, ხოლო უკანა კედელი 1.80 მეტრის სიგრძეზე წარმოადგენს ღიობის გარეშე არსებულ, მხარეთა ეზოების ფაქტობრივ საზღვარს, მიჯნას.

48. დამხმარე ნაგებობის კედლის შემდეგ ეზოებს ყოფს 2004 წელს თავად მოსარჩელის მიერ აშენებული 25 სმ სიგანის, 1.30 სმ სიმაღლის და 5.80 მეტრი სიგრძის აგურის კედელი (ღობე), რომელიც 12 სანტიმეტრით დაშორებულია მოპასუხის დამხმარე ნაგებობის – სველი წერტილის უკანა კედლიდან.

49. აგურის ღობის დასასრულს მდებარეობს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის კიბე მოაჯირით, რომელსაც მოაჯირის ზემოთ, მხარეთა ეზოების გასამიჯნად დამაგრებული აქვს ლითონის 2 მეტრის სიგრძისა და 1.20 მეტრი სიმაღლის ფურცელი.

50. აგურის ღობიდან მარცხნივ, 50 სმ-ში მდებარეობს მოპასუხის ე.წ. ფინურად დახურული სახლის უკანა კედელი.

51. მოპასუხის ეზოში მდებარე მეორე, ე.წ. ფინური სტილის სახლი აშენდა 2007 წელს, იქ არსებული ძველი ხის სახლის ფარგლებში. სახლის სახურავი არ გადადის მოსარჩელეს ეზოში, ეშვება მოპასუხის ეზოში და დამხმარე ნაგებობის – სველი წერტილის სახურავზე.

52. სველი წერტილის სახურავი არის ბეტონით მოპირკეთებული და დაქანება აქვს გზის, ასევე მოპასუხის ეზოს მხარეს.

53. მოპასუხის სახლისა და დამხმარე ნაგებობის კედლებს, ასევე, მხარეთა ეზოების გამყოფ აგურის ღობეს, წყლის ჩამოსვლის კვალი არ ეტყობა.

54. საზიარო, ბელეტაჟი სახლის მოპასუხის კუთვნილ ნაწილს აქვს საჰაერო, რომელიც ამოშენებული არ არის. საჰაეროს აფარებული აქვს ლითონის ბადე იმგვარად, რომ ხელს არ უშლის ჰაერის თავისუფლად მოძრაობას. სახლის ეს ნაწილი დახურულია შიფერით, წყლის საწვიმარი ღარი მოწყობილი აქვს მოპასუხის ეზოს მხარეს და მისი დაქანება იმგვარია, რომ სახურავიდან გადმოსული წყალი ჩადის ისევ, მოპასუხის ეზოში.

55. მხარეთა კუთვნილი ეზოების საზღვართან ამჟამად არსებული კაპიტალური დამხმარე ნაგებობა – სველი წერტილი (სააბაზანო და საპირფარეშო) ზესტაფონის რაიონის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მიერ დამტკიცებული სათანადო პროექტის საფუძველზე, 2007 წელს ააშენა მოპასუხემ იქ არსებული და ზესტაფონის რაიონის გამგეობის ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული ძველი დამხმარე ნაგებობის ადგილზე.

56. დამხმარე ნაგებობა (საპირფარეშო და სააბაზანო) არის კაპიტალური, მოწესრიგებული და სუფთა, მათგან რაიმე არასასიამოვნო სუნი არ მომდინარეობს და არც ნარეცხი ან ნაწვიმარი წყალი, ან რაიმე ანტისანიტარული ზემოქმედება მეზობელი მოსარჩელის ეზოსა და საცხოვრებელი სახლისაკენ არ მიემართება.

57. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

58. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

59. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ 12.02.2016 საქმე №ას-1041-998-2016, 26.10.2016წ. №ას-843-809-2016, 21.12.2018წ. საქმე №ას-1250-2018).

60. ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი გარემოებების დადასტურება, კერძოდ: მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და იგი, მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, ვერ სარგებლობს უძრავი ნივთით.

61. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

62. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რასაც კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ ბედს. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელის ზეპირი განმარტება და სადავო ურთიერთობის მისეული შეფასება საკმარისი არ არის, არამედ აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, იქნება ეს წერილობითი დოკუმენტები, მოწმეთა ჩვენებები თუ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის მტკიცებულება.

63. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა მოპასუხის მხრიდან მისი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ობიექტურად ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელება, თუმცა საკუთარი განმარტების გარდა, მხარემ სხვა მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა მაშინ, როდესაც სააპელაციო პალატამ უტყუარად დაადგინა, რომ მოპასუხის ქმედებით და მის მიერ საკუთრების ფლობის წესით მოსარჩელეს არანაირი ზიანი არ ადგება და არც კუთვნილი ქონებით სარგებლობაში ხელი არ ეშლება.

64. ამდენად, მოცემულ ეტაპზე მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლის ფაქტის არსებობა მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაამტკიცა, რაც ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

65. მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის ვერც ის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე.

66. წარმოდგენილი ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრების არარსებობის პირობებში დავის შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დაშვებულ საპროცესო დარღვევას საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია.

67. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

68. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

69. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

70. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე