Facebook Twitter

საქმე №ას-1372-2018 22 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ნ. დ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. დ-ე, შპს „ვ-ი“ (მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა

განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეწყვეტა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2007 წლის 25 აპრილს ნ. დ-ესა (შემდეგში: გამჩუქებელი მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) და მ. დ-ეს (შემდეგში: დასაჩუქრებული ან პირველი მოპასუხე ან პირველი მოწინააღმდეგე მხარე) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გამჩუქებელმა თავის ძმას, დასაჩუქრებულს აჩუქა უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, 2100,00 კვ.მ, მდებარე სოფელ ადლიაში. უძრავი ქონების მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ხ., კოდი ..., სექტორი ... - კოდი ..., კვარტალი - ..., ნაკვეთის ნომერი - .... (შემდეგში - ჩუქების საგანი).

2. 2013 წლის 20 სექტემბერს გამჩუქებელმა აღძრა წინამდებარე სარჩელი დასაჩუქრებულის მიმართ 2007 წლის 25 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, რომელზედაც 2013 წლის 15 ოქტომბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 2007 წლის 25 აპრილის ჩუქების ხელშეკრულება და ჩუქების საგანის 1.2 ნაწილი აღირიცხა გამჩუქებლის სახელზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. 2013 წლის 11 ნოემბერს (უფლების რეგისტრაციის თარიღი) 05.31.03.296 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2116,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის მესაკუთრედ აღრიცხა გამჩუქებელი, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე №2/13612-13. 2013 წლის 5 დეკემბერს შპს „ვ-მა (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე მოწინააღმდეგე მხარე) მიმართა სასამართლოს განცხადებით საქმის წარმოების განახლების შესახებ კანონიერ ძალაში შესული 2013 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო. 2014 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება და მეორე მოპასუხე ჩაერთო საქმეში პირველ მოპასუხესთან ერთად.

3. მეორე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე №2-1046-12, შპს „ვ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე მ. დ-ეს (რომელიც წინამდებარე დავაში წარმოადგენს პირველ მოპასუხეს ან დასაჩუქრებულს) დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 354 677,00 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. 2013 წლის 15 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2013 წლის 13 სექტემბერს მოვალე მ. დ-ეს მიეცა წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, 2013 წლის 15 ივლისის №2-1046/12 საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება და შპს „ვ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

4. 2014 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შეჩერდა მოცემულ საქმეზე №2/3878-14 სამოქალაქო საქმის წარმოება შპს „ვ-ის“ სარჩელისა გამო მ. დ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 04 ივნისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე. 2015 წლის 29 მაისის საქართველოს უზენაესის სასამართლოს განჩინებით მ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი. 2017 წლის 06 სექტემბრის საოქმო განჩინებით №2/3878-14 საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

5. საჯარო რეესტრის 2016 წლის 14 ივნისის ამონაწერის მიხედვით, 05.31.03.296 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2116,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენს მედეა დ-ე, უფლების რეგისტრაციის თარიღია 2013 წლის 26 ნოემბერი, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმებული 2013 წლის 26 ნოემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

6. გამჩუქებელმა სარჩელი აღძრა დასაჩუქრებულის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მასსა და პირველ მოპასუხეს შორის 2007 წლის 25 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და ჩუქების საგნის ½ წილის მესაკუთრედ აღირიცხვა.

7. პირველმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი (იხ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 12:10:43, 12:51:17).

8. მეორე მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ წინამდებარე სარჩელის აღძვრის ინტერსს მოსარჩელისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 04 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაწყებული აღსრულების შეუძლებლობა წარმოადგენდა, რამეთუ აღნიშნული გადაწყვეტილებით მ. დ-ეს (რომელიც წინამდებარე დავაში წარმოადგენს პირველ მოპასუხეს ან დასაჩუქრებულს) დაეკისრა შპს „ვ-ის“ სასარგებლოდ 354 677,00 აშშ დოლარის გადახდა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 524-ე, 529-ე მუხლების საფუძველზე და დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გამოყენებით მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ჩუქების გაუქმების განმაპირობებელი გარემოებების არსებობის დადასტურება.

11. გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი უარყოფილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.02.2014 წლის საოქმო განჩინების, რომლითაც შპს ,,ვ- ი’’ წინამდებარე დავაში ჩაერთო მოპასუხედ, გაუქმების საფუძვლებზე და მიიჩნია, რომ საოქმო განჩინების გამოტანისას საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამ თვალსაზრისით, დადგენილად იქნა მიჩნეული ამ განჩინების პპ: 1-3 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მეორე მოპასუხემ 2013 წლის 05 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.10.2013 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა იმაზე მითითებით დაადასტურა, რომ საზოგადოებას, როგორც მოპასუხე მ. დ-ის კრედიტორს ჩუქების ხელშეკრულების საგანზე, როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებაზე, გააჩნია დაცვის ღირსი ინტერესი. შესაბამისად, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის საკუთრებიდან გავიდა უძრავი ქონება პირდაპირ შეეხო საზოგადოების კანონით გათვალისწინებულ უფლებებს, რამეთუ პრაქტიკულად მოესპო მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით, განცხადებას დაურთო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.06.2012 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს ,,ვ-ის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მ. დ-ის საკუთრებაში რიცხული ქონების მდებარე - ქ. ბათუმი, დასახლება ადლია, საკადასტრო კოდით: 05.32.03.296 ½ ნაწილს და მის საბანკო ანგარიშებს. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით (რომელიც კანონიერ ძალაშია შესული) გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმეზე განახლდა წარმოება.

13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,ვ- ი’’ წინამდებარე დავაში მოპასუხედ მართებულად ჩააბა, გათვალისწინებით იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.06.2012წ. განჩინების (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) და ამავე სასამართლოს 04.06.2013წ. გადაწყვეტილების (სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ) საფუძველზე მოპოვებული უფლებების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული (28.02.2014წ) განჩინებით დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენდა, რომ დავის საგნის მიმართ შპს ,,ვ- ის’,’ როგორც მოპასუხე მ. დ-ის კრედიტორის ინტერესი ქმნიდა მართლზომიერ საფუძველს ნ. დ-ის სარჩელზე შპს ,,ვ- ის’’ თანამოპასუხედ ჩასართავად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილება შპს ,,ვ-ის’’ კანონით გათვალისწინებულ ინტერესს პირდაპირ და უშუალოდ შეეხებოდა [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

14. რაც შეეხება სარჩელის უარყოფის საფუძვლებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დასაჩუქრებულმა მჩუქებელს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა ან მის მიმართ უმადურობა გამოიჩინა [სსკ-ის 529-ე მუხლის დისპოზიცია: ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს]. გამჩუქებელი სარჩელის წარმატებულობას სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელებას აყრდნობდა [დისპოზიცია: ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ]; იგი მიუთითებდა, რომ დასაჩუქრებული მასთან მივიდა სახლში, რა დროსაც, მიაყენა მძიმე მორალური შეურაცხყოფა, ასევე შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლესა და შვილებს, რა დროსაც, არ ერიდებოდა უხამსი და უშვერი სიტყვების გამოყენებას.

15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართალია, დასაჩუქრებული, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მით უფრო მაშინ, როცა მათ შორის ახლო ნათესაური კავშირია, მაგრამ ამგვარი ვალდებულება, არ გულისხმობს დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას მხოლოდ გამჩუქებლის სუბიექტური დამოკიდებულებისა და მისი ნება-სურვილის გათვალისწინებით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაა მოთხოვნილი, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ნორმის დისპოზიციით განსაზღვრული წინაპირობების დადგენა, კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნამდვილად ჰქონდა, თუ არა, ადგილი დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოვლინებას ან დამსაჩუქრებლისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას.

16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება დაემტკიცებინა დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან/და დიდი უმადურობის გამოვლინება. ამ გარემოებების დადასტურების მიზნით მოსარჩელე ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულებებზე არ მიუთითებდა.

17. მართალია სარჩელში მითითებულ გარემოებას დაეთანხმა და აღიარა პირველმა მოპასუხე, თუმცა, პირველი მოპასუხის აღიარება, სსსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებად არ იქნა მიჩნეული, რამეთუ ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული. ფაქტის აღიარების ასეთ მტკიცებულებად შეფასება ემყარება რწმენას, რომ იგი ნამდვილად არსებობს და თვით ის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელსაც ამ და სხვა ფაქტების საფუძველზე მეორე მხარის უფლებების დარღვევაში ედავებიან. ამასთან, აღიარების სსსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართებითაც შემდგომში იქნება გამოყენებული და რომელსაც აკისრია აღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა.

18. მოცემულ შემთხვევაში, პირველი მოპასუხის აღიარების საფუძველზე, საფუძველი ეცლებოდა უძრავ ქონებაზე მის საკუთრების უფლებას, რომელზეც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების უფლება გააჩნდა ამავე დავაში მოპასუხედ ჩაბმულ მის კრედიტორს. შესაბამისად, სარჩელზე ერთ-ერთი მოპასუხის, ამ შემთხვევაში, დასაჩუქრებული ძმის მიერ სარჩელში მითითებული გარემოების - მძიმე შეურაცხოფის მიყენების დადასტურების ფარგლებში, სარჩელის დაკმაყოფილებით სარჩელზე მეორე მოპასუხედ ჩაბმულ პირს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მ. დ-ისთვის დაკისრებული 354 677,00 აშშ დოლარის დაბრუნების რეალური შესაძლებლობა ესპობოდა.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ, რომელმაც იმავდროულად, გაასაჩივრა მოპასუხე მხარეზე შპს „ვ--ის“ ჩართვის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინება.

20. მის მიერ 2018 წლის 08 აგვისტოს წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო, როგორც მატერიალურ სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენებისა და განმარტების [სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილი], ისე, საპროცესო სამართლებრივი დარღვევების (მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილება) არსებობის საფუძვლებით [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

22. 2019 წლის 20 თებერვალს კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმრთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

23. განმცხადებელმა განცხადებაში საქმის შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: ვინაიდან საქმეში მონაწილე მხარეთა შორის დავა დასრულდა სასამართლოს გარეთ მიღწეული შეთანხმებით, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იგი უარს ამბობდა სარჩელზე, მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის და №05.32.03.296 საკადასტრო კოდით არსებული უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

27. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვით და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

29. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა (მოსარჩელე) უარი განაცხადა სარჩელზე იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის დავა დასრულდა სასამართლოს გარეთ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

30. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ყველა სამართლებრივი აქტები, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

32. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე კასატორმა (მოსარჩელემ) სარჩელზე თქვა უარი, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1500 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 399-ე და 372-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. დ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე - ნ. დ-ის სარჩელის გამო მ. დ-ისა და შპს „ვ-ის“ მიმართ 2007 წლის 25 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერში

ცვლილების შეტანის შესახებ;

3. გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება.

4. ნ. დ-ეს (პ/ნ 6-...) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს N5 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150)

5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე