საქმე №ა-5745-შ-141-2018 26 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. კ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ფიზიკური პირის გაკოტრებულად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ა. ს-ის ძე კ-ა (გადასახადის გადამხდელის ინდივიდუალური ნომერი: 7-..., ინდივიდუალური პირადი ანგარიშის სადაზღვევო ნომერი: 2--..., დაბადების თარიღი: 1-...., დაბადების ადგილი: ქ.თბილისი, საქართველო) აღიარებულ იქნა გაკოტრებულად და მის მიმართ შემოღებულ იქნა მოქალაქის ქონების რეალიზაციის პროცედურა. ა-... კ-ას ფინანსურ მმართველად დამტკიცდა ი. ვ-ის ასული ტ-ა (გასახადების გადამხდელის ინდივიდუალური ნომერი: 3..., არაკომერციული პარტნიორობა ასოციაცია „რ.“ („Р...“) წევრი, კორესპონდენციის გაგზავნის მისამართი: 1..., ქ-ი, ს.). დაინიშნა ფინანსური მმართველის ანგარიშის განხილვა 24.09.2018წლის 11 საათსა და 30 წუთზე, სასამართლო შენობაში, მისამართი: ქ-ი, პ-ას ქ. №-..., დარბაზი 7-..., საქმეზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საიტზე: www.krasnodar, arbitr.ru. ა. კ-ას დაევალა:
წინამდებარე სასამართლო აქტის მიღების დღიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში გადასცეს ფინანსურ მმართველს მის (მოვალის) ხელთ არსებული ყველა საბანკო ბარათი;
ფინანსური მმართველის დამტკიცების თარიღიდან არაუგვიანეს სამის დღისა გადასცეს ფინანსურ მმართველს მოვალის საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაცია, ბეჭდები, შტამპები, მატერიალური და სხვა ფასეულობები. შესრულების მტკიცებულებები წარუდგინოს საარბიტრაჟო სასამართლოს;
საკრედიტო ორგანიზაციები ვალდებული არიან შეატყობინონ ფინანსურ მმართველს მათთან არსებული გაკოტრებულად აღიარებული მოქალაქის ანაბრების, ანგარიშების, სხვა ქონებისა და საბანკო უჯრედის (სეიფის) იჯარის ხელშეკრულების შესახებ, არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა იმ დღიდან, როდესაც ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო ცნობილი მოქალაქის გაკოტრებულად აღიარების შესახებ.
ქონებაზე, მათ შორის უძრავ ქონებაზე და უდოკუმენტო ფასიან ქაღალდებზე მოვალის უფლებები გადასვლის ან დატვირთვის რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ მმართველის განცხადების საფუძველზე. ამ თარიღამდე შეტანილი მოვალის განცხადებები აღსრულებას არ ექვემდებარება. მოვალე არ არის უფლებამოსილი პირადად გახსნას საბანკო ანგარიშები და ანაბრები საკრედიტო ორგანიზაციებში და მიიღოს მათზე ფულადი სახსრები.
ა. კ-ას წარმომადგენელმა რ. მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 16 აპრილს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ა. კ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
2019 წლის 25 თებერვალს ა. კ-ამ გამოიხმო შუამდგომლობა და მოითხოვა მისი განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა. კ-ას განცხადება რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.
დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსათვის წარდგენილ მოთხოვნაზე.
სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს.
განსახილველ შემთხვევაში ა. კ-ას განცხადებით დასტურდება, რომ იგი მოითხოვს შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას მისი გამოხმობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. კ-ას განცხადება, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ-ას განცხადება შუამდგომლობის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ა. კ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
3. ა. კ-ას დაუბრუნდეს წარმოდგენილი შუამდგომლობა თანდართული მასალებით.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე