Facebook Twitter

საქმე №ას-925-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – შ. ი–ი, ა. და რ. ბ-ეები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ტ–ი, ც. ლ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე, მტკიცებულების მიღების თაობაზე 2018 წლის 3 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ტ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ც. ლ-მა და ნ. ტ–მა (შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე, აპელანტები, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შ. ი–ის, ა. და რ. ბ-ეების (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები ან კასატორები) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ქ.თელავში, ს-ის ქ#7-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილის სერვიტუტით დატვირთვა და მოსარჩელეებისათვის ამ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების დადგენა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

i 2014 წლის 8 აპრილს პირველმა მოსარჩელემ გაიმარჯვა აუქციონში და შეიძინა თელავში, ს-ის ქუჩაზე მდებარე 106 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ 78 კვ.მ შენობა-ნაგებობა (საზოგადოებრივი საპირფარეშო), რაზედაც თელავის მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წლის 8 აპრილს შედგენილ იქნა პირობიან აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი #1 ოქმი და 14 აპრილს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი #2 პ/ა მოწმობა. საკუთრების უფლება 2014 წლის 15 აპრილს აღირიცხა საჯარო რეესტრში, პირველი მოსარჩელის მიერ შეძენილი შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა საზოგადოებრივ საპირფარეშოს, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. აუქციონის პირობა სწორედ ობიექტის პროფილის შენარჩუნება და მისი კეთილმოწყობა იყო. საპირფარეშოს მისასვლელი ჰქონდა ს-ის ქ#4-სა და ს-ის ქ#7-ში მდებარე ნაგებობათა შორის არსებული გზიდან, რომლის ნაწილიც დღეის მდგომარეობით აღრიცხულია მოპასუხეების სახელზე. ვინაიდან პირველი მოსარჩელის მიერ შეძენილ უძრავ ქონებას არ გააჩნია სხვა მისასვლელი, მოპასუხეების საკუთრებაში არსებული, თელავში, ს-ის ქ#7-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილი (14,56 კვ.მ) უნდა დაიტვირთოს სერვიტუტით და მოსარჩელეს მიეცეს მოპასუხეთა საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ნაწილით (მისასვლელი გზა) სარგებლობის უფლება;

ii 2009 წლის 3 აპრილის #1-2206 გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2009 წლის 22 აპრილის #1-2699 სანოტარო აქტის საფუძველზე მეორე მოსარჩელემ დ. ფ–ისაგან შეიძინა თელავში, ს-----ის ქ#4-ში მდებარე 4 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობით. შენობა-ნაგებობის შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა, რომლითაც სარგებლობდა უძრავი ქონების წინა მესაკუთრე და რომლის სარგებლობაც გააგრძელა მეორე მოსარჩელემაც. მეზობლად მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრემ (პირველი მოპასუხე) საკუთარ და მეორე მოსარჩელის შენობას შორის მოაწყო რკინის ჭიშკარი, ნ. ტ–ს აუკრძალა შესვლა და ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობა იმ მოტივით, რომ მიწა იყო მოპასუხის საკუთრება. ვინაიდან მოსარჩელეს კუთვნილ ნაგებობაში შესასველად სხვა გზა არ გააჩნია, ამასთან, წლების განმავლობაში სარგებლობს ამ შესასვლელით, იგი მოითხოვს, მოპასუხეების საკუთრებაში არსებული, თელავში, ს-----ის ქ#7-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილი (3 კვ.მ) დაიტვირთოს სერვიტუტით და მას მიეცეს მოპასუხეთა საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ნაწილით (შენობა-ნაგებობაში შესასვლელით) სარგებლობის უფლება.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

i პირველი მოპასუხის განმარტებით, პირველი მოსარჩელის მიერ შეძენილი შენობა-ნაგებობა ნამდვილად წარმოადგენდა საზოგადოებრივ საპირფარეშოს და იგი ფუნქციონირებდა. საზოგადოებრივ საპირფარეშოს მისასვლელი არ ჰქონია მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან, ვინაიდან ხუთ წელზე მეტია, რაც ს-ის ქ#4-სა და #6-ში მდებარე ნაგებობებს შორის მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც ცენტრალური ქუჩის მხრიდან იზოლირებულია რკინის ჭიშკრით. საზოგადოებრივი საპირფარეშო 2014 წლამდე ფუნქციონირებდა, ჰქონდა და ამჟამადაც აქვს მოქალაქეებისათვის მისასვლელი გზა სამხრეთის (ოპტიკის სალონის) მხრიდან, რომელიც არ არის არავის საკუთრებაში რეგისტრირებული და შეუფერხებლად სარგებლობენ ქალაქის მცხოვრებლები. 2014 წლის 3 ივნისის თელავის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, პირველი მოსარჩელის შვილს (მეორე მოსარჩელეს) უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ტერიტორიული სამსახურის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, რომლითაც ს-ის ქ#7-ში (ამჟამად #6) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა დარეგისტრირდა პირველი მოპასუხის საკუთრებაში. მეორე მოსარჩელის მიერ შეძენილ შენობა-ნაგებობას, ვიდრე მას მხარე შეისყიდაა, 1997 წლის თებერვალში #30 გადაწყვეტილებით დამტკიცებული პროექტის თანახმად, შესასვლელი ჭიშკარი მოწყობლი ჰქონდა სამხრეთის მხრიდან. ჩრდილოეთის მხრიდან არსებული შესასვლელი არის არასწორად კანონის დარღვევით მოწყობილი, ის გადაწყვეტილება, რომლითაც შესასვლელი იყო სამხრეთის მხარეს, ძალაშია და არ არის გაუქმებული. მეორე მოსარჩელისათვის კარგა ხანია, ცნობილია ის გარემოება, რომ მისი ჭიშკარი არასწორად, პროექტის დარღვევით, არის მოწყობილი მოპასუხეების ეზოში. სამ წელზე მეტია, იგი დავობს აღნიშნულს, რაც საბოლოოდ მისი მარცხით დამთავრდა ყველა ორგანოსა და სასამართლოშიც. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მეორე მოსარჩელეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ტერიტორიული სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე, რომლითაც ს-ის ქ#7-ში (ამჟამად #6) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა დარეგისტრირდა მოპასუხეთა საკუთრებაში. მოსარჩელეს შეუძლია, საკუთარ შენობას, თუნდაც სამხრეთით, როგორც ეს პროექტითაა გათვალისწინებული, მოუწყოს შესასვლელი კარი, თავისი აფთიაქის მხრიდან.

ii მეორე და მესამე მოპასუხის განმარტებით, პირველი მოსარჩელის მიერ შეძენილი შენობა-ნაგებობა ნამდვილად იყო საზოგადოებრივი საპირფარეშო, მაგრამ სინამდვილეს არ შეესაბამება მისი მითითება, რომ იგი არ ფუნქციონირებდა. თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 17 ივლისის მიმართვიდან დასტურდება, რომ ყოფილ უნივერმაღ „გ-ის“ გვერდით მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშო 2014 წლამდე ფუნქციონირებდა და ჰქონდა მისასვლელი გზა. საზოგადოებრივ საპირფარეშოს მისასვლელი არ ჰქონია და ვერც ექნება მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან, ვინაიდან ხუთ წელზე მეტია, რაც ს-ის ქ#4-სა და #6-ში მდებარე ნაგებობებს შორის მოპასუხეთა სახელზე ირიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც ცენტრალური ქუჩის მხრიდან იზოლირებულია რკინის ჭიშკრით. საზოგადოებრივი საპირფარეშო 2014 წლამდე ფუნქციონირებდა, ჰქონდა და ამჟამადაც აქვს მოქალაქეებისათვის მისასვლელი გზა სამხრეთის (ოპტიკის სალონის) მხრიდან, რომელიც არ არის არავის საკუთრებაში რეგისტრირებული და შეუფერხებლად სარგებლობენ ქალაქის მცხოვრებლები. 2000 წლიდან ქ.თელავში, ს-ის ქ#4-ში მდებარე საზოგადოებრივ საპირფარეშოს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ამუშავებდა ქ.თელავში, ჩ–ის ქ#30-ში მცხოვრები მ. გ–ი და იხდიდა იჯარის ქირას. მოსარჩელის მიერ ობიექტის შესყიდვამდე და შესყიდვის შემდეგაც საზოგადოებრივ საპირფარეშოს სამხრეთის მხარეს (ოპტიკის სალონი) აქვს მისასვლელი გზა. რაც შეეხება მეორე მოსარჩელის მიერ შეძენილ შენობა-ნაგებობას, გასხვისებამდე შედგენილი პროექტის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია 1997 წლის თებერვალში (#30 გადაწყვეტილებით, ოქმი #2), მას სამხრეთის მხრიდან ჰქონდა შესასვლელი ჭიშკარი მოწყობილი. ჩრდილოეთის მხრიდან არსებული შესასვლელი არის არასწორად, კანონის დარღვევით მოწყობილი, ის გადაწყვეტილება, რომლითაც შესასვლელი იყო სამხრეთის მხარეს, ძალაშია და არ არის გაუქმებული. მეორე მოსარჩელემ მხარეთა შორის მიმდინარე სხვა დავის დაწყებისას _ 2012 წლის ოქტომბრშივე იცოდა, რომ სადავო მიწა ეკუთვნოდა მოპასუხეებს, მან ასევე იცოდა ის გარემოება, რომ სადავო შენობის ჭიშკარი არასწორად, პროექტის დარღვევით არის მოწყობილი მოპასუხეების ეზოში. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მეორე მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთის მოპასუხეთა საკუთრებაში რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე. გარდა ამისა, მას შეუძლია, საკუთარ შენობას თუნდაც სამხრეთით, როგორც ეს პროექტითაა გათვალისწინებული, გაუკეთოს შესასვლელი კარი, თავის აფთიაქის მხრიდან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მეორე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მეორე მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, მეორე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე ქ.თელავში, ს-ის ქ#4-ში, ს/კ #5-...) საჯარო გზასთან კავშირის უზრუნველსაყოფად აუცილებელი გზის სერვიტუტით დაიტვირთა მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე ქ.თელავში, ს-ის ქ#7-ში, ს/კ #5-...) ის ნაწილი, რომლის გავლაც აუცილებელია მოსარჩელის შენობა-ნაგებობით სარგებლობისათვის (შენობა-ნაგებობასთან მისასვლელად), დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებმა, მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი, ასევე, მტკიცებულების მიღების თაობაზე 2018 წლის 3 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მეორე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. პირველი მოსარჩელე არის ქ.თელავში, ს-ის ქუჩაზე მდებარე 106 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ს/კ #5-...) მესაკუთრე;

1.2.2. მოპასუხეები არიან ქ.თელავში, ს-----ის ქ#7-ში მდებარე 139 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეები (ს/კ #5-...; 1/3 _ ა. ბ-ე, რ. ბ-ე; 2/3 _ შ. ი–ი);

1.2.3. საქმის მასალებით დასტურდება და არც მხარეთა შორის გამხდარა სადავო, რომ პირველი მოსარჩელის სახელზე რიცხული ქონება არის ქ.თელავში, ყოფილ უნივერმაღ „გ-ის“ გვერდით მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშო;

1.2.4. პირველი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განპირობებულია იმით, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოს ფუნქციით გამოყენებულ უძრავ ქონებას სამხრეთის მხარეს მოსარჩელის მიერ ობიექტის შესყიდვამდე და შესყიდვის შემდეგაც აქვს მისასვლელი გზა. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების საჯარო გზასთან კავშირის არარსებობას. ასეთი კავშირის არარსებობა ვერ დასტურდება ვერც ფაქტის კონსტატაციის მასალებით, ამასთან, თავად პირველი მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ მის საკუთრებაში არსებულ საპირფარეშოს ადრე ჰქონდა ორი მისასვლელი (ერთი ქალებისათვის, ერთი მამაკაცებისათვის), ახლა კი- ერთი (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.02.2018წ. სხდომის ოქმი 12:27:18- 12:29:05 სთ). რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ საჯარო საპირფარეშოს მისასვლელთან მდებარე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობა ავარიულია, აღნიშნული არ არის საკმარისი საფუძველი მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ფართის უფლებრივად დატვირთვისა და სარჩელის დაკმაყოფილებისათვის. მისასვლელის არსებობის ფაქტი დადგენილია მოწმეების: მ. გ–ისა და ჯ. ბ-ის ჩვენებებით (იხ.: თელავის რაიონული სასამართლოს 12.10.2016წ. სხდომის ოქმი 13:07:59-13:08:42 სთ; 12.10.2016წ. სხდომის ოქმი 13:12:27- 13:12:36სთ);

1.2.5. მეორე მოსარჩელე არის ქ.თელავში, ს-ის ქუჩა #4-ში მდებარე 4კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე #1 შენობის (ს/კ #5-...) მესაკუთრე. მან უძრავი ქონება დ. ფ–ისაგან შეიძინა 03.04.2009წ. გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;

1.2.6. მოსარჩელის პრეტენზია დაფუძნებულია მასზე, რომ მის მიერ შეძენილ უძრავ ქონებას აქვს ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთიდან, რომლითაც სარგებლობდა უძრავი ქონების წინა მესაკუთრე და გააგრძელა სარგებლობა თავადაც. მეზობლად მდებარე უძრავი ქონების ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ (პირველმა მოპასუხემ) საკუთარ და მოსარჩელის შენობებს შორის გასასვლელში მოაწყო რკინის კარი და მოსარჩელეს აუკრძალა შესასვლელით სარგებლობა. ამ უკანასკნელის კუთვნილ შენობას კი, სხვა შესასვლელი არ აქვს და სხვაგვარად მის კუთვნილ ფართში მოხვედრა შეუძლებელია. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ. ტ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოტივირებულია იმით, რომ: ა) მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებასთან მისასვლელის მოწყობა მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაძლებელია სამხრეთის ან/და დასავლეთის მხრიდან (ანუ არსებობს სხვა მისასვლელი გზა) და ბ) არსებული შესასვლელი მოწყობილია კანონდარღვევით;

1.2.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.03.2015წ. დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო შემდეგი შეკითხვა:

- თელავში, ს-ის ქუჩა #4-ში მდებარე ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხურის 31.07.2003წ. ტექნიკურ პასპორტში და 30.07.1998წ. დამტკიცებულ მშენებლობის პროექტში საიდან არის ჯიხურში შესასვლელი კარი და ამჟამინდელი ვითარებით აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა აშენებულია თუ არა წარმოდგენილი პროექტისა და ტექნიკური პასპორტის შესაბამისად. ასევე, შენობაში შესვლა შესაძლებელია თუ არა სხვის საკუთრებაზე გავლის გარეშე.

დასკვნის თანახმად, ექსპერტის მიერ გამოყენებულ იქნა შემდეგი მასალები:

· საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებ-მისამართიდან (www.reestri.gov.ge) ჩამოტვირთული საკადასტრო გეგმების ელ. ვერსიები;

· თელავის რაიონის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო ბიუროს მიერ მომზადებული „ქ.თელავში, ნ–ის ქ#4 მხ.ს. ფ–ის ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხურის მშენებლობის პროექტი“;

· თელავის რაიონის ტექ. აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტი;

· სამშენებლო ნორმები და წესები.

დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ პროექტს თან ახლავს გენ.გეგმა, სადაც დატანილია საპროექტო შენობა-ნაგებობა შესაბამისი შესასვლელით. გეგმაში შესულია ცვლილება, და დატანილი ინფორმაციის თანახმად, #1 და #2 ჯიხურები შენაცვლებულია, ასევე შენაცვლებულია მეორე ჯიხურის შესასვლელიც. ობიექტის ადგილზე შესწავლისას გამოირკვა, რომ გამოსაკვლევი ობიექტი ფაქტობრივად წარმოადგენს ერთოთახიან კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობას, რომელსაც შესასვლელი მოწყობილი აქვს ჩრდილოეთის მხრიდან (იხ. დანართი №3 - მწვანე ფერით აღნიშნული). წარდგენილ დოკუმენტაციაში („ქ.თელავში, ნ–ის ქ#4-ში მცხ. ს. ფ–ის ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხურის მშენებლობის პროექტი“ და თელავის რაიონის ტექ.აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტი) დაფიქსირებული ინფორმაციისა და ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა:

· ქ.თელავში, ს-ის ქ. №4-ში (ძვ. სახელწოდება: ნ-ის #4), თ-ოს მიერ, 1996 წლის 27 დეკემბერს მომზადებული, „ქ.თელავში, ნ–ის ქ#4 მცხ. ს. ფ–ის ფახსაცმლის შესაკეთებელი ჯიხურის მშენებლობის პროექტის“ მიხედვით, ხსენებულ მისამართზე ასაშენებელ ჯიხურს შესასვლელი მოწყობილი აქვს ჩრდილოეთის მხრიდან.

· ქ.თელავში, ს-ის ქ#4-ში, თელავის რაიონის ტექ.აღრიცხვის სამსახურის მიერ, 2003 წლის 31 ივნისს მომზადებული ტექნიკური პასპორტის მიხედვით ხსენებულ მისამართზე არსებულ ფეხსაცმლის შესაკეთებელ ჯიხურს შესასვლელი მოწყობილი აქვს ჩრდილოეთის მხრიდან.

· ქ.თელავში, ს-ის ქ#4-ში მდებარე კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, დღევანდელი მდგომარეობით შესასვლელი ჩრდილოთის მხრიდანაა (იხ. დანართი #3-მწვანე ფერით აღნიშნული).

· აღსანიშნავია, რომ ხსენებული შესასვლელი იმგვარადაა, რომ შენობა-ნაგებობაში მოხვედრა, საჯარო რეესტრში #5-... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გადაადგილების გარეშე შეუძლებელია.

· ქ.თელავში, ს-ის ქ#4-ში მდებარე (ს/კ #5-...) მიწის ნაკვეთთან მისასვლელის მოწყობა, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაძლებელია ხსენებული ნაკვეთის სამხრეთის ან/და აღმოსავლეთის მხრიდან (იხ. დანართი #3 _ ყვითელი ფერით აღნიშნული).

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი აღნიშნული ვარიანტით მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება შენობა-ნაგებობაში შესვლა, ამიტომ შენობა-ნაგებობაში შესასვლელად აუცილებელი იქნება შენობა-ნაგებობაში კარის ღიობის მოწყობა;

1.2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.05.2015წ. დასკვნით, ასევე დგინდება, რომ ქ.თელავში, ს-ის ქ#4-ში მდებარე ნ. ტ–ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელის მოწყობა, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაძლებელია ხსენებული ნაკვეთის სამხრეთის ან/და დასავლეთის მხრიდან, თუმცა, ნებისმიერი აღნიშნული ვარიანტით, მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში შესვლა, ამიტომ შენობა-ნაგებობაში შესასვლელად აუცილებელი იქნება შენობა-ნაგებობაში კარის ღიობის მოწყობა (საჭიროების შემთხვევაში უნდა მომზადდეს სათანადო პროექტი). პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ერთადერთ მისასვლელ გზას მეორე მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად. ქ.თელავში, ს-ის ქ#4-ში მდებარე, მოსარჩელის კუთვნილ კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, დღევანდელი მდგომარეობით შესასვლელი მოწყობილია ჩრდილოეთის მხრიდან იმგვარად, რომ შენობა-ნაგებობაში მოხვედრა შეუძლებელია მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადაადგილების გარეშე;

1.2.9. მოსარჩელის უძრავი ქონება წარმოადგენს რეაბილიტირებული თელავის ნაწილს, რა დროსაც შენობის ძირითადი ნაწილი და შესასვლელი დარჩა უცვლელად, მხოლოდ ფასადი ამოშენდა აგურით;

1.2.10. სარჩელის უარყოფის მიზნით, მოპასუხეები განმარტავენ, რომ ჩრდილოეთის მხრიდან შესასვლელი მოწყობილია კანონის დარღვევით. აღნიშნული გაიზიარა თელავის რაიონულმა სასამართლომ და საკუთარი პოზიცია დაამყარა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს: შპს „თ-ოს“ დირექტორის 15.11.2012წ. მოხსენებით ბარათს, ქალაქ თელავის მერიის კოლეგიის 27.12.1996წ. სხდომის #9 ოქმსა და ქალაქ თელავის მერიის კოლეგიის 29.07.1998წ. სხდომის #7 ოქმს;

1.2.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თელავის არქივის მიერ გაცემული 13.09.2012წ. ცნობით განმცხადებელს ეცნობა თელავის არქივში დაცული ქალაქ თელავის მერიის კოლეგიის 27.12.1996წ. (ოქმი #9) #108 გადაწყვეტილების შინაარსი და გადაეცა შესაბამისი გადაწყვეტილების ასლი, რომლითაც დადგინდა გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებზე, ქალაქ თელავში, ს-ის ქუჩაზე უნივერმაღ „გ-ის“ მიმდებარედ არსებული ჯიხურების სანაცვლოდ კაპიტალური მშენებლობისათვის ადგილის გამოყოფა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თელავის არქივის მიერ გაცემული 10.05.2011წ. ცნობით განმცხადებელს ეცნობა თელავის არქივში დაცული ქალაქ თელავის მერიის კოლეგიის 29.07.1998წ. (ოქმი #7) #73 გადაწყვეტილების შინაარსი და გადაეცა შესაბამისი გადაწყვეტილების ასლი, რომლითაც დაკმაყოფილდა ს. ფ–ის (მისი უფლებამონაცვლეა ამჟამინდელი მესაკუთრე მეორე მოსარჩელე) მოთხოვნა, მისი პარტნიორის თანხმობის საფუძველზე გაუქმდა 27.12.1997წ. #108 გადაწყვეტილება და ქ.თელავში, ს-ის ქუჩაზე ყოფილი მაღაზია „გ-ის“ დასავლეთით მიმდებარე 4 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაფორმებულ იქნა ს. ფ–ის სახელზე. „ს-ის“ თელავის ფილიალის დირექციისა და მოქ. ს. ფ–ის ურთიერთთანხმობის საფუძველზე ადგილები გადანაცვლდა, ზემოთ მინიშნებულ მისამართზე. პროექტის ავტორს დაევალა შესაბამისი ცვლილებები შეეტანა პროექტში. ტექაღრიცხვის საინვენტარიზაციო ბიუროს კი - დაევალა ცვლილებები მოეხდინა ტექ.დოკუმენტაციაში. სახელმწიფო არქივში დაცული ზემოაღნიშნული ოფიციალური დოკუმენტაციის უარსაყოფად საქმეში წარმოდგენილია შპს „თ-ოს“ დირექტორის 15.11.2012წ. წერილობითი განმარტება (მოხსენებითი ბარათი). ავტორი ჯერ აღნიშნავს, რომ დაწვრილებით შეისწავლა სხვადასხვა, მათ შორის, ს. ფ.–ის სახელზე გაცემული, მერიის კოლეგიის მიერ დამტკიცებული და კორექტირებული პროექტი, შემდეგ აღწერს განვითარებული მოვლენებისა და განხორციელებული ცვლილებების ძველ და ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და ასკვნის, რომ ცვლილებები პროექტში, ჯიხურების ნომრების შეცვლა და ჯიხურის შესასვლელი კარის გადაადგილება არასწორად განხორციელდა (მაგ.: პროექტირების შესახებ მერიის კოლეგიის გადაწყვეტილებაში ცვლილება შეტანილია 29.07.1998წ., იქამდე კი - 09.12.1997წ., პროექტი შეთანხმებულია რაიონის მთავარ არქიტექტორთან, მაშინ როდესაც ცვლილება წინ უნდა უსწრებდეს შეთანხმებას; პროექტში ცვლილება შეტანილია ბიუროს უფროსის და არა ავტორის მიერ და ა.შ.)). საქმეში არ მოიპოვება ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის/გაუქმების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.თავად ამ მოხსენებით ბარათშიც დადასტურებულია, რომ პროექტში ცვლილებები შეტანილ იქნა, უბრალოდ, ავტორი გადაწყვეტილებას მიიჩნევს უსწოროდ: „ცვლილებები პროექტში... არასწორად არის შეტანილი“. ამდენად, დადგენილია, რომ:

ა) საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ასაშენებელ ობიექტს შესასვლელი ჰქონდა ჩრდილოეთის მხრიდან;

ბ) აშენებულ ოქიბიექტს ტექ.პასპორტის მონაცემების თანახმად, შესასვლელი ჰქონდა ასევე ჩრდილოეთის მხრიდან;

დ) ასეთი სახით შეიძინა მოსარჩელემ ქონება და ამჟამადაც ობიექტს შესასვლელი აქვს ჩრდილოეთის მხრიდან (იხ.: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.03.2015წ. დასკვნის ფოტოილუსტრაცია), რომლითაც მოსარჩელე ვეღარ სარგებლობს იქ მოწყობილი ჭიშკრის გამო (იხ.: ფაქტების კონსტატაციის მასალა);

ე) მოსარჩელის კუთვნილი ქონება აღდგენილია თელავის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად;

ვ) მოპასუხეთა მიერ უძრავი ქონების შეძენის მომენტში, მოსარჩელე სარგებლობდა ამ მიწის ნაკვეთით კუთვნილ ფართში მოსახვედრად (ანუ ეს ქონება უფლებრივად დატვირთული იყო მოსარჩელის სასარგებლოდ), რამეთუ მის ფართში მოსახვედრად სხვა შესასვლელი არ არსებობდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მეორე მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ პირველი მოსარჩელის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, წინამდებარე განჩინების საგანს ამ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერება არ წარმოადგენს, ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მართალია, მოწინააღმდეგე მხარედ კასატორები ასახელებენ პირველ მოსარჩელესაც, თუმცა, დავის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით (მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება სსსკ-ის 264-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული) პირველი მოსარჩელე ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისითაც აღარ წარმოადგენს კასატორთა მოწინააღმდეგე მხარეს. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მეორე მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, რომელიც საკუთრების უფლებაში (იხ. სკ-ის 170-ე მუხლი) ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია და სწორად დაადგინა მისი ფაქტობრივი შემადგენლობა (სსსკ-ის 105-ე მუხლის კონტექსტში პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ როგორც ექსპერტიზის დასკვნებში, ისე _ ტექ.ბიუროს მონაცემებში ასახული ინფორმაციის ყოველმხრივი შეფასების შედეგად დასტურდება პროექტში ცვლილების შეტანის ფაქტი და ის გარემოება, რომ არსებული კავშირი აღიარებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტით და საქმის მასალებით არ დასტურდება აუცილებელი გზის დადგენის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა). საკასაციო საჩივრით შედავებულია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს ის საოქმო განჩინება, რომელიც ახალი მტკიცებულების მიღების კანონიერებას შეეხება (რის თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს პალატა), იმგვარად, რომ კასატორებს მეორე მოსარჩელის ჯიხურის საჯარო გზასთან მოპასუხეთა მიწის ნაკვეთით დაკავშირების აუცილებლობის დამდგენ მტკიცებულებათა შეფასება სადავოდ არ გაუხდიათ. ისინი საჩივარში აღნიშნავენ, რომ მოგვიანებით წარმოადგენენ დასაბუთებულ პრეტენზიას, თუმცა, განვლილი ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით მხარეს დაზუსტებული საჩივრით არ მოუმართავს სასამართლოსათვის (საჩივარი სააპელაციო სასამართლოში რეგისტრირებულია 08.06.2018წ. და ხარვეზის გამოსწორების შედეგად საჩივარი საკასაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 23.07.2018წ. ხოლო საქმეზე დასაშვებობის შემოწმების თარიღი მხარეებს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად ეცნობათ 29.11.2018წ.). რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.04.2018წ. საოქმო განჩინების თაობაზე, მის კანონიერებას საკასაციო სასამართლო ამოწმებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის ფარგლებში და დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ხსენებულ სხდომაზე მოსარჩელისაგან მიიღო ახალი მტკიცებულება: თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 01.03.2018წ. წერილობითი პასუხი, რომლის თანახმადაც მეორე მოსარჩელის კუთვნილ ჯიხურზე კარის ღიობის ამოჭრა მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეუწონლად მიაჩნია. მართალია, ხსენებული მტკიცებულება მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას უკავშირდება და მისი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შეუძლებლობის საპატიო მიზეზი მხარეს დამაჯერებლად არ აუხსნია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაძლო დარღვევაზე მეტყველებს, თუმცა, რადგანაც არც გასაჩივრებული გადაწყვეტილება და არც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინება ხსენებულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა, არამედ, აუცილებელი გზის უფლების საკითხი საქმეში მანამდე არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგადაა დადასტურებული, პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებულ საპროცესო დარღვევას კასატორთა უფლებებზე გავლენა არ მოუხდენია და არც არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია შედეგად. შესაბამისად, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.04.2018წ. საოქმო განჩიების გაუქმების კანონისმიერი წინაპირობები (სსსკ-ის 393.3 მუხლი). საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორები ვერ ამტკიცებენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც აუცილებელი გზის უფლებაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. მაგ: სუსგ №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი). კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ შ. ი–ის მიერ 12.07.2018წ. #3 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის, 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 404-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ი–ის, ა. და რ. ბ-ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: შ. ი–ს (პ/#2--...), ა. ბ-ესა (პ/#2--...) და რ. ბ-ეს (პ/#2-....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ შ. ი–ის მიერ 12.07.2018წ. #3 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. კასატორების მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური