Facebook Twitter

საქმე №ა-4898-შ-122-2018 15 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. ა-ს ასული ზ.

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ლენინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – სასამართლო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ლენინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგინდა 2017 წლის 23 ნოემბერს დაბადებული მ. გ-ს ძე ზ-ის დაბადების თაობაზე ქალაქ მოგილევის აღმასრულებელი კომიტეტის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების ჩანაწერების განყოფილების 2017 წლის 29 ნოემბრის №3-... სააქტო ჩანაწერიდან მამის გ. რ–ის ძე მ-ის შესახებ მონაცემის ამოღება; გ. რ-ის ძე მ-ს ე. ა-ს ასული ზ-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 69 რუბლის (ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის) გადახდისთვის ხარჯის ანაზღაურება, ასევე ექსპერტიზის ხარჯის გადახდისთვის 258 რუბლისა და 74 კაპიკის (ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის) ანაზღაურება.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის 23 ოქტომბრის №10463 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ე. ზ-ს შუამდგომლობა გ. მ-ის მიმართ ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ლენინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების სასამართლო ხარჯების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

3. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ლენინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს მიერ დაკითხვისას, მან მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნას ცნობს.

4. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ლენინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 28 აგვისტოს. ამავე სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ლენინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟისა და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ აღსრულებულა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ე. ა-ს ასული ზ-ს შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ლენინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების სასამართლო ხარჯების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გ. მ-ს გაეგზავნა 2018 წლის 27 ნოემბერს და პირადად ჩაბარდა 2018 წლის 30 ნოემბერს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ა-ს ასული ზ-ს შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ლენინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენისა და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

10. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. მას შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე - საქართველო, თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, კორპ. 28, ბინა 45 პირადად ჩაბარდა შუამდგომლობა და თანდართული მასალები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

11. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია.

12. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ლენინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგინდა 2017 წლის 23 ნოემბერს დაბადებული მ. გ-ს ძე ზ-ის დაბადების თაობაზე ქალაქ მოგილევის აღმასრულებელი კომიტეტის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების ჩანაწერების განყოფილების 2017 წლის 29 ნოემბრის №3--- სააქტო ჩანაწერიდან მამის გ. რ–ის ძე მ-ის შესახებ მონაცემის ამოღება; გ. რ–ის ძე მ-ს ე. ა-ს ასული ზ-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 69 რუბლის (ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის) გადახდისთვის ხარჯის ანაზღაურება, ასევე ექსპერტიზის ხარჯის გადახდისთვის 258 რუბლისა და 74 კაპიკის (ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის) ანაზღაურება; გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 28 აგვისტოს და სახელმწიფო ბაჟისა და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ აღსრულებულა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე; მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოცემულ შუამდგომლობაზე არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.

18. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ლენინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟისა და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ა-ს ასული ზ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟისა და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ლენინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის ლენინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. რ–ის ძე მ-ს ე. ა-ს ასული ზ-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 69 რუბლის (ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის) გადახდისთვის ხარჯის ანაზღაურება, ასევე ექსპერტიზის ხარჯის გადახდისთვის 258 რუბლისა და 74 კაპიკის (ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის) ანაზღაურება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე