№ ას-158-148-2017 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. გ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ის (შემდგომში „მოპასუხე, „აპელანტი“, „საჩივრის ავტორი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. ქუთაისი, ლ-ის ქ.№6/წ-ს №25 (ს.კ. 0-....), ქ. ქუთაისი, ი--ს ქ. №5, ბინა №41-42 (ს.კ. 0-...), ქ. თბილისი, ხ-ა, 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. 8-...)) საზიარო უფლების გაუქმება და ქონების ½ ნაწილის გამოყოფა, ასევე მოძრავი ქონების, ავტომანქანა ოპელ ასტრას (გამოშვების თარიღი: 2010 წელი, სარეგისტრაციო ნომერი D-..., საიდენტიფიკაციო ნომერი W-ის) იძულებითი წესით რეალიზაცია და ამონაგები თანხის თანაბარ წილად გაყოფა მასსა და მოპასუხეს შორის.
2. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ხ-ა (ს/კ 8-...) და მოპასუხეს გამოეყო აღნიშნული ქონების ½ ნაწილი ნატურით; დადგინდა ავტომანქანაზე (ოპელ ასტრა, ფერი შავი, გამოშვების წელი - 2010, სანომრე ნიშანი D-..., საიდენტიფიკაციო ნომერი - W-...) საზიარო უფლების იძულებითი რეალიზაციის გზით გაუქმება და ამონაგები თანხის მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის თანაბრად განაწილება; სარჩელი ქ. ქუთაისში, ლ-ის ქ. №6/წმ. ნინოს ქ.№25-ში (ს/კ 0-...), ასევე ქ. ქუთაისში, ი-ს №5-ში მდებარე (ს/კ 0-...) უძრავ ქონებებზე საზიარო უფლების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის შუამდგომლობა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო საპატიო მიზეზით, ვინაიდან სწორედ პროცესის დღეს ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენას, რის გამოც ვერ მოახერხებდა თბილისიდან ქუთაისში ჩასვლას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით აპელანტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 20 სექტემბერს 16:30 საათზე დანიშნული მთავარი სხდომისა და მასზე გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე სათანადოდ იყო ინფორმირებული. კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელს სასამართლოს უწყება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა არც ის და არც თავად აპელანტი პროცესზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსთვის.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-73-ე მუხლებით, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 233-ე მუხლით და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო რაიმე ისეთი საპატიო გარემოება, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავდა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
11. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომის შესახებ უწყება არც აპელანტს და არც მის წარმომადგენელს არ ჩაბარებია. ამასთან, სასამართლოსთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ მითითებულ დროს აპელანტის წარმომადგენელს უკვე დანიშნული ჰქონდა თბილისში სასამართლო სხდომა, რომელშიც უნდა მიეღო მონაწილეობა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განგებ არ გაითვალისწინა და მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
12. კასატორის განცხადებით, მას არ მიეცა შესაძლებლობა წარმსდგარიყო სასამართლოს წინაშე და დაესაბუთებინა გამოუცხადებლობის მიზეზები, რითაც დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 20 სექტემბერს 16:30 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს თ. ა-ეს სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე 2016 წლის 30 აგვისტოს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 11). მასვე უწყებით განემარტა სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები.
18. აღნიშნულის მიუხედავად, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რის საფუძველზეც საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, გ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს. კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
20. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233.1 მუხლი).
21. მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები - სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 20 სექტემბერს, 16:30 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. განსახილველ დავაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
23. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ არც მას და არც მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომის უწყება არ ჩაბარებიათ კანონით დადგენილი წესით, რაც აპელანტის მიმართ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობებს ქმნიდა.
24. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც საქმეში არსებული დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე აპელანტის მიერ წარდგენილი საჩივრით ირკვევა, საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებდა არა მის მიერ სასამართლო უწყების სათანადო წესით ჩაუბარებლობაზე, არამედ იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის წარმომადგენელმა უწყებაში მითითებულ დროს თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა ვერ შეძლო საპატიო მიზეზის გამო (იხ. ტ. 2. ს.ფ. 29-30).
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ისინი თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს და თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ მე-3 და მე-4 მუხლები). ამავე დროს, მტკიცებულებები სასამართლოს უნდა წარედგინოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად) გარეშე არ იყო ისინი წარდგენილი თავის დროზე (სსსკ 219-ე მუხლი: მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) (იხ. სუსგ №ას-816-767-2015,19 ნოემბერი, 2015 წელი).
26. ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე და იმ პირობებში, როდესაც კასატორს საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება - სხდომის თარიღის შესახებ სასამართლო უწყების სათანადო წესით ჩაუბარებლობა - სააპელაციო სასამართლოში მისი საჩივრის განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია, არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებულ რაიმე საპატიო მიზეზზე მიუთითებია (რის გამოც სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა ემსჯელა დაგვიანებით წარდგენილი მტკიცებულების თაობაზე), საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე აღნიშნული პრეტენზიის შეფასებისა და ამ საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების წინაპირობები.
27. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა თუნდაც აძლევდეს შესაძლებლობას საკასაციო სასამართლოს შეაფასოს კასატორის მიერ საჩივარში მითითებული ფაქტების სისწორე, აღნიშნული მაინც ვერ გახდებოდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სხდომის უწყება აპელანტის წარმომადგენელს, თ. ა-ეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, ლ-ს ქ. 11. ბ.3) და იგი ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, შ. გ–ს, როგორც საადვოკატო ბიუროს იურისტს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 11).
28. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო ან ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. 74-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე შ. გ–მა, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ განჩინება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა (მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელმა, თ. ა-ემ, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებას გ. გ-ის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე ახორციელებდა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 64-66)). აღნიშნული პრეზუმფციის გამაქარწყლებელ რაიმე მტკიცებულებაზე საჩივრის ავტორს არ მიუთითებია. ამდენად, მხარის მხოლოდ განმარტება, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, ვერ მიიჩნევა მისი პრეტენზიის გაზიარებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სხდომაზე აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო და მართებულად დატოვა იგი ძალაში, საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები კი ვერ გახდებოდა მათი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე