საქმე № 010222218900017216
საქმე №ა-4384-შ-112-2018 15 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ვ-ის ასული ტ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ტ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით 1972 წლის 1 მარტს საქართველოში ქალაქ გ-ში დაბადებულ გ ი-ს ძე ტ–ს 1971 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული მ. ვ-ის ასული ტ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 4 ნოემბერს დაბადებული ვაჟიშვილის - დ-ის სარჩენად ალიმენტი, ყოველთვიურად მისი ყველა სახის ხელფასის ან/და სხვა სახის შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 50%-სა; გ. ი-ს ძე ტ–ს 2016 წლის 4 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი ვაჟიშვილის დ-ის სარჩენად ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2017 წლის 15 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის 27 სექტემბრის №9204 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა მ. ტ–ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, რომლითაც გ. ტ–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა.
3. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან და მასზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
4. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 9 იანვარს და არ აღსრულებულა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2018 წლის 14 ივნისიდან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მ. ტ–ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გ. ტ–ს გაეგზავნა 2018 წლის 25 ოქტომბერს და პირადად ჩაბარდა 2018 წლის 5 ნოემბერს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ვ-ის ასული ტ–ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენისა და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
10. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. მას შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე - საქართველო, გ-ის რაიონი, სოფელი ა-ი, მ. ქუჩა, სახლი .., პირადად ჩაბარდა შუამდგომლობა და თანდართული მასალები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
11. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია.
12. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით 1972 წლის 1 მარტს საქართველოში ქალაქ გ-ში დაბადებულ გ. ი-ს ძე ტ–ს 1971 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული მ. ვ-ის ასული ტ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 4 ნოემბერს დაბადებული ვაჟიშვილის - დ-ის სარჩენად ალიმენტი, ყოველთვიურად მისი ყველა სახის ხელფასის ან/და სხვა სახის შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 50%-სა; გ. ი-ს ძე ტ–ს 2016 წლის 4 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი ვაჟიშვილის დ-ის სარჩენად ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2017 წლის 15 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 9 იანვარს; მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
16. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულებულია, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულება 2018 წლის 14 ივნისამდე შესრულებულია.
17. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. ამდენად, მითითებული გადაწყვეტილება ცნობასა და აღსრულებას ექვემდებარება იმ ნაწილში, რაც არ აღსრულებულა. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება უნდა განხორციელდეს 2018 წლის 14 ივნისიდან.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოცემულ შუამდგომლობაზე არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
20. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ვ-ის ასული ტ–ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე 2018 წლის 14 ივნისიდან ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ნოვობელიცკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: 1972 წლის 1 მარტს საქართველოში, ქალაქ გ-ში დაბადებულ გ. ი-ს ძე ტ–ს 1971 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული მ. ვ-ის ასული ტ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 4 ნოემბერს დაბადებული ვაჟიშვილის - დ-ის სარჩენად ალიმენტი, ყოველთვიურად მისი ყველა სახის ხელფასის ან/და სხვა სახის შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 50%-სა; გ. ი-ს ძე ტ–ს 2016 წლის 4 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი ვაჟიშვილის დ-ის სარჩენად ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2017 წლის 15 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე