Facebook Twitter

საქმე №ას-1622-2018 25 იანვარი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ხ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ე.ჯ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ხ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დამზღვევი) და სს “ს.კ.ა.ს.ჯ–ს” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) შორის 2014 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების (ქონების) დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიაში კუთვნილი ავტომანქანა - მერსედეს ბენც E 350, სახელმწიფო ნომერი … (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაზღვეული ავტომანქანა ან მოსარჩელის ავტომანქანა) დააზღვია. დამზღვევის სახელზე გაიცა სადაზღვევო პოლისი # 301325.

2. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, მზღვეველია ვალდებულია დამზღვევს/დაზღვეულს/მოსარგებლეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი აუნაზღაუროს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის გზით; ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლის მიხედვით, დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს სადაზღვევო პოლისში მითითებული დამზღვევის (დაზღვეული/მოსარგებლე) კანონიერ საკუთრებაში (სარგებლობა/მფლობელობა) მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება ან/და მასთან დაკავშირებული დაზღვეულის ქონებრივი ინტერესები, რომლებიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობასთან, გამოყენებასა და განკარგვასთან, ხოლო 6.1.11 მუხლის თანახმად, სადაზღვევო კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგება დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად.

3. სადაზღვევო შემთხვევა 2015 წლის 27 მარტს დადგა, სახელდობრ, მოსარჩელე დაზღვეული ავტომანქანით მოძრაობისას შეეჯახა სასწრაფო სამედიცინო დამხარების ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა - გადაყავდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ავადმყოფი. შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა.

4. ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის Nაა398114 ოქმის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა მოსარჩელე და ეს უკანასკნელი დაჯარიმდა 250 ლარით. ოქმის თანახმად, ბარათაშვილის ხიდის პანდუსზე მძღოლი (მოსარჩელე) არ დაემორჩილა მონიშვნას ,,დაუთმე გზა“, რის გამოც, დაზღვეული ავტომანქანა შეეჯახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

5. მოსარჩელეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი არ გაუსაჩივრებია.

6. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტის დასკვნა) მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე დაზღვეული ავტომობილის მძღოლის (მოსარჩელის) მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-2 დანართის 1.13 ჰორიზონტალური მონიშვნის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. მოსარჩელეს მითითებული კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა გაეტარებინა მისგან მარცხნივ მოძრავი ავტომობილი და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო მოძრაობა დასახული მიმართულებით (იხ. ექსპერტის დასკვნა, ტ.1, ს.ფ 82-85).

7. მოსარჩელემ ავტოსაგზაო შემთხვევის დღესვე მიმართა წერილობითი განცხადებით სადაზღვევო კომპანიას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია.

8. 2015 წლის 11 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის (ავტომანქანის აღსადგენად საჭირო თანხა), 13 486 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4, ასევე მე-8 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოპასუხე დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო, მოსარჩელისთვის ზიანი აენაზღაურებინა.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 829-ე მუხლის საფუძველზე, ის არ წარმოადგენდა თანხის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოსარჩელის ბრალეულ (უხეში გაუფრთხილებლობა) მოქმედებას მოჰყვა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, სსკ-ის 317-ე, 799-ე, 829, ასევე, “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე, 25-ე, 31-ე, 41-ე და 44-ე მუხლები გამოიყენა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად იქნა უარყოფილი;

12.2. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას. ამ საკითხზე მსჯელობისას, საქმეში წარმოდგენილი მასალების, მათ შორის ესპერტიზის დასკვნების შეფასებისას, გასათვალისწინებელი იყო, სასწრაფო სამედიცინო მანქანის დანიშნულება. ასევე, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებებს, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ჩართული იყო, ციმციმები და ხმოვანი სიგნალი, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ სამედიცინო დახმარების ცენტრის კუთვნილ ავტომანქანას გადაჰყავდა პაციენტი. ამდენად, მოსარჩელის ქმედება წარმოადგენდა უხეშ გაუფრთხილებლობას;

12.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიღებული აქტის არსებობა, იმთავითვე მოიცავს ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ხასიათს, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. პალატის დასკვნებით, მოსარჩელის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა დასტურდებოდა ასევე იმ გარემოებით, რომ აპელანტმა საჯარიმო ქვითარი არ გაასაჩივრა კანონით დადგენილი წესით.

13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით :

13.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უნდა გაეთვალისწინებინათ ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოსარჩელის განზრახი მოქმედებით არ მომხდარა;

13.2. ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო შერეული ბრალი. ანუ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონი დაირღვა როგორც, მოსარჩელის, ისე სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლის ბრალით, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ სასწრაფოს ავტომობილის მძღოლი მოძრაობდა 60-70 კმ. სიჩქარით, ხოლო მოსარჩელე - 5 კმ.სთ სიჩქარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უნდა ეხელმძღვანელათ სსკ-ის 415-ე მუხლით, რომლის საფუძველზეც, ზიანის ანაზღაურების მოცულობა უნდა განსაზღვრულიყო შერეული ბრალის პროპორციულად.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

16.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები.

18. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომა განპირობებული იყო, როგორც მოსარჩელის, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მძღოლის ბრალით, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება, სადაზღვევო კომპანიას სსკ-ის 415-ე მუხლის საფუძველზე, შერეული ბრალის პროპორციულად უნდა დაჰკისრებოდა.

19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 10 ოქტომბერს დაიდო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ კუთვნილი ავტომანქანა მოპასუხე კომპანიაში დააზღვია; ასევე, დადგენილია, რომ 2015 წლის 27 მარტს მოსარჩელე დაზღვეული ავტომანქანით მოძრაობისას შეეჯახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომობილს, რომელსაც გადაჰყავდა პაციენტი და ჩართული ჰქონდა ციმციმა და ხმოვანი სიგნალი; საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე გადაცდა საგზაო მონიშვნის ზოლს “დაუთმე გზა”, შესული იყო სასწრაფო მანქანის სამოძრაო ზოლში და მოძრაობდა 5 კმ/სთ სიჩქარით; ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა მოსარჩელე და ეს უკანასკნელი დაჯარიმდა 250 ლარით; მოსარჩელეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი არ გაუსაჩივრებია.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის დანაწესით, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. საგზაო მოძრაობის მონაწილეები კი, ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია შერეული ბრალის არსებობასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობით მოხდა, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მართებულად იქნა უარყოფილი.

22. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 6.1.11 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისზე, რა შემთხვევაშიც, მზღვეველს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა დანაკარგისა და დაზიანების ანაზღაურებაზე, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. შესაბამისად, მხარეებმა სახელშეკრულებო პირობით, გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. აქვე, პალატა განმარტავს, რომ ასეთი მითითების მიუხედავად, სსკ-ის 829-ე მუხლის (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) დანაწესი წინამდებარე შემთხვევაში, მაინც ვარგისი იქნებოდა სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად (შდრ. სუსგ №ას-566-566-2018, 13.07.2018).

23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზრაურების თაობაზე, უსაფუძვლოა და მართებულად იქნა უარყოფილი.

24. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 241.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.ხ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს კ.ბ–ის (პ/ნ.....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 345 (სამასორმოცდახუთი) ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 06.07.2018 წ.) 70% - 241.5 (ორასორმოცდაერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი