საქმე №ას-1950-2018 01 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ქ-ი (მოპასუხეები, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ფ-ი, ლ. მ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ფ–ი“ (შემდეგში - საზოგადოება ან საწარმო) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 06 აგვისტოს, რომლის პარტნიორები არიან: ი. ფ-ი (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან პირველი მოწინააღმდეგე მხარე ან პირველი პარტნიორი) - 40%, ლ. მ-ე (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან მეორე მოწინააღმდეგე მხარე ან მეორე პარტნიორი) - 10%, ა. ქ. (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი ან მესამე პარტნიორი) - 50%.
2. საწარმოს პარტნიორთა 2014 წლის 19 მარტის კრების ოქმის მიხედვით, პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საწარმოს სს „ვ-ი ბანკი ჯ-თან“ (შემდეგში - ბანკი) გაეფორმებინა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურეობაზე საკრედიტო ლიმიტით 200 000 აშშ დოლარი, 15 წლის ვადით და გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე მრავალჯერადად და შეუზღუდავად აეღო კრედიტები და საბანკო გარანტიები საჭიროებისამებრ. საზოგადოებამ თანხმობა გამოთქვა მასზედ, რომ ხელშეკრულებით დადგენილი ლიმიტისა და ვადის ფარგლებში საზოგადოება და პირველი პარტნიორი ცალ-ცალკე ან ერთად მრავალჯერადად და შეუზღუდავად აიღებდა კრედიტებს საბანკო გარანტიებს საჭიროებისამებრ. ნება დაერთო საზოგადოებას თავდებად დაუდგეს პირველ საწარმოს ანუ, იკისროს სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკსა და საწარმოს შორის გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე.
3. 2014 წლის 20 მარტს ბანკს, საწარმოს და პირველ პარტნიორს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე 15 წლის ვადით, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით. მსესხებლებმა ბანკის წინაშე აიღეს სოლიდარული პასუხისმგებლობა თითოეული მსესხებლის მიერ ცალკე აღებულ ვალდებულებებზე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა პირველი პარტნიორის კუთვნილი უძრავი ქონება. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით 2014 წლის 20 მარტს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები საწარმოს, მეორე პარტნიორს, პირველ პარტნიორს და ბანკს შორის, თავდები პირების მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით, თავდებობის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 2029 წლის 20 სექტემბერი.
4. საქმეში წარმოდგენილი საწარმოს პარტნიორთა 2015 წლის 10 ოქტომბრის კრების ოქმის მიხედვით, კრებას ესწრებოდა მხოლოდ მესამე პარტნიორი, კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება, ვინაიდან არ იყვნენ გამოცხადებული სხვა პარტნიორები და მესამე პარტნიორმა გადაწყვიტა განმეორებითი კრება მოწვეულიყო 2015 წლის 23 ოქტომბერს. საწარმოს პარტნიორთა 2015 წლის 23 ოქტომბრის განმეორებითი რიგგარეშე კრების ოქმის მიხედვით, კრებას ესწრებოდა მესამე პარტნიორი, კრების გადაწყვეტილებით შეიცვალა 2014 წლის 19 მარტის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, მათ შორის, კრების ოქმში აღნიშნულია: ნება დაერთოს საზოგადოებას ბანკთან გააფორმოს გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე საკრედიტო ლიმიტით 200 000 აშშ დოლარი, მოქმედების ვადა 15 წელი და გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით საწარმოს პარტნიორთა რიგგარეშე კრებაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოს კომერციული ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივად მრავალჯერადად აიღოს კრედიტი და საბანკო გარანტიები; საზოგადოება თანახმაა, რომ პირველ პუნქტში მითითებული გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურეობაზე გაფორმდეს იმდაგვარად, რომ საკრედიტო მომსახურეობაზე გენერალური ხელშეკრულებით დადგენილი ლიმიტისა და ვადის ფარგლებში საზოგადოება მრავალჯერადად საწარმოს პარტნიორთა რიგგარეშე კრებაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოს კომერციული ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივად და შეუზღუდავად აიღებს კრედიტებს, საბანკო გარანტიებს საჭიროებისამებრ. საწარმოს, კომერციული ინტერესების და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, აეკრძალა საწარმოს ბანკთან გაფორმებული საკრედიტო მომსახურეობაზე გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში აიღოს სოლიდარული პასუხისმგებლობა და მოახდინოს თავდებობა ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ ბანკთან და ასევე სხვა საკრედიტო ორგანიზაციის მიმართ აღებული საკრედიტო ვალდებულებების ფარგლების ნაწილში (კრების ოქმის II მე-4 პუნქტი).
5. პირველმა და მეორე პარტნიორმა სარჩელი აღძრა მესამე პარტნიორის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საწარმოს დამფუძნებელთა რიგგარეშე განმეორებითი 2015 წლის 23 ოქტომბრის კრების ოქმის ბათილად ცნობა [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში- სსკ-ის) 54-ე მუხლი].
6. მოთხოვნის იურიდიულ ინტერესად მოსარჩელეებმა მიუთითეს ის გარემოება, რომ საწარმოს პარტნიორთა 2014 წლის 19 მარტის კრების ოქმის გადაწყვეტილებით საზოგადოებამ ბანკთან გააფორმა საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება. ამ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკიდან გამოტანილი იქნა დაახლოებით 25 000 აშშ დოლარი სესხი და იპოთეკით დაიტვირთა პირველი პარტნიორის უძრავი ქონება. სადავო კრების ოქმით კი, მოგვიანებით, საწარმოს აეკრძალა სოლიდარული პასუხისმგებლობა დასახელებული სესხის გადახდაზე. შესაბამისად, სადავო ოქმის დანაწესით პასუხისმგებლობა მხოლოდ პირველ პარტნიორზე გადავიდა, რაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის ფინანსურ ინტერესზე. სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობით კი, აღებულ სასესხო ვალდებულებაზე კვლავ იქნება სოლიდარულად პასუხისმგებელი საწარმო [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 180-ე მუხლი].
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილია.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საწარმოს 2015 წლის 23 ოქტომბრის კრების ოქმი.
9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და ამ განჩინების პპ: 1-4 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
10. საქმეში წარმოდგენილი საწარმოს პარტნიორთა 2015 წლის 10 ოქტომბრის კრების ოქმის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრებას ესწრებოდა მხოლოდ მესამე პარტნიორი და იმის გამო, რომ კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება, ვინაიდან არ იყვნენ გამოცხადებული სხვა პარტნიორები, მესამე პარტნიორმა გადაწყვიტა განმეორებითი კრება მოწვეულიყო 2015 წლის 23 ოქტომბერს.
11. განმეორებით მოწვეულ რიგგარეშე კრებას - 2015 წლის 23 ოქტომბერს ესწრებოდა მესამე პარტნიორი, რომლითაც კრების გადაწყვეტილებით შეიცვალა 2014 წლის 19 მარტის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, მათ შორის, კრების ოქმში აღნიშნულია: ნება დაერთოს საზოგადოებას ბანკთან გააფორმოს გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე საკრედიტო ლიმიტით 200 000 აშშ დოლარი, მოქმედების ვადა 15 წელი და გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით საწარმოს პარტნიორთა რიგგარეშე კრებაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოს კომერციული ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივად მრავალჯერადად აიღოს კრედიტი და საბანკო გარანტიები; საზოგადოება თანახმაა, რომ პირველ პუნქტში მითითებული გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურეობაზე გაფორმდეს იმდაგვარად, რომ საკრედიტო მომსახურეობაზე გენერალური ხელშეკრულებით დადგენილი ლიმიტისა და ვადის ფარგლებში საზოგადოება მრავალჯერადად საწარმოს პარტნიორთა რიგგარეშე კრებაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოს კომერციული ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივად და შეუზღუდავად აიღებს კრედიტებს, საბანკო გარანტიებს საჭიროებისამებრ. საწარმოს, კომერციული ინტერესების და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, აეკრძალა საწარმოს ბანკთან გაფორმებული საკრედიტო მომსახურებაზე გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში აიღოს სოლიდარული პასუხისმგებლობა და მოახდინოს თავდებობა ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ ბანკთან და ასევე სხვა საკრედიტო ორგანიზაციის მიმართ აღებული საკრედიტო ვალდებულებების ფარგლების ნაწილში (კრების ოქმის II მე-4 პუნქტი).
12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება იმის თაობაზე, რომ სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეებს არ გააჩნდათ იურიდიული ინტერესი და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა, რომ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებით მიიღწეოდა მოსარჩელეთა მართლზომიერი ინტერესი [სსსკ-ის 180-ე მუხლი]. სახელდობრ, მოცემულ შემთხვევაში, იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეები თავად საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ, აღნიშნული გარემოება არსებითი მნიშვნელობის იყო, ვინაიდან, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმი, საზოგადოდ, პირდაპირ ან არაპირდაპირ შეეხება დამფუძნებელი პარტნიორის კანონიერ უფლებებს ან/და ინტერესებს. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო კრების ოქმი, გარდა სადავო მე-4 პუნქტისა (რომლითაც საზოგადოებას საკრედიტო ვალდებულების ფარგლებში სოლიდარული პასუხისმგებლობა აეკრძალა), შეიცავს ასევე სხვადასხვა დათქმებს (იხ: ოქმი): „ნება დაერთოს საზოგადოებას...“ (II 1.), „საზოგადოება თანახმაა...“ (II 2.), „საზოგადოებამ იკისრა ვალდებულება/პასუხისმგებლობა...“ (II 3.), რაც უდავოდ შემხებლობაშია მოსარჩელეთა, როგორც საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორთა ინტერესებთან, რომლებსაც გააჩნიათ ლეგიტიმური უფლება და ინტერესი, რომ მოწვეული იქნენ საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორთა კრებაზე და მიეცეთ კანონით გარანტირებული შესაძლებლობა გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან მიმართებაში, მონაწილეობა მიეღოთ პარტნიორთა კრების საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც აპელანტთა განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დაირღვა.
13. სადავო კრების ოქმის მართლზომიერების შეფასებისას სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 24-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-91, 47-ე მუხლების საფუძველზე პარტნიორთა კრება საზოგადოების მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი უმთავრესი ინსტიტუტია. სწორედ საერთო კრებაზე ფორმირდება საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები.
14. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს კრების მოწვევის პროცედურას, რომლის მიხედვითაც, დავის შემთხვევაში, უნდა დადასტურდეს, რომ ადრესატმა კრების მოწვევის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამავე მუხლის თანახმად, კანონი შეტყობინების ჩაბარების საშუალებად მიიჩნევს დაზღვეული წერილის გაგზავნას ან სხვა ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებას.
15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის საფუძვლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელე პარტნიორთა კრებაზე დადგენილი წესით იყო მოწვეული, თუმცა, მან ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეებს ჩაბარდათ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება. შესაბამისად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აპელანტები კანონით დადგენილი წესით არ იყვნენ გაფრთხილებული პარტნიორთა კრების მოწვევის თაობაზე, რაც სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, სადავო ოქმის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოშობდა.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ (მოწინააღმდეგე მხარე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას.
17. კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სამართლებრივი კვალიფიკაციისა და იურიდიული დაუსაბუთებლობის კუთხით.
18. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელეთა მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობის კუთხითაც [სსსკ-ის 180-ე მუხლი] და აღნიშნავს, რომ სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ აღძრული სარჩელი თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს აღიარებით სარჩელს და შეზღუდულია იურიდიული ინტერესით. მოსარჩელეები კრების ოქმის ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული კრების ოქმით საწარმოს აეკრძალა სოლიდარული პასუხისმგებლობის აღება იმ სესხზე, რომელიც მიღებული არის ბანკთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე და სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთულია პირველი პარტნიორის (პირველი მოსარჩელე) საცხოვრებელი სახლი. სადავო კრების ოქმით დადგენილი აკრძალვიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სესხის სრული თანხა გადასახდელი იქნება პირველი პარტნიორის მიერ, ხოლო კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, კრედიტის გადახდაზე საზოგადოებაც იქნება სოლიდარული პასუხისმგებელი. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 891-ე და 892-ე მუხლები, სადაც დეტალურად განმარტებულია თავდების ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის შესახებ.
19. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების მიხედვით სადავო კრების ოქმის მართლზომიერება წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული, ხოლო მხარეები არ იყვნენ მიწვეულნი პარტნიორთა კრებაზე დადგენილი წესით, არ იყვნენ გაფრთხილებულნი პარტნიორთა კრების მოწვევის თაობაზე. კასატორის განმარტებით, აღნიშნული გარემოება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. საქმეში წარმოდგენილია კასატორის განმეორებითი განცხადება, დათარიღებული 2015 წლის 16 ოქტომბრით, სადაც იგი განუმარტავს პარტნიორებს, რომ 2015 წლის 28 ივლისს, მოითხოვა რიგგარეშე კრების ჩატარება, რაზედაც 2015 წლის 17 აგვისტოს მოსარჩელეებისაგან მიიღო წერილობითი პასუხი. პარტნიორებმა უარი განუცხადეს მოპასუხეს კრების მოწვევაზე. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ რატომღაც არ იქნა გამახვილებული ყურადღება წერილობით მტკიცებულებებზე და უფრო მეტიც, საერთოდ არც მომხდარა მათი შეფასება. შესაბამისად არ არსებობდა სსკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული კრების ოქმის ბათილობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია ფაქტობრივი გარემოებების არაწორად დადგენის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის და აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის (სარჩელის დასაშვებობა) კუთხით (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები), თუმცა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმის არსებობას [სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი].
23. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თვალსაზრისითაც კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება (პრეტენზია) არ წარმოუდგენია, კერძოდ, კასატორი ვერ ასაბუთებს განსახილველ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას იმგვარი პროცესუალური დარღვევების არსებობას, რამაც მოცემულ საქმეზე არასწორი იურიდიული შედეგი განაპირობა [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
24. ხოლო რაც შეეხება სარჩელის დასაშვებობას იურიდიული ინტერესის არარსებობის თვალსაზრისით (საპროცესო დარღვევა - სსსკ-ის 180-ე მუხლი), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც ამ ნაწილია წარმოდგენილი დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია. სახელდობრ, სარჩელის მიხედვით აღიარებითი მოთხოვნის იურიდიულ ინტერესად მოსარჩელეები ასახლებენ იმ გარემოებას, რომ სადავო კრების ოქმით ფაქტობრივად ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთიერთობის შესრულებაზე ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად პასუხისმგებელი გახდა პირველი პარტნიორი, თანაც, ამგვარი გადაწყვეტილების საზოგადოების სახელით მიღებისას პირველ და მეორე პარტნიორს კრებაზე მონაწლეობა არ მიუღიათ და კრებას ერთპიროვნულად ესწრებოდა (გადაწყვეტილება მიიღო) მხოლოდ მოპასუხემ - მესამე პარტნიორი.
25. საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ, სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, აღნიშნა, რომ „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ.სუსგ # ას-121-117-2016, 17.03.2016წ.).
26. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ „სადავო ხელშეკრულების შეფასებისას მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად პერსპექტიულია პროცესუალური თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა მაშინ, როდესაც გამოკვეთილი არაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ანუ რა სამართლებრივ შედეგს განაპირობებს მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა“ (იხ., სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი; პ-14.3).
27. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია პარტნიორთა კრების ოქმის მართლზომიერება, ხოლო თავად პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება მიეკუთვნება გარიგებას (სსკ-ის 50-ე მუხლი).
28. აღსანიშნავია ისიც, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-91, 47-ე მუხლების საფუძველზე პარტნიორთა კრება საზოგადოების მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოა, რომელზედაც საზოგადოების პარტნიორები, საზოგადოების სახელით და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებებს. სადავო შემთხვევაში, ამ განჩინების პ-4-ით დადგენილია, რომ სადავო კრების გადაწყვეტილებით შეიცვალა 2014 წლის 19 მარტის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, მათ შორის, კრების ოქმში აღნიშნულია: ნება დაერთოს საზოგადოებას ბანკთან გააფორმოს გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე საკრედიტო ლიმიტით 200 000 აშშ დოლარი, მოქმედების ვადა 15 წელი და გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით საწარმოს პარტნიორთა რიგგარეშე კრებაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოს კომერციული ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივად მრავალჯერადად აიღოს კრედიტი და საბანკო გარანტიები; საზოგადოება თანახმაა, რომ პირველ პუნქტში მითითებული გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურეობაზე გაფორმდეს იმდაგვარად, რომ საკრედიტო მომსახურეობაზე გენერალური ხელშეკრულებით დადგენილი ლიმიტისა და ვადის ფარგლებში საზოგადოება მრავალჯერადად საწარმოს პარტნიორთა რიგგარეშე კრებაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოს კომერციული ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივად და შეუზღუდავად აიღებს კრედიტებს, საბანკო გარანტიებს საჭიროებისამებრ. საწარმოს, კომერციული ინტერესების და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, აეკრძალა საწარმოს ბანკთან გაფორმებული საკრედიტო მომსახურეობაზე გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში აიღოს სოლიდარული პასუხისმგებლობა და მოახდინოს თავდებობა ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ ბანკთან და ასევე სხვა საკრედიტო ორგანიზაციის მიმართ აღებული საკრედიტო ვალდებულებების ფარგლების ნაწილში (კრების ოქმის II მე-4 პუნქტი).
29. ერთ-ერთ დავაში, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ „მოსარჩელის მიერ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა გამართლებული იქნებოდა, თუკი მოსარჩელე დაადასტურებდა, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობით იგი გარკვეული იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებდა და სამართლებრივად გაიუმჯობესებდა მდგომარეობას (იხ., სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი; პ-14.3).
30. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ წინამდებარე დავაში სასარჩელო მოთხოვნის (კრების ოქმის ბათილად ცნობის) დაკმაყოფილებას პროცესუალურად გამორიცხავს ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა მიერ არაა დასაბუთებული, იურიდიულად სასარგებლო რა შედეგს განაპირობებს მათთვის ამ კრების ოქმის ბათილად ცნობა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ იკვეთება ის იურიდიული ინტერესი (სსსკ-ის 180-ე მუხლი), რომელიც მოსარჩელეებს ამ მოთხოვნის მიმართ აქვს.
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული ინტერესის ცნებაში იგულისხმება ის მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეები თავად საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ, აღნიშნული გარემოება არსებითი მნიშვნელობის იყო, ვინაიდან, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმი, საზოგადოდ, პირდაპირ ან არაპირდაპირ შეეხება დამფუძნებელი პარტნიორის კანონიერ უფლებებს ან/და ინტერესებს. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო კრების ოქმი, გარდა სადავო მე-4 პუნქტისა (რომლითაც საზოგადოებას საკრედიტო ვალდებულების ფარგლებში სოლიდარული პასუხისმგებლობა აეკრძალა), შეიცავს ასევე სხვადასხვა დათქმებს (იხ: ოქმი): „ნება დაერთოს საზოგადოებას...“ (II 1.), „საზოგადოება თანახმაა...“ (II 2.), „საზოგადოებამ იკისრა ვალდებულება/პასუხისმგებლობა...“ (II 3.), რაც უდავოდ შემხებლობაშია მოსარჩელეთა, როგორც საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორთა ინტერესებთან, რომლებსაც გააჩნიათ ლეგიტიმური უფლება და ინტერესი, რომ მოწვეული იქნენ საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორთა კრებაზე და მიეცეთ კანონით გარანტირებული შესაძლებლობა გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან მიმართებაში, მონაწილეობა მიეღოთ პარტნიორთა კრების საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც როგორც საქმის მასალებითაა დადასტურებული, მოცემულ შემთხვევაში, დაირღვა.
32. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები დადგენილი წესით იყვნენ მოწვეულები კრებაზე, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გამოიკვლია (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები - ამ განაჩინების პ-19). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რომლითაც ამ მიმართულებით საპროცესო ნორმების დარღვევას დაადასტურებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, დადგენილია, რომ იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელე პარტნიორთა კრებაზე დადგენილი წესით იყო მოწვეული მესამე პარტნიორს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აპელანტები კანონით დადგენილი წესით არ იყვნენ გაფრთხილებული პარტნიორთა კრების მოწვევის თაობაზე, რაც სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, სადავო ოქმის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოშობდა.
33. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, რადგან აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერსის საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. სსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ა. ქ-ს უკან დაუბრუნდეს მ. ბ-ას მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1206 ლარი) 844.2 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე