საქმე №ას-1943-2018 1 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაცია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა(ა)იპ ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. მ–ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ 30 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გააჩნდა ფიზიკური მიმართ შეუსრულებელი სასესხო ვალდებულება, რომელიც მან დაუთმო მოსარჩელეს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საჩივარს ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 368-ე მუხლის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
7. აპელანტმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ, რაც ნაწილობრივ, საპროცესო ვადის 7 დღით გაგრძელების ნაწილში დაკმაყოფილდა. აპელანტმა განმეორებით იშუამდგომლა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ხარვეზის შევსების ვადის კიდევ 5 დღით გაგრძელების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა. აპელანტმა ხარვეზი გამოასწორა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანის ნაწილში და კვლავინდებურად მოითხოვა დამატებითი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა მან ხარვეზი სრულად არ გამოასწორა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა მისი შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
13. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
15. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 368-ე მუხლის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
16. აქვე აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
17. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა რამდენჯერმე გაუგრძელდა, თუმცა მას ხარვეზი სრულად არ შეუვსია და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში კვლავაც მოითხოვა დამატებითი ვადის მიცემა.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა განესაზღვრა ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც მას არ განუხორციელებია და სააპელაციო პალატის მიერ არაერთხელ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ წარმოუდგენია.
19. ასევე, დაუსაბუთებელია მხარის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ.
20. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
21. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – ხარვეზის დროულად გამოსწორებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სუსგ 14.12.2018წ. საქმე №ას-1746-2018).
22. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის მისთვის მიცემულ პერიოდში რაიმე ობიექტური გარემოების გამო არ შეეძლო ხარვეზის გამოსწორება – სახელმწიფო ბაჟის გადახდა და შესაბამისი ქვითრის დედნის სააპელაციო პალატისათვის წარდგენა.
23. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი წანამძღვრები.
24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი