Facebook Twitter

საქმე №ას-1912-2018 1 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ს-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „კ-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულება. მოპასუხის მიერ შეუსრულებელი დავალიანება შეადგენს 8069,17 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის დარჩენილი ძირი თანხაა 4922.98 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი – 2774 ,44 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა – 300 აშშ დოლარი, საკომისიო – 71,75 აშშ დოლარი.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ – 4922.98 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8069,17 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა საქმის განხილვის მთავარ სხდომამდე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე მუხლით, 378-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, მე-3 მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელს გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა უნდა დაკმყოფილდეს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

9. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე ინფორმაცია ეცნობა მხოლოდ მის წარმომადგენელს და არა მას უშუალოდ.

10. მხარის მითითებით, წარმომადგენელს არ შეუთანხმებია მისთვის პოზიცია სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, რასაც იგი არ ეთანხმებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი.

13. საქმის განხილვა ჩაინიშნა 2018 წლის 19 ნოემბერს, რის შესახებაც ინფორმირებულ იქნა მოპასუხის წარმომადგენელი (იხ. ხელწერილი ტომი 2, ს.ფ 61).

14. მითითებულ დროს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, რომლის უფლებამოსილება, უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე დადასტურებულია შესაბამისი მინდობილობით (ტომი 1, ს.ფ 349-350).

15. აპელანტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოების მითითებაზე, რომ მისი წარმომადგენელი მოქმედებდა მასთან შეუთანხმებლად.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს.

18. მითითებული ნორმების შესაბამისად, წარმომადგენელი მოვალეა, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რწმუნებულის სახელითა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, შეასრულოს გარკვეული საპროცესო მოქმედებები. სასამართლო წარმომადგენელი პროცესის მონაწილეა და მას, როგორც პროცესის სუბიექტს, აქვს გარკვეული უფლებები და მოვალეობები. მარწმუნებლის მიერ რწმუნებულისათვის გადაცემულ უფლებათა ჩამონათვალს, ანუ წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებსა და ვადას განსაზღვრავს სათანადო წესით შედგენილი დავალების ხელშეკრულება.

19. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

20. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობებში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო, მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის სტატუსით. დავალების ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება, დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება.

21. სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია წარმომადგენლის მოვალეობა, მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით – მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.

22. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ წარმომადგენელი მხარესა და სასამართლოს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია. მის მიერ მხარისაგან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებული ყოველი საპროცესო მოქმედება აღიქმება და უთანაბრდება თავად მხარის მხრიდან მათ განხორციელებას. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წარმომადგენლის პასუხისმგებლობა მხარის მიმართ. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესების საფუძველზე წარმოიშობა სამართლიანი ვარაუდი, რომ წარმომადგენელი ანგარიშს აბარებს მარწმუნებელს დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე და მხარისათვის ცნობილია მისი სახელით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

23. მხარის მიერ წარმომადგენლისათვის ნდობის გამოცხადებასა და საკუთარი ინტერესებისა და უფლებების საქმის განხილვის დროს განხორციელებას თან ახლავს წარმომადგენლის მიერ შესრულებული მოქმედებების სამართლებრივი შედეგების რისკი.

24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის წარმომადგენელს გააჩნდა სააპელაციო საჩივარზე მარწმუნებლის სახელით უარის თქმის უფლებამოსილება, შესაბამისად, არ არსებობს მის მოქმედებების არამათლზომიერად ცნობის საფუძველი.

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე