Facebook Twitter

საქმე №ას-1829-2018 1 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – პ. ლ-–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ფ. გ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. ლ–ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ 11 500 ევროსა და მიუღებელი შემოსავლის სახით 1550 ევროს ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის იანვარში მხარეებს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხი 11 500 ევროს ოდენობით. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას, სესხი დაეფარა 2016 წლის 30 ნოემბრამდე. მიუხედავად შეთანხმებისა, მოპასუხე თანხის დაბრუნებას აჭიანურებს.

3. 2017 წლის 30 იანვარს მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება, რომლითაც მოპასუხემ აღიარა ვალის არსებობის ფაქტი, თუმცა თანხა არ გადაუხდია.

4. მოსარჩელემ 6 თვის მანძილზე ვერ მიიღო საქართველოს საფინანსო ბაზარზე დასარიცხი სარგებლის საშუალო ოდენობა (დაახლოებით წლიური 10 %), რის გამოც ზიანის ოდენობა მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგენს 1 550 ევროს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით კი მოპასუხის საჩივარს ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 16 მარტის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 522 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) წარდგენა.

8. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო პალატაში წარმოედგინა: სახელმწიფო ბაჟის სახით 522 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი).

9. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში უკვე გადახდილი 738.63 ლარის გამოკლებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარდგენა იმგვარად, რომ სულ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს 522 ევროს ეკვივალენტი ლარი შეედგინა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2018 წლის 8 აგვისტოს ჩაბარდა.

10. სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა აპელანტის წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადა, ფარგლები და დარწმუნდა, რომ მას განჩინების ჩაბარების უფლებამოსილება ჰქონდა.

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მას განესაზღვრა 5 დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

12. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ აპელანტის სახელზე გაგზავნილი განჩინება 2018 წლის 8 აგვისტოს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის ოჯახის წევრს – ძმას.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმების მოქმედება ვრცელდება განჩინების ჩაბარების შემთხვევებზეც და კონკრეტულ შემთხვევაში განჩინება ჩაბარებულად ითვლება აპელანტისთვის 2018 წლის 8 აგვისტოს. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების 5-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 9 აგვისტოდან და ამოიწურა 2018 წლის 13 აგვისტოს. ამდენად, აპელანტს ხარვეზის შევსების უფლებამოსილება გააჩნდა 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტის მხრიდან ხარვეზი არ გამოსწორებულა, ხოლო განცხადება ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ დაგვიანებით, 2018 წლის 31 აგვისტოს ფოსტის მეშვეობით იქნა წარმოდგენილი. ამდენად, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად და აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილად დაუბრუნდეს 738.63 ლარი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ განუხილველად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა.

16. მხარემ აღნიშნა, რომ აპელანტი ისრაელის მოქალაქეა, ქართული ენა არ იცის და ვერც ამ ენაზე შედგენილ დოკუმენტებს ეცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

19. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

20. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

21. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განჩინებით აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 522 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) წარდგენა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 5 დღით გაუგრძელდა.

22. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს გაუგზავნა სახელმწიფო ბაჟის სახით 738,63 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, თუმცა ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია (ს.ფ 23). ამასთან, აღსანიშნავია, რომ აპელანტს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის წინაშე არ უშუამდგომლია.

23. სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ რადგან აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა, მიზანშეწონილია, მას ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა კიდევ 5 დღით გაუგრძელდეს. აქვე აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

24. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

25. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

26. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს, რომ სასამართლო გზავნილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინებით 2018 წლის 8 აგვისტოს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის (რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებული იყო საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით, ტომი 1, ს.ფ 54) ოჯახის სრულწლოვან წევრს, რაც აღნიშნული გზავნილი აპელანტის წარმომადგენლისათვის და თავად აპელანტისთვისაც ჩაბარებას უთანაბრდება.

27. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 9 აგვისტოდან და ამოიწურა 2018 წლის 13 აგვისტოს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

30. განცხადება ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ საკურიერო სამსახურის მეშვეობით წარდგენილ იქნა 2018 წლის 24 აგვისტოს (და არა 31 აგვისტოს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიუთითა. ტომი 2, ს.ფ 30-31). 2018 წლის 31 აგვისტო დაფიქსირდა განცხადების რეგისტრაციის ბეჭედზე, თუმცა აღნიშნული უზუსტობას დავის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

31. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა რამდენჯერმე გაუგრძელდა, თუმცა მას ხარვეზი სრულად არ შეუვსია და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში კვლავაც მოითხოვა დამატებითი ვადის მიცემა.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა განესაზღვრა ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც მას არ განუხორციელებია და სააპელაციო პალატის მიერ არაერთხელ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ წარმოუდგენია.

33. ასევე, დაუსაბუთებელია მხარის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ.

34. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

35. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – ხარვეზის დროულად გამოსწორებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სუსგ 14.12.2018წ. საქმე №ას-1746-2018).

36. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის მისთვის მიცემულ პერიოდში რაიმე ობიექტური გარემოების გამო არ შეეძლო ხარვეზის გამოსწორება – სახელმწიფო ბაჟის გადახდა და შესაბამისი ქვითრის დედნის სააპელაციო პალატისათვის წარდგენა.

37. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ აპელანტი ისრაელის მოქალაქეა და ქართულ ენაზე შედგენილ დოკუმენტებს ვერ ეცნობა, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილია მინდობილობა, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტის უფლებებს იცავდა ქართულენოვანი წარმომადგენელი. შესაბამისად, ხარვეზი შინაარსი მისთვის გასაგები იყო. აღნიშნულს ადასტურებს მხარის მცდელობა, გამოესწორებინა ხარვეზი და შეეტანა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი.

38. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი წანამძღვრები.

39. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. ლ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე