Facebook Twitter

საქმე №ას-1739-2018 1 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ვ-ე-ტ-ი, მ. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ტ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. ვ-ე-ტ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ტ-ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ საზიარო უფლების გაუქმებისა და საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციით ამონაგები თანხის ½ წილების მიხედვით განაწილების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან ერთად თანასაკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებას, თითოეულის წილი შეადგენს ქონების ½-ს. მოსარჩელეს სურს კუთვნილ ნივთზე თანასაკუთრების გაუქმება საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციისა და ამონაგები თანხის წილების შესაბამისად განაწილების გზით.

მოსარჩელის, მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავადაც სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელისა და მ. ტ-ის (შემდგომ – კასატორი მოპასუხე) წინააღმდეგ საზიარო საგანზე გაწეული ხარჯის ნახევრის – 11 029 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

4. მოპასუხემ მიუთითა, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა თ. ტ-ის (შემდგომ – მამკვიდრებელი) სამკვიდრო ქონებას, რომელიც თანაბარწილად მიიღო მოპასუხემ და მამამისმა – კასატორმა მოპასუხემ.

5. მამკვიდრებელი 2000 წელს გარდაიცვალა, სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა მოპასუხე და ფლობდა მთლიან სახლს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე ცხოვრობდა სხვაგან. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხის ოჯახმა წლების მანძილზე ჩაატარა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები: დამხმარე შენობა-ნაგებობა გარემონტდა და გადაკეთდა სამზარეულოდ, აშენდა აბაზანა-ტუალეტი, გაიზარდა შენობა-ნაგებობების ფართი 140, 44 კვ.მ-დან 174,99 კვ.მ-მდე, ჩატარდა ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, აღებულ იქნა ძველი დაზიანებული ხის ღობე და მოეწყო ახალი ღობე. აღნიშნული ხარჯის ნახევარი უნდა დაეფარათ მოსარჩელესა და კასატორ მოპასუხეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი საზიარო უფლების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა, სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლება გაუქმდა ამ უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით, დადგინდა აუქციონის შედეგად ამონაგები თანხის მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილება მათი კუთვნილი ½-½-ის წილების შესაბამისად, მოპასუხის სარჩელს ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელისა და კასატორი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მოპასუხის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხისა და კასატორის მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 4467.55 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ დავაში წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია, გასწია თუ არა მოპასუხემ საზიარო საგნის მოვლა-შენახვისათვის ხარჯი და წარმოადგენენ თუ არა მოპასუხეები ანაზღაურებაზე ვალდებულ პირებს.

9. სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად, ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია, მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით (შდრ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308).

10. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2012 წლის 10 აპრილის დასკვნით, სადავო მისამართზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება მასალებისა და მომსახურეობის საბაზრო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა შენობა-ნაგებობა 01-ზე 5410.22 ლარით, შენობა-ნაგებობა 02-ზე – 11189.08 ლარით, შენობა-ნაგებობა 03-ზე – 1444 ლარით, ეზოს მოპირკეთების სამუშაოებზე – 1014.23 ლარით.

11. მოცემული დავის რეგულაცია საზიარო უფლებების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა განხორციელდეს, ვინაიდან, მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა სწორედ ამ საფუძვლით წარმოიშვა.

12. სსკ-ის 953-ე მუხლის, 956-ე მუხლის მეორე ნაწილის, 960-ე, 463-ე, 464-ე, 473-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშე საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და გაწეული ხარჯების ანაზღაურებას კანონის ზემოაღნიშნული ნორმები ითვალისწინებს, ამდენად, მოპასუხის მოთხოვნა გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ იმ ფარგლებში, რომლის მტკიცების ტვირთიც ზიდა მან, ვინაიდან მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოპასუხემ საზიარო სახლის მოვლა-პატრონობა და შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელა დამოუკიდებლად. აღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებითაც, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვერ იქნა გაქარწყლებული სათანადო მტკიცებულებებით, გარდა თვით მხარის ახსნა-განმარტებისა.

13. ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ სახლის სახურავის გამოცვლის ხარჯი ერთიანობაში შეადგენდა 7 435.1 (5410.22+2024.88) ლარს, რაც სწორედ იმ ხარჯს განეკუთვნება, რომელიც აუცილებელია ნივთის სუბსტანციის შესანარჩუნებლად, ვინაიდან იგი მხარის განმარტებით იყო ძველი და ყოველი წვიმისას ჩადიოდა წყალი. ასევე, სამეზობლო ღობესთან დაკავშირებით მხარისა და იმავე მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია მისი გამოცვლის აუცილებლობაც, რომლის ხარჯმაც შეადგინა 3000 ლარი, საიდანაც მოპასუხემ მხოლოდ 1500 ლარი გადაიხადა და ეს გარემოებაც არ გაუხდია სადავოდ მოწინააღმდეგეს.

14. ასევე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელისა და მოპასუხის სახელზე, თითოეულზე – 1/2 წილით. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 288 კვ.მ-ს, მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სამი შენობა-ნაგებობა 174, 99 კვ.მ. ამდენად, ზემოთ დასახელებული წილების გათვალისწინებით მოსარჩელესა და კასატორ მოპასუხეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4467.55 ლარის გადახდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ და მოპასუხე კასატორმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

16. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ საქმის განხილვისას სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად და ობიექტურად არ შეაფასა. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხე სახლში არ უშვებდა კასატორებს, არ შეუტყობინებია მათთვის სარემონტო სამუშაოების წარმოების შესახებ მით უფრო, რომ კასატორი მოპასუხე წარმოადგენდა სადავო ქონების ½-ის მესაკუთრეს, რაც ვლინდება სამკვიდროს მიღების აქტით. აუცილებელი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, პირველი ინსტანციის სასამართლოში კასატორმა მოპასუხემ დაამტკიცა, რომ შენობები არის მისი ხელით აშენებული, როდესაც ის ცხოვრობდა სადავო სახლში. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე ამტკიცებდა, რომ 12 წელი აკეთებდა რემონტს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა ვერ დაადასტურეს, თუ როდის გააკეთა მან სარემონტო სამუშაოები. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

17. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადავო სახლი სარემონტოა და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს. სასამართლომ კი გაითვალისწინა ექსპერტიზის მხოლოდ ის დასკვნა, რომლის მიხედვითაც სადავო ქონების ღირებულებაა 22000 ლარი.

18. კასატორებმა მიიჩნეს, რომ მოცემულ საქმეზე დაირღვა სსკ-ის 971-974-ე მუხლების მოთხოვნები.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ურთიერთობა საზიარო საგანზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ უნდა მოწესრიგდეს სსკ-ის 953-ე მუხლის, 956-ე მუხლის მეორე ნაწილის, 960-ე მუხლის საფუძველზე.

25. საზიარო უფლება, სსკ-ის მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას. სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. ამავე კოდექსის 956-ე მუხლი ადგენს, რომ საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშეც.

26. სსკ-ის 960-ე მუხლის ძალით, თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია თავისი წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები.

27. მითითებული კანონის დანაწესებიდან გამომდინარეობს, რომ საზიარო ქონების ყოველი თანამესაკუთრე უფლებამოილია, დაუბრკოლებლად ახორციელებდეს თანასაკუთრების უფლებას საზიარო ქონების მიმართ, მათ შორის, იზრუნოს მისი მოვლა-გაუმჯობესებისათვის, დანარჩენ მოწილეთათვის შეუტყობინებლად ჩაუტაროს საჭირო სარემონტო სამუშაოები და ა.შ.

28. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის არგუმენტს წარმოადგენს კასატორთა მითითება, რომ მოპასუხე მათგან დამოუკიდებლად ფლობდა და სარგებლობდა მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებით, კასატორებს აღნიშნულ ქონებაზე არანაირი წვდომა არ ჰქონდათ, შესაბამისად, მოპასუხეს მათთვის სადავო სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე არ შეუტობინებია და არც სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობა არ მოუპოვებია.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის საგანს სცდება იმ საკითხის გარკვევა, ახორციელებდა თუ არა მოპასუხე თანაზიარი ქონებით სარგებლობაზე ხელშეშლას კასატორთა მიმართ და შეფასების საგანს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხის მიერ განხორციელებული სარემონტო ხარჯების თანამესაკუთრეებზე გადანაწილება. ასევე, სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორთა მითითება სასარჩელო ხანდაზმულობაზე.

30. მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელეს (ამ შემთხვევაში – მოპასუხეს) უნდა ემტკიცებინა, რომ ნამდვილად ჩაუტარა თანაზიარ ქონებას გარკვეული სამუშაოები და რა ღირებულება გააჩნდა მათ.

31. განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, ხოლო კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ:

32. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელისა და მოპასუხის სახელზე, თითოეულზე – 1/2 წილით. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 288 კვ.მ-ს, მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 174, 99 კვ.მ სამი შენობა-ნაგებობა.

33. მოპასუხემ საზიარო სახლის მოვლა-პატრონობისა და შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელა დამოუკიდებლად. აღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებითაც.

34. რაც შეეხება ჩატარებული სამუშაოების ღირებულებას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა შესაბამისად სახლის სახურავის გამოცვლის ხარჯი ერთიანობაში შეადგენდა 7 435.1 (5410.22+2024.88) ლარს, რაც სწორედ იმ ხარჯს განეკუთვნება, რომელიც აუცილებელია ნივთის სუბსტანციის შესანარჩუნებლად, ვინაიდან იგი მხარის განმარტებით იყო ძველი და ყოველი წვიმისას ჩადიოდა წყალი. ასევე, სამეზობლო ღობესთან დაკავშირებით მხარისა და იმავე მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ არსებობდა მისი გამოცვლის აუცილებლობაც, რომლის ხარჯმა შეადგინა 3000 ლარი, საიდანაც, უდავოა, რომ მოპასუხემ მხოლოდ 1500 ლარი გადაიხადა.

35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

38. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით დავით ყიფშიძის მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ვ-ე-ტ-ისა და მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ. ვ-ე-ტ-სა (პირადი №2-...) და მ. ტ-ს (პირადი №6-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით დავით ყიფშიძის მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე