საქმე №ა-3864-შ-96-2018 25 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს. ბ-ა ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის №2(011)-1131/2018 გადაწყვეტილება (დადგენილება)
დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის №2(011)-1131/2018 გადაწყვეტილებით (დადგენილებით) ს. ბ-ა ბ-სა და ბ. მ-ს შორის საქართველოში 2011 წლის 6 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის ნომრით 0-..., შეწყდა; ქორწინების შეწყვეტის შემდეგ 2010 წლის 14 ოქტომბერს დაბადებული ბ. მ-ა ბ. კ-ი დარჩა დედასთან - ს. ბ-ა ბ-თან; ბ. მ--ს დაეკისრა 2010 წლის 14 ოქტომბერს დაბადებული ბ. მ-ა ბ. კ-ის სარჩენად, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 154 (ას ორმოცდაცდათოთხმეტი) მანათის გადახდა ს. ბ-ა ბ-ის სასარგებლოდ 2017 წლის 8 ნოემბრიდან სრულწლოვანების ასაკამდე.
2. ს. ბ-ა ბ-იმ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა დახმარება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების (დადგენილების) აღძვრისა, ბ. მ-ა ბ. კ-ის მის მზრუნველობაში დარჩენისა და ალიმენტის გადახდევინებისათვის.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ს. ბ-ა ბ-ის დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) დაზუსტებული მოთხოვნა; ბ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის №2(011)-1131/2018 გადაწყვეტილების (დადგენილების) დამოწმებული ქართული თარგმანი; გ) ცნობა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის №2(011)-1131/2018 გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და მისი დამოწმებული ქართული თარგმანი. შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა.
4. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს ჩაბარდა 2018 წლის 3 დეკემბერს. მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 3 იანვრის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. ბ-ა ბ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
8. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება ჩაბარდა 2018 წლის 3 დეკემბერს. ამასთან, მას განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა, თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 3 იანვრის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მოცემული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ბ-ა ბ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ბ-ა ბ-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის №2(011)-1131/2018 გადაწყვეტილების (დადგენილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური