Facebook Twitter

საქმე №ას-1877-2018 22 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე ვ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ინდივიდუალურმა მეწარმე ვ. მ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 15 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №166 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს – 30733.91 ლარის ათჯერ შემცირება და პირგასამტეხლოს 3074 ლარით განსაზღვრა, ასევე, მოპასუხისათვის 27659.91 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე.

3. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, გაეწია შემსყიდველისათვის განსაზღვრული სამუშაოები, რისთვისაც შემსყიდველს უნდა გადაეხადა 217971 ლარი. მხარეთა შორის 2017 წლის 15 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №166 ხელშეკრულება.

4. 2017 წლის 15 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა №259 შეთანხმება, რითაც ცვლილება შევიდა 2017 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებაში და სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 10 სექტემბერი.

5. ხელშეკრულების გაფორმების დღიდან მოსარჩელე კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც დასტურდება სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებითა და შემსყიდველის შესაბამისი ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტებით.

6. ხელშეკრულების განსაზღვრული ვადების დაცვით მიმწოდებელმა 2017 წლის 11 სექტემბერამდე შემსყიდველთან წარადგინა განცხადება/წერილი სამუშაოების დასრულების თაობაზე №2 ფორმასთან ერთად, რის შემდგომაც ხელშეკრულების მიხედვით მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება ვალდებული იყო, მოეხდინა ობიექტის და შესრულებული სამუშაოების შემოწმება, გამოევლინა ხარვეზები, განესაზღვრა მიმწოდებლისთვის ვადა ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი აქტით.

7. შემოწმება განხორციელდა, თუმცა ხარვეზები განსაზღვრა ზეპირად, ასევე, არ ყოფილა განსაზღვრული კონკრეტული ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

8. მოსარჩელემ განცხადება და კორექტირებული ფორმა №2 წარადგინა 2017 წლის 27 ოქტომბერს, რომელიც უდავოა, რომ არ უნდა შეფასდეს სამუშაოების ვადის დარღვევად.

9. შემსყიდველმა სავარაუდოდ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ ხელმეორედ წარდგენილი 2017 წლის 27 ოქტომბრის განცხადებით და №2 ფორმით, რომელიც წარმოადგენდა არა თავდაპირველ განცხადებას სამუშაოების დასრულების თაობაზე, არამედ ზეპირად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარდგენილ განცხადებას, რომლის აღმოფხვრის ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად, შემსყიდველმა უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულების ვადა გადააცილა და ცალმხრივად ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრა პირგასამტეხლო 30733.91 ლარით.

10. მოსარჩელემ განმარტა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ შემსყიდველმა სამუშაოს ღირებულება ნაწილობრივ აანაზღაურა, რასაც გამოაკლდა პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა 30733.91 ლარი. დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს.

მოპასუხის პოზიცია:

11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების გაფორმებამდე გაეცნო ხელშეკრულების პროექტს, მის ყველა დანართს, მათ შორის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას.

12. იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 10 სექტემბრამდე და აღნიშნული ვალდებულება მან არ შეასრულა, ხელშეკრულებით განსაზღვრულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 30733.91 ლარი. მუნიციპალიტეტის მხრიდან გათვალისწინებული და დაცულია ხელშეკრულების ყველა პირობა და ქმედება განხორციელებულია კანონის სრული დაცვით.

13. 2017 წლის 15 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით მოსარჩელე დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობას, შესაბამისად, მოსარჩელის განმარტება შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

14. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2017 წლის 15 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №166 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდა და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 5733.91 ლარით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25000 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 15 ივნისს თვითმმართველი ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და მოსარჩელეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №166 ხელშეკრულება, რომლის თანახმად შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 217971 ლარით.

17. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

18. სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.

19. მხარეთა შორის 2017 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმებით სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 10 სექტემბრით.

20. 2017 წლის 21 აგვისტოს მხარეებს შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად 2017 წლის 15 ივნისს გაფორმებული №166 ხელშეკრულებით და 2017 წლის 15 აგვისტოს №259 შეთანხმებით გათვალისწინებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის 217971 ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით, შესაბამისობაშია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან. ღირებულება შეადგენს 95750 ლარს, რაც უნდა ანაზღაურდეს.

21. 2017 წლის 4 დეკემბერს მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად 2017 წლის 15 ივნისს გაფორმებული №166 ხელშეკრულებით და 2017 წლის 15 აგვისტოს №259 შეთანხმებით გათვალისწინებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის 217 971 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება, წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით, შესაბამისობაშია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 114097 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

22. 2017 წლის 22 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული №166 ხელშეკრულებით და 2017 წლის 15 აგვისტოს №259 შეთანხმებით გათვალისწინებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 217 971 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 210 068.99 ლარს, რაც 222 ლარით აღემატება №2 ფორმით გათვალისწინებულს. ვიზუალური დათვალიერებით შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია და შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

23. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა – მოსარჩელემ გადააცილა 47 დღით. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მისი პირობების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო – 30 733.911 ლარი, რომელიც მოპასუხემ გაქვითა შესრულებული სამუშაოების თანხაში და მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება ჩაურიცხა 30733.91 ლარით ნაკლები ოდენობით.

24. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 103-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ, დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

26. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია საქმის გარემოებები, შეაფასა დარღვევათა ხარისხი და სწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. აპელანტის მიერ მითითებული სადავო გარემოება იმის შესახებ, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ის, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ წარმოადგენდა „შეუსაბამოდ მაღალ“ პირგასამტეხლოს მოპასუხის სამტკიცებელი იყო, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

27. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო – 30 733.91 ლარი მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 5733.91 ლარამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

28. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე.

29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 417-ე მუხლის თანახმად, 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 115-ე მუხლის, 420-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.

30. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

31. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ აპელანტის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია და გარემოებები საჭიროებს შეფასების გაკეთებას და მხოლოდ მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწირად შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, არ არის საკმარისი ამ გარემოების სრულად გაზიარებისათვის და აპელანტის მხოლოდ ამგვარი მსჯელობა აპრიორი ვერ იქნება გაზიარებული, თუკი პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი პრეტენზია წინააღმდეგობაში მოვა საქმეში არსებულ კონკრეტულ გარემოებებზე დამყარებულ სასამართლოს შეფასებებთან პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით.

32. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

33. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა საკმარის საფუძველს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

34. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

35. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო ტენდერში, გაეცნო სატენდერო მასალებს, ხელშეკრულების პროექტს, რის შემდეგაც გააფორმა ხელშეკრულება.

36. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობები.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

38. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

40. 2017 წლის 15 ივნისს თვითმმართველი ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და მოსარჩელეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №166 ხელშეკრულება, რომლის თანახმად შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 217971 ლარით.

41. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

42. სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.

43. მხარეთა შორის 2017 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმებით სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 10 სექტემბრით.

44. 2017 წლის 21 აგვისტოს მხარეებს შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად 2017 წლის 15 ივნისს გაფორმებული №166 ხელშეკრულებით და 2017 წლის 15 აგვისტოს №259 შეთანხმებით გათვალისწინებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის 217971 ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით, შესაბამისობაშია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან. ღირებულება შეადგენს 95750 ლარს, რაც უნდა ანაზღაურდეს.

45. 2017 წლის 4 დეკემბერს მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად 2017 წლის 15 ივნისს გაფორმებული №166 ხელშეკრულებით და 2017 წლის 15 აგვისტოს №259 შეთანხმებით გათვალისწინებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის 217 971 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება, წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით, შესაბამისობაშია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 114097 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

46. 2017 წლის 22 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული №166 ხელშეკრულებით და 2017 წლის 15 აგვისტოს №259 შეთანხმებით გათვალისწინებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 217 971 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 210 068.99 ლარს, რაც 222 ლარით აღემატება №2 ფორმით გათვალისწინებულს. ვიზუალური დათვალიერებით შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია და შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

47. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა – მოსარჩელემ გადააცილა 47 დღით. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მისი პირობების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო – 30 733.911 ლარი, რომელიც მოპასუხემ გაქვითა შესრულებული სამუშაოების თანხაში და მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება ჩაურიცხა 30733.91 ლარით ნაკლები ოდენობით.

48. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადებამდე ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობების შესახებ.

49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

50. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

52. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

53. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

55. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

56. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

57. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

58. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

60. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

61. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

62. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

63. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

64. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მასასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

65. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

66. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

67. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

68. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

69. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად ჩათვალა.

70. ამდენად, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

71. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

72. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

73. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

74. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ სუსგ 5.05.2017წ. საქმე №ას-318-301-2017).

75. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე