Facebook Twitter

№ა-4595-შ-119-2018 5 თებერვალი, 2019 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბელორუსიის რესპუბლიკის სტოლინის რაიონის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – მ.დ.

განხილვის საგანი – ბელორუსიის რესპუბლიკის ბრეტსკის ოლქის სტოლინის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების (მოწინააღმდეგე მხარისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 685.54 რუბლის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელორუსიის რესპუბლიკის ბრეტსკის ოლქის სტოლინის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მ.დ–ას დაეკისრა სტოლინის რაიონის სააღსრულებო კომიტეტის შრომის, საქმიანობისა და სოციალური დაცვის სამმართველოს სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი შემწეობის თანხა - 13 710.89 რუბლი, საშემოსავლო სამსახურში სახელმწიფო გადასახადის თანხა - 685.54 რუბლი, ასევე სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯი - 4.29 რუბლი.

2. ბელორუსიის რესპუბლიკის სტოლინის რაიონის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება (მოწინააღმდეგე მხარისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 685.54 რუბლის სახელმწიფო საშემოსავლო სამსახუში სახელმწიფო გადასახადის გადახდის დაკისრების ნაწილში).

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ბელორუსიის რესპუბლიკის სტოლინის რაიონის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად. საქმის მასალებისა და განჩინების ასლები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე მ.დ–ას. აღნიშნული კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნულ შუამდგომლობაზე მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ბელორუსიის რესპუბლიკის ბრეტსკის ოლქის სტოლინის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მ. დ–ას დაეკისრა საშემოსავლო სამსახურში სახელმწიფო გადასახადის თანხა - 685.54 რუბლი, ასევე სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯი - 4.29 რუბლი.

6. საცნობი გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ 2017 წლის 16 ივნისიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელორუსიის რესპუბლიკის ბრეტსკის ოლქის სტოლინის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 685 რუბლისა და 54 თეთრის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბელორუსიის რესპუბლიკის სტოლინის რაიონის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს ბელორუსიის რესპუბლიკის ბრეტსკის ოლქის სტოლინის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ.დ–ას დაეკისრა 685.54 რუბლის გადახდა ბელორუსიის რესპუბლიკის სტოლინის რაიონის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის სასარგებლოდ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე