№ას-537-537-2018 15 თებერვალი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ს.გ.ტ.“ კომპანია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ა.ს.ს–ო“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ა.ს.ს–ოსა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე ან მიმწოდებელი) და შპს „ს.გ.ტ.“ კომპანიას (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, შემკვეთი ან შემსყიდველი) შორის დაიდო ხუთი ხელშეკრულება:
1.1. 30.08.2016 წლის #301.06.16 ხელშეკრულება - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამი განისაზღვრა 299 900 ლარით, შესრულებული სამუშაოები - 279 518.66 ლარით, მენარდემ სამუშაოები შეასრულა 44 დღის ვადაგადაცილებით, მენარდეს დაერიცხა პირგასამტეხლო - 26 608.18 ლარი, შემკვეთმა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში გაქვითა პირგასამტეხლო და მენარდეს გადაუხადა 252 910.50 (279 518.66-26 608.18) ლარი;
1.2. 30.08.2016 წლის #302.06.16 ხელშეკრულება - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამი განისაზღვრა 647 671.82 ლარით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 277 915.07 ლარი, მენარდემ სამუშაოები შეასრულა 57 დღის ვადაგადაცილებით, მენარდეს დაერიცხა პირგასამტეხლო - 75 300.76 ლარი, შემკვეთმა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში გაქვითა პირგასამტეხლო და მენარდეს გადაუხადა 202 614.31 (277 915.07-75 300.76) ლარი;
1.3. 09.09.2016 წლის #321.06.16 ხელშეკრულება - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: ..... და .... გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამი განისაზღვრა 997 240.43 ლარით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 929 799.92 ლარი, მენარდემ სამუშაოები შეასრულა 146 დღის ვადაგადაცილებით, მენარდეს დაერიცხა პირგასამტეხლო - 37 997.05 ლარი, შემკვეთმა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში გაქვითა პირგასამტეხლო და მენარდეს გადაუხადა 891 802.92 (929 799.92-75 300.76) ლარი;
1.4. 26.09.2016 წლის #347.06.16 ხელშეკრულება - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამი განისაზღვრა 859 634.44 ლარით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 829 080.26 ლარი, მენარდემ სამუშაოები შეასრულა 58 დღის ვადაგადაცილებით, მენარდეს დაერიცხა პირგასამტეხლო - 30 597.11 ლარი, შემკვეთმა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში გაქვითა პირგასამტეხლო და მენარდეს გადაუხადა 798 483.15 (829 080.26-30 597.11) ლარი;
1.5. 21.11.2016 წლის #409.06.16 ხელშეკრულება - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... და დაბა .... გაზიფიცირებისათვის საჭირო მკვებავი გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამი განისაზღვრა 1 097 836.00 ლარით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 781 893.85 ლარი, მენარდემ სამუშაოები შეასრულა 80 დღის ვადაგადაცილებით, მენარდეს დაერიცხა პირგასამტეხლო - 625 515.08 ლარი. შემკვეთმა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში გაქვითა პირგასამტეხლო (625 515.08 ლარი), ასევე, იმ მასალის ღირებულება, რომელიც მენარდემ სამუშაოების შესასრულებლად მიიღო შემკვეთისაგან და უკან აღარ დააბრუნა (17 917.99 ლარი) და მენარდეს გადაუხადა 138 460.78 (781 893.85-643 433.62) ლარი.
2. ყველა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
3.1. მოსარჩელის განმარტებით, მასა და მოპასუხეს შორის დაიდო ხუთი ხელშეკრულება, რომელთა მიხედვითაც ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეესრულებინა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები, თუმცა მოპასუხემ მას შეთანხმებული ანაზღაურების მხოლოდ ნაწილი გადაუხადა, კერძოდ: 30.08.2016 წლის #301.06.16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდემ შეასრულა 279 518.66 ლარის სამუშაო, შემკვეთმა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში გაუქვითა პირგასამტეხლო 26 608.18 ლარი და, საბოლოოდ, მენარდეს გადაუხადა 252910.50 ლარი; 30.08.2016 წლის #302.06.16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდემ შეასრულა 277 915.07 ლარის სამუშაო, შემკვეთმა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში გაუქვითა პირგასამტეხლო 75 300.76 ლარი და, საბოლოოდ, მენარდეს გადაუხადა 202 614.31 ლარი; 09.09.2016 წლის #321.06.16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდემ შეასრულა 929 799.92 ლარის სამუშაო, შემკვეთმა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში გაუქვითა პირგასამტეხლო 37 997.05 ლარი და, საბოლოოდ, მენარდეს გადაუხადა 891 802.92 ლარი; 26.09.2016 წლის #347.06.16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდემ შეასრულა 829 080.26 ლარის სამუშაო, შემკვეთმა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში გაუქვითა პირგასამტეხლო 30 597.11 ლარი და, საბოლოოდ, მენარდეს გადაუხადა 798 483.15 ლარი; 21.11.2016 წლის #409.06.16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდემ შეასრულა 781 893.85 ლარის სამუშაო, შემკვეთმა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში გაუქვითა პირგასამტეხლო 643 433.62 ლარი და მენარდეს 138 460.78 ლარი გადაუხადა.
3.2. მოსარჩელის განმარტებით, მას ზემოხსენებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები არ დაურღვევია, კერძოდ, მართალია, ფორსმაჟორული გარემოებების გამო, მან დროულად ვერ დაასრულა სამუშაოები, მაგრამ შემკვეთთან შეთანხმებით ხუთივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები გაგრძელდა. მენარდემ გაგრძელებულ ვადებში დაასრულა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები. აქედან გამომდინარე, რაკი მას შეთანხმებული ვადები არ დაურღვევია, შემკვეთი არ იყო უფლებამოსილი, დაერიცხა პირგასამტეხლო და შესრულებული სამუშაოების ღირებულებაში გაექვითა. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალიც იყო.
3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების იმ ნაწილის ანაზღაურება, რომელიც მოპასუხემ არასწორად გაუქვითა დარიცხულ პირგასამტეხლოში, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს დაჰკისრებოდა 813 936.72 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა 198 064.35 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის, რაც, მისი მოსაზრებით, შემკვეთის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული მასალის ღირებულება იყო.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა შემდეგი: მენარდის მიერ მითითებული ფორსმაჟორული გარემოებები არ არსებობდა, შესაბამისად, მენარდემ დაარღვია ხუთივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები, კერძოდ, 30.08.2016 წლის #301.06.16 ხელშეკრულების შესრულების ვადას მენარდემ 44 დღით გადააცილა, 30.08.2016 წლის #302.06.16 ხელშეკრულების ვადას - 57 დღით, 09.09.2016 წლის #321.06.16 ხელშეკრულების ვადას - 146 დღით, 26.09.2016 წლის #347.06.16 ხელშეკრულების ვადას - 58 დღით, ხოლო 21.11.2016 წლის #409.06.16 ხელშეკრულების ვადას - 80 დღით. აქედან გამომდინარე, მენარდეს დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული წესით გაექვითა შესრულებული სამუშაოების ღირებულებაში. მოპასუხის განმარტებით, მენარდე არასწორად მიიჩნევდა, რომ მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები შემკვეთთან შეთანხმებით გაუგრძელდა, კერძოდ, ვადების გაგრძელების თაობაზე მართლაც შეთანხმდნენ, მაგრამ ამით გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ცვლილება არ შესულა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადებში, ამასთან, ხელშეკრულებათა მოქმედების ვადები გაგრძელდა სამუშაოთა შესრულების თავდაპირველად შეთანხმებული ვადების გასვლიდან ერთი თვის შემდეგ, რა დროსაც მენარდეს უკვე დარიცხული ჰქონდა შესაბამისი პირგასამტეხლო.
5. მოპასუხის შესაგებელს მოსარჩელემ წერილობით უპასუხა და მიუთითა შემდეგი: შემკვეთი არასწორად განმარტავს ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმებას, კერძოდ, მოპასუხის მოსაზრებით, ხელშეკრულებაში იგულისხმეს ვადის გაგრძელება შესაბამისი საბუთების წარდგენისათვის და არა სამშენებლო სამუშაოების დასრულებისათვის. ეს მოსაზრება მცდარია. ჯერ ერთი, ვადის გაგრძელების თაობაზე გაფორმებულ ყველა შეთანხმებაში პირდაპირაა მითითებული, რომ მიმწოდებელი (მენარდე) ვალდებულია, შეთანხმებაში აღნიშნული ვადის გასვლამდე დაასრულოს სამშენებლო სამუშაოები და წარუდგინოს შემსყიდველს (შემკვეთს) ხელშეკრულებაში მითითებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. აქედან გამომდინარე კი, ცხადია, რომ გაგრძელებული ვადა არ ეხებოდა მხოლოდ საბუთების წარდგენას და მოსარჩელეს სწორედ სამუშაოების დასასრულებლად გაუგრძელდა. შეთანხმებული ვადის დაცვით მენარდემ ყველა სამუშაო შეასრულა, შესაბამისად, მას ვალდებულების შესრულების ვადები არ დაურღვევია და პირგასამტეხლოც არ უნდა დარიცხოდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
6.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 651 148.94 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;
6.2. არ დაკმაყოფილდა სარჩელი 198 064.35 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
7. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია, დაადგინა წინამდებარე გადაწყვეტილების 1-2 პუნქტებში მითითებული გარემოებები და მიიჩნია, რომ, რაკი მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია (გადააცილა სამუშაოების შესრულების ვადას), შემკვეთს შეეძლო, მენარდისათვის პირგასამტეხლო დაერიცხა, ხოლო ხელშეკრულების შესაბამისი პირობისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 442-ე და 444-ე მუხლების საფუძველზე, დარიცხული პირგასამტეხლო გაექვითა მენარდისათვის ასანაზღაურებელ თანხაში. ამასთან, სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდისათვის დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ, 813 936.72 ლარიდან 162 787.34 ლარამდე უნდა შემცირებულიყო, შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლომ სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის 198 064.35 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და, რაკი დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
11.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვერ დაასაბუთეს პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობა;
11.2. არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერით მენარდემ აღიარა და დაადასტურა დარიცხული პირგასამტეხლოს მოცულობა.
11.3. სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა, 21.11.2016 წლის #409.06.16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გაქვითვის შედეგად დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული მოპასუხის საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა 21.11.2016 წლის #409.06.16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მენარდისათვის ასანაზღაურებელი თანხის არასწორად დაანგარიშების თაობაზე.
15. მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე ეფუძნება სსკ-ის 629.1 მუხლს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შეკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). მითითებული ნორმის მიხედვით, მენარდე უფლებამოსილია, შემკვეთისაგან მოითხოვოს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. სსკ-ის 629.1 მუხლით გათვალისწინებული ამ სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.
16. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ მენარდემ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 3 098 208.17 ლარის სამუშაო, შემკვეთმა კი გადაიხადა 2 284 272.00 ლარი, ანუ - 813 936.17 ლარით ნაკლები. სწორედ ამ თანხის გადახდას მოითხოვს მენარდე შემკვეთისაგან. შემკვეთის შესაგებელი მითითებული თანხის გადაუხდელობის თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მენარდემ დაარღვია ხუთივე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადები, რის გამოც მას დაეკისრა პირგასამტეხლო 796 018.18 ლარი. ეს თანხა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის თანახმად, შემკვეთმა გაქვითა მენარდისათვის ასანაზღაურებელ თანხაში. გარდა ამისა, სამუშაოების შესასრულებლად შემკვეთმა მენარდეს გადასცა 3 602.17 მეტრი სიგრძის მილი, რომლის გაუხარჯავი ნაწილი (17 917.99 ლარის) მენარდემ შემკვეთს არ დაუბრუნა, ამიტომ შემკვეთმა ეს თანხაც გაუქვითა მენარდეს ნარდობის საზღაურში. აქედან გამომდინარე, შემკვეთმა სულ გაქვითა 813 936.17 ლარი (3 098 208.17-2 284 272) და დარჩენილი თანხა - 2 284 272.00 ლარი გადაუხადა მენარდეს.
17. მენარდე შემკვეთს ედავება იმაში, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია, პირგასამტეხლო კი, შეუსაბამოდ მაღალია. მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევა დადგენილია გასაჩივრებული განჩინებით, ამასთან, რაკი მოსარჩელეს, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, საკასაციო სასამართლო მასზე ვეღარ იმსჯელებს. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და შემცირებას ექვემდებარება.
18. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლომ ხუთჯერ შეამცირა მენარდისათვის დარიცხული პირგასამტეხლო. მისი ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ვალდებულების დარღვევის ხასიათზე, მოვალის ბრალეულობასა და დარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანზე, კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვადის გადაცილება ნაწილობრივ უამინდობამ განაპირობა, რის თაობაზეც შემკვეთი ინფორმირებული იყო, გარდა ამისა, შემკვეთისათვის ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდებოდა. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაუსაბუთებლად შეამცირეს პირგასამტეხლო, ვინაიდან, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო, პროექტის დროულად დამთავრებით განსაკუთრებულად იყვნენ დაინტერესებული, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გონივრულია, ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ პროექტის განხორციელებას ხელი ავდარმა შეუშალა.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსკ-ის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ვალდებულების დარღვევისას. მართალია, ვალდებულების დარღვევა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, მაგრამ სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება; ე) ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას.
20. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%, რაც თვეში 30%-ს, ხოლო წელიწადში 360%-ს შეადგენს), საკასაციო პალატის მოსაზრებით, შეუსაბამოდ მაღალია და არ შეესაბამება დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, შემკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო - 796 018.18 ლარი შეუსაბამოდ მაღალია შესრულების საგანთან მიმართებითაც. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მენარდე სამუშაოების შესრულებისას გარკვეულ წინააღმდეგობებს წააწყდა, რის გამოც სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება მოითხოვა. შემკვეთმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და მენარდეს ვადა გაუგრძელა. უდავოა, რომ გაგრძელებულ ვადებში მენარდემ ყველა სამუშაო შეასრულა, ამასთან - შემკვეთმა მენარდეს პირგასამტეხლო დააკისრა არა მარტო ვალდებულების დარღვევიდან ვადის გაგრძელებამდე (რაც ყველა ხელშეკრულების შემთხევაში - 150 დღეს შეადგენს), არამედ ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმების შემდეგაც (რაც ჯამში 235 დღეა). აქედანაც ნათლად იკვეთება დარიცხული პირგასამტეხლოს შეუსაბამობა როგორც დარღვევის სიმძიმესა და მოცულობასთან, ასევე - ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხთან. მართალია, კასატორი განმარტავს, რომ პროექტის დროულად დასრულების განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა, მაგრამ იგი ვერ უთითებს, სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებით, კონკრეტულად რა საფრთხე წარმოექმნა კრედიტორს და როგორია ამ საფრთხის ხარისხი.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად შეამცირეს მენარდისათვის დარიცხული პირგასამტეხლო, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ს, თვეში 6%-ს, ხოლო წელიწადში 76%-ს შეადგენს და მეტიც არის სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, თუმცა საკასაციო პალატა მასზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან მოსარჩელე გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს.
22. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერით მენარდემ აღიარა და დაადასტურა დარიცხული პირგასამტეხლოს მოცულობა. მართალია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მოპასუხის ამ პრეტენზიაზე არ უმსჯელიათ, მაგრამ ეს გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან მითითებული პრეტენზია დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს ვალის არსებობის აღიარებას (არც აბსტრაქტულს და არც კაუზალურს), ვინაიდან ასეთი აღიარების აუცილებელი ელემენტია ვალდებულების შესრულების დაპირება, რაც, თავის მხრივ, ნათლად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული აღიარების დოკუმენტში. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიცავს დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის დაპირებას. ამ აქტებით, მენარდემ მხოლოდ ის ფაქტი დაადასტურა, რომ შემკვეთმა მას კონკრეტული ოდენობის პირგასამტეხლო დაარიცხა, თუმცა მისი გადახდის ვალდებულება არ უკისრია. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, თუ მოვალემ ნებაყოფლობით გადაიხადა პირგასამტეხლო (იხ. სუსგ, #ას-1527-2018, 31.01.2019). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მენარდეს შემკვეთისათვის პირგასამტეხლო არ გადაუხდია, შესაბამისად, მას არც იმის უფლება არ დაუკარგავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე.
23. კასატორის შემდეგი პრეტენზია ისაა, რომ სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა, 21.11.2016 წლის #409.06.16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გაქვითვის შედეგად დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხა, კერძოდ, კასატორის განმარტებით, ზემოხსენებული ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვადის გადაცილებისათვის მენარდეს დაერიცხა პირგასამტეხლო 625 515.08 ლარი, სასამართლომ კი, არასწორად მიიჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო 643 433.07 ლარს შეადგენდა. ამ ფაქტის არასწორად დადგენა იმან განაპირობა, რომ დარიცხულ პირგასამტეხლოს - 625 515.08 ლარს სასამართლომ შეცდომით დაუმატა შემკვეთისათვის დასაბრუნებელი მასალის ღირებულება 17 917.99 ლარი და მიღებული ჯამური თანხა, მათ შორის, მასალის ღირებულებაც ხუთჯერ შეამცირა. ეს კი, არასწორია, ვინაიდან 17 917.99 ლარი იყო მასალის ღირებულება და არა პირგასამტეხლო, შესაბამისად, ნარდობის საზღაურში სრულად გაქვითვას ექვემდებარებოდა.
24. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე უთითებდა, რომ 21.11.2016 წლის #409.06.16 ხელშეკრულების შესაბამისად, მან შეასრულა 781 893.85 ლარის სამუშაო, საიდანაც შემკვეთმა 138 460.78 ლარი აუნაზღაურა, ხოლო 643 433.62 ლარის ანაზღაურებაზე უარი უთხრა, ვინაიდან ეს თანხა, როგორც დარიცხული პირგასამტეხლო, ნარდობის საზღაურში გაუქვითა. მოპასუხემ თავის შესაგებელში დააზუსტა, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლო 625515.08 ლარს შეადგენდა, ხოლო 17 917.99 ლარი კი - იმ მასალის ღირებულება იყო, რომელიც მენარდემ სამუშაოების შესასრულებლად მიიღო შემკვეთისაგან და უკან აღარ დააბრუნა, შესაბამისად, პირგასამტეხლოსთან ერთად, ეს თანხაც ექვემდებარებოდა გაქვითვას. მოპასუხის ამ განმარტებას ადასტურებს 13.04.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, 21.11.2016 წლის #409.06.16 ხელშეკრულების შესაბამისად, მენარდეს 625 515.08 ლარის პირგასამტეხლო დაერიცხა, 17 917.99 ლარი კი, იმ მასალის ღირებულება იყო, რომელიც მენარდეს უკან უნდა დაებრუნებინა და არ დააბრუნა. პირველი ინსტანციის სასამართლომ, მართალია, დაადგინა, რომ შემკვეთმა სწორად გაქვითა ნარდობის საზღაურში ზემოაღნიშნული მასალის ღირებულება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს თანხა, იმავდროულად, დარიცხულ პირგასამტეხლოს - 625 515.08 ლარს, დაუმატა (625 515.08+17 917.99) და მიღებული თანხა - 643 433.62 ლარი, ხუთჯერ შეამცირა. მოპასუხე სააპელაციო საჩივარშიც აპელირებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებულ ზემოაღნიშნულ შეცდომაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მასზე არ უმსჯელია.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია კასატორის პრეტენზია 21.11.2016 წლის #409.06.16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მენარდისათვის ასანაზღაურებელი თანხის არასწორად დაანგარიშების თაობაზე, კერძოდ, რაკი დადგენილია, რომ მენარდემ სამუშაოების შესასრულებლად შემკვეთისაგან მიღებული 17 917.99 ლარის ღირებულების მასალა არ დააბრუნა, სსკ-ის 646.2 მუხლის (მენარდე მოვალეა, წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა) მიხედვით, შემკვეთს შეეძლო, მასალის დაბრუნება მოეთხოვა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მასალის დაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდებოდა, სსკ-ის 394.1-ე, 408.1-ე და 409-ე მუხლების საფუძველზე, შემკვეთს მასალის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ექნებოდა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სსკ-ის 442.1 მუხლის საფუძველზე (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მასალის ღირებულების ნარდობის საზღაურში გაქვითვა, თუმცა, ფაქტობრივად, გამოქვითა არა მასალის სრული ღირებულება - 17 917.99 ლარი, არამედ მისი 1/5 – 3 583.59 ლარი, ანუ 14 334.40 ლარით ნაკლები, რაც, ცხადია, შეცდომაა, ვინაიდან ზემოხსენებული თანხა მასალის ღირებულებაა და არა პირგასამტეხლო, შესაბამისად, მისი შემცირება, სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, დაუშვებელია.
26. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც ამ განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს 636 814.54 ლარის გადახდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
27. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის იმ მოთხოვნათა პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
28. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სარჩელზე გადაიხადა 5000 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 217), მოპასუხემ კი, სააპელაციო საჩივარზე – 7000 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 479), საკასაციო საჩივარზე კი – 8000 ლარი (იხ. ტ.2, ს.ფ. 96), სულ - 15 000 ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანი იყო 1 012 000 ლარი, საიდანაც მოსარჩელემ მოიგო 636 814.54 ლარი (62.92%), შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 3 146 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში დავის საგანი იყო 651 148.94 ლარი, საიდანაც მოპასუხემ მოიგო 14 334.40 ლარი (2.2%), შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 330 ლარის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ს.გ.ტ.“ კომპანიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება (სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
3. შპს „ა.ს.ს–ოს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ს.გ.ტ.“ კომპანიას დაეკისროს 636 814.54 (ექვსას ოცდათექვსმეტი ათას რვაას თოთხმეტი ლარისა და ორმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა შპს „ ა.ს.ს–ოს“ სასარგებლოდ;
5. შპს „ს.გ.ტ.“ კომპანიას დაეკისროს 3 146 (სამი ათას ასორმოცდაექვსი) ლარის გადახდა შპს „ა.ს.ს–ოს“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
6. შპს „ა.ს.ს–ოს“ დაეკისროს 330 (სამას ოცდაათი) ლარის გადახდა შპს „ს.გ.ტ.“ კომპანიის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ე. გასიტაშვილი